როგორ წაართვა ქართულ ენაზე გამოცემული საკუთარი რომანი ორჰან ფამუქმა თეა ადეიშვილს და რატომ დადიოდა ქართველი ჟურნალისტი „უმანკოების მუზეუმში” დარეტიანებული
„რა ვიცოდი, თურმე ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წამი რომ ყოფილა. რომ მცოდნოდა კიდეც, შევძლებდი ამ ბედნიერების შენარჩუნებას და ჩემი ცხოვრების სხვანაირად წარმართვას? მაშინ, რომ მივმხვდარიყავი, ეს ადამიანის სიცოცხლეში ყველაზე სანუკვარი გაელვებაა-მეთქი, შევეცდებოდი კი, იღბალს ჩავბღაუჭებოდი და ხელი არ გამეშვა? ბედნიერებით გაცისკროვნება მხოლოდ ერთ-ორ წამს გაგრძელდა, მაგრამ ეს განცდა დიდხანს არ მშორდებოდა – საათები... მეტიც, წლები... ეს თითქოს დანაშაულის, ცოდვებისა და სასჯელის, მსოფლიოსა და ჟამთასვლის დადგენილი წესებისგან ჩვენი გათავისუფლების წამიც იყო – 1975 წლის 25 მაისი, ორშაბათი. მგონი, სამს უკლდა თხუთმეტი წუთი”... ორჰან ფამუქი „უმანკოების მუზეუმი”.
თეა ადეიშვილი: „პოსტსკრიპტუმი” სტამბულში წაგვიყვანა გამომცელობა „დიოგენემ”. მანამდე, ერთი კვირით ადრე, ფამუქმა თურქი ჟურნალისტებისთვის მოაწყო მუზეუმის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი, ჩვენ ვიყავით უკვე საერთაშორისო პრესისთვის მოწყობილ ოფიციალურ გახსნაზე. ფამუქმა ძალიან კარგი ევროპული ჟესტი გააკეთა: ჯერ თურქ ჟურნალისტებს, მკითხველს გააცნო „უმანკოების მუზეუმი”, უპირველესად მათთვის გახსნა და შემდეგ დაპატიჟა მსოფლიო პრესა, რომელთა შორის ჩვენც მოვხვდით. ძალიან ვისიამოვნეთ, ფამუქს საათ-ნახევრის განმავლობაში ჯერ მონოლოგი ჰქონდა, შემდეგ ჩვენს კითხვებს დაუზარებლად პასუხობდა. არც ერთ კითხვაზე არ გაუცია მშრალი პასუხი, ყველას საფუძვლიანად და ძირფესვიანად გვიპასუხა. ჩემთან იყო პატარა კომუნიკაციის პრობლემა. ვკითხე, ცხოვრებაში თუ ყოლია ფუსუნისნაირი ქალი, მაგრამ მან ასე გაიგო: მისი ყოფილი ცოლი ხომ არ იყო ფუსუნის მსგავსი. მიპასუხა, რომ ის არ იყო ფუსუნის მსგავსი და რომ, საერთოდ, ფუსუნს არ ჰყავს პროტოტიპი, ის რამდენიმე ქალის ერთობლიობაა. თუმცა, მე მადლობელი ვარ მისი ყველა პასუხით. ფამუქი იყო უზომოდ რეალური ადამიანი, რომელთან მიახლოებაც შეიძლებოდა და კამათიც. ის პრესასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობებით, მიდგომებით ძალიან პრაგმატული ადამიანია. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით თურქულ საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. ფამუქმა, ფაქტობრივად, თურქულ მწერლობაში რევოლუცია მოახდინა, გადაიმტერა მთელი თურქული საზოგადოება, განსაკუთრებით ფუნდამენტალისტები. ის პოლიტიზებული მწერალია და მან თურქ მწერლებში პირველმა და ალბათ, უკანასკნელმა თქვა, რომ თურქეთმა უნდა აღიაროს სომხეთის გენოციდი. ამის გამო მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს – უწყობენ ტერაქტებს გადაადგილებისას, საკუთარ სადარბაზოსთან, ამიტომაც ის თურქეთიდან გაიქცა. დიდი ხანი სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და ახლა, როგორც ვიცი ცხოვრობს გოაზე, ინდოელ მწერალ ქალთან აქვს რომანი. გაყრილია პირველ ცოლთან. მას ჰყავს შვილი რუია, რომელსაც უძღვნის თავისი წიგნების დიდ ნაწილს. რაც შეეხება ჩვენს შეხვედრას, როგორც გითხარით, ეს იყო საერთაშორისო პრესისთვის მუზეუმის გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც თავისი პროგრამა ჰქონდა. დილით იყო მუზეუმის დათვალიერება, პირველი შთაბეჭდილებების შემდეგ, პრესკონფერენციაზე შევხვდით ფამუქს. მერე კი, თუ მედიის წარმომადგენელი იყავი, შეგეძლო მუზეუმში დაბრუნება, ამიტომაც დავბრუნდი. როდესაც პირველად შევედი მუზეუმში, ძალიან დავიბენი, თავი წიგნის გმირი მეგონა, რომელიც 70-იანი წლების სტამბულში ცხოვრობს და დაბოდიალობს მის ქუჩებში. ამიტომაც მუზეუმში დავბოდიალობდი და დავბორიალობდი დარეტიანებული. ფამუქი, თავისი რეალური პასუხებით, დამეხმარა, რომ გვერდიდან შემეხედა მოვლენებისთვის. ამიტომაც, როდესაც მეორედ დავბრუნდი მუზეუმში, უკვე მშვიდად განვაგრძე მუშაობა.
– „ფეისბუქის” შენს გვერდზე წერდი: შენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ფაქტი, ფამუქმა ქართულად ნათარგმნი „უმანკოების მუზეუმი” რომ გამოგართვა. ის წიგნი, რომელშიც შენთვის საინტერესო, მნიშვნელოვანი მომენტები, წინადადებები გქონდა გახაზული.
– მე წავიღე ჩემი წიგნი და მეგობრებმაც გამატანეს თავიანთი წიგნები, რომლებზეც უნდოდათ ფამუქის ხელმოწერა. პრესკონფერენციაზე ავტოგრაფზე უარი თქვა, რადგან ბევრი ხალხი იყო. საღამოს მიღებაზე ვიწრო წრე დაპატიჟა, მათ შორის მთარგმნელები და მეც მათ გავყევი. იქაც წავიღე ჩემი წიგნი, ვიფიქრე: იქნებ იქ მაინც შევძლო ავტოგრაფის ჩამორთმევა. როდესაც ვემშვიდობებოდი, ეს წიგნები ხელში მეჭირა, მკითხა, რა წიგნები იყო. მეც ვუთხარი, რომ ეს იყო მისი წიგნები ქართულ ენაზე. ძალიან გაუხარდა, გამომართვა, გადახედა და თქვა: მე არ მაქვს ჩემი წიგნების ქართული გამოცემებიო. მეც ვუპასუხე: სამაგიეროდ, მე მექნება თქვენი ხელმოწერით-მეთქი. მაგრამ მითხრა: ეს წიგნი უკვე შენი აღარ არისო და გატრიალდა. მოკლედ, წამართვა, ყველანაირად ვეცადე, დამებრუნებინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ეს ისეთი მოულოდნელი იყო... თან, წიგნი იმდენად ნახმარი იყო, ყდა ჰქონდა გატეხილი, ჩემ გარდა ბევრმა ადამიანმა წაიკითხა. თან, წიგნში ფრაზების მონიშვნა მიყვარს. ცოტა შემრცხვა.. წიგნში რაღაცეების ჩადება ვიცი, ამიტომ ვკითხე: შიგნით ხომ არაფერი დევს-მეთქი. ეს არ გაკვირვებია, ეტყობა, თვითონაც ასე უყვარს და დარწმუნებული ვარ, მას ნივთების მიმართ დიდი მიჯაჭვულობა აქვს. ჩემ თვალწინ გადახედა წიგნს და მითხრა: არაფერი არ არის შიგნითო. მეც ვუთხარი: სამაგიეროდ აქ არის ჩემი მთელი ემოციები, ცრემლები, გრძნობები, რომლებიც წიგნის კითხვისას დამემართა-მეთქი. ბუნებრივია, ეს მისთვის სიურპრიზი არ იყო, რადგან ისეთი თვალებით ვიყურებოდი: ანიმაციებში, რომ თავზე ღრუბელი აქვთ და ზედ აწერია მთელი გრძნობები. ამ წიგნს ჩემს მეგობრებთან ერთად პარალელურ რეჟიმში ვკითხულობდი. ღამე ვკითხულობდი, თან ჩემი ქმარი შუქს არ მანთებინებდა. ჩემს მობილურს ციფერბლატზე თეთრი შუქი აქვს და ის მქონდა ანთებული. ყოველღამე, როცა შევწყვეტდი წიგნის კითხვას და საათს დავხედავდი ყოველთვის 4 საათი და 36 წუთი იყო. ბოლოს, როდესაც წიგნს ვამთავრებდი, ვკითხულობდი იმ ადგილს, როცა შეყვარებულები – ფუსუნი და ქემალი მანქანით მიდიან. მოხდება ავარია და შევწყვიტე კითხვა. ვტიროდი, დავხედე საათს და 4 საათი და 36 წუთი იყო. მონაკოში უნდა წავსულიყავი, წიგნში კი არის ნახსენები გრეის კელი და მონაკო..
– როგორი იყო ფამუქი მასპინძლის ამპლუაში?
– ცოტა დაბნეული, რომანტიკული, ბედნიერი და იმავდროულად, მოლოდინით სავსე: რას ვეტყოდით სტუმრები, მოგვეწონა თუ არა მუზეუმი, გვქონდა თუ არა კრიტიკული შეკითხვები. პრესკონფერენციაზე მიღებული შთაბეჭდილება შემეცვალა. თავად დადიოდა და ყველას უღებდა ფოტოებს. მიღებაზე კერძების მენიუ ისეთივე იყო, როგორც წიგნშია აღწერილი.
მუზეუმის პირველივე სართულზე გეუფლება პირველი ემოცია და მერე უკვე გიჭირს მესამე-მეოთხე სართულზე გადაადგილება. სიგარეტის ნამწვავები, რომლებიც 700 ფურცლის განმავლობაში გხვდება, მუზეუმშია წარმოდგენილი და ყველა ნამწვავის ქვემოთ არის მიწერილი გრძნობები და ემოციები: ამ დროს ფუსუნმა სამჯერ გამიღიმა, ამ დროს მან ნაყინით ჩაიტკბარუნა პირი. ხვდები, რომ, რაც წიგნში ხდება, მართლა რეალურია და შენ იმ დროის სტამბულში, იმ გმირებთან ერთად აღმოჩნდი. ბოლომდე გააზრება ცოტა რთულია, რადგან აღმოჩნდები დროის მანქანაში და მოგზაურობ იქ, რასაც მანამდე წიგნში ხვდებოდი. როცა სიგარეტების ნამწვავი ვნახე, მაშინვე დამარტყა თავში და ეს იყო პირველი შთაბეჭდილება. შემდეგ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ფუსუნის საყურემ, რომელსაც ის შეყვარებულთან ყოფნისას კარგავს. საყურე ფარდაზეა ჩამოკიდებული, რომელიც ირხევა. წიგნში ქემალი ასე აღწერს: როდესაც ერთმანეთს ვკოცნიდით, ფანჯარა იყო ღია და ბავშვების ხმა შემოდიოდა. მუზეუმში, როცა საყურეს უყურებ ისმის ქუჩიდან შემოსული ხმები, ბავშვების ხმა და ოდნავ ირხევა ფარდა. მუზეუმში ერთი ადგილია ონკანთან, სადაც წყლის ხმა ისმის. ხმები ახლავს ექსპონატებს და აბსოლუტურად, თავიდან ბოლომდე, შიგნით ხარ. ამიტომაც, დახარჯა ფამუქმა მუზეუმის გაკეთებაში 2 მილიონი დოლარი, ეს არის იმაზე მეტი, რაც მას ნობელის პრემიის აღებისას მისცეს.