როგორ აღმოჩნდნენ სალომე ბაკურაძე და ნოდიკო ტატიშვილი სანდრა ბალოკის ამერიკულ ვილაში და სად გამოეცხადა მათ მაიკლ ჯეკსონის სული
მეგობრები, სალომე ბაკურაძე და ნოდიკო ტატიშვილი, სულ ცოტა ხანია, რაც ამერიკიდან დაბრუნდნენ. როგორც თავად მითხრეს, ორი კვირა ცნობილი ვარსკვლავის, სანდრა ბალოკის აპარტამენტებში ნებივრობდნენ და ამ ხნის განმავლობაში მათ ჯეკსონის სულთან გასაუბრებაც მოახერხეს და ბიონსესთან ჭორაობაც.
სალომე: სულ ცოტა ხანია, რაც ამერიკიდან დავბრუნდით და ჯერ კიდევ შოკში ვართ.
ნოდიკო: ისეთი შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ, ვერ აგიწერთ. სალომეს ვეთანხმები, ეს ნამდვილი შოკური ორი კვირა იყო და ამ ორ კვირაში ამერიკული ოცნებებიც ავიხდინეთ.
სალომე: ჩემზე ადრე ნოდიკომ იცოდა, რომ უნდა წავსულიყავით და კი არ მითხრა!
ნოდიკო: ასე მითხრეს, არავის უთხრაო და… ხომ „გინამიოკებდი”?
სალომე: ჰო, მეუბნებოდა, ისეთი რამე უნდა გითხრა, გადაირევი, მაგრამ, ჯერ ვერ გეტყვიო. კი ვხვდებოდი, რაღაცა გამიხარდებოდა, მაგრამ, ამერიკას ვერ წარმოვიდგენდი. ერთ დღესაც, ლანა ქუთათელაძემ დამირეკა და მითხრა: წიწვი, გაემზადე, ამერიკაში მივდივართო და... რომ ავკივლდი გიჟივით, მთელი ორი საათი გადარეულივით ვკიოდი (იცინის). გადავურეკე ნოდიკოს – ამას მიმალავდი-მეთქი? უი, ისიც უნდა მოვყვე, რა მიქნა ნოდიკომ თვითმფრინავში. მოკლედ, ჩავსხედით თუ არა, „გააძრო“ რაღაც წამალი და, სანამ ვკითხავდი, რა არის-მეთქი, უკვე პირში მქონდა. თვითონაც დალია. დასაძინებელი წამალი ყოფილა და, ისე მიმგუდა, მთელი 11 საათი მეძინა. თურმე, ორჯერ მიჭამია და არც კი მახსოვს.
ნოდიკო: აბა, რა გინდოდა, ამდენი საათი ფხიზელს უნდა გეფრინა?
– ვისი მიწვევით იყავით ამერიკაში?
სალომე: იქ მცხოვრები ქართული დიასპორის, ასევე, ფესტივალ „ჩვენებურების”, რომლის პრეზიდენტიცაა ქალბატონი გიული ალასანია და ფონდი „ქართული ამერიკის” ორგანიზაციის მეშვეობით ჩატარდა ამერიკაში „ჯეოსტარისა“ და „ანა ბანას” შესარჩევი ტურები.
ნოდიკო: ანუ, ფორმალური ქასთინგი იყო და კონცერტები, ძირითადად ემსახურებოდა ქართული სიმღერების პოპულარიზაციას. მარინა ბერიძემ რომ დამირეკა და მითხრა, ამერიკაში უნდა წამოხვიდეთ შენ და სალომეო, სიხარულისგან გავოგნდი. არც ერთი არ ვიყავით იქ ნამყოფი და ძალიან მინდოდა მისი ნახვა, გულიც ამიფორიაქდა, მაგრამ, სალომესავით კივილი არ დამიწყია (იცინის). ისე, თავიდან ბოლომდე მაინც ვერ ავიხდინე ამერიკული ოცნება, რადგან, ბევრი რამის ნახვა ვერ მოვასწარი. იმედია, კიდევ დავბრუნდები და დარჩენილ ოცნებებსაც ავიხდენ.
სალომე: ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი კი გვქონდა, მაგრამ, მაინც ვასწრებდით აქეთ-იქით სიარულს, შოპინგებს, გართობას, თეატრებში, მუზეუმებში და გამოფენებზე წასვლას.
– სად ცხოვრობდით?
ნოდიკო: სხვათა შორის, მანჰეტენზე ვცხოვრობდით, სანდრა ბალოკის სახლში, რომელიც ქართველებმა გაურემონტეს. მართლა საოცარი სახლი იყო – ფანტაზიის პიკი, თავისი აპარტამენტებით, ჯაკუზებითა და ულამაზესი ბაღით. თან, გაგვაფრთხილეს, ამ ადგილას ბევრი პაპარაცი დადის და ცოტა ფრთხილად იყავით, თორემ, რომელიმე წამყვანი ჟურნალის ყდაზე მოხვდებით საცვლებით ან ყავის ჭიქით ხელშიო (იცინის).
სალომე: ლანას პირველ ღამეს გაუჭირდა დაძინება, გამოვიდა გარეთ პიჟამოთი და ჩამოჯდა სახლის კიბეზე. მეორე დღეს სახლის მამასახლისმა უთხრა: ქალბატონო, მოერიდეთ პიჟამით გარეთ გამოსვლას, თორემ, შესაძლოა, დენიროს სახლთან პაპარაცი იდგეს და თქვენც მოხვდეთ კადრშიო.
– ანუ, იქ დენიროც ცხოვრობს?
– სახლი ჰქონია. არა მარტო დენიროს, ჰოლივუდის ბევრ ვარსკვლავს აქვს შეძენილი იმ ქუჩაზე ბინა და, არ არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს, ქუჩაში გადაგეყაროს რომელიმე. სულ ისმოდა კლასიკური მუსიკა და გვიკვირდა, დინამიკები არ დგას და საიდან მოდის მუსიკის ჰანგებიო. ორი დიდი ქვა იდო ბაღში და, თურმე, ის არ ყოფილა დინამიკი?! გადავირიეთ. თურმე, თავადაც ხშირად ჩამოდის იქ სანდრა ბალოკი დასასვენებლად და, თუ არ არის, „ვიაიპი” სტუმრებისთვის სააგენტო უქირავებს.
ნოდიკო: ის სახლი ქართველებს გაურემონტებიათ. თურმე, სანდრას ძალიან უყვარს ჩვენი ხალხი და მეგობრობს კიდეც ბევრთან. მე, რომ წამოვედი, ჩემი დისკი დავუტოვე და, იმედია, მოუსმინა.
– გავიგე, ბიონსესთანაც გიჭორავიათ. ასეა?
– ბიონსეს ერთი წლის წინ შევხვდი და სალომეზე მოვუყევი.
სალომე: ჰო, ჩემს შესახებ ბევრი რამ იცოდა, ისიც კი, რომ ჩემს მანქანას „ბიონსე“ ჰქვია, რა მონაცემები მაქვს, როგორი ვარ (იცინის). ამერიკაში რომ ჩავედი, ეგრევე „მივკაწრეთ” ბროდვეიზე, ცვილის მუზეუმში და ბიონსე ვიხილე პირადად. გულში რომ ჩაგვიკრა, ძლივს გაწიწკნეს ჩვენი თავი.
ნოდიკო: ბევრი ლაპარაკი არ უყვარს და არც ფოტოს გადაღების დროს იღიმება. ეტყობა, ამიტომაც ჩანს ასეთი მკაცრი. დუეტის ჩაწერაც შემოგვთავაზა, მაგრამ, ფინანსებზე ვერ შევთანხმდით.
სალომე: არა, მე კი ვიყავი თანახმა, მაგრამ; დრო არ მაქვს, დაკავებული ვარ. ჯეკსონის სულსაც ვესაუბრეთ. გვითხრა, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, სული დამიმძიმდა, ბევრს ნუ ტირითო. ჯგუფ „სფაის გერლზმა“ შემომთავაზა, ჩვენი მეხუთე წევრი გახდიო, მაგრამ უარი ვუთხარი.
ნოდიკო: მეც მქონდა შემოთავაზება, მაგრამ, სოლო სიმღერა გვირჩევნია. არ გვიღირს, რა, მათთან მღერა (იცინის).
სალომე: იცით, რა გამიხარდა ყველაზე მეტად? პრინცმა მითხრა, ერთ სიმღერას პირადად შენთვის ჩავწერ და გაჩუქებო.
– შოპინგებზე არ დადიოდით?
ნოდიკო: შოპინგი არ გამაგონოთ! ერთი ბიჭი ვიყავი და წარმოიდგინეთ, ამდენ ქალთან ერთად საშოპინგოდ წასვლა რა იქნებოდა. თავბედი ვიწყევლე, კაბებისა და ქალის აქსესუარების დათვალიერებით მოვკვდი და მეორე დღეს გამოვაცხადე: დიდი ბოდიში, მაგრამ, მე ჩემი მამაკაცური ამბები მაქვს მოსაგვარებელი და მარტო წავალ შოპინგზე-მეთქი. არადა, იმ დღეს მიუზიკლზე ვიყავით და ისეთი ემოციით დავიტვირთეთ... სალომემ იმდენი იტირა, ძლივს დავაოკეთ. ამის მერე წავედით შოპინგზე და ის მიღებული ემოცია ერთ წამში გაქრა... არა, გატყუებთ, ახლა რომ ვიხსენებ, ძალიან მაგარი იყო, ისეთი სიამოვნება მივიღე მიუზიკლიდან, ამას ვერ გადმოგცემთ, ეს თავად უნდა ნახოთ. „მეტროპოლიტენ ოპერაში”, ბრიტენის ოპერა „მსოფლიო პრემიერაზე”, თანამედროვე მუსიკის ჰანგებმა ისეთი გვიქნა, გაოგნებულები გამოვედით, ვერც ერთი ვერ მივხვდით, რა დაგვემართა.
სალომე: თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, პიკასოს, სალვადორ დალისა და მოდილიანის ნახატებმა კი ნამდვილად შოკში ჩაგვყარა. ეს მეორე შოკი იყო. ვყვიროდით, ეს ნამდვილიაო. ლამის ხელით შევეხე – სიზმარში ხომ არ ვარ-მეთქი (იცინის).
ნოდიკო: მე და სალომე სულ ვამბობთ, ამერიკაში კიდევ დავბრუნდებითო და ეს ასეც იქნება.
სალომე: ჰო, აბა რა! ამერიკაში ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სანახავი და იქ ჩვენი სათქმელიც ხომ უნდა ვთქვათ (იცინის).