კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ბაქო თბილისზე დიდი სამყაროს ჭიპი და როგორ აშანტაჟებს ევროკავშირს სერბეთი აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიის“ აღიარებით

არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, სერბეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, სერბეთმა აღიაროს კიდეც აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“. ეს კი ხდება იმ პროცესის პარალელურად, როდესაც ევროკავშირი სერბეთს თავის რიგებში მიღების სანაცვლოდ, კოსოვოს არაფორმალურ აღიარებას სთხოვს. როგორც ჩანს, საქართველოს ტერიტორიით ვაჭრობაში არც სერბეთი აპირებს განზე დგომას. მეორე მხრივ, არანაკლებ იძაბება ვითარება (ამ შემთხვევაში, უკვე პირდაპირი მნიშვნელობით) ირანის მიმართულებით. კერძოდ, ირანის სამხედრო გემები იმდენად მჭიდროდ მიუახლოვდა აზერბაიჯანის საზღვარს, რომ თურქეთი ძმური აზერბაიჯანის დასახმარებლად ოთხი სახეობის ჯარების სარდლების გაგზავნას გეგმავს. ერთი სიტყვით, ჩვენ გარშემო საკმაოდ უსიამოვნო მოვლენების რკალი იკვრება, რომელთა გაანალიზებასაც რამაზ საყვარელიძესთან ერთად შევეცდებით.

– დავიწყოთ სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით. რა როლს ასრულებს რუსეთი სერბეთის ამ ახალ პოზიციაში?
– მე, მგონი, ამ შემთხვევაში, არ ასრულებს.
– აბა, რა ასრულებს?
– ალბათ, რაღაც თანამშრომლობა სერბეთსა და რუსეთს შორის არის, მაგრამ ეს არ არის სერბეთის მხრიდან რუსეთისთვის გაკეთებული რევერანსი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს უფრო დასავლეთის დასაფრთხობად გადადგმული ნაბიჯია. დაახლოებით, იმავე სტილის, პუტინმა რომ თქვა, თუ თქვენ აღიარებთ კოსოვოს, მე ვაღიარებ აფხაზეთსო. თითქოს ფორმულირება მეორდება, უბრალოდ არ არის ნათქვამი, თქვენ თუ აღიარებთ კოსოვოსო.
– მით უმეტეს, რომ კოსოვო უკვე აღიარებულია.
– ამიტომ მგონია, რომ რუსეთი ცდილობს, დასავლეთზე უკვე ამ მექანიზმით იმოქმედოს.
– ანუ?
– იმ მექანიზმით, რომ გაზარდოს წონიანი ქვეყნების რიცხვი ამღიარებლებში.
– სერბეთი მაინც ევროპაშია და, უნდა თუ არ უნდა, ევროკავშირმა უნდა გაუწიოს ანგარიში.
– თან, სერბეთი არ არის ჯუჯა სახელმწიფო. ამიტომ მგონია, რომ სერბეთის პრეზიდენტის ეს განცხადება, რომელიც უკავშირდება კოსოვოს თემას, რუსეთის გავლენას სერბეთზე, პრობლემათა ამ თაიგულში ერთ-ერთ ბერკეტად აღებული მოვლენაა. ბუნებრივია, ეს ჩვენ არ გვაზღვევს და, რა თქმა უნდა, რისკსაც შეიცავს ჩვენთვის. ოღონდ ეს მხოლოდ რუსეთისა და ჩვენი ხათრით არ კეთდება. რაც უფრო ჩართულია დასავლეთი ამა თუ იმ საკითხში, ეცდებიან, რაღაც ნაბიჯები გადადგან დასავლეთის ჯინაზე, ისევე, როგორც 2008 წელს რუსეთმა დასავლეთის ჯინაზე გამოგვიცხადა ომი.
– თვითონ სერბეთი რას მიიღებს ასეთი ტიპის განცხადებიდან?
– აღიარებიდან არაფერს მიიღებს, მაგრამ, თუ დასავლეთს შეეშინდება სერბეთის აღიარების, მაშინ მიიღებს.
– სერბეთი იხეირებს ჩვენი პრობლემის დახმარებით შანტაჟის მოწყობით?
– ამას ნამდვილად შანტაჟი ჰქვია, თუმცა ამ დონეზე ეს პოლიტიკურ მანევრადაა მიჩნეული.
– არ ვიცი შანტაჟია თუ მანევრი, მაგრამ თურქეთი დემონსტრაციულად უპირისპირდება ირანს, რომელმაც სამხედრო გემები მჭიდროდ მიუახლოვა აზერბაიჯანის საზღვარს. მეორე მხრივ, ირანის პრეზიდენტი ამბობს, რომ „მაგატეს“ ექსპერტებს დაუშვებს თავის ბირთვულ ობიექტებზე?
– სიმართლე გითხრათ, ეს პროცესი გაუგებარი არ არის, თუმცა ირანის მიერ გადადგმული ნაბიჯი უფრო ჩქარია, ვიდრე დღევანდელ მომენტს შეესაბამება, ვგულისხმობ, ირანის სამხედრო ვარჯიშებს. თუ ირანის შეიარაღებაში კარდინალური ცვლილება მოხდება და ბირთვული იარაღი გამოჩნდება, ეს, ერთი მხრივ, აშინებს ისრაელს, მეორე მხრივ კი, ყველაზე საშიში აზერბაიჯანისთვისაა. ვიცით, რომ აზერბაიჯანს ირანთან ტერიტორიული პრეტენზიები აქვს. ამდენად, აზერბაიჯანის შეშფოთება გასაგებია. ჯერ ერთი, აზერბაიჯანისთვის ამ საკითხში საყრდენად რუსეთი არ გამოდგება რამდენიმე მიზეზით: სავარაუდოდ, ირან-რუსეთს შორის უფრო თბილი ურთიერთობაა, ვიდრე აზერბაიჯან-რუსეთს შორის და, მეორეც, რუსეთი ხელიდან არ გაუშვებს აზერბაიჯანზე ზეწოლის ისეთ გენიალურ ბერკეტს, როგორიც შეიძლება, იყოს ირანი. ასე რომ, აზერბაიჯანის წუხილი გასაგებია.
საინტერესოა თურქეთის ჩართვა, იმიტომ რომ თურქეთი მუდმივად ეძებს სიტუაციას, რომელშიც ის ლიდერის როლს შეასრულებს. იმავენაირად მოიქცა ის 2008 წელსაც. ახლაც, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა კონფლიქტი ირანთან, ეს მაინც აღმოჩნდება თურქეთის გავლენის გაძლიერების პირობა, თუნდაც, აზერბაიჯანთან ურთიერთობის განმტკიცებისთვის და აზერბაიჯანის თურქეთზე უფრო მეტად დამოკიდებულების თვალსაზრისით. ეს უკვე მომგებიანია თურქეთისთვის და, ამდენად, ძალიან საინტერესო ალიანსი იკვრება.
– თურქეთი-აზერბაიჯანი, ირანი-რუსეთი და სომხეთი. ჩვენ?
– მე ასე ვიტყოდი: სომხეთი-ირანი-რუსეთი და თურქეთი-აზერბაიჯანი-ამერიკა.
– აზერბაიჯანისადმი თურქეთის მხარდაჭერის დემონსტრირება ნიშნავს, რომ ამერიკის კვალიც იკვეთება?
– ყოველი შემთხვევისთვის, თუკი ეს დაჯგუფებები უფრო თვალშისაცემად შეიქმნება, მაშინ ამერიკას ალტერნატივა არ აქვს. ის ვერ დაიკავებს რუსეთის მხარეს, მით უმეტეს, ირანის.  სომხეთი კი ანგარიშგასაწევი არ არის, ამიტომ მან აუცილებლად უნდა დაიკავოს თურქეთის პოზიცია. თან ამერიკის ინტერესია, იყოს მასთან, ვინც ირანს უპირისპირდება, მით უმეტეს, თუ ეს არის მისი ერთ-ერთი სამხედრო საყრდენი –  თურქეთი და ნავთობის წყარო –  აზერბაიჯანი. რა თქმა უნდა, ამერიკა დადგება ამ დაჯგუფებასთან. რაც შეეხება საქართველოს: ის იმდენად გაურკვეველ პოლიტიკას ატარებს ბოლო ხანებში და იმდენად ხშირად ეკამათება ამერიკის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას, რომ დღეს მიჭირს იმის თქმა, რა პოზიცია ექნება საქართველოს.
– რუსეთთან ერთ გუნდში რომ ვერ მოვხვდებით, ეს ცხადი არ არის?
– საქართველოს აქვს ნეიტრალური პოზიციის შესაძლებლობა და ეს სავსებით ლოგიკური იქნება საქართველოსთვის, რადგან ეს ქვეყნები ჩვენი მეზობლები არიან. ისევე, როგორც ყარაბაღის კონფლიქტში არ ჩაერთო, ასევე, შეუძლია, არ მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესშიც.
– თვითონ ირანი რატომ იჩენს აგრესიას აზერბაიჯანის მიმართ, ხომ იცის, რომ ამით თურქეთს გამოიწვევს?
– ირანი აზარტული მოთამაშე გამოდგა და ყველა მიმართულებით ცდილობს დაძაბულობის ხარისხის შენარჩუნებას ან დაძაბულობის გაჩენას. ირანს სურს, თუ მის წინააღმდეგ რამე ნაბიჯი გადაიდგმება, ამ ნაბიჯს მისცეს მასშტაბური ხასიათი.
– მარტივად რომ ვთქვათ, ავნოს თავის გარშემო ყველას ან ვისზეც ხელი მიუწვდება?
– მას უფრო დიდი აურზაურის წამოწყება ურჩევნია, მისი და რომელიმე სახელმწიფოს მცირევადიან დაპირისპირებას. ისევე, როგორც ყოველთვის იყო ჩვენი ინტერესი შიდა კონფლიქტების ინტერნაციონალიზაცია, იმიტომ რომ ძალა არ გვყოფნის რუსეთთან კონფლიქტისთვის. ირანსაც უნდა ინტერნაციონალიზაცია, ოღონდ სხვა ლოგიკით. რაც უფრო ფართომასშტაბიანობის პერსპექტივა ექნება კონფლიქტს, მით უფრო ნაკლებად დაზარალდება ირანი. ირანის ლოგიკით, თუ რამე მოხდა, ჩათრეული იქნება არა ორი ქვეყანა, არამედ ოთხი, ექვსი. ჩემი აზრით, ამიტომაც ეწევა პროვოცირებას ყველა მიმართულებით და ცდილობს დაძაბულობის შენარჩუნებას.
– თურქეთი ყოველთვის ცდილობდა, ყოველ შემთხვევაში, ამ პერიოდამდე, რომ აშკარად არ ჩართულიყო მუსლიმანური ქვეყნების წინააღმდეგ კამპანიაში. ახლა რატომ გახდა ასეთი აქტიური?
– აზერბაიჯანიც მუსლიმანური ქვეყანაა, ირანთან კი თურქეთს ანგარიში დიდი ხნის წინათ აქვს გახსნილი. ასე რომ, მათ შორის ტკბილი ურთიერთობა, ალბათ, კიდევ დიდხანს არ იქნება. რაც შეეხება აზერბაიჯანს: ეს, ფაქტობრივად, ერთი და იგივე ეთნოსია და აზერბაიჯანსა და თურქეთში ძალიან დიდი გულისყურით ეკიდებიან ამ პარტნიორობას. მეორე მხრივ, ფაქტობრივად, უკვე მწიფდება ისეთი ეტაპი, როდესაც თურქეთმა ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს. მან ბრწყინვალედ მოახერხა მშვიდად ყოფნა: აიცდინა ერაყის პროცესი, არაბული პროცესებიც, მაგრამ ირანულ პროცესში იმხელა პოტენციალია იმის, რის ინტერესიც აქვს თურქეთს, რომ უნდა ჩაერიოს.
– დავაზუსტოთ თურქეთის ინტერესი ირანის საკითხში?
– თურქეთის მთავარი ინტერესია რეგიონში დომინირებული პოზიციის დაკავება. მას ისედაც უკავია ეს პოზიცია, მაგრამ თავისი გავლენის გაფართოება უნდა ისეთი საკითხების ხარჯზე, რომელთა მიმართაც დასავლეთი მგრძნობიარე იქნება. იმიტომ რომ, რეალურად, ეს გაფართოება თურქეთს უნდა დასავლეთზე ზემოქმედებისთვის. ერაყის თემაში აქტიურობა თურქეთს ასეთ ბერკეტს არ მისცემდა. მას ეტყოდნენ, კარგი ბიჭი ხარო და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. ირანის პროცესში მონაწილეობამ კი მას შეიძლება, მისცეს ბერკეტი.
– გარდა ირანის გემების აზერბაიჯანის საზღვართან მიახლოებისა, რამდენიმე ტერაქტი მოხდა თუ აღიკვეთა აზერბაიჯანში, მათი მოწყობა ირანს ბრალდება. თვითონ ირანმა რატომ აირჩია სამიზნედ აზერბაიჯანი? მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული პრეტენზიის გამო?
–  ტერიტორიული დავა ერთ-ერთი წამყვანია.
–  მაგრამ, რეალურად, აზერბაიჯანი ხომ ვერ წაართმევს ტერიტორიას? რა მიზეზით არ აირჩია საქართველო?
– ირანმა ნახა, რომ ამ საქართველოს გამო ყური არავინ შეიბერტყა. თქვენ ქვეყნები დაყავით ქრისტიანულად და არაქრისტიანულად, ეს ასპექტები კი მოძველდა. ირანისთვის ყველაზე დიდი პარტნიორი მართლმადიდებელი რუსეთია.
– მე, როგორც ჩანს, ჩავრჩი მეოცე საუკუნის სტრატეგიაში, ირანმა გამისწრო.
– გააჩნია, როდესაც სჭირდებათ, ეს ასპექტი წინა პლანზე გამოდის, მაგრამ, თუ უკეთესი რამ ეგულებათ მიზეზად, რა თქმა უნდა, იმ უკეთესს ირჩევენ, გნებავთ, დასაპირისპირებლად, გნებავთ, სამეგობროდ.
– სამიზნედ აირჩია ის ქვეყანა, ვისაც პატრონი თუ პარტნიორები ჰყავს?
– აირჩია ქვეყანა, რომელიც ხმაურიანი პროცესის შესაქმნელად უფრო გამოდგება. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ, დავუშვათ, ირანმა თქვა, თუ მე დამარტყამთ, დავარტყამ საქართველოსო. რა მოხდება? დაარტყა რუსეთმა საქართველოს, მაგრამ ჭირისუფლობისთვის ჩამოვიდნენ და ხელი ჩამოგვართვეს.
– თუ დაარტყამს აზერბაიჯანს, უპასუხებს თურქეთი?
– აღელდება აზერბაიჯანის ნავთობით დაინტერესებული ყველა ქვეყანა. ასე რომ, სუფთა ეკონომიკური ინტერესები აიძულებს ბევრ ქვეყანას, ჩაერთოს ამ პროცესში. ჩვენ კი გვგონია, რომ სამყაროს ჭიპი ვართ, მაგრამ ჩვენზე დიდი ჭიპებიც არსებობენ.
– აზერბაიჯანს რომ დიდ ანგარიშს უწევენ ეს გამოჩნდა შარშანდელ „ევროვიზიაზე“ აზერბაიჯანელი მომღერლის გამარჯვებით და წელს ბაქოს რეკლამირებით?
– ბაქო მნიშვნელოვანი მოვლენაა და, საბედნიეროდ, ბაქო მაინც არის, რადგან, სამივე ერთნაირად მივიწყებული რომ ვიყოთ, უკეთესი არ იქნებოდა.
– როგორც ჩანს, ირანის დიპლომატიური სამსახური კარგად მუშაობს.
– მე სხვა ლოგიკას ირანის მოქმედებაში ვერ ვხედავ და ამ ლოგიკას აქვს თავისი ლოგიკა: როდესაც მეტოქე ძალიან ძლიერია, ვგულისხმობ ამერიკას, მის წინააღმდეგ მოქმედებ ტერორისტის ფსიქოლოგიით.
– აგყავს მძევლები, იწყებ მძევლების დახოცვას წუთში ერთხელ...
– რაც მეტი იქნება ასეთი მძევალი, მით უფრო ხელსაყრელია ტერორისტისთვის. არ ვიცი, რამდენად გააზრებულია ეს ტერორისტული ლოგიკა მეორე მხარის მიერ, მაგრამ, რადგან ტერორიზმი ზოგადად არსებობს, ის შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკაშიც.
– მაინც კარგია, რომ ჩვენ არ ვართ სამიზნე. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ რუსეთის მიერ შემოდგომაზე საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების განახლება?
– რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ძალისმიერი მოქმედება საქართველოში ხელისუფლების შესანარჩუნებლად, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში საომარი მოქმედებების დროს მთელი ქვეყანა უფრო მობილურად იკვრება ერთი პიროვნების გარშემო. საომარი მოქმედებების დროს ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის საკითხი დღის წესრიგიდან ვარდება.
– გამახსენდა, როგორ მისცეს ხმა შევარდნაძეს 1992 წლის არჩევნებში, სამოქალაქო ომის შემდეგ და გაგანია აფხაზეთის ომის დროს, გაგრის დაკარგვისთანავე. შევარდნაძემ, როგორც ჩანს, ოსტატურად გამოიყენა ეს ფაქტორი.
– მე არ ვიცი, სხვა შემთხვევაშიც მისცემდნენ თუ არა ხმას, მაგრამ, ზოგადად, ომი, როგორც ფაქტორი, ძალიან იშვიათად მოქმედებს ხელისუფლების წინააღმდეგ. ის უმეტესწილად ამყარებს ხელისუფლებას და, რაც თქვენ მოიტანეთ, იმის ანალოგიური მაგალითი ძალიან ბევრია და ხელისუფლებები ხანდახან ცდილობენ კონფლიქტის გამოწვევას, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში. ამდენად, თუკი რუსეთმა ეს ნაბიჯები გადადგა, რეალურად ეს მოემსახურება ხელისუფლების გამყარებას, თუ, რა თქმა უნდა, საომარ მოქმედებებში არ ვიგულისხმებთ, რომ რუსეთი თავისი ტანკებით მისდევს სამთავრობო კორტეჟს: ასეთი სურათი ძნელად წარმოსადგენია თანამედროვე პირობებში. მეორე მხრივ, რუსეთი გამოირჩევა თავისი უცნაურობებით, მე უბრალოდ იმ ფორმულას შევედავე, რომ სამხედრო კონფლიქტი ასუსტებს ხელისუფლებას.

скачать dle 11.3