რომელ ასტროლოგიურ პერიოდში დაწყებული ფლირტი მთავრდება დიდი გრძნობით და რა კავშირშია პაემნის დრო მომავალ გრძნობებზე
ჩვენს ცხოვრებაში ყველა მოვლენას და, მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობებსაც საკუთარი საწყისი წერტილი აქვს. ამ საწყის წერტილს ასტროლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი როლი აკისრია, რადგან ეს საკმაოდ საინტერესო და გამოსადეგი ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა. თუ ჩვენ გავიხსენებთ იმ დღეს, როცა პირველად შევხვდით ჩვენს გულისსწორს და გავარკვევთ, ამ დროს მზე რომელი ზოდიაქოს ნიშანს გადიოდა, ჩვენსა და ჩვენი საყვარელი ადამიანის მომავალზე უფრო მეტს შევიტყობთ. ეს საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია.
მაშ ასე, თუ თქვენს პარტნიორს შეხვდებით:
ვერძის ზოდიაქოში (21 მარტიდან – 20 აპრილამდე): სწრაფი და ნათელი ნაცნობობის დასაწყისია. თქვენ გმართებთ, გამოავლინოთ საკუთარი ინდივიდუალობა და ამის საშუალება პარტნიორსაც მისცეთ. ბევრს მიაღწევთ, თუ ერთი მიზანი გექნებათ. ნებისმიერი პარტნიორის მხრიდან მკვეთრ და იმპულსურ მოქმედებებს ნეგატიური შედეგი მოჰყვება. ნუ დაიწყებთ ეგოიზმის გამოვლენას, იფიქრეთ პარტნიორზეც.
კურო (21 აპრილიდან – 20 მაისამდე): ემოციური და გრძნობისმიერი ურთიერთობების დასაწყისია. თქვენი მიზანია, ისწავლოთ ადამიანური სითბოს გამოვლენა რჩეულის მიმართ. არ დაიზაროთ და დაინანოთ კომპლიმენტები მის მიმართ, ეს ხელს შეუწყობს თქვენი ურთიერთობის განმტკიცებას. ერთადერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც ამ პერიოდში დაწყებულ ურთიერთობებს უშლის ხელს – სიჯიუტეა.
ტყუპები (21 მაისიდან – 20 ივნისამდე): ამ პერიოდში იმატებს მგზავრობისას ან ტელეფონით გაცნობის ალბათობა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ურთიერთობა ინტელექტუალურ დონეზე წარიმართება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს ყოველივე ზედაპირულ ხასიათს ატარებს. თუ რჩეულის დაკარგვა არ გინდათ, მაშინ კატეგორიულად გირჩევთ: მოერიდეთ ამავე პერიოდში ახალი ფლირტის დაწყებას.
კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი): ამ დროს დაწყებული ურთიერთობების აბსოლუტური უმრავლესობა ოჯახების შექმნით მთავრდება. ნებისმიერი პირადი ნაცნობობა, შესაძლოა, ურთიერთსიმპათიაში და შემდეგ დიდ სიყვარულშიც გადაიზარდოს. იმ ადამიანებს კი, ვისთვისაც ფლირტი გართობაა, თავშეკავებას ვურჩევთ, რადგან ამას მათი ემოციური მხარის რღვევა მოჰყვება.
ლომი (23 ივლისი – 23 აგვისტო): შემოქმედებითი ადამიანებისთვის ეს იდეალური დროა სასიყვარულო ურთიერთობების წამოსაწყებად. თეატრში, კინოში, ბარში, რესტორანში ან კონცერტებზე – სწორედ თავშეყრის ასეთ ადგილებშია დიდი ალბათობა იმისა, რომ გაიცნოთ მომავალი მეორე ნახევარი. თუ მასთან სიყვარულის გაგრძელებაზე სერიოზულად ფიქრობთ, მაშინ თქვენი გულისსწორი გაანებივრეთ საჩუქრებით. ეს თქვენს მომავალ ურთიერთობას უფრო მეტ რომანტიკულობას შესძენს.
ქალწული (24 აგვისტო – 24 სექტემბერი): ზედმეტი თავმდაბლობა, კრიტიკულობა და ეჭვიანობა ის ტენდენციებია, რაც ამ პერიოდში წამოწყებულ ურთიერთობას უშლის ხელს. პარტნიორის მიმართ, იყავით ყურადღებიანი, გააანალიზეთ და გათვალეთ ნებისმიერი წვრილმანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მომავალში პრობლემებს შეგიქმნით. იყავით რჩეულის წინაშე მეტად მოწესრიგებული.
სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი): ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობები ვერ იტანენ უხეშობას. ის ორივე პარტნიორის მხრიდან მოითხოვს სიმშვიდისა და დელიკატურობის გამოვლენას. ამ დროს ნებისმიერი წამოწყება და ინიციატივა პარტნიორს უნდა მიანდოთ. შეეცადეთ, მას თავს არ მოახვიოთ თქვენი იდეები.
მორიელი (24 ოქტომბერი – 21 ნოემბერი): ეს პერიოდი ძირითადად ვნებიანი და სექსუალური ადამიანებისთვისაა ხელსაყრელი. ამ დროს ნებისმიერი დამაინტრიგებელი საშუალება გამართლებულია. თამამად შენიღბეთ საკუთარი პიროვნება, მიეცით მას იდუმალი და მისტიკური სახე. ეს კიდევ უფრო გაუჩენს თქვენს პარტნიორს თქვენთან ურთიერთობის სურვილს. თუმცა, არ არის გამორიცხული, მხურვალე რომანს დიდი სულიერი ტკივილიც მოჰყვეს.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი): ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობა ზედაპირულია. კარგი იქნება, თუ რომელიმე პარტნიორი თავის თავზე აიღებს მასწავლებლის ფუნქციას. ერთად მოგზაურობა პოზიტიურად აისახება თქვენ ურთიერთობაზე.
თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი): ამ დროს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა სერიოზულია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერმა დაუფიქრებელმა და გაუაზრებელმა მოქმედებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგიყვანოთ. წინააღმდეგობების ნუ შეგეშინდებათ, თქვენ სასურველ შედეგს მიაღწევთ.
მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი): ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობა უცნაური და ორიგინალური იქნება. შესაძლოა, მოვლენები ისე სწრაფად განვითარდეს, რომ პარტნიორებმა ერთმანეთის ნორმალურად გაცნობაც კი ვერ მოასწრონ.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი): ამ პერიოდში ჩამოყალიბებული სასიყვარულო ურთიერთობის დროს ყველა ნიუანსს უნდა მიაქციოთ ყურადღება. იყავით გულწრფელი. ნებისმიერ ტყუილს გამოუსწორებელი ზიანი მოჰყვება და მოსალოდნელია ურთიერთობის ნგრევა. ამიტომ, შეეცადეთ, სიმართლე ილაპარაკოთ.