ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ გავამრავლოთ აცტეკიუმი და როგორი ნიადაგი სჭირდება მას?
პასუხი: აცტეკიუმი, პრაქტიკულად, გამოჰყავთ და ზრდიან სხვა კაქტუსების ძირზე დამყნილს. ბოლო დროს ჩატარდა სხვადასხვა ექსპერიმენტიც. ცდილობენ მცენარე თესლით გაამრავლონ, მაგრამ, ვინაიდან მას ფესვების გაკეთება უჭირს, ამიტომ ამყნობენ სხვა “ფეხს:” იჭრება რომელიმე ფესვიანი კაქტუსი და მჭიდროდ ედგმევა თავზე, მაგრდება და შემდეგ თავადვე შეეზრდება თავის ახალ „ფეხს.”
ამ მცენარის ნიადაგი უნდა იყოს ნოყიერი: ორი წილი ფოთლოვანი და ნაკელიანი მიწა, ერთი წილი მსხვილი სილა და ნახევარი წილი ნახშირი.
კითხვა: როგორ მოვუაროთ ზამიოკულკასს და რა პირობებში გავახაროთ ის ბინაში?
პასუხი: ზამიოკულკასი მომთხოვნი მცენარე არ არის. ის ყველაზე კარგად იზრდება გაფანტულ სინათლეზე. არც ტემპერატურის მხრივაა პრეტენზიული, მაგრამ სიცივე მაინც არ უყვარს. ის უძლებს მშრალ ნიადაგსაც და ასევე ნოტიოსაც, თუმცა, ზომიერება უმჯობესია. უყვარს წყლის შეპკურებაც. სასურველია, თუ წელიწადის თბილ პერიოდში მის ნიადაგს მინერალური და ორგანული საკვებით გაანოყიერებთ. ეს ხელს შეუწყობს მცენარის სწრაფად გაზრდას. ზამიოკულკასს ძველი ფოთლები თავისით, უმიზეზოდ სცვივა, ხოლო, თუ შეამჩნიეთ, რომ ახალგაზრდა ფოთლების ცვენა დაეწყო, ეს არასწორი მოვლის მანიშნებელი იქნება. ნიადაგის მიმართ ზამიოკულკასი მომთხოვნი არ არის – შეგიძლიათ, თანაბარი რაოდენობით შეურიოთ ნაკელი, ფოთლოვანი ნიადაგი, ტორფი და სილა. ეს მცენარე რეაგირებს ყოველწლიურ გადარგვაზე, ამიტომ, სასურველია, თუ თავიდანვე დიდ ქოთანში ჩარგავთ. თუ შეამჩნევთ, რომ მცენარეს დაესია რომელიმე მავნებელი, მორწყეთ კალიუმის პერმანგანატის („მარგანცოვკის”) ხსნარით და ეცადეთ ამ დროს მცენარე დადგათ მშრალ და მზიან ადგილას.
კითხვა: როგორ მოვუარო კრინუმს ყვავილობისას და როგორ გავუხანგრძლივო მას ეს პროცესი?
პასუხი: ყვავილობამდე ამ მცენარეს სჭირდება ძალიან დიდი დოზით მინერალური სასუქი. მის ნიადაგს სასუქები უნდა მიაწოდოთ ორ კვირაში ერთხელ და სხვა მცენარეებთან შედარებით 2-3-ჯერ მეტი დოზით. ზაფხულის ბოლოს კი ის იყვავილებს. ამისთვის, აგვისტოში, აყვავილობამდე ორი კვირით ადრე, შეუწყვიტეთ წყლის მიწოდება – ეს დაეხმარება კრინუმს კარგად, სრულყოფილად ყვავილობაში. ყვავილობისას კვლავ განაახლეთ მორწყვა, მისი დასრულების შემდეგ კი ისევ შეწყვიტეთ. ამ დროს მცენარე უნდა მოათავსოთ 5-7 გრადუს ტემპერატურაზე. მას გაუხმება ქვედა ფოთლები, თუმცა, ახალ ყლორტებს მალე ამოიყრის. ამ მცენარეს დასვენების პერიოდი არ აქვს და ზამთრის პერიოდში არ იყვავილებს. წლის განმავლობაში ნიადაგის ზედა ფენა 3-4 სანტიმეტრით შეამცირეთ და ახალი ნიადაგი მოაყარეთ ზემოდან. კრინუმის გადარგვა 3-4 წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს.
კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო ასპლენიუმი?
პასუხი: ამ მცენარისთვის ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 13 გრადუსი, თუმცა, მთელი წლის განმავლობაში ნორმალურია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი. თუ ბინაში საკმარისი სითბო არ გექნებათ, ეცადეთ, 13 გრადუსზე დაბლა მაინც არ ჩამოიყვანოთ, რადგან, შეიძლება, სიცივეში მცენარეს ფოთლები დაუზიანდეს.