შეზღუდვები „ევრო – 2012-ზე“
„უეფამ“ და ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა გამოაქვეყნეს იმ ნივთების ჩამონათვალი, რომელთა შეტანაც პოლონეთისა და უკრაინის სტადიონებზე აიკრძალება. ეს ნივთებია: ქოლგები, შუშის ბოთლები, შუშის, პლასტმასის ან ლითონის ტარა, ალკოჰოლური სასმელები, სტიმულატორები, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპიული პრეპარატები, ასაფეთქებელი ან აალებადი საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, პროფესიონალური ფოტო-და ვიდეოტექნიკა, ლაზერები, ვუვუზელები, ტუალეტის ქაღალდი, აკუსტიკური საშუალებები, სირენები და ფოიერვერკები; ასევე, აიკრძალება ბანერებისა და დროშების შეტანა, რომელთა ზომა აღემატება 2 მეტრს სიგრძეში და 1,5 მეტრს სიგანეში; გარდა ამისა, მკაცრად არის აკრძალული სკამების, ჩანთების, ზურგჩანთების, ყუთებისა და სხვა ნივთების შეტანა, რომელთა ზომა აღემატება 25 სანტიმეტრს. საინტერესოა, რომ, „უეფას“ სპეციალური ნებართვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სტადიონზე შინაური ცხოველის შეყვანა.