კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხაფანგში

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-21(595)

... ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის ბუნებრივად ამხედრდება ხოლმე ფორმალური დრესკოდის წინააღმდეგ – ეს იგივეა, უარი თქვა დილაობით კბილების გახეხვაზე...
– ვახომ ჟურნალი გვერდზე გადადო და ცოლს შეხედა. ცისიას გამოხედვა კარგს არაფერს უქადდა. გამოცდილებით იცოდა, როცა ცოლი არ უყურებდა, რაღაც ახალი ინფორმაცია ჰქონდა და დანარჩენში მის გამოტეხას ცდილობდა...
ვახომ სწრაფ თავდაცვაზე არჩია გადასვლა:
– საყვარელო, რა მოხდა? კარგად ხარ?
ქალმა არ უპასუხა. რაღაცას აკეთებდა, თან წარბებს ქვემოდან უყურებდა. ვახო აწრიალდა:
– ცის, რამე ხდება? ასე რატომ მიყურებ?
– ამას მე უნდა გეკითხებოდე...
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობ.
– ჰო, მე უნდა გეკითხებოდე, რა ხდება... უკვე თორმეტი საათია, შენ კი სახლში ზიხარ და დამჯერი ბავშვივით შემომციცინებ. ამიტომაც მიჩნდება ეჭვი, რომ რაღაც დააშავე.
– მე? დავაშავე? რა უნდა დამეშავებინა? – შეიცხადა ვახომ.
ცისიამ მხრები აიჩეჩა:
– დაფიქრდი და თავად მიხვდები. იქნებ, შეგაწუხოს სინდისმა და მონანიების გუნებაზე დადგე, ვაჟბატონო...
– ცისი, ნუ გადამრევ... რა უნდა მოვინანიო?! საოცარი ვინმე ხარ, რა... პროკურორივით მიყურებ და მაწითლებ... არაფერი დამიშავებია და, საერთოდაც, რა მოხდა, რომ სახლში ვარ? დღეს დასვენების დღე გამოვუცხადე საკუთარ თავს.
– დიმა?
– რა დიმა? დიმა რა შუაშია?
– სამსახურში რომ არ მიხვალ, რას გეტყვის?
– სამსახურში არ მივალ, რა, მისი ოფისის დაქირავებული თანამშრომელი კი არ ვარ, პატრონი გახლავართ, ასე რომ, მაშინ მივალ, როცა კონკრეტული საქმე მექნება და, საერთოდაც, ვერ ვხვდები, რა ხდება? არ გიხარია, სახლში რომ ვარ?
– არა! – მიახალა ცისიამ, – ჰო, რას მიყურებ? არ მიხარია. ვერ გავიზიარებ შენს აღფრთოვანებას, იმიტომ რომ გიცნობ, რაც ბრძანდები!
– ცისია, ჩხუბი გინდა? მე არ მინდა. საკმაოდ კარგ გუნებაზე ვარ და სულ სხვა გეგმები მქონდა დღეისთვის.
– მართლა? შეიძლება, გავიგო, რა გეგმები?
ვახომ  იფიქრა, გამოვძვერიო და გაიბადრა:
– რა თქმა უნდა, სიყვარულო... ბავშვებს გავასეირნებ, მერე შენ დაგპატიჟებ რესტორანში, რომანტიკულ ვახშამზე.
ცისიას გაეღიმა:
– არა, შენ აშკარად რაღაცა დააშავე. ვინ არის?
– ცისია, გეყოფა! რას ნიშნავს, ვინ არის? რა გინდა, რომ გიპასუხო? ხომ დამპირდი, რომ ამ სულელური ეჭვიანობით აღარ შემაწუხებდი?
– „სულელური ეჭვიანობა...“ – გაიმეორა ცისიამ, – ესე იგი, რა გამოდის, სულელი ვარ?!
ვახომ ამოიოხრა:
– ღმერთო, ნუთუ ჩემი დანაშაული მხოლოდ იმაშია, რომ სამსახურში არ წავედი?! ცისია, რომელი ცოლი სდებს ქმარს ბრალს ღალატში მხოლოდ იმის გამო, რომ დღის თორმეტ საათზე სახლშია და არსად მიდის? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
– ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა: მინიმუმ ოცი წელია საჭირო ნორმალური რეპუტაციის შესაქმნელად და ხუთი წუთი, რომ ეს რეპუტაცია ქარს გაატანო, – მრავალმნიშვნელოვნად მიუგო ქალმა და ჟურნალი ხელიდან გამოსტაცა, – და ეს სულაც არ არის სასაცილო.
– ვაიმე, მერე მე ვიცინი? – ვახომ შუბლი მოისრისა, – რატომ არ შეგიძლია, ერთი დღე მაინც არ იჩხუბო? ზოგჯერ მგონია, რომ სპეციალურად იქცევი ასე.
– ჰო, აბა რა, სპეციალურად ვიგონებ შენზე ჭორებს, მერე ვიწყებ ჩხუბს და ამით ვიღებ სიამოვნებას.
– მე მაგას არ ვამბობ... – თავი გააქნია ვახომ, – ცისია, ნუ მეჩხუბები, რა... მართლა არაფერი დამიშავებია.
– ვიცი, ვიცი, – ამოიოხრა ქალმა, – რა დააშავე, მაგას აუცილებლად გავიგებ, მაგრამ, ახლა ნერვებს მაინც არ მოვიშლი, საკმარისია. პირდაპირ სასამართლოში მოგიწევს ახსნა-განმარტებების მიცემა.
– იშვიათი ნიჭი გაქვს, ყველაფრიდან პრობლემა შექმნა. ვიყავი ჩემთვის წყნარად და არაფერს ვითხოვდი და, იმის მაგივრად, რომ...
– მართალი ხარ. იმის მაგივრად, რომ... მე ხომ ქალი ვარ – ადამიანის მსგავსი არსება, იცვამს, ლაქლაქებს... მერე იხდის და ისევ ლაქლაქებს, ლაქლაქებს დაუსრულებლად... თუმცა, არსებობენ ქალები, რომლებიც შენთვის განსაკუთრებულები არიან. ხომ მართალია?
– მეორედ ასეთ სისულელეს აღარ ჩავიდენ! – მუხლზე ხელი დაირტყა ვახომ, – ძლივს მოვინდომე შენთვის მესიამოვნებინა და, ისე მოახერხე, სურვილიც გამიქრე და ნერვებიც მომიშალე.
– ახლავე გაგამხიარულებ, – გესლიანად გაიცინა ქალმა, – ახლავე...
– მოიცა, რის გაკეთებას აპირებ? – შეშფოთდა კაცი, – ცისია... – ვახო წამოხტა და ცოლს მკლავზე მოჰკიდა ხელი. იმან უხეშად გააშვებინა. ჯიბეში დამალული მობილური ამოიღო და ცხვირწინ დაუტრიალა.
– იცი, ეს რა არის?
– ვიცი, ჩემი მობილურია.
– კარგია. ესე იგი, ვეღარ იტყვი, წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მელაპარაკებიო... ერთ მესიჯს წაგიკითხავ...
ვახო გაფითრდა და თვალები უჩვეულოდ აუბრჭყვიალდა. მაშინვე გაახსენდა, სახლში დაბრუნებულმა როგორ დაუდევრად მიაგდო მობილური.
– აბა, წავიკითხო?.. მისმენ? საინტერესოა.
– ცისია, საერთოდ არ მახსოვდა ეს მობილური. რამე მესიჯს რომ დავლოდებოდი, შენ ვერ ნახავდი იმას, დამიჯერე...
– მაინც წავიკითხავ: „ვფიქრობ, სულ ვფიქრობ, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა... არც შენ ხარ დამნაშავე და არც მე... მაინც მინდა შენი ნახვა, თუმცა, ვიცი, რომ ამისი უფლება არ მაქვს... ჩემს გონებაში ახლა სრული ქაოსია“... – ცისიამ მობილურს მაგრად მოუჭირა ხელი, გაიქნია და ქმარს გამეტებით ესროლა.
– ცისია! – შეჰყვირა ვახომ, – გეყოფა! წარმოდგენა არ მაქვს, ეგ რა მესიჯია...
– როგორი უსინდისო ხარ! იქნებ გეყოს თავხედობა და თქვა, რომ ესეც შენი სამსახურის ნაწილია, საქმიანი მესიჯია, ხომ?!
– ჯერ გაარკვიე, სანამ განაჩენს გამომიტან. იქნებ ვიღაცას ნომერი შეეშალა? ასეთი რაღაც ხდება და რატომ გამორიცხავ? მაგრამ, უფრო ადვილია, გამლანძღო, იმის ნაცვლად, რომ მომისმინო და გამიგო.
– მოგისმინო, რომ ტყუილებით გამაბრუო? – ვერ გიტან. უკვე ვეღარ გიტან! ჩაალაგე შენი ძონძები და გაეთრიე ამ სახლიდან! არაფერში მჭირდები, აბსოლუტურად არაფერში! კარგად იცი, ყველაფერი მე მეკუთვნის, ტრუსიკისამარა გაგიშვებ აქედან.
– ცისია...
– ხშირ-ხშირად გაიმეორე ჩემი სახელი და სასამართლოზე შეხსენება აღარ დაგჭირდება, – გამოსცრა ცისიამ, – იდიოტო! საკმარისია, ერთი დღე მოვადუნო ყურადღება, რომ მაშინვე გაძრომას ცდილობ. ეგ ბოზი სადღა იპოვე? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, გული მერევა, როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობ. ბავშვებთან მიახლოებაც კი არ გაბედო!
– ცისია...
– იცი, რას ვიზამ? – ქალმა ყურადღება არ მიაქცია ქმრის სიბრალულნარევ ხმას, – ჰო, იცი, რას ვიზამ?! დიმას ვთხოვ, სამსახურიდანაც გაგაგდოს.
– მეტისმეტიც ნუ მოგივა, მე დიმას პარტნიორი ვარ.
– მართლა? როდის გახდი მისი პარტნიორი, გახსოვს? ის ფული ვისი იყო, რომელიც საწყის კაპიტალში ჩაწერე? გაგანადგურებ!.. რა ცუდად მიცნობ...
– რის გამო ატეხე სკანდალი? – მაშინვე ჩააკვეხა სიტყვა ვახომ, როგორც კი ცისია ცოტა ხნით სულის მოსათქმელად გაჩუმდა, – გეუბნები, ვიღაცას ნომერი შეეშალა. მართლა არ ვიცი, რა მესიჯია. შინაარსითაც ხომ ხვდები, რომ მასთან კავშირი არ მექნება. რაღაც სისულელეა...
– კარგი, თუ სისულელეა, ახლავე დავრეკავ ამ ნომერზე და გადავამოწმებ.
– როგორც გინდა, – მოგონილი სიმშვიდით ჩაილაპარაკა ვახომ, თუმცა სახეზე შეშფოთება დაეტყო და გაწითლდა.
– როგორ არ გრცხვენია... იქნებ, ფიქრობ, რომ არ დავრეკავ? აუცილებლად გავაკეთებ ამას, თანაც, ახლავე, – ცისიამ მობილური აიღო, კალამი მოიმარჯვა და სწრაფად ამოწერა ნომერი... მერე ქმარს შეხედა.
– ვრეკავ...
– ჩემი ტელეფონიდან რეკავ? – ვახო ანერვიულდა.
– აუცილებლად. შენ რა, სულელი გგონივარ? – ცისიამ ირონიულად გაიცინა, – აბა, იტყვი სიმართლეს?
– რა სიმართლე გაინტერესებს? – ამოიოხრა ვახომ, – დამშვიდდი, ძალიან გთხოვ.
– მომიყევი, რა დააშავე, ვინ არის ეს ძუკნა და  მერე გადავწყვეტ, დავმშვიდდები თუ არა, რისი უფლება არ გაქვს, და, საერთოდ, რას აკეთებ ჩემს ზურგს უკან.
– არაფერს, არაფერს არ ვაკეთებ, დამიჯერე. უბრალოდ, ერთ გოგოს გავეხუმრე და იმანაც დაიჯერა.
– გაეხუმრე, არა? გინდა, ახლა მე გაგეხუმრო? ვნახოთ, როგორ მოგეწონება ჩემი შავი იუმორი. ისეთი იდიოტი როგორ ხარ, ვერ ხვდებოდე, რის გამო ინგრევ ცხოვრებას? ღირს ეგ გოგო ამ ყველაფრად? თუ ღირს, მაშინ მე პრობლემას არ შეგიქმნი, დღესვე დავურეკავ ჩემს ადვოკატს.
– მე არ ვარ იურისტი? ადვოკატი რად გინდა? თანაც, მე არსად არ ვაპირებ წასვლას, ეს ჩემი ოჯახია. შენ ჩემი ცოლი ხარ და არაფერი გაქვს სანერვიულო. დამიჯერე... გინდა, ორი კვირით შვებულებას ავიღებ, დიმაც გამომიშვებს და წავიდეთ სადმე, ერთი მაგარი ევროტური მოვაწყოთ თავისი შოპინგებით. ხომ გინდოდა... თან, ცოტას დაისვენებ ამ ყოველდღიური რუტინისგან.
– ჩემი ყოველდღიური რუტინა შენ ხარ, ამიტომ, ეს ვარიანტი არ გამოგვადგება. დავიღალე, ძალიან დავიღალე შენი უსინდისო ტყუილებით. სიმშვიდეში მინდა ვიცხოვრო, მარტომ, ჩემს შვილებთან ერთად. შენ უკვე დაუსჯელობის სინდრომი გაქვს და ამას ვეღარ გავუმკლავდები. ადამიანები, როგორც წესი, არასდროს აცნობიერებენ იმას, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, საკუთარ ცხოვრებას საშინელება დამართონ. შენც ამ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნები და მომშორდი, სანამ გვიან არ არის. სანამ კიდევ შემიძლია, თავი სრულფასოვან ქალად ვიგრძნო...
– შვილებზე არ ფიქრობ? შვილებს მაინც ხომ ვჭირდები?
– შვილებზე რომ ვფიქრობ, იმიტომაც აღარ მინდა, ამ სახლში გხედავდე. შენნაირი მამა ამათ არ სჭირდებათ.
– არაფრის გამო ქმნი ტრაგედიას.
– შენ ან დებილი ხარ, ან ცდილობ, თავი ასეთად მომაჩვენო. მოკლედ, ეს ჩემთვის უკვე სულერთია. აღარ მაინტერესებ...
– აღარც დარეკავ?
– არა, აღარ დავრეკავ. ზუსტად ვიცი, შენი გემოვნება – ვინმე იაფფასიანი ძუკნა იქნება... ახლა კი წადი ამ სახლიდან, შენი ნახვა აღარ მინდა! გიყურებ და საკუთარი თავი მძულს. ამდენ ხანს რომ გაძლევდი უფლებას, ფეხქვეშ გაგეთელა ჩემი ღირსება!
– ცისია, ხომ იცი, რომ მარტო შენ მიყვარხარ... – ხავსს მოებღაუჭა ვახო. ეს სერიოზული შეცდომა იყო – მაგრამ, ქალზე მისმა სიტყვებმა აალებადი ნივთიერებასავით იმოქმედა და აფეთქდა. ხელში ახლოს მდგარი საფერფლე მოხვდა და კაცი ბეწვზე გადაურჩა მთელი ძალით ნასროლ ნივთს.
– გაგიჟდი? – რას აკეთებ?
– აქედან წაეთრიე, სანამ არ მომიკლიხარ! ოთხი შვილის დედას, რომელსაც მოღალატე ქმარი მუდმივი სტრესისა და აფექტის პირობებში ამყოფებს, არავინ დაიჭერს, შენგან კი სამუდამოდ გავთავისუფლდები.
– გიჟი ხარ, არანორმალური! – ვახომ მობილურს დაავლო ხელი და სახლიდან უკანმოუხედავად გაიქცა. ცისიამ ჩაწითლებული თვალები ხელისგულებით მოისრისა და საკუთარ მობილურზე ჩაწერილი ნომერი აკრიფა...
***
ქეთი ისევ გაოგნებული იჯდა, საკუთარ ხელებს ჩაშტერებული და არ იცოდა, რა ეპასუხა. ასათიანმა უკვე ინანა, რომ ააფორიაქა თავისი ნაჩქარევი შეკითხვით.
– კარგად გამიგე. არანაირად არ მინდა, შეგაშინო ან დაგაფრთხო. მგონი, ჩვეულებრივი, ბუნებრივი შეკითხვა დაგისვი.
– დიახ, შეკითხვა ნამდვილად ბუნებრივი იყო, სიტუაციაა არაბუნებრივი.
– ანუ?
– ანუ, ვინ მეკითხება და რატომ, რა მიზნით...
– ხომ გითხარი, რა მიზნითაც, მეტი ვიცოდე შენზე.
– სწორედ ეს არის არაბუნებრივი და ცოტათი შემაშფოთებელი.
– მარტივად რომ მიპასუხო, არ შეიძლება?
– ვცდილობ... – ქეთი ისევ შეყოყმანდა, –კარგი, გიპასუხებთ. შეყვარებული არ მყავს, არც ახლა და არც მანამდე მყოლია. თუმცა, გულახდილად გეტყვით:  აქამდე არ მიფიქრია იმაზე, რომ ამის აუცილებლობა მქონდა.
– საინტერესოა... ესე იგი, შენ ფიქრობ, რომ სიყვარულის აუცილებლობა უნდა გქონდეს?!
ქეთიმ მხრები აიჩეჩა:
– არ ვიცი, შეიძლება. ან, მოთხოვნილება მაინც...
 – ჰო... მოთხოვნილება... – ჩაილაპარაკა ასათიანმა, – და... თუ მე გეტყვი, რომ ახლა გაქვს ამისი მოთხოვნილება?
– ბატონო დიმიტრი... – ქეთი ჯერ აწრიალდა სკამზე, მერე საერთოდ წამოდგა.
– რა ხდება, გარბიხარ? – შეშფოთდა ასათიანი.
– დიახ, გავრბივარ. ეს საუბარი ძალიან საშიშ მიმართულებას იძენს. დამიჯერეთ, მერე ინანებთ თქვენს სიტყვებს.
– დიდხანს ვიფიქრე და სწორედ იმიტომ, რომ მერე არ მენანა... ქეთი, მე ახლა ძალიან სერიოზულად გელაპარაკები. არ ვიცი, რა მოხდა, რატომ ვღალატობ ჩემს პრინციპებს, ჩემ მიერვე დადგენილ კანონებს და ცხოვრებაში პირველად ვუსმენ გულს.
ქეთი ერთიანად აცახცახდა:
– ბატონო დიმიტრი, ძალიან გთხოვთ...
– მე არ მინდა, შენ შეგეშინდეს ან დაკომპლექსდე. ყველაზე ძალიან სწორედ ეს არ მინდა. მოდი, ასე მოვიქცეთ: მე შევეცდები, საკუთარი თავი გაგაცნო, შენ კი ამის უფლება მომეცი.
– არ მესმის, რას გულისხმობთ...
– გესმის... მომეცი უფლება, გაგაცნო საკუთარი თავი. გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც შენთვის გულით მინდა...
– მე არ მჯერა უანგარო სიკეთის,  როცა საქმე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას ეხება.
– ეს არ არის სიკეთის კეთება. მე შენ მიმართ რაღაც გრძნობა მაქვს, ოღონდ,  ცოტათი ჩამოუყალიბებელი და ამიტომ, არც მე ვჩქარობ და არც შენ გაჩქარებ.
– ბატონო დიმიტრი, ნუ მოიქცევით ისე, რომ თავი დამნაშავედ ვიგრძნო – ხმა აუთრთოლდა ქეთის.
– არანაირად. ამაზე არც იფიქრო შენ არაფერ შუაში ხარ, ეტყობა, დრო მოვიდა...
გოგოს აღარ უკითხავს, რისი დრო მოვიდა უკვე ნათლად გრძნობდა მამაკაცის მის მიმართ განწყობას. ასათიანი ქეთისთან მივიდა და მხარზე დაადო ხელი:
– დღეს სადმე გავისეირნოთ... მანქანის ტარებას გასწავლი...
ქეთის არაფერი უთქვამს. მხოლოდ გაურკვევლად გადააქნია თავი. ასათიანმა ეს თანხმობად მიიჩნია და გაუღიმა.
– კარგი. სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ ჩამოგაკითხავ და წავიდეთ.
– ჩამომაკითხავთ?
– ჰო, რა იყო?! თუ შენი თანამშრომლების გერიდება, ისინი უკვე წასულები იქნებიან. თანაც, მე დასამალი არაფერი მაქვს. მგონი, ჩემს ცხოვრებაში რაღაც ძალიან სერიოზულად იცვლება...
– და ეს ჩემ გამო ხდება?
– სწორედ ამისი შემოწმება და გაგება მინდა... – გაუღიმა ასათიანმა, – ნუ გეშინია, ნურაფრის ნუ გეშინია... შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს...
***
... ნინიმ მიმოიხედა და, როცა დარწმუნდა, ყველა საქმით იყო დაკავებული, მარიკოსკენ მიჩოჩდა.
– კარგი ქენი, რომ მოხვედი. აქ არავინ არაფერი არ იცის. შენ რა გგონია, არც ასათიანს აწყობს სკანდალი და, მით უმეტეს, არც იმ იდიოტს... ოთხი შვილი და ეჭვიანი ცოლი ჰყავს. სხვათა შორის, მინდოდა მეკითხა, დაგირეკა?
მარიკომ ამოიოხრა:
– არა, მე მივწერე მესიჯი.
– დებილი ხარ! რატომ მისწერე? მოკლედ, სულ ტყუილად გელაპარაკე იმდენი, – გაბრაზდა ნინი.
– მინდოდა და მივწერე. რაღაც ხომ უნდა გამერკვია? – გაჯიუტდა მარიკო.
– მერე, რა გაარკვიე? – ირონიულად ჩაიცინა ნინიმ, – არ მინდოდა, მეთქვა, მაგრამ, სულელი ხარ... რაში გჭირდება, ცოლიანი და ოთხშვილიანი მამაკაცი?! არანაირი პოზიტივი, მხოლოდ პრობლემებს შეიქმნი, თუ უკვე არ შეიქმენი...
– საზიზღარი ვინმე ხარ! სულ ცდილობ, შავი სათვალე შემაჩეჩო ხელში და პესიმიზმი გადამდო, – აბუზღუნდა მარიკო.
– როგორ გეკადრება! მე პესიმისტი კი არა, აბსოლუტური ოპტიმისტი ვარ. საკმაოდ სწრაფად და ადვილად ვიუმჯობესებ განწყობას. ისიც კი საკმარისია, საყვარელი მელოდია გავიგონო, რომ, ეგრევე სიცოცხლე მიხარია. მე მზის ნიშანი ვარ, ხომ არ დაგავიწყდა?
– მზის ნიშანი არ ვიცი, მე კი მაგრად მგრუზავ და...
– მე არ გგრუზავ, თვალების ახელას ვცდილობ შენთვის. მაინც, რა მისწერე? იმედია, სიყვარული არ აუხსენი.
– არც ისეთი სულელი ვარ. მომეშვი, შენ ჩემი არ გესმის და ვერც გაიგებ.
– ვითომ რატომ?
– იმიტომ, რომ არ იცი, რას ნიშნავს, როცა გვერდით არ გყავს ადამიანი, რომელსაც გულს გადაუშლი, მხარზე თავს დაადებ და შენი ტკივილების შესახებ მოუყვები. რჩევას სთხოვ, ბოლოს და ბოლოს...
– და, ვახო გგონია ასეთი? ვაიმე! – ნინიმ ხელები გაასავსავა, – აღარც კი ვიცი, რა გითხრა.
– რა უნდა მითხრა? – ამოიოხრა მარიკომ, – ისედაც ყველაფერი გასაგებია, პასუხიც არ მომწერა... არც ერთი სიტყვა.
– აბა, მე რას გეუბნებოდი?
– ნიშნს მაინც ნუღარ მომიგებ, ჩემიც მყოფნის... უცებ მარიკოს მობილურმა მჭახედ დარეკა და მოკამათეების ყურადღება მიიპყრო...
– უცხო ნომერია. ვინ უნდა იყოს? – შეშფოთებით ჩაილაპარაკა მარიკომ.
– უპასუხე და გაიგებ.
– არ შემიძლია. იქნებ, ვინ არის... შენ უპასუხე, რა...
– მე რატომ?
– აუ, ძალიან გთხოვ... შენ მაინც ნეიტრალური ხარ.
– სისულელეს ნუ ლაპარაკობ! ნეიტრალური რას ნიშნავს? უპასუხე, თორემ, აიკლო ტელეფონმა აქაურობა და მალე ნათიაც გამოვა ოთახიდან.
– არ შემიძლია... რომ არც ჩერდება?! იქნებ, ვახოა?
– მარიკო, უპასუხე!
– გეხვეწები, რა, ძალიან გთხოვ...
ნინიმ უკმაყოფილოდ აიქნია ხელი და მობილური აიღო.
– ალო... გისმენთ!.. გააჩნია, თქვენ ვისთან რეკავთ. ისე, ნინი ვარ... მითხარით, ვინ ბრძანდებით და გეტყვით, რომელი ნინი ვარ...
ნინიმ გათიშული ტელეფონი მეგობარს გაუწოდა.
– ვინ ვარო? – დაუოკებელი ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მარიკომ.
– აბა, რა გითხრა, ქალი იყო... ძალიან აინტერესებდა, რომელი ნინი ვარ. ეტყობა, ნომერი შეეშალა.
– ვითომ? აქამდე არასდროს არავის შეშლია ჩემი ნომერი.
– კარგი, რა... შენ ახლა გაღიზიანებული ხარ და ყველაფერს გამადიდებელი შუშით უყურებ.
– ჰო, შეიძლება... – მარიკომ ამოიოხრა და ოთახში შემოსულ ჭარხალივით გაწითლებულ ქეთის შეხედა.
– ამას რაღა სჭირს? შეხედე, როგორი არეულია.
– არც ეგ არის შენზე უკეთეს დღეში, – ხმადაბლა თქვა ნინიმ.
– რა, ეგეც ცოლიან კაცს ხომ არ გადაეკიდა?
– არა, მაგრამ, თუ ინტუიცია არ მღალატობს, ასათიანმა დაადგა თვალი.
– რა?! ასათიანის საყვარელია?
– ჯერ არა... თუმცა, შეიძლება, უფრო სერიოზულადაც იყოს საქმე, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ნინიმ და მზერა სახეალეწილი ქეთისკენ გააპარა...
***
სალომემ ძმას თვალი მაშინ მოჰკრა, როცა ის სახლიდან გადიოდა. მიხოს ისეთი იდუმალი, საბრძოლველად შემართული მეომრის გამომეტყველება ჰქონდა, რომ გოგოს გაეღიმა.
– ესე იგი, ლელიმ მაინც შეგაშინა და მიდიხარ...
– სად? – გაუკვირდა მიხოს.
  – შენს ცოლთან.
  – ვინ გითხრა, ან რა შემატყვე? ცოლთან კი არა, საქმეზე მივდივარ. ხომ გაინტერესებს, რა ხდება შენი დაიკოს ცხოვრებაში? ჰოდა, დამაცადე.
– ეე, მართლა? რის გაკეთებას აპირებ?
– ნუ მომაყოლებ ახლა, ვაპირებ რაღაცას. გამიშვი, ნუღარ მაცდენ, ამდენი დრო არ მაქვს.
– მეც წამოვალ.
– დარჩი სახლში! იმეცადინე, სახლი დაალაგე, რამე სასარგებლო საქმით დაკავდი...
– მითითებებს ნუ მაძლევ, არ მჭირდება! გამომივიდა ჭკუის დამრიგებელი... – ტუჩი აიბზუა გოგომ, – იცოდე, ყველაფერი მომიყევი...
სალომემ მიხოსგან პასუხი ვერ მიიღო და ბრაზით მიუჯახუნა ზურგსუკან კარი...
***
ასათიანი ფანჯარასთან იდგა, შემოსასვლელისგან ზურგშექცევით და ჩაფიქრებულს არ შეუნიშნავს, როდის შევიდა ოთახში ვახო.
– დიმიტრი, უნდა დამეხმარო...
ასათიანი შებრუნდა. ვახოს შეწუხებული, შეშინებული და ისეთი საცოდავი სახე ჰქონდა, უნებლიეთ გაეღიმა.
– ტყუილად იცინი. საშინელ დღეში ვარ.
  – მართლა? რატომ არ მიკვირს, ნეტავ?
– და, არც მეკითხები, რა მოხდა?
– ვხვდები – ცისიასთან გაქვს პრობლემა. სხვათა შორის, მე გაგაფრთხილე...
– არ გინდა ახლა საყვედურები. მაინც აღარაფერი შეიცვლება, უმჯობესია, დამეხმარო.
– დაგეხმარო? ხომ არ გაგიჟდი? მომრიგებელ მოსამართლედ არ გამოგადგები. როგორც აურიე ყველაფერი, ისე მოაგვარე. კაცი, რომელიც ნებისმიერი ქალის დანახვაზე ივიწყებს ოჯახსაც და მოვალეობებსაც, ყველაფრისთვის მზად ინდა იყოს.
– ხომ გთხოვე, საყვედურებს მოეშვი-მეთქი. მეგობრულად  მოვედი შენთან. შენი იმედი მაქვს და, თუ არ დამეხმარები, ცისია ისე გადარეულია, ამჯერად სიტუაცია მარტივად აღარ დაწყნარდება. სასამართლოთი და გაყრით დამემუქრა.
– მართლა? მარიკოს გამო? თუ, სხვაც გყავს ვინმე?
– გაგიჟდი? ვინ უნდა მყავდეს? მარიკომ მესიჯი მომწერა და... ცისიას ამბავი არ იცი? – ამოიოხრა ვახომ, – პათოლოგიური ეჭვიანია.
– პათოლოგიური ეჭვიანები უმიზეზოდ ეჭვიანობენ, შენ კი ცისიას მიზეზებით ანებივრებ. ასე რომ, ნუ წუწუნებ და ნუ ცდილობ, თავი შემაცოდო.
  – არა. თავის შეცოდებას არ ვცდილობ. შეიძლება, შენ რაღაცაში მართალიც იყავი, მაგრამ, ცისიასთვის ხომ არ მიღალატია?!
– გააჩნია, ღალატს რას ეძახი, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა დიმამ, – ეს ვერ გაგაგებინე.
– ჰო, კარგი, ჩამქოლე, მაგრამ, მითხარი, ახლა რა ვქნა?
– არ ვიცი. იმასაც ვერ ვხვდები, ჩემგან რას მოითხოვ.
– ოჯახი რომ დამენგრას, გავგიჟდები, – ვახომ თავზე იტაცა ხელები, – ბავშვების გარეშე ვერ გავძლებ, არ შემიძილია! ცისიაც მიყვარს.
– ამაზე ადრევე უნდა გეფიქრა.
– ნიშნისმოგება ადვილია, რეალურად დამეხმარე.
– რანაირად? გეუბნები, ცისიას ვერ დაველაპარაკები, არ შემიძლია.
– მაშინ, დამნგრევია ოჯახი და ეგ არის... – ვახო სავარძელში ჩაჯდა და თავი მაგიდაზე ჩამოდო.
– გეყოფა გლოვა. რატომ შეიცვლები ხოლმე რადიკალურად, როცა  არეალზე კაბიანი ობიექტი გამოჩნდება? მაშინვე გავიწყდება ცოლიც და ოთხი შვილიც...
– დიმა, აქ ამისთვის არ მოვსულვარ...
– ჰო, ვიცი... გინდა, ცისია დაგიმშვიდო, მაგრამ, მე რომ მესიჯის შინაარსი არ ვიცი?!
– არაფერი ისეთი არ ყოფილა... რაღაც ქალური აბდა-უბდა იყო.
– ეგ ქალური აბდა-უბდა გიზამს შენ საქმეს. ღმერთო, როგორი უჭკუო ხარ! ახლა მომეშვი.
 დიმა, ძალიან გთხოვ...
– არ შემიძლია, ცისიას ვერ დაველაპარაკები. თუ გინდა, მარიკოს გავაფრთხილებ, რომ მესიჯები აღარ მოგწეროს.
– გმადლობ, მაგას როგორმე თავად მოვახერხებ... თანაც, მესიჯმა თავისი საქმე უკვე გააკეთა. არ ვხუმრობ. მართლა სერიოზული პრობლემა მაქვს. მეშინია, რომ ჩემი ცოლი მუქარას შემისრულებს – გამეყრება, თანაც, სასამართლოთი და ქონებრივი დავით და მთლიანად დამინგრევს ცხოვრებას.
– აჰა, როგორც იქნა, აღიარე, რისიც გეშინია რეალურად.
ვახომ თავი ასწია და ასათიანს მიაშტერდა.
– რისი თქმა გინდა?
– ქონების, იმ მდგომარეობის დაკარგვის გეშინია, რომელიც უკვე გაქვს. რა სასაცილო ხარ. მე კი ლამის მართლა დაგიჯერე, რომ შვილების გარეშე გაძლება არ შეგიძლია.
– რა სისულელეს ამბობ?! რა თქმა უნდა, მთავარი ჩემი შვილებია... დიმა, არ გინდა არა! არ ვარგა სხვის უბედურებაზე სიცილი, თორემ, ერთხელ შენც აღმოჩნდები ჩემს მდგომარეობაში.
– მე? გამორიცხულია. ცუდად მიცნობ, თუ გგონია, რომ, შემიძლია, ტყუილში ვიცხოვრო და მუდმივად იმაზე ფიქრით დავიღალო თავი, როგორ გამოვძვრე ჩემივე ხელით დაგებული მახიდან.
– ამას ნუ იტყვი.
– შენგან განსხვავებით, ყოველთვის ზუსტად ვიცი, რას ვამბობ და რატომ ვამბობ.
– ქეთისთან მიმართებაშიც?
ასათიანი შეიჭმუხნა:
– ქეთის ხსენება სრულიად უადგილო იყო.
ვახოს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ, ასათიანის მობილურმა შეუშალა ხელი...
– ვაიმე, ალბათ, ცისია რეკავს... შენ გირეკავს... დიმა, ძალიან გთხოვ, გეფიცები, ეს ბოლოა, ჭკუა ვისწავლე... ისეთიც არაფერი დამიშავებია... წარმოდგენაც არ მინდა, რა დამემართება, ცისია რომ ჩემგან წავიდეს.
ასათიანი იძულებული გახდა, მობილურისთვის ეპასუხა. ვახომ ორივე ხელის მკვეთრი მოძრაობით ანიშნა, მე შენ გვერდით არ ვარო.
– გისმენ, ცისია... ვახო? არა, აქ არ არის... დილით შენს ქმარს მე ველაპარაკე... არა, არაფერი ვიცი... ვინ? ნინიკო? მგონი, მყავს ასეთი თანამშრომელი... შენ რატომ გაინტერესებს? მოხვალ? აქ? სერიოზული საქმე გაქვს? გასვლას კი ვაპირებდი... კარგი, კარგი... გელოდები.
ვახომ დამფრთხალი ხმით ჰკითხა:
– აქ აპირებს მოსვლას? რატომ?
– აუ, შარი ხარ, რა!.. მკითხა, ვინმე ნინი ხომ არ მუშაობს თქვენთანო.
– ნინი? ნინი რა შუაშია?!
– მეც სწორედ ეს მაინტერესებს. მოსაკლავი ხარ, იმაში რომ გამხვიე, რაც ყველაზე მეტად მძულს... ახლა ქეთისთან პაემნის გადადებაც მომიწევს შენი სისულელეების გამო... აი, რა გააკეთე...

скачать dle 11.3