შეუთავსებლობა
ვის ერგება „მომაკვდავი გედის“ პარტია?
ჯერჯერობით, კვლავაც დაუდგენელ მიზეზთა გამო, ქ-ნი მიმინოშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, როგორც განმანათლებელმა მინისტრმა ბ-ნმა შაშკინმა განმარტა, პიროვნული შეუთავსებლობის გამო (არადა, ჩვენ გვეგონა, რეფორმებს ატარებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე ცოტა სხვაგვარად ყოფილა), თუმცა შემდეგ დასძინა, პრინციპულისო (შესაბამისად, ისევ ბურუსითაა მოსილი: ბოლოს და ბოლოს, ეს შეუთავსებლობა პრინციპული იყო თუ პიროვნული?!). მეორე მხრივ, თუ განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავერწმუნებით (სიმართლე გითხრათ, მე მაინც ვერ გავიგე, რატომ ჰქვია ამ სამსახურს ეს სახელი, რადგან, განათლების სამინისტროში ადამიანებს სათოფე მანძილიდანაც კი არ ეურთიერთებიან, მაგრამ, ისიცაა, რომ, უბრალო მოკვდავი ვერ ჩასწვდება გამორეფორმირებულობის ლოგიკას), მინისტრ შაშკინს მეტად გასჭირვებია ამ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება. ჰოდა, რაკი უჭირდა, ქ-ნი მიმინოშვილისთვის აქეთ – შვეიცარიაში ელჩობა შეუთავაზებიათ, იქით – ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნობა (თუ თავად ვერ უთავსდებოდა, ბ-ნები ვაშაძე და ჭიაბერაშვილი რაღად გაიმეტა? თუ, მათი შეთავსების იმპულსებს გუმანი ჰკარნახობდა?!).
ხოლო, რაკი „სვიატო მესტო პუსტო ნე ბივაეტ“, ერთიანი გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის პოსტი შსს-ის აკადემიის აწ უკვე ყოფილმა რექტორმა ქ-ნმა დეკანოიძემ დაიკავა. მეტიც, ისეთი შემართებით გადაეშვა საგამოცდო მორევში, თითქოს საატესტატო და მისაღები გამოცდების ტესტების შექმნა-ადაპტირებაზე წელიწადში 365 დღეს ეთენ-ეღამებინოს. რაც მთავარია, ბრძანა, რომ მისი დანიშვნის შემდეგ გამოცდების მიმართ ეროვნულ ცენტრს უფრო სერიოზული მიდგომა ექნება („ამ დღეს ველოდი, მოვესწარ, ვიცინი, აღარ ვტირი მე“!).
საკუთარი შესაძლებლობების დასტურად კი მანდატურების ინსტიტუტი მოჰყავს (აი, აქ ცოტა უნდა წავუტიროთ, რადგან, მანდატურებს ცოდნის დონის დადგენასა თუ გაზომვასთან საერთო არაფერი აქვთ).
ერთი სიტყვით, სანამ ვიცინებთ თუ ლოყებს დავიხოკავთ, ჩვენი სამოხელეო გუნდის უნივერსალურობა აშკარაა (ერთი ისაა, რომ გამართულად მეტყველებაში გვარიანად მოიკოჭლებენ). ასე რომ, არც იმას გამოვრიცხავ, თუკი პარტია უბრძანებს, ერთ მშვენიერ დღეს გედების ცეკვაც კი შეასრულონ, თვით პუანტების გარეშეც კი!