როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
დოდელია
გვარის ფუძეა მამაკაცის სახელი დოდა, ანუ ეს გვარი მამაკაცის საკუთარი სახელიდან წარმოქმნილი ქართული გვარ-სახელია. საბუთებში გვხვდება სახელები: დოდა, დოდი, დოდოლ, დოდია, დოდო, დოდუა, დოდუკა, დოდინა, დოდოლა.
1733 წელს ოდიშში, სოფელ გეჯეთში მოიხსენიება დოდელია – „დოდელიასეული ადგილი ბეჟან დადიანისგან ვიქრთამეთ“.
დოდა ფიფნას ასული მოიხსენიება მეთოთხმეტე საუკუნეში.
საქართველოში 40 დოდელია ცხოვრობს: თბილისში – 25, აბაშაში – 4, ტყიბულში – 4. არიან სხვაგანაც.
ფიფია
ფიფია ცნობილი და პოპულარული გვარია.
ფიფიათა გვარი გეოგრაფიულად სვანეთისკენ მიგვანიშნებს. სოფელ ლაკადაში მცხოვრებ ფიფიებს დღესაც სჯერათ, რომ ისინი წარმოშობით სვანეთიდან მოსული ფილფანები არიან.
ფილ ძირითაა გაწყობილი გვარები: ფილაური, ფილაშვილი, ფილიპაშვილი და ასე შემდეგ.
საქართველოში გავრცელებულ 25 000-ზე მეტ გვართა შორის ფიფიათა გვარს 33-ე ადგილი უკავია. წალენჯიხაში – მე-2, ხოლო ზუგდიდის რაიონში მე-4 ადგილი უჭირავთ.
გვარის ძირითადი სამკვიდრო ნაწილდება სამ მეზობელ სოფელზე ესენია: საჩინო, სადაც 93 კომლი ცხოვრობს; ჯვარი – 81 კომლი, ჩქვალერი – 59 კომლი. ასევე, ეს გვარი გვხვდება შემდეგ სოფლებში: ჩხორა, ლია, პატარა ეწერი, მუშავა, მედანი, ობუჯი, ყულიშკარი, რუხი, წალენჯიხა, ჭითაწყარო და ასე შემდეგ.
ლეფიე (ლეფიფიე) ყოფილი დასახლებული უბანი, ნასოფლარია წყავაშში, მაგანის მარჯვენა მხარეს. ლეფიფიე უბანია ლეშამუგეში, ჩქვალერში, პირველ ეწერში, კუხეშში, ლეკაკულეში, მუხურში. საფიფიო კი უბანია ზედა ეწერში, კორცხელში, ჩხორიაში, ყულიშკარში.
მეგრულში ფიფის ვაშლის ან მსხლის ტოტზე ამოსულ სოკოს ეძახიან.
საქართველოში 7 141 ფიფია ცხოვრობს: წალენჯიხაში – 2 608, ზუგდიდში – 2 589, თბილისში – 817. არიან სხვაგანაც.
ავთანდილაშვილი
ავთანდილაშვილი ეპონიმური ტიპის გვარ-სახელია. სიტყვა ავთანდილ, მნიშვნელობის მიხედვით, უკავშირდება არაბულ-ირანულ ენებს, ნიშნავს „სამშობლოს გულს“, „სამშობლოს რწმენას“ ან „სარწმუნოების სამშობლოს“. ის საკუთარ სახელად ქცეულა და ძალიან გავრცელებულია ქართულშიც. პირველად გვხვდება „ვეფხისტყაოსანში“. მისი მოფერებითი ფორმაა ავთო.
ავთანდილაშვილი ქართული გვარ-სახელია.
ავთანდილაშვილები, 1721 წლის აღწერის თანახმად, ქვემო ქართლში აზნაურები იყვნენ.
ავთანდილაშვილების გვარის შტო-გვარებია ბეჟანაშვილი და ტერტერაშვილი. ქვემო და შიდა ქართლში სამართლებრივ ძეგლებში მოიხსენიებიან: ბიძინა, ზაალ, გიორგი, როინ, თამაზ, იაგანა, იესე, ჟამურა, ბერუა ავთანდილაშვილები.
ბევრი ავთანდილაშვილი ავთანდილიანად და ავთანდილოვად არის ჩაწერილი.
საქართველოში 203 ავთანდილაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 101, თბილისში – 44, გორში – 12 არიან სხვაგანაც.
20 – ავთანდილიანი. 141 – ავთანდილოვი.
მიქელაძე
მიქელა კაცის საკუთარი სახელია. აქედან არის ნაწარმოები გვარები: მიქელაძე, მიქელავა, მიქელაია, მიქელაიშვილი, მიქელბაია, მიქელთაძე და ასე შემდეგ.
მიქელაძეები დიდი თავადები იყვნენ.
მიქელა ძველ ებრაულ ენაზე „ღვთის სწორს“, „ღვთაებრივს“ ნიშნავს.
„აზნაური მიქელაშვილის წინაპარნი არიან იმერელი მიქელაძეების სახლის შვილთაგანნი, მდაბალ აზნაურად მიღებულნი, რომელნიც მოჰყვა ზითევსა შინა მიქელაძის ასულსა დედოფალს ხვარაშანს, მეუღლესა გიორგი მეფისასა და მუნიდგან არიან ცნობილ აზნაურად მიქელაშვილებად 1685 წელსა და მოხსენიებულია ტრაქტატსა შინა“.
საქართველოში 721 მიქელაძე ცხოვრობს: თბილისში – 163, ოზურგეთში – 109, ყვარელში – 67. არიან სხვაგანაც.
ჭარელიძე-ჭარელი
ფუძით ჭარი ნაწარმოებია ქართული გვარები: ჭარელაშვილი, ჭარელი, ჭარელიშვილი, ჭარელიძე.
ჭარელების სოფელი შქმერია, ონის რაიონი. მეცნიერები მხარს უჭერენ ვერსიას, რომ გვარი ნაწარმოებია ტოპონიმიდან ჭარა, საიდანაც უნდა იყოს ნაწარმოები ჭარელი და ჭარელიძე. შესაძლოა, ჭარა ძირეული საკუთარი სახელის კნინობითი ფორმაც იყოს. ილია მაისურაძე წერს: „ამასვე უჭერთო მხარს ჭარაბაძე და ჭარაქაშვილი“. ის იქვე შეგვახსენებს, რომ „დღევანდელი საინგილო ძველად ჭარ-ბელაქანად, ანუ, კაკენისელად იწოდებოდა“.
ჭარელიძეები მოიხსენიებიან სორის ტაძრის სოფლისა და სამლოცველოს წარწერაში მეთოთხმეტე საუკუნეში, როგორც რაჭის ერისთავები.
სადაურობის მწარმოებელ ელ სუფიქსით ნაწარმოებ გვარებს შორის, ბატონი ზურაბ ჭუმბურიძე ასახელებს გვარებს: ჭარელიძე, ჭარელიშვილი.
საქართველოში 46 ჭარელიძე ცხოვრობს: ჭიათურაში – 21, თბილისში – 10, ახმეტაში – 9.
არიან სხვაგანაც.
49 – ჭარელი: თბილისში – 32, ონში – 5, ბორჯომში – 4, არიან სხვაგანაც.
ჩხეტია
ჩხეტია, ჩხეტიანი, ჩხეიძე და ჩხეტისძე მონათესავე საგვარეულოებია. მათ წარმოებასა და გვართა წარმოქმნაში ფუძე ჩხა, ჩხე მონაწილეობს. ეს ფუძე კიდევ რამდენიმე გვარსა და ტოპონიმს აწარმოებს, მაგალითად: ჩხაბერიძე, ჩხაიძე და ასე შემდეგ.
ჩხა ლაზურ-ჭანური ენის პირმშოა. მოქანდაკე კობა გურული აღნიშნავს: „ჩხა ქართველურში ვაზის ტოტია, ციური შემოწირულობით ის სხივებგამოტყორცნილი მზეა, მზის გამოკრთომაა, ქრისტეს სასიცოცხლო ენერგიაა“...
ჩხეტია და ჩიჩუა ორი დაწინაურებული ტომი, საგვარეულო ყოფილა, რომლებსაც თავიანთი ბრწყინვალება 1917 წლამდე, რევოლუციამდე არ დაუკარგავთ და ისინი თავადაზნაურებად მოიხსენიებიან.
ჩხეტიები, როგორც ერისთავები, გონიოს პატრონებად მოიხსენიებიან. ამ გვართან ერთად მოიხსენიება: ჩხორი, ჩხორის თემი. ზურაბ ჭუმბურიძე, წიგნში „დედა-ენა ქართული”, წერს: „ჩხორია სოფელია ზუგდიდის რაიონში. ჩხორი მეგრულად ნიშნავს „სხივს”, ქართველურად მზეს (მზის სხივს), მას დართვია სუფიქსი ია (ია უფალიცაა) და ასე წარმოქმნილი ჩხორია ანუ „სხივიანი,” „სხივეთი” – მსგავსად ისევე, როგორიცაა ნაწარმოები: ზღვაია – „ზღვეთი,” ტყაია – „ტყეთი” და სხვა.”
ნაჩხეტუ ბორცვია ზანის მარჯვენა მხარეს, ნაჩხეტუ – ჩხეტიაშკა სერია ქუაღესსა და დუდღეეს შუა, საჩხეტიო უბნებია თეკლეთსა და ზედა ეწერაში, სადაც ადრე ჩხეტიები ცხოვრობდნენ და შემდეგ ჩხეტიანებიც შემოემატნენ.
საქართველოში 1 065 ჩხეტია ცხოვრობს: ზუგდიდში – 342, თბილისში – 212, სენაკში – 74. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით