“ზუკას თასი„ უკვე მეექვსედ ტარდება
2007 წლიდან ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ადამიანების ორგანიზებით ტარდება მინი-ტურნირი წყალბურთში, რომელიც ზუკა სახელაშვილის ხსოვნას ეძღვნება. ზუკას მეგობრები – ლევან როსტოშვილი და მაკო მეტრეველი, რომელიც დათუნა სირბილაძის ცოლია, ტურნირის ორგანიზატორები და სულისჩამდგმელები არიან ზუკას დასთან, თათა სახელაშვილთან ერთად.
მაკო: პირველად „ზუკას თასი” 2007 წელს, ზუკას გარდაცვალებიდან ორ თვეში ჩატარდა. ეს მაინც ყველაზე ემოციური წელი იყო, ეს დღეები მართლა არასოდეს დამავიწყდება. გვინდოდა, წყალბურთის ამ ტურნირით (ზუკა წყალბურთელი იყო, მეკარე), უკვდავგვეყო ზუკას სახელი.
ლევანი: როდესაც მრავალი წელი გავა, ჩვენ აღარ ვიქნებით, მაგრამ ეს ტურნირი იარსებებს, რადგან მას ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ემატებიან მონაწილეები, მაყურებლები, იზრდება მისი პრესტიჟი. წყალბურთის სამყაროში ამ ტურნირმა ბევრი რამ გააკეთა. არათუ გუნდები, იმ წლებში სპორტის ეს სახეობაც კი არ არსებობდა. პირველ წელს ყოფილ წყალბურთელებს სახლებში ვაკითხავდი და ასე შეიქმნა გუნდები. ტურნირის მიმდინარეობისას ბევრი ადამიანი შეხვდა ერთმანეთს, ისაუბრეს, გადაწყვიტეს, რომ მკვდარი წყალბურთი ოდნავ მაინც „დაექოქათ” და მას შემდეგ მართლა ბევრი რაღაც გაკეთდა. ბოლო წლებში უკვე სხვა ქვეყნის გუნდებიც იღებენ მონაწილეობას – ის ადამიანები, ვინც ზუკას იცნობდნენ.
– ზუკაზე მიამბეთ, როგორ მოახერხა მან ამდენი ადამიანის გაერთიანება?
– ყველაზე განსაკუთრებული იყო ჩვენს სამეგობროში, მას უარყოფითი თვისება არ ჰქონდა. არ არსებობს ადამიანი, მისგან რაიმე სწყენოდა. სრულ გაუგებრობას შეეწირა და ეს უდიდესი შოკი იყო ჩვენთვის, მთელი წელი ვერ გამოვდიოდით მდგომარეობიდან. დრო ყველაფერს უკარგავს სიმძაფრეს, მაგრამ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტკივილია, რომელიც არასდროს შეხორცდება.
მაკო: ლევანი და ზუკა წყალბურთიდან, სკოლიდან, კლასიდან მეგობრობდნენ, მე კი ის დათუნასგან გავიცანი. დღეს ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სამეგობრო წრე სწორედ ზუკას გარშემო იყო გაერთიანებული. ის გამორჩეული იყო, მაგრამ, არა იმიტომ, რომ დღეს ჩვენთან აღარ არის, ამას სულ ვეუბნებოდით, სიცოცხლეშიც. არ მახსოვს, ის ცუდ ხასიათზე ყოფილიყო.
ლევანი: მახსოვს, დათუნა რომ „ჯეოსტარში” მონაწილეობდა, ჩვენ – მე, ნოდარიკო ხუციშვილი და ჩვენი მეგობრები, მის ბექ-ვოკალში ვმღეროდით. წარმოიდგინე, ფილარმონიაშიც მაქვს ნამღერი და ამაზე ისე დაგვცინოდა (იცინიან)... დათუნა პირველი ვარსკვლავი იყო ჩვენს სამეგობროში.
– შენი პოპულარობა მაინც ზუკას უკავშირდება.
– დიახ. ზუკას და, თათა, „ნანუკას შოუს” პროდიუსერი იყო და ამ გზით მოვხვდი გადაცემაში. ჩვენს ცხოვრებაში ზუკას სახელს ბევრი რაღაც უკავშირდება.
მაკო: ჩვენთვის განსაკუთრებულია ტურნირის დღეები, მთელი წელი ყველა ამ ორ დღეს ველოდებით: ერთმანეთს ვნახულობთ, გვიხარია ერთად ყოფნა, ვიხსენებთ ზუკას. ეს მაისურებიც ისეთი პოპულარული გახდა... ბევრი ადამიანი განსაკუთრებით, მას შემდეგ დაინტერესდა რაც როსტომ და სალომემ ამ მაისურებით იცეკვეს. ესეც ძალიან ემოციური მომენტი იყო, ვატყობდი, როსტო ცრემლებს ძლივს იკავებდა, როდესაც ნანუკამ ზუკა ახსენა. ამ მაისურებზე რა ხდება, ვერ წარმოიდგენთ.
ლევანი: ხშირად მინახავს, სრულიად უცხო ადამიანს რომ აცვია მაისური და ეს ძალიან მეამაყება.
– წელს ტურნირი როდის იმართება?
– 2-3 ივნისს, სპორტულ კომპლექს „ლაგუნა ვერეზე”. დასწრება თავისუფალია და ყველა მსურველს შეუძლია, მოვიდეს, ისიამოვნოს. ტურნირის მთავარი ორგანიზატორი თათაა, ასე ვთქვათ, ტოპ-მენეჯმენტშია. ბიჭებს გუნდებთან ურთიერთობა და ტექნიკური საკითხები გვავალია, გოგოები კი უფრო პრომოუშენს აკეთებენ. მეექვსედ ვაკეთებთ „ზუკას თასს”, ძალიან დიდი პრაქტიკა გვაქვს და ყველაფერი წყალივით მიდის, ყველამ ვიცით ჩვენი საქმე. ძალიან მაგარი გარდამავალი თასი გვაქვს, რომელიც ჯერჯერობით სულ ჩვენთან რჩება – უცხოურ გუნდებს არ მოუპოვებიათ, რაც ძალიან გვახარებს.