რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მაინტერესებს, რა შემთხვევაში იკეთებს ავტომობილი „ბაბონს” და არის თუ არა ისეთი საბურავები, უფრო მეტად რომ იკეთებს „ბაბონს”?
პასუხი: საქართველოში ძალიან იოლია ორმოს პოვნა, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, თუ მაინცდამაინც სწრაფი სიარულის მოყვარული არ ხართ, მაღალბორტიანი საბურავები შეიძინოთ. მათზე „ბაბონის” გაჩენის ალბათობა დაბალია. ძნელია, მას იმ დონის დარტყმა მიაყენოთ, რომ დისკამდე მიაღწიოს. ანუ, საბურავის გვერდი ვთქვათ, ბორდიურის კუთხესა და დისკს შორის უნდა ჩაიწეწკოს. საბურავის ჰაერის წნევა უზრუნველყოფს ამ დარტყმის დაჭერას. იოლია „ბაბონის” გაკეთება იმ დროს, თუ პერიოდულად არ ამოწმებთ საბურავში ჰაერის წნევას – საბურავი 2 და 2-ზე უნდა იყოს დაბერილი და სინამდვილეში ის 1 და 5-ზეა, მაშინ „ბაბონის“ გაკეთების საფრთხე მაღალია. ასეთ შემთხვევაში საბურავის წნევა ავტომობილის წონას ვერ უძლებს. საბურავის წნევა მოქმედებს „ბაბონის” გაკეთებაზე (წნევა – როდესაც საბურავი დაშვებული ან გადაბერილია), საწვავის წვაზე, საბურავის ცვეთასა და სხვა. ასე რომ, საბურავის წნევა ხშირად გადაამოწმეთ. არის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. საბურავების მწარმოებელი სხვადასხვა ფირმა მათ ლითონის სხვადასხვა სახის წნულებს უკეთებენ. ამ მხრივ „ბაბონის” გაკეთებისკენ უფრო მეტად მიდრეკილია „პირელის” საბურავები, ხოლო ყველაზე ნაკლებად – „დანლოპები”. ის თითქმის არასდროს იკეთებს „ბაბონს”. სამაგიეროდ, „პირელის” საბურავს ის აქვს კარგი, რომ სველი გზის საფარზე საუკეთესო მოდება და მდგრადობა აქვს. „დანლოპები” კი შერეული გზის საფარის დროს ძალიან კარგად მუშაობს.
კითხვა: ამას წინათ ერთ-ერთ ავტომობილს ადგილზე გასწრებაში შევეჯიბრე, რომელიც ჩემს ავტომობილზე გაცილებით სუსტი იყო, ყოველ შემთხვევაში, მონაცემებით. მაგრამ, მან დიდი ძალდატანების გარეშე გამასწრო. ბევრი ვიმსჯელეთ, როგორ და რა მიზეზით მოხდა ეს, მაგრამ, მგონი, რეალურად, ამის ახსნა ვერ შევძელით. რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ამის მიზეზი?
პასუხი: მოდელების მიხედვით გასწრება საკმაოდ ინდივიდუალურია. მოდელებზე საუბარი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა კონკრეტული რბოლაა, ყველა ავტომობილი მოწესრიგებული და გამართულია მექანიკოსების მიერ და პილოტების მაღალი პროფესიონალიზმიც არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. სხვა შემთხვევაში კი, რომელი ავტომობილი რომელს გაასწრებს, ამას უამრავი ფაქტორი განაპირობებს. პირველი, რასაც მძღოლი ფიქრობს ის არის – რამე ხომ არ სჭირს ჩემს ავტომობილს. ავტოსპორტში ინჟინრები ძალიან ბევრს მუშაობენ იმაზე, რომ ყველა ნიუანსი, რომელიც ავტომობილის აჩქარებაზე „მუშაობს”, გაითვალისწინონ და მაქსიმალურად გამოიყენონ მანქანის პოტენციალი. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც, ვთქვათ, ას კილომეტრ-საათში სიჩქარემდე ერთი ავტომობილი უფრო სწრაფია და შემდეგ, შედარებით ნელდება. ძირითად მიზეზებს ჩამოვთვლი, რომელიც ამ დროს ყველაზე მეტად მოქმედებს. პირველი – ძრავას სიმძლავრე და მისი გამართულობა. თუ ძრავა გამართულად არ მუშაობს, ის გაცილებით ნაკლებ ცხენის ძალას გამოიმუშავებს და სუსტია. მეორე – სიჩქარეების კოლოფია. თუმცა, ქარხნულ ავტომობილებზე თუ ვისაუბრებთ, მას იშვიათად თუ ვინმე ცვლის. ვთქვათ, როდესაც საქმე მიდგება ავტომობილის ყიდვაზე, უმჯობესია 2.0-იანი ძრავათი აღჭურვილი იყიდოთ, ვიდრე 1.6-იანი, რადგან ის უფრო სწრაფი და მძლავრი იქნება. მაგრამ, თუ ქარხნულ მონაცემებში ჩაიხედავთ, ნახავთ, რომ ას კილომეტრამდე ისინი ზუსტად ერთსა და იმავე დროში ჩქარდებიან, განსხვავება ძრავის მოცულობაში მხოლოდ სიჩქარის სიდიდეს გვაძლევს. 2.0-იანს 240 კილომეტრ-საათში სიჩქარის განვითარება შეუძლია, ხოლო მეორე შემთხვევაში, მხოლოდ – 195 კილომეტრ-საათში სიჩქარის, რომელსაც საქართველოს პირობებში საერთოდ არ ვიყენებთ. ის, რომ აჩქარება ერთნაირი აქვთ, ამაზე უკვე სიჩქარეთა კოლოფი მოქმედებს. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, იმისთვის, რომ ავტომობილს აჩქარება მოუმატოთ, მასში იგივე მოდელის, უფრო სუსტი ძრავას მქონე სიჩქარეთა კოლოფი უნდა ჩადოთ. ის ძალიან სწრაფად განავითარებს სიჩქარეს, მაგრამ მაქსიმალურ სიჩქარეზე სიტუაცია შეიცვლება. ანუ, 200 კილომეტრს საათში ძალიან სწრაფად განავითარებს, მის ზევით კი, ის კონკრეტული ავტომობილი, უბრალოდ, არ წავა, მიუხედავად მისი სიძლიერისა.
აჩქარებაზე ასევე, ძალიან სერიოზულად მოქმედებს წონა, თუ რა წონა აქვს ჩვენს ავტომობილს და რა წონის ტარება უწევს ძრავას. წონა, ზოგადად, ძალიან სერიოზულად განსაზღვრავს ავტომობილის აჩქარებასაც და მართვის სტილსაც. დატვირთული ავტომობილის სამართავად მართვის ნიუანსების კარგი ცოდნაა აუცილებელი, რადგან ამ დროს ავტომობილი სულ სხვანაირად იქცევა, სხვანაირად ამუხრუჭებს, უხვევს და სხვა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა სიმძიმის ტვირთის გაწევა უწევს ჩვენს ძრავას. ყველა დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, ეს ბორბლებია, ანუ საბურავი თავისი დისკით. კიდევ სხვა უამრავი ნიუანსია, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა სიარვი”, 1997 წლის გამოშვება, ამერიკული. დამიზიანდა ეგრეთ წოდებული „კრესტავინა” და ამის გამო მთხოვენ მთელი ღერძის შეცვლას. აუცილებელია თუ არა ეს?
პასუხი: ვინაიდან „ჰონდა სიარვის” „კრესტავინა” ცალკე დეტალად არ იყიდება, მოგიწევთ, მისი მთლიანად გამოცვლა. ამის მიზეზია ის, რომ „კრესტავინას” არაზუსტი, არაიდეალური ჩასმის შემთხვევაში, ავტომობილი იძიგძიგებს, ეგრეთ წოდებული „დრაჟენიე” ექნება. ამიტომ, „ჰონდა” თავს იზღვევს და ცალკე ამ დეტალს არ უშვებს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „პაჯერო იო”, 2.0, „გედეი” ძრავათი, რომელიც ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარს, დაახლოებით 10 ლიტრს 60 კილომეტრზე. კომპიუტერზე შემოწმებამ არანაირი პრობლემა არ აჩვენა. „ბენზონასოსი” და ყველა სხვა დანარჩენი დეტალი, ისე მუშაობს, როგორც საჭიროა. ხელოსნებმა მითხრეს და შევცვალე „სვეჩები”, ჰაერის ფილტრი და არაფერმა უშველა. აღსანიშნავია, რომ გაწევაც უჭირს, განსაკუთრებით აღმართზე. 100 კილომეტრ-საათში სიჩქარეზე 3 000 ბრუნზე აწევაც კი უჭირს. რა შეიძლება, იყოს ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი?
პასუხი: ეს „მიცუბიშის” „გედეი” სისტემის სტანდარტული პრობლემაა, მისი მუდმივი თავის ტკივილი, რომლის მოგვარებაც საქართველოში თითქმის შეუძლებელია. მაგრამ, რომ გამოვრიცხოთ თვითონ „გედეი” სისტემის დეფექტი, გადაამოწმებინეთ ძრავა, კერძოდ, ზუსტად ზის თუ არა ძრავზე ეგრეთ წოდებული „მეტკები”. ანუ, ყველა „შკივი” არის თუ არა იმ პოზიციაში, სადაც უნდა იყოს.
კითხვა: ჩემი ავტომობილის სიჩქარეთა კოლოფი საკმაოდ იოლად ზიანდება. როგორ მოვუფრთხილდე ისე, რომ, რაც შეიძლება, დიდხანს გაძლოს? მისი დაზიანება ხომ უამრავ პრობლემასთან და თანხებთან არის დაკავშირებული.
პასუხი: სიჩქარეების მექანიკური კოლოფი, როგორი იაფიანი ბრენდის დამზადებულიც არ უნდა იყოს, თუ სწორად მოიხმართ, პრაქტიკულად, არასდროს გამოვა მწყობრიდან. მისი დაზიანების ალბათობის გამოსარიცხავად აუცილებელია: პირველი – სიჩქარეების გადართვის დროს ყოველთვის ბოლომდე გათიშოთ მოდების ქურო, ეგრეთ წოდებული „ცეპლენია”; მეორე – მოდების, ანუ „ცეპლენიის” პედალს არასდროს აუშვათ ფეხი მკვეთრად; მესამე – მოდების პედალს მხოლოდ მაშინ აუშვით ფეხი, როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ გადამრთველი სასურველ სიჩქარეშია, თანაც სრულად და არა ნახევრად; მეოთხე – არასდროს გამოიყენოთ ძალა იმისთვის, რომ სიჩქარეში ჩააგდოთ, თუკი გადამრთველი გეწინააღმდეგებათ. ამ დროს გადამრთველი გაანეიტრალეთ, აუშვით ფეხი მოდების პედალს, მერე ხელახლა დააჭირეთ და მხოლოდ ამის შემდეგ სცადეთ, სასურველ სიჩქარეში ჩაგდება.