რა გაანდო თამთა ლიპარტელიანის მამას ნორვეგიელმა მაღალჩინოსანმა და როგორ მოხვდა ის საბედისწერო კუნძულზე
თითქმის ორი თვეა, რაც ნორვეგიაში ყველაზე სასტიკი და საშინელი ტერორისტული აქტის მთავარ „პერსონაჟს” ანდერს ბრეივიკს ასამართლებენ, ადამიანს, რომელმაც კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდების საზაფხულო ბანაკში ნამდვილი სასაკლაო მოაწყო. ამ ტრაგედიას ქართველი გოგონას, 23 წლის თამთა ლიპარტელიანის სიცოცხლეც შეეწირა. სასამართლო პროცესს ცოტა ხნის წინ თამთას მამა, ავთო ლიპარტელიანიც დაესწრო, თუმცა მას სასამართლოზე სიტყვის თქმის უფლება არ მისცეს. განაჩენამდე ჯერ კიდევ დროა, რთული სათქმელია, როგორ დასჯის ლიბერალიზმით ცნობილი ქვეყნის კანონმდებლობა დამნაშავეს, რომელმაც 23 წლის გოგონას იმ საბედისწერო კუნძულზე მოუსწრაფა სიცოცხლე.
ავთო ლიპარტელიანი: ნორვეგიაში სასამართლო პროცესზე საკუთარი ინიციატივით ჩავედი, არავის მივუწვევივარ. მინდოდა, დამეფიქსირებინა საკუთარი აზრი, მაგრამ, ამისი საშუალება არ მომცეს. არც არაფერს გვეკითხებოდნენ ჩვენ, მშობლებს, ვინც ასეთი ტრაგედია გადავიტანეთ. ჩემისთანა კი იქ ბევრი იყო. ორ დღეს დავესწარი სასამართლო პროცესს, მაგრამ, სიტყვა არ მათქმევინეს – ამით პროცედურას დავარღვევთო. ვერ გავიგე მათი, სასამართლოზე პროცედურას დაცვა სჭირდებოდა და ჩვენს გარდაცვლილ შვილებს – არა?! ადვოკატმა, რომელიც ნორვეგიულმა მხარემ მოგვამაგრა, მითხრა, შენს წერილს სასამართლოს კანცელარიას ჩავაბარებ და სასამართლო კოლეგიას გადასცემენო. სხვა გზა არ მქონდა და, ის, რისი თქმაც მინდოდა პროცესზე, წერილის სახით დავტოვე. მე მინდოდა იქ დამსწრე საზოგადოებისთვის ყველაფერი მეთქვა ჩემი თამთას შესახებ, რომ ის ძალიან ჭკვიანი და გონიერი გოგონა იყო, რომ ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა. მინდოდა, მეთქვა, როგორ გავუშვი ჩემი ერთადერთი შვილი თითქოსდა ყველაზე მეტად დაცულ ქვეყანაში მათივე მიწვევით და, ის, რაც იქ დატრიალდა, სწორედ იმ ქვეყნის პრობლემა იყო. მე არ მჯერა, რომ ბრეივიკი კუნძულზე მარტო მოქმედებდა, მას აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველი, რომელიც ბავშვების ერთ ადგილზე მოგროვებაში დაეხმარა. ისიც მინდოდა მეთქვა, როგორ ვნანობ, თამთა რომ იქ გავუშვი. თითქოს გული რაღაცას მიგრძნობდა. ამას როგორ წარმოვიდგენდი, მაგრამ, მაინც არ მინდოდა თამთას წასვლა, მან კი ისე დაიჟინა, – მოქმედ პრემიერს უნდა შევხვდეთ, ამის შანსი შეიძლება აღარ მომეცეს და ამაზე უარი როგორ ვთქვაო. თამთამ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა და ძალიან უყვარდა თავისი საქმე. ერთხელ უკვე იყო ნამყოფი გერმანიაში და – კონფლიქტების დარეგულირების კონკურსში გაიმარჯვა, დაფინანსებაც მიიღო და კიდევ უნდა წასულიყო გერმანიაში, საბუთებიც მზად ჰქონდა. ვუთხარი: შვილო ნორვეგიაში ნუ წახვალ, ხუთი დღე ცოტაა, დაიღლები გზაში, მერე გერმანიაში ხარ წასასვლელი-მეთქი. ნეტავი არ გამეშვა! მისი სიკვდილის შემდეგ მისი უამრავი ჩანაწერი აღმოვაჩინეთ. ვიცოდით, დღიურებს რომ წერდა, მაგრამ, თურმე, ძალიან ღრმად ფიქრობდა და მსჯელობდა, მისი ჩანაწერებიც ასეთი იყო. სასამართლოზე ისიც მინდოდა დამეფიქსირებინა, რომ მათ პოლიციას არაოპერატიულობის მხრივ, ალბათ, ანალოგი არ ჰყავს მსოფლიოში. ისინი რომ ოპერატიულად მოქცეულიყვნენ, ბევრი ბავშვი გადარჩებოდა. ის, რომ ახლა ბოდიშს გვიხდიან მშობლებს, რას გვიშველის? ბოდიშს ბრეივიკიც იხდის და, ვაპატიოთ, ასეთი სასაკლაო რომ მოაწყო?! ვფიქრობდი, ბრეივიკს ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობით გაასამართლებდნენ, მაგრამ, ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და, ალბათ, ამას არ გააკეთებენ.
– როგორ მიდიოდა სასამართლო პროცესი, როგორ იქცეოდა ბრეივიკი, ადამიანი, რომელმაც ასეთი საშინელი დანაშაული ჩაიდინა?
– სასამართლო დარბაზებად იყო დაყოფილი. პირველ დარბაზში გვიშვებდნენ იმ მშობლებს, ვისი შვილის საქმის განხილვაც მიმდინარეობდა, იქვე იყო ბრეივიკიც. იქ უცნაურად იყო ყველაფერი. ბრეივიკს ოთხი ადვოკატი ჰყავდა. არავის არ სდომებია მისი დაცვა, მაგრამ, ეს არ შეიძლებოდა და ისინიც ფორმალურად ასრულებდნენ თავიანთ ფუნქციას, ჩუმად იყვნენ, არაფერს ამბობდნენ. დამნაშავეს არაფერს ეკითხებოდნენ, მხოლოდ იმ ბავშვებს უსვამდნენ შეკითხვებს, ვინც ამ ომში მოყვა. ომი იყო, აბა რა იყო?! უდანაშაულო ბავშვების სასაკლაო ომი არ არის?! ერთი ბავშვი გამოვიდა და მან მოითხოვა, მხოლოდ მას შემდეგ ვილაპარაკებ, როცა ბრეივიკს დარბაზიდან გაიყვანთო. ისე იყვნენ შეშინებულები, მისი თანდასწრებით ლაპარაკიც კი უჭირდათ. ამაზე მოსამართლემ უარი განაცხადა, მაგრამ, მერე ნაფიცმა მსაჯულებმა მოითხოვეს მისი გაყვანა. ის ბავშვი მოყვა, როგორ გადახტა ფეხში დაჭრილი წყალში, როგორ გაცურა 500 მეტრი და როცა უკვე იძირებოდა, როგორ, მიეშველნენ ნავით უცხო ადამიანები და გონდაკარგული გაიყვანეს ნაპირზე. იქ ისეთ საშინელებებს ყვებოდნენ ბავშვები, რომ ძალიან ძნელი იყო მოსმენა. ერთმა მამაკაცმა, გარდაცვლილის ძმამ, თავი ვერ შეიკავა, ფეხსაცმელი გაიხადა და ბრეივიკს ესროლა. ამისი გაკეთება არ შეიძლებოდა და სასწრაფოდ დაატოვებინეს დარბაზი. მეც კი გავუსწორდებოდი ჩემი შვილის მკვლელს, მაგრამ, აბა, როგორ?! ჩემთვის ჩემი შვილის მკვლელის ყურება ძალიან ძნელი იყო, ბრეივიკი დაახლოებით ექვსი მეტრის მოშორებით იჯდა ჩემგან, მაგრამ უცხო ქვეყანაში იქაურ წესებს ვერ დავარღვევდი. ბრეივიკი სასამართლოზე ჰალსტუხით მობრძანდა. მშვიდად იყო. გისოსებში არ იჯდა და მერე ხელბორკილიც კი მოხსნეს, მაგრამ, დაცვის განსაკუთრებული ზომები ჰქონდათ მიღებული. სასამართლო დარბაზში ჩვენც მხოლოდ ჩხრეკის შემდეგ გვიშვებდნენ, მკაცრად გვიმოწმებდნენ ყველაფერს. მერე მე შეხვედრაზე ვიყავი მისული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, რომელმაც სამძიმარი გამომიცხადა და მერე მიამბო, ბრეივიკს ქვეყნისა და ლეიბორისტული პარტიის დამხობა უნდოდაო. ჩემი შვილი კი გაიყოლა-მეთქი, ვუთხარი. მისი მიმდევრები უნდა ამოვძირკვოთო, ბრეივიკი დღის სინათლეს ვეღარ იხილავსო. ეს უშველის ჩემს ტრაგედიას? იქ ითქვა, რომ სამუდამო პატიმრობას თუ არ მისცემენ, 20-25 წლის გასვლის შემდეგ სასჯელს დაუმატებენ და გარეთ ვერასოდეს გამოვა; მაგრამ, რად გინდა, საპატიმროები ჰქონიათ ისეთი, სასტუმრო გეგონება. ბრეივიკს შეურაცხადად რომ აცხადებდნენ, ის შეურაცხადი არ არის. ექსპერტიზამაც ასეთი პასუხი დადო.
– თქვენ იყავით მისული იმ კუნძულზე, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა. როგორია დღეს კუნძული უტოია?
– ჩემთვის იქ მისვლა ძალიან ძნელი იყო, ერთი სიკვდილი გავათავე. თუ რამ არსებობს, ჩემი შვილი ამას გაიგებდა. მინდოდა, ჩემი შვილისთვის იქ დამენთო სანთელი, სადაც სული ამოუვიდა, ყვავილები მიმეტანა მისთვის. დღეს კუნძული უტოია დაკეტილია – ჩემმა ადვოკატმა ოფიციალური ნებართვა აიღო, რომ კუნძულზე მოვხვედრილიყავით. ამბობენ, ბანაკის დაკეტვა არ შეიძლება და უნდა გაიხსნასო. ჩვენ ნავით მივედით კუნძულამდე, იქ სხვა გზა არ არსებობს. კუნძულს დღემდე ატყვია იმ საშინელი ტრაგედიის კვალი – არის ნატყვიარები, ვნახე ის ორი შენობა, სადაც ბავშვები დაიმალნენ, მათ კარი ჩაუკეტავთ შიგნიდან, ლეიბები აუფარებიათ ფანჯრებზე და ბრეივიკმა იქ ვეღარ შეაღწია. ის ადგილიც ვნახე, სადაც თამთა იმალებოდა მეგობართან ერთად – იქვე ბუჩქები იყო და ბუჩქებში დაუნახავს ბრეივიკს ბავშვები, მიჰპარვია და, ძალიან ახლო მანძილიდან, ერთი მეტრიდან ჰქონდა ნასროლი ბავშვს. ეტყობა, შეშინებული თამთა წყალში შევიდა – მუხლამდე შესულა წყალში, რადგან ცურვა არ იცოდა, ამიტომ ვერ გაცურა. მასთან ერთად ორი ბავშვი იყო დამალული ბუჩქებში, მათ იცოდნენ ცურვა და გაცურეს. იმ ორმა ბავშვმა ჩემი ნახვა არ მოისურვა, ასე უთქვამთ, ვერ შევხვდებით, იმიტომ რომ, თამთა ვერ გადავარჩინეთო. ერთ-ერთ გოგოს უთქვამს თამთასთვის, ზურგზე შეგისვამ და ისე გაგიყვან წყალშიო, თუმცა, ალბათ, ამისიც შეეშინდა თამთას. მშიშარა გოგო არ იყო, მაგრამ, იქ, იმ ომში რა უნდა ექნა ბავშვს?! თამთას მერე ჩვენი ცხოვრება ცხოვრება აღარაა. სახლში ყველაფერი ისეა ხელუხლებელი, როგორც თამთამ დატოვა... ყოველდღე მივდივართ მის საფლავზე, თითქოს იქ უფრო ახლოს ვართ შვილთან. მეუბნებიან, შენი შვილი ღმერთთან არის, ანგელოზადო და ეს მაძლევს კიდევ შვებას, თორემ, დაღუპული რომ ვართ, ესაა და ეს.