ინტიმური საუბრები
დედამ გერების გამო შემიძულა
6 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. ოთხი წლის შემდეგ დედაჩემი მეორედ გათხოვდა სამშვილიან ქვრივზე. ჩემი „ახალი“ და-ძმიდან ორი ჩემზე უფროსი იყო, ერთი კი – ჩემი ტოლი (თვეებში იყო სხვაობა). მამინაცვალი ცუდად არ მექცეოდა, მაგრამ, მისი ოჯახის წევრები, ძირითადად, დედა და დები, თავიდანვე ალმაცერად მიყურებდნენ და სულ უთვალთვალებდნენ დედაჩემს, საჭმელი იქნებოდა, ტანსაცმელი თუ, უბრალოდ, ყურადღება, ჩემთვის მეტი არ გაეღო. საწყალი, ისე იყო ამის გამო დაძაბული და იმდენ შენიშვნასა და საყვედურს იღებდა, ეტყობა, რაღაცნაირად, დაფრთხა და მულსა და დედამთილს რომ არ დაებრალებინათ, ყველაფერი შენი შვილისთვის გინდაო, თანდათან გამკაცრდა ჩემ მიმართ, გამინაპირა და ყველაფერს მაყვედრიდა, ყველაფერზე შენიშვნებს მაძლევდა და მეჩხუბებოდა. მეც პატარა ვიყავი, ვერ ვიგებდი დედაჩემის ასეთი შეცვლის მიზეზს და ღამეებს ტირილში ვატარებდი. ხშირად ისე უმიზეზოდ დავუსჯივარ დედას, ჩემს მამინაცვალს შენიშვნაც კი მიუცია – რა გინდა ამ ბავშვისგან, რას ერჩიო. სამაგიეროდ, რაც უფრო მკაცრად და უხეშად მექცეოდა მე, მით უფრო დამტკბარი იყო გერების მიმართ და, შესაბამისად, ქებას იმსახურებდა მულებისა და დედამთილისგან.
მე ხანდახან მივყავდი ხოლმე რამდენიმე დღით ბებიაჩემს (მამის დედას) თავისთან. წყენისა და გულისტკივილის მიუხედავად, მაინც არაფერს ვეუბნებოდი მას დედაჩემის ჩემდამი დამოკიდებულების შესახებ, მაგრამ, ერთხელ, როცა ბებია ჩემს წასაყვანად ჩამოვიდა და დედას ჰკითხა, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, ორი კვირით რომ დარჩეს ჩემთანო, დედამ გაღიზიანებულმა უთხრა, ორი კვირა კი არა, თუ გინდათ, ორი წლით წაიყვანეთ, ჩემი ნერვების აშლის მეტს მაინც არაფერს აკეთებს და ცოტას დავისვენებ მაგისი პოხონდრიებისგანო. მერე პარკი დამიგდო ფეხებთან და მითხრა, ამაში ყრია შენი ნივთები და ძონძები, მეტის ღირსი მაინც არ ხარო. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ მოვკვდი, ოღონდ, თან ყველაფერს ვხედავდი და ყველაფერი მესმოდა, მაგრამ, მოძრაობისა და ხმის ამოღების უნარი აღარ მქონდა. რა არ გადამხდენია თავს, რა ტკივილი და გამწარება არ გამომივლია, მაგრამ, ისეთი საშინელი განცდა ცხოვრებაში არ მქონია. თურმე, არაფერი ყოფილა იმაზე საშინელება, როცა შენი უახლოესი ადამიანი, დედა, რომელიც მთელ დედამიწაზე ყველაზე მეტად გიყვარს, პრაქტიკულად, უარს ამბობს შენზე და, თანაც, ასეთი ფორმით. ბუნდოვნად მახსოვს, რომ ბებიაჩემი წყალს მასხამდა, რაღაც მოსაფერებელ სიტყვებს მეუბნებოდა და ყურებს მიზელდა. ძლივს მომიყვანა გონს და ხელჩაკიდებული, მექანიკურად გავყევი ბებოს, რომელმაც ის ფუთა დედაჩემს მიუგდო და უთხრა, ეს შენი დაყვედრებული ძველმანები შენთვის დაიტოვე, თუ ოდესმე შენში სინდისი გაიღვიძებს, ნახე, რას ატანდი შენს ერთადერთ შვილს და, იქნებ, მაშინ მაინც მიხვდე შენს შეცდომას. ამ ბავშვს კი, რადგან ასე გიშლის ხელს პირადი ცხოვრების მოწყობაში, სანამ მე ცოცხალი ვიქნები, თვალით ვეღარ ნახავ, თუ თვითონ არ მოენატრებიო. ასე დავშორდი დედას და წავყევი ბებიას, რომელიც ისე მივლიდა, ცივ ნიავს არ მაკარებდა, მაგრამ, დედა მაინც მენატრებოდა, თუმცა, ბებოსთან ამის თქმას ვერ ვბედავდი. ხუთი წელი ისე გავიდა, დედაჩემი ერთხელაც არ ჩამოსულა ჩვენთან, ერთხელაც არ შემოუთვლია მოკითხვა, რასაც საშინლად განვიცდიდი. ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი – მინდოდა, დედა გამეკვირვებინა და გამეხარებინა, რომ ასეთი შვილი ჰყავდა, მაგრამ, ვის ვახსოვდი!..
ხუთი წლის შემდეგ დედაჩემმა იკადრა და ჩამოვიდა ჩვენთან. როგორ ველოდი ამ დღეს, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. მეგონა, დამინახავდა თუ არა, მომვარდებოდა, ჩამიხუტებდა, დამკოცნიდა, ჩემს ამბებს გამომკითხავდა და მომიბოდიშებდა, რომ ამდენ ხანს ვერ ჩამომაკითხა, მერე კი მეტყოდა, უშენოდ ვეღარ ვძლებო და თავისთან წასვლას მთხოვდა, მაგრამ... ჩვენი შეხვედრა ძალიან ცივი იყო. მართალია, არც ბებია შეხვედრია ტაშ-ფანდურით, თუმცა, ამდენი წლის უნახავ ერთადერთ შვილს ნორმალური დედა როგორ უნდა შეხვდეს, ამას, ალბათ, ჩემი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. სკოლიდან რომ დავბრუნდი, დედა ოთახში დამხვდა. კიდევ კარგი, არ ვიცოდი, რომ უნდა ჩამოსულიყო, თორემ, ალბათ, გული გამისკდებოდა ნერვიულობისგან. რომ დავინახე, მოულოდნელობისგან გავშეშდი, ვერც ხმა ამოვიღე, ვერც ნაბიჯი გადავდგი. ვუყურებდი გაფართოებული თვალებით და ველოდი, როდის დამიძახებდა და ჩამიხუტებდა გულში, მაგრამ, მან ცივი ღიმილით ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მითხრა, რამხელა გაზრდილხარო, – სულ ეს იყო. მერე კი ბებიაჩემს მიუბრუნდა და უთხრა, ვიცი, რომ ვენახი გაყიდე და ფული გაქვს, უნდა მასესხო ის ფული და ერთ წელიწადში დაგიბრუნებო. ანუ, აღმოჩნდა, რომ დედა ჩემი მონატრების გამო კი არა, ფულის სასესხებლად იყო ჩამოსული. როგორც გაირკვა, ჩემი მამინაცვალი ლოგინად ყოფილა ჩავარდნილი და ოჯახს ვეღარ ინახავდა. მისი შუათანა ქალიშვილი კი თხოვდებოდა და ქორწილისთვის ფული სჭირდებოდათ. ბებიამ სასტიკი უარი უთხრა ფულის მიცემაზე – ეს თანხა ბავშვის მომზადებისთვის მჭირდება, გაისად სამედიცინოზე უნდა ჩააბაროსო. დედაჩემმა ირონიულად გადმომხედა და თქვა: რა აუცილებელია, ყველამ დიპლომი აიღოს. გათხოვდეს აქვე, სოფელში, გააჩინოს შვილები და გაზარდოს, ამისგან რა ექიმი უნდა გამოვიდესო. ამ სიტყვების გაგონებისთანავე გამოვფხიზლდი, შევხედე ქალს, რომელმაც გამაჩინა და 10 წლამდე დედობა გამიწია, მაგრამ ახლა ჩემთვის არათუ უცხო ადამიანი, არამედ, მოღალატე და მტერი იყო და ვუთხარი, ახლავე წადი ჩვენი სახლიდან და დაივიწყე, რომ ვარსებობ-მეთქი. მერე ისეთი ისტერიკა დამემართა, ბებიამ მეზობლის ქალს დაუძახა დასახმარებლად. დედაჩემი როგორ წავიდა, არ გამიგია.
მას მერე ისე გავიდა წლები, დედა არ შემხმიანებია.
მე პირველივე წელს მოვეწყვე სამედიცინოზე და წითელ დიპლომზე დავამთავრე ინსტიტუტი. ბებიამ ყველაფერი გაყიდა სოფელში, რაც რამ ებადა, მისი ძმებიც დაეხმარნენ და თბილისში, ნორმალურ უბანში ოთახნახევრიანი ბინა მიყიდეს. მე და ბებო რამდენიმე წელი ერთად ვცხოვრობდით, მერე კი უცებ გარდაიცვალა და, მისი სურვილის თანახმად, სოფელში დავასაფლავე.
რაც შეეხება დედაჩემს, ახლა, როცა უკვე მოხუცდა და მოვლა სჭირდება, გაახსენდა, რომ შვილი ჰყავს რომელიც ვალდებულია, რომ მოუაროს. ჩემი მამინაცვლის შვილები ახლაც დედას ეძახიან და, პრინციპში, ცუდად არ ექცევიან, მაგრამ, მისი მოვლით თავს არც ერთი არ იწუხებს. საიდანღაც გაიგეს ჩემი კოორდინატები და მესტუმრნენ – თითქმის და-ძმა ვართ და ასე შორს რატომ უნდა ვიყოთ ერთმანეთისგანო.
ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ მოვქცეულიყავი და ესღა მოვიფიქრე; ავიყვანე მომვლელი ქალი და თავზე დავაყენე დედაჩემს (ფულს, რა თქმა უნდა, მე ვუხდი), ხანდახან მის სანახავადაც მივდივარ ხოლმე, მაგრამ, სალაპარაკო არაფერი გვაქვს. საწყალი, აშკარად განიცდის, რაც მოხდა, მაგრამ, არაფერს მეუბნება. ზოგჯერ მართლა მომინდება ხოლმე, მოვეფერო, გავამხნევო, გულში ჩავიკრა, მაგრამ, ვერ ვაკეთებ ამას, ვერ ვძლევ საკუთარ თავში იმ წყენასა და ტკივილს, რაც დედამ ბავშვობაში ჩამიდო გულში.
მაია, 45 წლის.