ქართული „დემოკრატიის“ შუქ-ჩრდილებში
რაც არ ეპატიება ფეხბურთელს, ეპატიება პარლამენტარს
იმ მარტივი მიზეზით, რომ ქართველი ფეხბურთელი კობიაშვილია გარეული, სავსებით ბუნებრივია, რომ გერმანიაში მომხდარი საფეხბურთო სკანდალი გულთან ახლოს მივიტანეთ. მით უფრო, რომ „ჰერტელ“ ლევან კობიაშვილს ერთწლიანი დისკვალიფიკაციის პერსპექტივა ელის.
სკანდალური მატჩის შემდეგ მთავარმა არბიტრმა შტარკმა განაცხადა, რომ კობიაშვილმა კისერში მუშტი ჩასცხო. რაკი ინციდენტის ადგილას ვიდეოკამერები არ არის, გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტი არბიტრს სიტყვაზე ენდო და კობიაშვილის დისკვალიფიკაცია მოითხოვა. თავის მხრივ, არც „ჰერტაა“ უქმად: პრეზიდენტი გეგენბაუერი აცხადებს, რომ კობიაშვილის სჯერათ (უფრო ზუსტად, მისი ფიცის, რომ მსაჯისთვის არათუ მუშტი, თითიც არ დაუკარებია).
ჩვენ არ ვიცით, როგორ გადაწყდება საფეხბურთო დავა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, კობიაშვილს კარიერის გაგრძელება მაინც შეეძლება.
ზემოთქმულიდან აშკარაა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის ვიდეოკამერებით დაფიქსირების შემთხვევაში, ფეხბურთელს სანქცია არ ასცდებოდა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენში (ფეხბურთელს ვინ ჩივის) არაერთმა ვიდეოკამერამ თვით ხალხის რჩეულისა და ჩინოვნიკის მიერ, პირველ შემთხვევაში – კოლეგებისთვის, მეორე შემთხვევაში – მოქალაქეებისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი ფაქტები საქვეყნოდ გამოამზეურა, მაგრამ ამის გამო მათთვის გადაკრული საყვედურიც არ უთქვამთ, ნათელია, რომ ჩვენ და დემოკრატიული საზოგადოებები ერთმანეთს სინათლის სიჩქარით ვშორდებით.