კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-21(595)

ორიოდე საათის შემდეგ უკვე ვარშავაში მივფრინავდი პეტიასთან შესახვედრად, რათა მოსკოვში მინი-ატომური ბომბი ჩამომეტანა.
მართალია, „ზასტოის“ პერიოდი იდგა, ბრეჟნევი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და საბჭოთა კავშირი მყარად იდგა ფეხზე, მაგრამ, კომუნისტურ სისტემას ბზარი შეჰპარვოდა და ამისი ნათელი დასტური პოლონეთი იყო.
ვარშავაში რომ ჩავედით, ღამე იყო, მაგრამ, პოლონეთის დედაქალაქს, ისევე, როგორც მთელ ქვეყანას, არ ეძინა. ქუჩები ჯარის რეგულარული ნაწილებით იყო სავსე და აქა-იქ ჯავშანტექნიკაც ჩანდა. თუმცა, რეგულარულ არმიას ქუჩაში გამოსული ხალხი სჭარბობდა. ისინი ანტიკომუნისტური ლოზუნგებით იყვნენ შეიარაღებულები და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ყველა არაფორმიანი პოლონელი ორგანიზაცია „სოლიდარობაში“ იყო გაერთიანებული.
შავი ფერის „შკოდა“ ტრაპთან დამხვდა, მასში მხოლოდ პეტია იჯდა, რომელიც გარეგნული აღწერილობით ვიცანი. ჩვენ პაროლები რომ გავცვალეთ, მხოლოდ ამის მერე მითხრა პეტიამ:
– კეთილი იყოს თქვენი ფეხი.
– სასურველი იქნებოდა, რომ უფრო მშვიდი ატმოსფერო ყოფილიყო, – ვთქვი მე. პეტიამ ირონიულად გააქნია თავი, მანქანა ადგილიდან დაძრა და მომიგო:
– ჩემი აზრით, „კვაზის“ აქედან გატანა შეცდომაა. მე ამის თაობაზე ვაცნობე ცენტრს, მაგრამ, არ დამთანხმდნენ.
„კვაზი“ ატომური ბომბის პირობითი სახელწოდება იყო. პეტია წყნარი, უენო, შეუმჩნეველი კაცი ჩანდა, მაგრამ, ეტყობოდა, რომ რკინის ნებისყოფა ჰქონდა, რაც მოგვიანებით თვალნათლივ გამოჩნდა.
– აჯანყებულები რომ საელჩოში შემოცვივდნენ, მაშინ? – ვუთხარი პეტიას, – მაშინ ხომ ყველაფერი დაიღუპება?
– არაფერიც არ დაიღუპება, – მშვიდად მომიგო პეტიამ, რომელიც სარკეს თვალს არ აშორებდა, – ჯერ ერთი, ბომბი ისე საიმედოდაა დამალული, რომ მას ეშმაკიც ვერ მიაგნებს. მეორეც, დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოთა საელჩოში ფეხსაც არავინ შედგამს. ისინი სულელები არ არიან, რომ კონფლიქტის პროვოცირება მოახდინონ. მე ცენტრს ისიც შევთავაზე, საელჩოში შემოჭრის პროვოცირება მოვახდინოთ-მეთქი, ზუსტად ისევე, როგორც ეს ფაშისტებმა გაუკეთეს პოლონელებს 1939 წელს, რასაც მეორე მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვა. თუმცა, ამაზეც უარი მივიღე. არადა, ამათ კარგი გადავლა სჭირდებათ, რომ კარგა ხანს თავი არ წამოჰყონ და სხვებისთვისაც მაგალითი იყოს.
– წამგებიანი პოზიციაა, – ვუთხარი პეტიას, მან კი მიპასუხა:
– სამწუხაროდ, ცდებით. წამგებიანი ჩვენი უკანდახევაა. აი, ნახავთ, თუ მართალი არ გამოვდგე. ეს უკანდახევა ძალიან ძვირი დაგვიჯდება და სანანებელი გაგვიხდება ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ეს ამერიკის ხრიკებია და ამას იმიტომ აკეთებს, რომ ჩვენი ადგილი დაიკავოს ევროპაში.
პეტიას სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, მაგრამ მაშინ ამას ვერ წარმოვიდგენდი. ამიტომ გულში მის სიტყვებზე მეცინებოდა და მიმაჩნდა, რომ ის, უბრალოდ, ცდებოდა.
– ყველას თავისი ადგილი აქვს, მათ შორის ამერიკელებსაც და, ეჭვი მეპარება, რომ მათ ჩვენი ადგილი დაიკავონ, – ვუთხარი პეტიას.
– აი, ამერიკელებიც გამოჩნდნენ. მოდი, ერთი პატარა ტრიუკი ჩავუტაროთ, – თქვა პეტიამ, რომელმაც სიჩქარეს უკლო და შავი „ფოლკსვაგენი“ წინ გაატარა, რომელმაც დიდი სიჩქარით ჩაგვიქროლა და სიბნელეში გაუჩინარდა.
– კუდი იყო? – ვკითხე პეტიას.
– ერთ-ერთი. ასეთი რამდენიმე დამდევს ხოლმე. სულ მალე მეორე გამოჩნდება, – მითხრა პეტიამ და, მართლაც, სულ მალე თეთრი „შკოდა“ დაგვაჯდა კუდზე.
– აი, მეორეც, – ვუთხარი პეტიას, რომელიც გამხიარულდა და მიპასუხა:
– საკმარისია საელჩოს ტერიტორია დავტოვო, რომ კუდზე „ცეერუ“ დამაჯდება. იციან, რომ ვიცი, მაგრამ, მაინც არ მეშვებიან. სხვა დროს ძალიან ვხალისობ ხოლმე, მაგრამ, ახლა ნამდვილად არ გვაწყობს ეს და უნდა მოვუტყდეთ.
პეტია მაღალი კლასის მძღოლი აღმოჩნდა და სამი „კუდი“ ისე ოსტატურად ჩამოიშორა, გაოცებას ვერ ვმალავდი. ბოლოს მანქანა ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე გააჩერა და, რომ გადმოვედი, ვუთხარი:
– უბადლო ტარება გცოდნიათ.
– მშობლიურ „კაგებეში“ ავითვისე, – მომიგო პეტიამ, – ახლა კი წავიდეთ, „კვაზი“ ვნახოთ.
ჩვენ სადარბაზოში შევედით და სარდაფში ჩავედით. პეტია მწვანე ფარნით ანათებდა გზას. ასიოდე მეტრი რომ გავიარეთ, შევჩერდით.
– რა ხდება? – ვკითხე პეტიას.
 ჩვენ ახლა მდინარე ვისლის ქვეშ ვიმყოფებით. საელჩომდე ასი მეტრია დარჩენილი. ახლა საიდუმლო ბუნკერში შევალთ და „კვაზისკენ“ გავემართებით, – მითხრა პეტიამ, დისტანციური პულტით ერთ-ერთი კედელი გახსნა და საიდუმლო ბუნკერში შევედით, რომელიც გაჩახჩახებული იყო. ასი კვადრატული მეტრი ფართობის ოთახში სრული სიმშრალე და სიჩუმე სუფევდა.
მოგვიანებით ასეთი ატმოსფერო თბილისში, ყოფილი „ზაკვოს“ ბუნკერში ვნახე, როდესაც იქიდან მე და შჩუკინმა ატომური ბომბი წამოვიღეთ.
– საოცრებაა, – ვერ დავმალე აღფრთოვანება.
– გეთანხმებით, – გამიღიმა პეტიამ, – ესაა საბჭოთა უშიშროების კონსპირაციული ხელოვნების უმაღლესი ნიმუში. ეს ბუნკერი ჩვენებმა ამერიკელებისა და პოლონეთის დაზვერვების ცხვირწინ ააშენეს და წარმოდგენაც კი არავის აქვს, რა ხდება აქ.
– ალბათ, უსაფრთხოებაც დაცულია.
– რა თქმა უნდა, – გაეღიმა პეტიას, – ბომბი მრავალმხრივაა დაცული და მისი აფეთქება სპეციალური კოდის გარეშე წარმოუდგენელია. მას ვერც მტერი ჩაიგდებს ხელში. ჯერ ერთი, აქ შემოსვლა წარმოუდგენელია და, ვინმემ მაინც  რომ მოახერხოს ბუნკერში შემოღწევა, მაშინ აქაურობას ვისლის წყალი დაფარავს და ყველანი დაიხრჩობიან.
– ბომბიც ხომ დაიკარგება?
– არ დაიკარგება. „კვაზს“ რადიოსიგნალი აქვს მიმაგრებული და სპეციალური პელენგატორის მეშვეობით ვიპოვით.
– საოცარია, – გულწრფელად გამიკვირდა მე,  – მაგრამ, სასურველია, ყველაფერმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს.
– ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.
– მთლად ჩვენზე არა, შემთხვევითობაც არაა გამორიცხული.
– შემთხვევითობა ჩვენ გამოვრიცხოთ, – მომიგო პეტიამ. შემდეგ თაროდან ატომურბომბიანი ჩემოდანი გადმოიღო, შეამოწმა და მითხრა:
– ახლა კი წავიდეთ და ვარიანტი „ა“ განვახორციელოთ.
„კაგებეში“ ბომბის გამოტანის სამი ვარიანტი იყო შემუშავებული – A, B და C.
A ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი იყო და ბომბის ტრანსპორტირებას საწყლოსნო გზით ითვალისწინებდა. B ვარიანტის მიხედვით, ბომბი სახმელეთო გზით უნდა ჩამოგვეტანა, C ვარიანტი კი ბომბის საჰაერო გზით ჩამოტანას ნიშნავდა.
მესამე ვარიანტი ყველაზე სწრაფი, მაგრამ, ყველაზე საშიში იყო, რადგან, საჰაერო საფრენ ობიექტს კატასტროფა რომ განეცადა, შეიძლებოდა, გაუთვალისწინებელი შედეგები მიგვეღო.
მე და პეტიამ მშვიდობიანად დავტოვეთ საიდუმლო ბუნკერი, შემდეგ მდინარე ვისლის ნაპირზე მივედით და სპეციალურად ატომური ბომბის გადასაზიდად გამზადებულ უზარმაზარ კატერში გადავსხედით, რომელშიც ბომბი დავმალეთ.
– ახლა უკვე ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. წავედით, – თქვა პეტიამ და კატერი წყალში შეაცურა.
ჩვენ ვისლა-ბუგის შესართავისკენ მივემართებოდით, რომ ბრესტში ჩავსულიყავით და ბელარუსის გავლით ბომბი მოსკოვში ჩაგვეტანა. თითქმის ათასკილომეტრიანი  მარშრუტი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გავიარეთ და უკვე საზღვარს ვუახლოვდებოდით, როდესაც ეგრეთ წოდებულმა „ბუგის მეკობრეებმა“ კატერის წართმევა მოგვინდომეს, მაგრამ, პეტიამ ექვსი ყაჩაღი თვალის დაუხამხამებლად დახოცა, წყალში ჩაყარა და გზა განვაგრძეთ.
– რას იზამ, ძმობილო, – მითხრა პეტიამ, როდესაც მეკობრეები წყალში ჩაყარა, – სამშობლოს სამსახური მსხვერპლს მოითხოვს. ამ შემთხვევაში გაგვიმართლა და ეს მსხვერპლი სხვა იყო. თუმცა, თუ საჭირო გახდა, თავსაც ისე გავწირავ, თვალსაც არ დავახამხამებ...
ბომბი მშვიდობით გადავიტანე საზღვარგარეთ. პეტია საზღვარზე დამშორდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, პეტია პოლიტიკოსი გახდა, რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად გადაიქცა და, ყოველთვის, როცა მსხვერპლზე მიდგებოდა ხოლმე საქმე, თვალსაც არ ახამხამებდა. თუმცა, ეს მსხვერპლი ყოველთვის სხვა იყო, ისევე, როგორც „ბუგის მეკობრეები“...
– პეტიას ძალიან მოეწონე, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც მას კაბინეტში ვეახლე, – ასე თქვა, უაღრესად ერთგული და პროფესიონალიაო.
– არც თვითონაა ნაკლები. მანქანას ჯადოქარივით დააქროლებს და ტყვიებს თვალებს შორის აუცდენლად აჯენს, – მივუგე შჩუკინს.
– ვიცი. ინფორმირებული ვარ. პეტია ძალიან შორს წავა. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები და ამაზე წლების მერე ვილაპარაკოთ, – მითხრა შჩუკინმა.
უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდში მე და ვიქტორ იაკოვლევიჩი მოსკოვში შევხვდით ერთმანეთს. პეტია, რომ იტყვიან, ახალი „გაჩითული“ იყო ხელისუფლებაში და ჯერ კიდევ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სულ მალე ის უდიდეს გავლენას მოიპოვებდა, მაგრამ, შჩუკინმა მითხრა:
– აბა, გაიხსენე, რა გითხარი, როდესაც ვარშავიდან ბომბი ჩამოიტანე?
– ალბათ, პეტიას გულისხმობთ.
– სწორედ მაგას. ხომ გითხარი, შორს წავა-მეთქი.
– წინსვლა შესამჩნევია, მაგრამ, მაინცდამაინც დიდი გავლენიანი არ უნდა იყოს.
– მერწმუნე, იქნება და ეს სულ მალე მოხდება. ვერ ხედავ, რომ „კაგებეს“ კადრებს ნიშნავს ყველგან? აი, ნახე, სულ მალე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტი თუ არ დაირტყას, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა და არც შემცდარა. პეტია, სულ რაღაც, ორ თვეში ისე მაღლა აფრინდა, მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცი გახდა, თანაც, არა მარტო რუსეთში.
ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. პეტია, რომელმაც ჩემ თვალწინ ექვსი კაცი თვალის დაუხამხამებლად გაისტუმრა, ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია. ყოველივე ეს კი, მისმა „კაგებეშნიკურმა“ მოხერხებამ და დროის ცვლილებებმა განაპირობა. თანამედროვე რუსეთის მმართველი ბირთვი დღესდღეობით „კაგებეს“ ყოფილი თანამშრომლებისგან შედგება, რომლებიც პეტიამ „გაქაჩა“.
რამდენიმე წლის წინ მოსკოვში ვიმყოფებოდი ერთ საქმეზე და პეტიას ტრიუმფს პირადად შევესწარი. ის საარჩევნო კამპანიას ატარებდა, რადგან საპარლამენტო არჩევნები იყო მოახლოებული და, როდესაც ზღვა ხალხში გამოჩნდა, მას ჭიანჭველებივით დაეხვივნენ მხარდამჭერები და ხელში ატაცებული მიიყვანეს ტრიბუნასთან, სადაც მან ისეთი პატრიოტული სიტყვა წარმოთქვა, რომ ოვაციები ათი წუთის განმავლობაში არ დამცხრალა. მე კი ამით ვისარგებლე და ობიექტი, რომელსაც „კუდზე“ ვაჯექი, მაყუჩიანი პისტოლეტიდან გასროლით მოვკალი. შემდეგ იარაღი მოვიშორე თავიდან, იქაურობა დავტოვე და კონსპირაციულ ბინაში მივედი. იმავე საღამოს თბილისში დავბრუნდი თვითმფრინავით, მაგრამ, სანამ სახლიდან გავიდოდი, ერთი უცნაური რამ მოხდა: კონსპირაციულ ბინაში ჯერ ტელეფონი რეკავდა შეუწყვეტლივ, მაგრამ, ყურმილი არ ამიღია. რეკვა რომ შეწყდა, კარზე კაკუნი გაისმა და, როდესაც გავაღე, იქვე დაგდებული ბარათი დამხვდა, რომელზეც ლამაზი, მარჯვნივ გადახრილი  კალიგრაფიით, რუსულად ეწერა: „გმადლობთ დახმარებისთვის. ყველაფერი უმაღლეს დონეზე შესრულდა, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. თქვენი მეგობარი“.
 წერილის ავტორი აშკარად მკვლელობის შემკვეთი იყო, მაგრამ, ის ვერ გამეგო, თუ რატომ უწოდებდა თავს ჩემს მეგობარს და კიდევ როდის და რატომ უნდა შევხვედროდი მას... ნათელი იყო ისიც, რომ ვიღაც ფარულად მითვალთვალებდა და, ჩემი ლიკვიდაცია რომ სდომოდა, ალბათ, არც ეს გაუჭირდებოდა.
„ეეჰ, კოკი, კოკი, მგონი დაბერდი“, – ვუთხარი მაშინ საკუთარ თავს, რადგან, აშკარად ვიგრძენი, რომ ძველებურად მოუხელთებელი აღარ ვიყავი და ჩემი „შებმა“ უფრო მწარე დაცინვას ჰგავდა.
ბოლომდე მოუხელთებელი და უჩინარი ადამიანი, რა თქმა უნდა არ არსებობს, მაგრამ, არც ასეთ დონეზე გაშიფვრაა კარგი, თუნდაც, ეგრეთ წოდებული „მეგობრისგან.“ მით უმეტეს, რომ ჩვენს საქმეში გუშინდელი მეგობარი, შეიძლება, მოსისხლე მტრად გექცეს, ან – პირიქით.
მეგობრობა და პარტნიორობა იქით იყოს და, ზოგჯერ ძმებიც კი არ ინდობენ ერთმანეთს. ერთხელ „ძიამ“ დამიბარა და მითხრა:
– შემკვეთს შეხვდები?
– ვინ არის და რა უნდა?
– კონკრეტულად რა უნდა, არ ვიცი, მაგრამ, აი, ეს არის, – მითხრა რომანმა და ძალიან ცნობილი ქართველი ბიზნესმენის შვილის სურათი მიჩვენა, რომელიც დღეს უკვე საქართველოში მოღვაწეობს.
– ხვალ ფუნიკულიორზე, შუადღეზე... – ვუთხარი „ძიას“ და წავედი. მეორე დღეს კი სათანადოდ შევინიღბე და შეხვედრის ადგილისკენ გავემართე.
შემკვეთი 19 წლის ყმაწვილი იყო, რომელმაც ყურადღებით შემათვალიერა და მკითხა:
– მკვლელი შენ ხარ?
უკვე ბიჭის სიტყვებიდან ჩანდა, რომ ტუტუცი იყო და მასთან საქმის დაჭერა არ ღირდა. შემეძლო, მაშინვე უარი მეთქვა და მიმეტოვებინა, მაგრამ, ცნობისმოყვარეობამ მძლია. ძალიან მაინტერესებდა, რის შეკვეთას მაძლევდა და რაში იხდიდა ნახევარ მილიონ დოლარს. ამიტომ მივუგე:
– კარგი იქნება, თუ ხმადაბლა ვილაპარაკებთ, ტერმინებს შევარჩევთ და ზრდილობის ზღვარს არ გადავალთ. გისმენთ.
– ჩემი ძმა უნდა მოკლათ, თანაც ლონდონში და მაშინ, როდესაც ჩვენ ერთად ვისხდებით კაფეში. შეგიძლიათ? – მითხრა ბიჭმა.
მკვლელობის მიზეზით ძალიან იშვიათად ვინტერესდები, ეს კი სწორედ ასეთი იშვიათი შემთხვევა იყო და ბიჭს ვკითხე:
– ძმის მოკვლა რატომ გინდათ?
– იმიტომ, რომ მე ლონდა მიყვარს, მას კი – ჩემი ძმა. ძმას რომ მოვიშორებ, მის ადგილს დავიკავებ და ლონდას ცოლად მოვიყვან.
იმ კრეტინ შემკვეთს ტყუპისცალი ძმა ჰყავდა და, იმედოვნებდა, რომ, თუკი მისი ტყუპისცალი აღარ იქნებოდა, მაშინ გოგონას ადვილად დაიყოლიებდა ცოლობაზე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ კრეტინთან საუბრის ჩანაწერი მამამისს გადავეცი და ვურჩიე, შვილებისთვის მიეხედა... ჩემმა ხლაფორთმა დადებითი შედეგი გამოიღო: მამამ შვილებზე ზეგავლენა მოახდინა და დღესდღეობით ტყუპები ძალიან წარმატებული ბიზნესმენები არიან, ორივე დაქორწინებულია და წარმატებით უთავსებენ ერთმანეთს ოჯახურ ცხოვრებასა და ბიზნესს...
ჩემი ასეთი ალტრუიზმი შეიძლება, ვინმეს ანაქრონიზმადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ, მე რომ ეს საქმე ამეღო და შემესრულებინა, ყველანაირ ზღვარს გადავიდოდი, ზღვარგადასულობა კი ჩემთვის დაუშვებელია.
– ეჰ, რა ექვსასი ათასი დავკარგეთ?! –  ნახევრად ხუმრობით მითხრა „ძიამ“, როდესაც ორი კვირის შემდეგ ყველაფერი მოვუყევი.
– არც არაფერი დაგვიკარგავს, – მივუგე რომანს და ტყავის პატარა ჩანთა მუხლებზე დავუდე, – მადლიერმა მამამ თავისი ნებით გადაიხადა არშემდგარი შეკვეთის ფული და აქ შენი წილი 200 ათასი დოლარია.
საქმე ის იყო, რომ, როდესაც ტყუპების მამას ჩანაწერი მოვასმენინე, მან ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა და ბოლოს მითხრა:
– აი, ჩემო ძმაო, შენ ჩემი შვილების სიცოცხლე გადაარჩინე, მათი სიცოცხლე კი ჩემთვის შეუფასებელია. ეს ფული ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც შენ გამიკეთეო...
ტყუპების ისტორიიდან, მატერიალური მოგების გარდა, რაც იმ შემთხვევაში უკანა პლანზე იდგა, უდიდესი მორალური კმაყოფილება მივიღე და, მიმაჩნია, რომ დაქირავებულ მკვლელსაც კი უნდა გააჩნდეს მორალი. მე, რა თქმა უნდა,  ამაში არ ვგულისხმობ ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალების მკვლელობას, რაც არასდროს ჩამიდენია და არც არასოდეს ჩავიდენ.
ერთხელ მორიგ შემკვეთს შევხვდი, რომელსაც, რა თქმა უნდა, შენიღბული ვეახლე. ისიც შენიღბული მოვიდა, თუმცა, იმდენად ცუდი გრიმი ჰქონდა გაკეთებული, რომ, წითური სახისა და კუზიანი ფიგურის მიუხედავად, მივხვდი, რომ საკმაოდ ლამაზი და ტანწერწეტა ქალი იყო.
– თქვენზე მითხრეს, ნებისმიერი სირთულის დავალებას უმკლავდებაო, მართალია? – მკითხა კუზიანმა.
– სრული სიმართლეა. გისმენთ.
– ორასი ათას ევროს ვიხდი, თუკი აი, ამ ქალს მოკლავთ, – მითხრა დამკვეთმა და ობიექტის სურათი მიჩვენა.
– ალბათ, ძალიან გაწყენინათ.
– ჩემი ქმრის საყვარელია.
– შეგეძლოთ, ოცჯერ ნაკლები ფული გადაგეხადათ და უფრო იაფი შემსრულებელი მოგეძებნათ. ერთი უმწეო ქალის მოკვლას პროფესიონალი რისთვის სჭირდება? – შეგნებულად ვუთხარი ქალს, რადგან ვიცოდი, რომ გუდას პირს მოხსნიდა.
– ტყუილად ფიქრობთ ასე. ჯერ ერთი, ის ძუკნა ეშმაკისეულია და სატანის მოციქულის დამარცხება იოლი არაა. გარდა ამისა, ჩემმა ქმარმა მას პროფესიონალი პირადი მცველები დაუქირავა.
– მერე, რა პრობლემაა, სნაიპერული შაშხანიდან ვესვრი.
– არა, – თავი გააქნია „წითურა კუზიანმა“, – მე მინდა, რომ მას მუცელი გამოფატროთ და ასე ჩააძაღლოთ. შეძლებთ?
– თავიდანვე ასე გეთქვათ. თქვენ სპეციფიკური შეკვეთა გქონიათ, ეს კი ორასი ათასზე მეტი ღირს, მით უმეტეს, რომ პირადი მცველებიც უნდა გავანეიტრალო.
– კარგი, – ჩაეცინა შემკვეთს, – თქვენი ფასი მითხარით.
– მილიონი დოლარი, – შეგნებულად ავწიე ფასი, რომ ქალს თავი დაენებებინა ჩემთვის, მან კი უმალვე მომიგო:
– თანახმა ვარ. ოღონდ, ის ძუკნა საშინელი სიკვდილით უნდა მოკვდეს და მისი ბილწი ნაყოფი ამქვეყანას არ უნდა მოევლინოს.
– ის ფეხმძიმედაა? – ვკითხე შემკვეთს.
– დიახ, ჩემი ქმრისგან.
– ასეთ შემთხვევაში, შეკვეთას ვერ მივიღებ – ბავშვებსა და ფეხმძიმე ქალებს არ ვკლავ.
– მე კი მითხრეს, პროფესიონალიაო – დამცინავად მითხრა ქალმა და დაამატა: – მაგრამ, თქვენ, როგორც ჩანს, ჩიტის გული გქონიათ. მეშინია, შარვალში არ გაგეპაროთ.
ქალის შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყური არ ვათხოვე და ვუპასუხე:
– მე მანიაკი არ ვარ. ხოლო, თუ ჩემს პროფესიონალიზმში გეპარებათ ეჭვი, მაშინ თქვენი ქმრის მკვლელობა შემიკვეთეთ და შედეგს თვალნათლივ დაგანახვებთ, მით უმეტეს, რომ ამ ამბავში თქვენი ქმარია ყველაზე მეტად დამნაშავე.
– რაო?! რა თქვი, შე დამპალო! – იღრიალა ქალმა და წამოენთო, – ჩემი ქმარი საკუთარ თავზე მეტად მიყვარს და მის გამო ნებისმიერს ყელს გამოვჭამ.
– ჩუმად! – კბილებში გამოვცარი მე და მივიხედ-მოვიხედე, – ხმა ჩაიწყვიტე, თორემ, მოგკლავ!
ჩვენი შეხვედრა თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს რესტორანში მოხდა და ორადგილიან მაგიდასთან ვისხედით.
იმის ნაცვლად, რომ გაჩუმებულიყო, ქალი არ შემეპუა, დანას წამოავლო ხელი და, ალბათ, თავს დამესხმებოდა, მაგრამ, უცებ გაფითრდა და მთელი სხეულით აკანკალდა. მე თავი დამანება და რესტორნის შესასვლელისკენ მიაპყრო მზერა, სადაც სიმპათიური მამაკაცი და ფეხმძიმე ქალი იდგნენ.
– მე ვიცი, რასაც ვიზამ, – კბილებში გამოცრა ქალმა, დანას ხელი მოუჭირა და ახალმოსულებისკენ ჩქარი ნაბიჯებით გაემართა.
რთული მისახვედრი არ იყო, რომ შემკვეთმა თავისი ქმარი და მისი საყვარელი დაინახა, რომლებიც სავახშმოდ შემოვიდნენ რესტორანში და, აბა, რას წარმოიდგენდნენ, რომ იქ მათ შენიღბული შემკვეთი დახვდებოდათ.
ქალის შეჩერება უკვე გვიან იყო და არც მიცდია. ის ფეხმძიმე ქალთან მიიჭრა და რესტორნის დანა მუცელზე მთელი ძალით დაუშვა. თუმცა, მან ოსტატური მოძრაობით აიცილა თავდამსხმელი, კეფაში გაშლილი ხელი ჩასცხო და უგონოდ დასცა ძირს... რესტორანში ჩოჩქოლი ატყდა. ყავის საფასური მაგიდაზე დავტოვე, შემდეგ ტუალეტში შევედი, სწრაფად მოვიშორე გრიმი და პარიკი, ტანსაცმელი ამოვაბრუნე და ისევ გარეთ გამოვედი, სადაც პოლიცია დამხვდა. მათ თავდამსხმელი ხელბორკილებით ჰყავდათ გაკავებული, ის კი გაჰკიოდა:
– ქილერი! სადაა ჩემი ქილერი! მე მას ამ საქმეში მილიონ დოლარს ვუხდი!..
მე, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას, თან, გულის სიღრმეში  მეცოდებოდა ის ქალი, რომელიც მოღალატე ქმარმა ასეთ საშინელ დღეში ჩააგდო.
„ფეხმძიმე რომ არ ყოფილიყო, ნამდვილად ღირდა იმ ძუკნას გაგორება და ზედ კი ის კაცი იყო დასაკლავი“, – ვფიქრობდი გუნებაში, რადგან, ოჯახის კაცი ვიყავი და ცოლის ღალატი ჩემთვის უცხო ხილი იყო. თუმცა, ჩემი კარიერის განმავლობაში, როცა საქმეს დასჭირდა, ასეთ ცოდვაში ფეხის ჩადგმა მაინც მომიხდა.
ერთხელ შჩუკინმა მიხმო და მითხრა:
– მნიშვნელოვანი მისია უნდა განდო. მართალია, შენ ასეთ რამეებს ერიდები, მაგრამ, რას იზამ, ასე სჭირდება საქმეს.
– ქალი უნდა შევაბა?
– შენდა სამწუხაროდ, ჰო.
– სხვას რომ დაავალოთ ეს საქმე?
– შენ ხომ კარგად იცი, რომ მსგავს საქმეებს გარიდებ, მაგრამ, ამჯერად უშენოდ არ გამოვა.
– კეთილი, რა გაეწყობა. ბრძანეთ, რა უნდა გავაკეთო.
– ანდრეი ლუკიჩი შეგიყვანს საქმის კურსში, – მითხრა შჩუკინმა და მუხინზე მიმითითა, რომელიც უხმოდ გვისმენდა.
 გენერალმა მუხინმა წითელი საქაღალდე გახსნა, იქიდან რამდენიმე ფოტოსურათი ამოიღო, მაჩვენა და მითხრა:
– აი, შენი მოსანადირებელი ობიექტი.
ფოტოებზე ძალიან უშნო გარეგნობის, ჩემზე ბევრად უფროსი ასაკის ქალი იყო აღბეჭდილი. რომ დავხედე, მუხინს ვუთხარი:
– ამ მახინჯ ბებერს რა შებმა სჭირდება?
– ეს თვით ბერტა ნელსონია, მთელი თავისი ბრწყინვალებით. კუშტი, შეუვალი, ქალწული მაიორი, რომლის გულიც აქამდე ვერავინ მოინადირა და ამიტომ ლენგლიში მას „რკინის ქალწულს“ უწოდებენ, – განმიმარტა მუხინმა.
ანდრეი ლუკიჩის სიტყვები უფრო ხუმრობა მეგონა, ვიდრე სიმართლე და მივუგე:
– და მე ეს „რკინის ქალწული“ უნდა გავჟიმო და ამით „ცეერუს“ ნამუსი ავხადო, ხომ?
– ტყუილად ხუმრობ, კოკი. ბერტას გაჟიმვა ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი დეტალია, რომელმაც მისი წარმატებით დასრულების გასაღები უნდა მოგვცეს. მაიორი ნელსონი ლენგლიში საბჭოთა ოპერატიული მიმართულების კოორდინატორია და მთელი აგენტურული ქსელი მის ხელშია. ოპერაციის პროგრამა-მაქსიმუმია ამ აგენტურული ქსელის ხელში ჩაგდება, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედ ამერიკელ ჯაშუშებს ბოლო მოვუღოთ. პროგრამა-მინიმუმი კი, ამ ქალბატონის გატაცება და ლუბიანკაზე დაკითხვაა. საბუთების ხელში ჩაგდება ურთულესი საქმეა, თუმცა, არანაკლებ რთულია ამ ქალის გატაცება, რადგან ის უკარებაა, თითქმის არსად დადის და, ან სახლშია, ან – სამსახურში. „ცეერუდან“ მისი გატაცება წარმოუდგენელია, სახლში კი, ეზოში დაბმული ორი უზარმაზარი ნაგაზის გარდა, უახლესი ელექტრონული სასიგნალო მოწყობილობა არ შეგიშვებს. გარდა ამისა, ქალი შეიარაღებულია, გამოცდილი და კარგად გაწვრთნილი. რომ იტყვიან, მინუსი არ აქვს.
– აქვს, – უნებლიეთ სიტყვა შევაწყვეტინე მუხინს, რადგან გუნებაში უკვე ბერტა ნელსონის „შებმაზე“ ვფიქრობდი, – მისი მინუსი ქალწულობაა.
– ქალწულობა? – ჩაერთო შჩუკინი.
– დიახ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, ქალწულობა, – გავუმეორე შჩუკინს, – მას რომ შეუცნობლის შეცნობის სურვილს გაუღვივებ, მაშინ მიზნის მისაღწევ გზასაც დაადგები.
– პრინციპი სწორია, – მითხრა მუხინმა, – მაგრამ, როგორ აპირებ ორმოც წელს გადაცილებული ქალწული მაიორის სექსზე დაყოლიებას?
– ეს მოსაფიქრებელია, მაგრამ, ვფიქრობ, შევასრულებ, თუმცა, ამისთვის ცოტა დრო მჭირდება.
– რამდენი? – მკითხა შჩუკინმა.
– მაქსიმუმ ორი-სამი თვე.
– ესე იგი, კვალიფიკაციის ასამაღლებელ, გრძელვადიან კურსებზე უნდა გაემგზავრო, – მითხრა შჩუკინმა, მაგიდაზე მდგარ თეთრ ტელეფონზე მიმითითა და დაამატა: – მიდი, შენს მეუღლეს დაურეკე და შეატყობინე, რომ სამი თვე სახლში არ იქნები.
მერიკოს არასდროს სიამოვნებდა ჩემი ხანგრძლივი მივლინებები, მაგრამ, რას იზამდა, ამჯერადაც ამოიხვნეშა და მითხრა:
– კარგი, საყვარელო, რა გაეწყობა თავს გაუფრთხილდი.
ყურმილი რომ დავკიდე, შჩუკინმა მითხრა:
– ორი დღე გეყოფა მოსამზადებლად?
– ერთშიც ჩავეტევი, – მივუგე  ვიქტორ იაკოვლევიჩს.
– ორი იყოს. მაზეგ კი, ამერიკაში გაემგზავრები და რკინის ქალწულზე ნადირობას დაიწყებ, – ღიმილით მითხრა შჩუკინმა.
ორი დღე ჩემს მოსკოვურ სახლში გავჩერდი, თითქმის სულ წამოწოლილი ვიყავი და მომავალი ოპერაციის დეტალებზე ვფიქრობდი. გამგზავრების წინ კიდევ ერთხელ შევხვდი გენერლებს, ჩემი მოსაზრებები გავუზიარე და ამერიკაში ჩავფრინდი.
წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ ფირმაში მოვეწყვე, რომელიც სახლში გამოძახებით დაატარებდა პიცას. მე ფურგონიანი მოტოციკლი მომცეს, დღიური 20 დოლარი დამინიშნეს, პლუს, გაყიდვების ხუთი პროცენტი და მუშაობას შევუდექი. სხვათა შორის, ძალიან სარფიანი საქმე გამოდგა და ყოველდღიურად 80-100 დოლარს ვშოულობდი. გეგმის მიხედვით, ჩემი მოტოციკლი ბერტა ნელსონის მანქანას უნდა დასჯახებოდა და ამგვარად უნდა შემდგარიყო ჩვენი შეხვედრა, მერე კი მე ვიცოდი და ჩემმა „კაზანოვობამ“.
ბერტა ნელსონი ფეშენებელურ რაიონში ცხოვრობდა, სადაც მწვანეში ჩაფლული კოხტა კერძო სახლები იყო ჩამწკრივებული. იმ რაიონში თითქმის არ მიწევდა შეკვეთების მიტანა. სამაგიეროდ, გვერდითა რაიონში დავდიოდი ხშირად  სწორედ ფეშენებელური რაიონის გავლით. ოპერაციის განხორციელებაში კიდევ სამი საბჭოთა მზვერავი მონაწილეობდა, რომლებიც ბერტას უთვალთვალებდნენ და მისი გადაადგილების შესახებ მატყობინებდნენ. დათქმულ დღეს, ერთ-ერთმა ჩემიანმა პირობითი ნიშნებით შემატყობინა, რომ მაიორი ნელსონი მოდიოდა.
ბერტა მწვანე ფერის „ფოლკსვაგენით“, ეგრეთ წოდებული „ხოჭოთი“ გადაადგილდებოდა. საღამოვდებოდა. მე ბერტას სახლის შესახვევში შევჩერდი და, როდესაც „რკინის ქალწული“ „ხოჭოთი“ სახლს მიუახლოვდა, მოულოდნელად გამოვვარდი, „ფოლკსვაგენს“ შევუვარდი და, მართალია, მაიორმა დამუხრუჭება მოასწრო, მაგრამ, დამარტყა და გადამაყირავა. ჩემი ფურგონიდან პიცები გადმოიყარა, მე თავი გამიტყდა და სისხლი თქრიალით წამომივიდა.
„კარგი დასაწყისია“, – გავიფიქრე გუნებაში და „ხოჭოდან“ გადმოსულ ქალს დაბინდული მზერით ავხედე. მან ყურადღებით შემათვალიერა და მკითხა:
– თავბრუ გეხვევათ?
– დიახ, მემ.
– ახლავე სასწრაფოს გამოვუძახებ, – მითხრა ბერტამ და დაამატა, – მე აქ ვცხოვრობ და დავრეკავ.
– არა, არა, მემ, გევედრებით, – ჩავრთე მთელი ჩემი არტისტიზმი, – არც სასწრაფო მინდა და არც პოლიცია. ჩემი ბრალი იყო და, გევედრებით, მაპატიოთ. პიცებს საბარგულში ჩავალაგებ და აქედან გაგეცლებით.
– პოლიციას რატომ ერიდებით? – პროფესიული კითხვა დამისვა მაიორმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემს მახეში ებმებოდა.
– იმიტომ, მემ, რომ ოქმს დაწერენ, ჩემს სამსახურში შეატყობინებენ, იქ კი ასეთი რამეები არ უყვართ და უმალვე გამათავისუფლებენ. მე კი არცთუ ურიგო გამომუშავება მაქვს... გთხოვთ, ნუ გამწირავთ...
– მაშინ, საავადმყოფოში წაგიყვანთ, – შემომთავაზა ბერტამ, – თავი გაქვთ გატეხილი და, იქნებ გასაკერიცაა.
– არა, მემ, არა, – ვეუბნებოდი ბერტას და მიმოფანტულ პიცებს საბარგულში ვაწყობდი, თავიდან კი სისხლი თქრიალით მომდიოდა და სახეზე მეღვრებოდა.
– მაშინ, სახლში შემომყევით და თქვენს ჭრილობას დავხედავ. თუ გასაკერი არ არის, მე თვითონ დაგიმუშავებთ, – მკაცრი ტონით მითხრა ბერტა ნელსონმა.

скачать dle 11.3