როგორ ესმის ზოგიერთ ქალს პატიოსნება, ქმრის ღალატის შემდეგ
ადამიანების ინდივიდუალიზმი ერთმნიშვნელოვნად აისახება მათ საქციელზე. ყოველდღიურად თუ კრიტიკულ სიტუაციებში ისინი მოქმედებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი მოსაზრებებიდან გამომდინარე. ცხოვრებაზეც თითოეულს საკუთარი შეხედულება აქვს. ზოგჯერ, როცა გვიკვირს ხოლმე რომელიმე მათგანის საქციელი, ვამბობთ, – რას შეეძლო მიეყვანა ის ასეთ მდგომარეობამდეო. პასუხი, ძირითადად, კონკრეტულ შემთხვევაზე და იმ სიტუაციის სიმძიმეზეა დამოკიდებული, რომელიც მერე ადამიანის საქციელის განმსაზღვრელი ხდება. თუ ზოგჯერ ჩვენ მათი არ გვესმის, მხოლოდ იმიტომ, რომ იმ კონკრეტულ სიტუაციაში თავის ჩაყენება გვიჭირს, რომელმაც მათი მოქმედების „სტრატეგია“ განსაზღვრა.
თინი (41 წლის): ძალიან ცუდად ვარ. საკუთარ თავთან მაქვს ბრძოლა და ვიცი, რომ ამ ბრძოლაში დავმარცხდები. ცხოვრებაში მძიმე და კრიზისული პერიოდები ყველას აქვს. საქმე ამაში არ არის. პრობლემა ისაა, რომ მომზადებული ვერ დავუხვდი ამ პერიოდებს. ხან სინდისი მაწუხებს და ვამბობ, რომ რაც გავაკეთე, არ მეპატიება-მეთქი. ხან კი ვჯიუტდები და საკუთარ თავს ვარწმუნებ, ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო-მეთქი. ერთი სიტყვით, იცით, როგორი სიტუაცია მაქვს? – ხავსს რომ ეძებ მოსაბღაუჭებლად და ეკალს ჰკიდებ ხელს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს მიფიქრია ღალატზე. გულწრფელად ვამბობ ამას. შეიძლება ფიქრობთ რომ მინდა, საკუთარი თავი განსაკუთრებულად წარმოვაჩინო. ღალატზე ყველა ქალს ერთხელ მაინც უფიქრია, მაგრამ მე ახლა მოსატყუარი არაფერი მაქვს. არაფერს მომცემს ეს ტყუილი და, პირიქით, შეიძლება, მდგომარეობაც დამიმძიმოს.
– ქმარს უღალატეთ?
– თითქმის. პრინციპში, მიმაჩნია, რომ ვუღალატე. ტექნიკური დეტალი აღარ არის სათვალავში ჩასაგდები. მე ასე ვფიქრობ. მთავარია, რომ ღალატი დავუშვი და ჩემი ფასეულობებიც შეიცვალა. ნამდვილად არ მიხარია, ასე რომ მოხდა. უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, საკუთარ თავს ბევრი რამის უფლებას აღარ მივცემდი. თუმცა, ზოგჯერ მეფიქრება, რომ ამის მორალური უფლება მქონდა.
– იმიტომ, რომ გიღალატათ?
– საქმე მარტივად არ არის. მინდა, ჩემი კარგად გაიგოთ. იმის სურვილი და მოტივაცია ნამდვილად არ მაქვს, რომ ვინმემ შემიცოდოს. ჩემი საუბრის მიზანი სხვაა. კარგად მინდა, გავერკვე საკუთარ თავშიც, მომხდარშიც და ჩემს ქმარშიც. იქნება, არც ისეთი ურჩხულია, როგორიც მე დავხატე. საქმე ისაა, რომ მისი ღალატის შემდეგ საკუთარ თავში ბევრი ახალი რამ აღმოვაჩინე. ყოველთვის ვფიქრობდი, მაგარი ქალი ვარ, საღი გონებით და ნაკლები ემოციებით. რამდენჯერ მითქვამს, ცოლმა რაღაც-რაღაცეებზე თვალი უნდა დახუჭოს. რა მოხდა, ზოგჯერ კაცი თუ „გაიგულავებს“, მთავარია, ამისგან ტრაგედია არ შექმნა-მეთქი... მაგრამ, ფაქტის წინაშე რომ აღმოვჩნდი, ლამის გული გამიხეთქა რეალობამ. ჩემი ქმარი არ გამოირჩევა ნიჭიერებით. არ შეუძლია ოსტატურად მოგატყუოს, ან ითამაშოს. როგორც კი გამოუჩნდა ცანცარის „ობიექტი“, მაშინვე მივხვდი. ზოგადად, იმაშიც დავრწმუნდი, რომ მამაკაცის ღალატი და ერთგულება მთლიანად მის ხასიათზეა დამოკიდებული, მის ბუნებაზე და არა ოჯახში სიტუაციაზე. ეს მეორე ფაქტორი, იმ პირველის „გასაპრავებლად“ არის მოფიქრებული. მაგალითად, ჩემმა ქმარმა, როცა „გამოვიჭირე“, თავისი ღალატის გასამართლებლად ორიგინალური ვერსია მოიგონა და ძალიან ცუდი სამსახური გამიწია. ფაქტობრივად, იმაზე გაცილებით მძიმე შედეგები მოჰყვა, ვიდრე წარმოვიდგენდი. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, უბრალოდ, ადამიანურად მოენანიებინა დანაშაული. არა! ეს არ ქნა! უფრო „ეფექტური“ საშუალება გამონახა. სინდისი იმით „დაიმშვიდა“, რომ მე „გამიყვანა საქმეში“. შენი ბრალია, მე რომ ღალატის სურვილი გამიჩნდაო.
– რატომ? ჩემს სექსუალურ ფანტაზიებს ვერ აკმაყოფილებო?
– მაგას ვერ იტყოდა, იმიტომ, რომ მაგ საკითხში პრობლემები არასდროს გვქონია. სულელი არ ვარ და ყველაფერს ვგრძნობ. თუმცა, ჩემი ქმრის მიმართ ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ ინტიმურ სფეროში გადახრები აქვს. ექსპერიმენტებიც უყვარს და არც თავის შეკავება შეუძლია, როცა საქმე ქალებს ეხება. არაერთხელ შემინიშნავს მისი ხარბი მზერა ქალის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მიშტერებული. ასეთ დროს მისთვის სულერთი ყოფილა შინაური იყო ის ქალი თუ უცხო.
– ანუ, მის მზერაში შეგინიშნავთ სურვილი ახლობლების მიმართაც კი?
– დიახ. ოღონდ, ის ამას იმ მომენტში ვერ აცნობიერებს. გონება ებინდება. მერე როცა ვეუბნები, საშინლად აპროტესტებს, ასე არ არისო.
– ამის ნიადაგზე ხშირად მოგსვლიათ კონფლიქტი?
– საკმაოდ. ვფიქრობთ, რომ ჩვენ შორის გაუცხოება ამის ნიადაგზე დაიწყო. პრინციპში, არაფერია გამორიცხული. იქნებ ჩემს ქმარს ისეთი პრობლემები აქვს, რომლებიც სექსოლოგის ჩარევას და კონსულტაციებს საჭიროებს, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ გარყვნილია შინაგანად და მენტალურად. ოღონდ ამას არ აღიარებს. ცდილობს, წესიერი კაცის იმიჯით შეინიღბოს და ყველას ასეთი ჰგონია. ვინც ძალიან ახლოს არ იცნობს, ფიქრობს, რომ სერიოზული და გაწონასწორებულია. სინამდვილეში ასე არ არის. მან მე ფსიქიკა დამინგრია და ნერვული სისტემა დამიზიანა. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. შეცდომას შეცდომაზე ვუშვებდი და მივედი კიდეც ლოგიკურ დასასრულამდე. როცა ჯერ ღალატში „დავიჭირე“, მერე კი, ღალატის არაერთგზის მცდელობაში, მითხრა, მე ბუნებით ყოველთვის ერთგული ვიყავი. სანამ ცოლს შევირთავდი, ვფიქრობდი, რომ მუდამ მეყვარებოდა და არასდროს ვუღალატებდი... შენი ბრალია, საკუთარ პრინციპებს რომ ვუღალატეო. ასეთი შოკის მომგვრელი უსინდისობა გინახავთ? გავგიჟდი, ცეცხლზე ნავთი გადამასხა. ანუ, მე კი არ ვარ გარყვნილი, შენ მიმიყვანე ამ ზომამდეო.
– რითიო, მიზეზი არ გითხრათ?
– თურმე, გამიბრაზებია. მეტისმეტად ყურადღებიანი ვყოფილვარ. სულ უკან დავდევდი და სულს ვუხუთავდი ჩემი სიყვარულით. თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ ვაძლევდი და ოჯახი გალიად გადავუქციე... რომ სიყვარული მეტისმეტი მომივიდა და ისე შეაწუხა ამან, რომ ვიღაც კახპასთან გადაწყვიტა, შეგუბებული სუნთქვა ამოეშვა. თან, იმასთანაც მოინდომა კარგი და წესიერი კაცის იმიჯის შენარჩუნება. დადგა და მოუყვა, როგორ იტანჯებოდა ცოლის მეტისმეტი სიყვარულით.
– საიდან იცით ეს ყველაფერი?
– თვითონ ჩემმა ქმარმა მიამბო. ჯერ საშინელი სკანდალი გვქონდა – ტირილით, ისტერიკით, ჩემი სახლიდან გაქცევის მცდელობით (ბავშვებმა გამაჩერეს, თორემ საკუთარ საქციელზე პასუხს უკვე აღარ ვაგებდი)... გაყრითაც დავემუქრე. არა. კი არ დავემუქრე, მართლა ვაპირებდი, გავყროდი. საშინელი სიტყვებით გავლანძღე. პრინციპში, ყველაფერი სიმართლე ვუთხარი. გაგიჟდა. ხომ იცით, კაცები როგორ რეაგირებენ, როცა საკუთარ თავთან პირისპირ დაყენებ და სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა მოუწევთ. არ გამოუვიდა სირაქლემას პოზაში ყოფნა. ისე ღრმადაც ვერ ჩამალა ქვიშაში თავი... ამან საერთოდ გადარია, მოაღო პირი და მოუყვა ყველაფერი, თან ჩემკენ მომართა თავისი ბრალდებები. მე რომ ახლა სინდისი მაწუხებს და თავს სულელად ვგრძნობ, შენი ბრალიაო. ეს ღალატი არ არის, იმიტომ რომ, რაც არ მინდოდა, ის გავაკეთეო. ყველაფერი გამიგია, მაგრამ კაცი ასე ამართლებდეს თავის უზნეობას, არა. საოცრება სჭირს და მიაღწია იმას, რომ სასოწარკვეთაში ჩამაგდო. ისეთი ნევროზი და დეპრესია ამკიდა, უკიდურესობამდე მიმიყვანა და ახლა შემიძლია, იგივე ვთქვა: ის ჩამადენინა, რაც ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.
– ჰო, მაგრამ ასე ადვილია, უცებ იპოვო მამაკაცი, რომელთანაც ქმარს უღალატებ, თუ წინასწარ არ გყავს „შეგულებული“?
– იცით, რას გეტყვით? ყველა გათხოვილი ქალის სიახლოვეს მოიძებნება ასეთი მამაკაცი. თუ მთლად იზოლირებული და ოთხ კედელშუა გამომწყვდეული დიასახლისი არ არის. ხომ იცით, რომ სიმართლეს ვამბობ. ჩემი ქმრის ღალატმა მასწავლა ის, რომ ბოლომდე საკუთარი თავის ნდობაც კი არ შეიძლება, არათუ ვინმესი. ადამიანში ზოგჯერ ეშმაკი მძლავრობს და როგორ შეიძლება, რამე გარანტია არსებობდეს, რომ ამ დროს არ გაგწირავს. მე ჩემმა ქმარმა გამწირა. სხვა სახელი მის საქციელს ვერ მოვუძებნე. თანაც, გამწირა ყველაზე საშინელი ფორმით. თვითონ რომ მიღალატა, თან „გამაშავა“ იმ ბოზთან. მეც მაფიქრებინა და ჩამადენინა ღალატი. სწორად გამიგეთ, სასოწარკვეთამ მიმიყვანა ღალატამდე.
– ქმარზე უკეთესი იპოვეთ?
– არა, რა თქმა უნდა. მე „კარგი კაცის“ ძებნა არც დამიწყია. როგორ შეიძლება კარგი იყოს კაცი, რომელიც სასოწარკვეთაში მყოფი გათხოვილი ქალის მდგომარეობით ისარგებლებს. ოღონდ მე მას არც ვადანაშაულებ, არც ვლანძღავ და არც ვსაყვედურობ. მომხდარში მხოლოდ მე ვარ დამნაშავე და კიდევ ჩემი ქმარი. სპეციალურად გავაკეთე, რაც გავაკეთე. მაინტერესებდა, ჩემი ძვირფასი მეუღლე თუ მიიღებდა თავის გამართლების ისეთ ფორმას ცოლისგან, როგორიც თავად შემომთავაზა.
– არ აპირებდით ქმრისთვის თქვენი ღალატი დაგემალათ?
– არა. ღალატი შეიძლება უფრო პირობითი იყო, ვიდრე სრულფასოვანი, თავისი კლასიკური სახით.
– რას გულისხმობთ?
– მე იმ კაცთან სექსი არ მქონია, თუმცა თითქმის მივედი იქამდე. ყველაფერი მქონდა, სექსის გამოკლებით. თან, მოვუყევი, რატომ წავედი ამაზე. ანუ, ზუსტად გავიმეორე ჩემი ქმრის „გზა“. მიმაჩნია, რომ ჩემს სიტუაციაში ამის უფლება მქონდა. კაცების პრობლემა ის არის, რომ საკუთარი პერსონები აღმატებით ხარისხში ჰყავთ წარმოდგენილები. მათ ყველაფრის უფლება აქვთ, ყველაფერი ეპატიებათ... დიდი-დიდი, ცოლმა სკანდალი მოაწყოს, იყვიროს, იკივლოს... მერე ნელ-ნელა, სიტუაცია რომ ჩაწყნარდება, ახალ გასართობს მოძებნის. რა პრობლემაა? ცხოვრებაში სამი-ოთხი ასეთი სკანდალი და მისული ხარ იმ ასაკამდე, როცა ქალს და სექსს ოჯახში მშვიდად ყოფნა და ტელევიზორის ყურება გირჩევნია. ასე ცხოვრობენ მამაკაცები. სამაგიეროდ, მათ ცოლებს აქვთ ნერვოზებისა და დეპრესიების სრული პაკეტი.
– თქვენ უკეთ გრძნობთ თავს, სხვა ქალებისგან განსხვავებით, ქმარზე შური რომ იძიეთ?
– ვინ გითხრათ, რომ უკეთ ვგრძნობ?! უკეთ რომ ვგრძნობდე, თქვენთან არ მოვიდოდი და ამ ყველაფერს არ მოვყვებოდი. „ორმაგი სტანდარტი“ გამიჩნდა შინაგანად და უკიდურესობებში ვვარდები. ხან მგონია, რაც გავაკეთე, იმის მორალური უფლება მქონდა, ხან თავი ზნედაცემული და გარყვნილი ქალი მგონია. პატიოსნებაც აღარ მესმის ისე, როგორც აქამდე მესმოდა.
– ეგ რას ნიშნავს?
– ხომ გითხარით? საკუთარ თავთან კი ვარ კონფლიქტში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამისი გაკეთების მორალური უფლება მქონდა. მისგან ვისწავლე, როგორ უნდა შენი დანაშაულის იმ ადამიანზე გადაბრალება, რომელსაც ყველაზე მაგრად ატკინე ამ დანაშაულით. ჩემს ფასეულობებშიც ბევრი რაღაც შეიცვალა. აღარ მგონია, რომ ქმარი ცოლისთვის უახლოესი და განსაკუთრებული ადამიანია. პირიქით, ქმარზე დიდი მტერი ქალს არ ჰყავს.
– მგონი, ყველა ადამიანთვის საკუთარი თავია ყველაზე დიდი მტერი.
– ეგეც არის, აბა, ისე ქმარი მტრად ვერ გადაგექცევა, თუ ამაში შენ თავად არ შეუწყვე ხელი, იცით, რა მტკივა ყველაზე მეტად? – ქმრის მიმართ ნდობა რომ დავკარგე. რომ აღარ შემიძლია დავსვა და მოვუყვე, რა მტკივა, რა მიხარია... უბრალოდ, მხარზე მივადო თავი და ვიგრძნო, რომ საიმედო თავშესაფარშიც ვარ. სამწუხაროდ, ეს აღარ მოხდება. აღარ გამოგვივა. ერთმანეთი „დავანგრიეთ“ და ამ ყველაფერს ვეღარ შევკრავთ. ოჯახი შეიძლება არ დამენგრეს, ეს არც ჩემს ქმარს უნდა, შვილების გამო. მაგრამ, ბედნიერები, ალბათ, აღარ ვიქნებით.
– დრო მაინც მკურნალია.
– თქვენ ასე ფიქრობთ? არც ისეთი კარგი მკურნალია. თანაც მეეჭვება, ჩემი ქმარი შეიცვალოს. ეს ხომ მას ხასიათში აქვს. მეც ყოველთვის გამახსენდება, რაც გავაკეთე და სინდისიც აუცილებლად შემაწუხებს.