როგორ კლავდა კვახით ერეკლე დეისაძე აკვანში მყოფ ძმას და როგორ იქცა ლაშა დეისაძე „ნანუკას შოუს ბიჭად“
ერეკლე დეისაძის ტიპაჟთან, მის ტექსტებთან, სიმღერებთან ძნელი დასაკავშირებელი იყო, რომ მისი ძმაა, ლაშა დეისაძე, „ოჩოს ქოხის” ვოკალისტი, თავისი სიმღერებით მსმენელს ართობს, კარგ ხასიათზე აყენებს და მის ყოველდღიურობას ახალ ფერებს სძენს. ჯგუფი „ოჩოს ქოხი” ნანუკა ჟორჟოლიანის ფავორიტი და მისი შოუს ხშირი სტუმარია. ლაშა დეისაძე ქუთაისში ყოფნის დროს ჩავწერე, დისტანციაზეც გადასარევად იგრძნობოდა, რომ ის ჯგუფის სიმღერებივით ლაღი და მხიარულია.
ლაშა დეისაძე: ოცი წლის ვარ, სულ მალე ვხდები ოცდაერთის. ვცხოვრობ ქუთაისში და ვმღერი ჯგუფ „ოჩოს ქოხში”. უნივერსიტეტში ჩაბარების პირველ წელს შევიძინე მეგობრები, რომლებიც ამჟამად ჩემი ჯგუფის წევრები არიან. ლექციებს შორის პერიოდში გამოვდიოდით, ვუკრავდით, ერთმანეთის შესაძლებლობებს ვსწავლობდით. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვართ ახლაც, იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობთ.
– არაფერი საერთო მუსიკასთან თითქოს არ უნდა გქონოდათ.
– წესით არა. უბრალოდ აღმოჩნდა, რომ ყველასთვის ცხოვრებაში მუსიკა იყო მთავარი და გადავწყვიტეთ, ჯგუფი შეგვექმნა. ოჩო ჩვენ ჯგუფში შეიკერზე უკრავს და სანამ სარეპეტიციო დარბაზი არ გვექნებოდა, მასთან ვიკრიბებოდით სახლში. ერთი გიტარა, შეიკერი და ტამტამი გვქონდა, რა ინსტრუმენტებზე იყო ლაპარაკი. მერე ნელ-ნელა, უკვე ყურადღება რომ მოგვაქციეს, ჯგუფის სახელწოდებაზე დავიწყეთ ფიქრი და ძალიან ბუნებრივად გაჩნდა იდეა, ჯგუფისთვის „ოჩოს ქოხი” დაგვერქმია – ეს იყო ადგილი, სადაც ვიკრიბებოდით.
– მუსიკასთან მანამდე რა შეხება გქონდა?
– პროფესიული განათლება მუსიკაში არ მიმიღია. ბავშვობაში გიტარაზე დავდიოდი, მერე ოთარ რამიშვილის სიმღერების ათასჯერ გამეორება მომბეზრდა და თავი დავანებე. ერთი სიტყვით, თვითნასწავლი ვარ, მაგრამ ჩემი მეგობრებიდან ყველას აქვს საკმაოდ კარგი მუსიკალური განათლება. ჯგუფში ორი ვოკალისტი ვართ და მე თან გიტარაზე ვუკრავ.
– ჯგუფის ძირითადი გენერატორი ვინ არის, ვინ წერს სიმღერებს?
– ასე, დამოუკიდებლად არ ხდება. მე რაღაც თემა მომაქვს გიტარისთვის, შემდეგ ყველა თავის პარტიას დაადებს. შევდივართ სარეპეტიციოში და ერთად ვმუშაობთ.
– რა ჰქვია თქვენს სტილს?
– თქვენ წარმოიდგინეთ, ასე განსაზღვრული ჩვენც არ გვაქვს, არადა ამ კითხვას ხშირად გვისვამენ. თავიდან გვქონდა ტამტამი, სალამური და ასეთი ინსტრუმენტები, მაგრამ ეს სამი წლის წინ იყო, როდესაც ჩამოვყალიბდით. ორი წელიც არ არის, რაც ახალი შემადგენლობით ვართ – ელექტრონული გიტარა, ბასი დაემატა, სალამური და ტამტამი ამოვარდა.
– ფოლკლორული ჟღერადობა მოგიშორებიათ.
– კი, თავიდან ძალიან ახლოს იყო ფოლკლორთან. რაღაცნაირად „მგზავრებსაც” გვადარებდნენ...
– მოკლედ, ყველა „გზააბნეულს” „მგზავრებს” ადარებენ.
– მართლა ასეა. მაგრამ, ახლა მიმართულება სრულიად შევიცვალეთ და ეს მაინც შეიძლება ითქვას პოპია. გვაქვს სიმღერები რეგეის სტილში და სხვა. მოკლედ, მხიარულია, გულს რომ გაუხარდება და კარგ ხასიათზე დაგაყენებს. ამჟამად ახალ პროგრამაზე ვმუშაობთ, მალე ტურნეთი დავიწყებთ ამ პროგრამის მსმენელისთვის გაცნობას. თბილისშიც ვაპირებთ კონცერტის ჩატარებას.
– რას აბრალებ, რომ თბილისმა ასე მარტივად და თბილად მიგიღოთ?
– ისე, ქუთაისმაც ძალიან ადვილად მიგვიღო თავიდანვე. მერია გვერდში დაგვიდგა და ბევრ კონცერტზე ვმღერით. რაც შეეხება თბილისს და მთელ საქართველოს, ამაში „ნანუკას შოუ” დაგვეხმარა. ნანუკამ „ფეისბუქზე” მოისმინა ჩვენი სიმღერა „ფერადი ქვიშა”. თვითონ მოგვწერა, რომ ამ სიმღერის პრეზენტაციით გუდაურში წაგიყვანთო და წავედით. ამის შემდეგ იყო მეორე და მესამე მიწვევა, ვიყავით საახალწლო შოუში. კიდევ ახალი კლიპის პრეზენტაცია გვქონდა... მოკლედ, ძალიან გვეხმარება. „იმედის” არხმა სიუჟეტიც გააკეთა ჩვენზე, რომელსაც ერქვა „ნანუკას შოუს ბიჭები”. მან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ გაგვიცნეს.
– გოგოები, ავტოგრაფები დაიწყო?
– კი, არის ეს ამბავი, მით უმეტეს, ქუთაისში. ეს ქუთაისური ჯგუფია და თუ სადმე გავდივართ – ქუთაისის სახელით. ამ ქალაქში ძალიან ვუყვარვართ.
– დღეს აღმოვაჩინე „ფეისბუქზე” პოსტი, სადაც შენი ძმა, ერეკლე დეისაძე თქვენ ახალ სიმღერას აკრიტიკებდა.
– ჩემს ძმას, ზოგადად, ეს სტილი, რომელსაც ჩვენ ვუკრავთ, არ მოსწონს. მას უნდა, უფრო ღრმა, სხვა ტიპის მუსიკა გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ მაინც ხალხზე ვმუშაობთ. ვცდილობთ, ისეთი სიმღერები შევთავაზოთ მსმენელს, რომელიც ძალიან ბევრს მოეწონება. ერეკლე კი უფრო თავის სამყაროშია ჩაკეტილი, მხოლოდ იმას აკეთებს, რაც თვითონ მოსწონს და მოეწონება თუ არა ეს ვინმეს, მისთვის მეორე საკითხია. სხვათა შორის, ერეკლე ადრე უფრო გვაკრიტიკებდა, ამ ბოლო დროს კი, უკვე მუსიკა მოსწონს და ტექსტებზე აქვს პრობლემა.
– დააწერინეთ მერე ერთი ტექსტი.
– იყო ეგეთი ფაქტებიც, მაგრამ ისეთი ტექსტი მოგვცა, რომ ვერ გავაკეთეთ. ტექსტი თავისთავად ძალიან მაგარი იყო, მაგრამ საერთოდ არ მოუხდა იმ მუსიკას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ძალიან თამამი განცხადება იქნებოდა ჩვენი მხრიდან ეს ტექსტი. სხვათა შორის, ერთხელ ფოთში გვქონდა კონცერტი, იმ პერიოდში სულ გვლანძღავდა და გვაკრიტიკებდა. ამ დროს იქ სცენაზე ამოგვივარდა, იმდენი იცეკვა და ისეთ დღეში იყო, იფიქრებდი ჩვენი ჯგუფის ყველაზე დიდი ფანიაო.
– დიდი მნიშვნელობა აქვს მის აზრს შენთვის?
– ორივესთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთმანეთის აზრს. ზოგადად, ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. არასდროს ყოფილა ცხოვრებაში მომენტი, როდესაც მასთან კონფლიქტი მქონოდეს, მის გამო თავი უხერხულად მეგრძნოს, ან პირიქით. მას ჩემზე კარგად, მგონი, არავინ იცნობს და ზუსტად ვიცი, ვინ არის და რა უნდა. მისი ყველა აზრი და შეხედულება ჩემთვის მისაღებია. ხშირად ვლაპარაკობთ ყველანაირ თემაზე.
– ერთი შეხედვით, ჩაკეტილი ადამიანი ჩანს, არადა უცხოებთანაც კი საკმაოდ გახსნილია.
– ზუსტად ასეა. ძალიან თბილი, კომუნიკაბელურია, უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ჩემს სამეგობროშიც ბევრს არ ეგონა, რომ ეკო ასეთი ტიპი იქნებოდა, მაგრამ რადიკალურად შეეცვალათ წარმოდგენა, როგორც კი გაიცნეს. ხუთი-ათი წუთი საუბრის შემდეგ, ყველა დადებითად განეწყობა ხოლმე მის მიმართ.
– შენ რა რჩევებს აძლევ ხოლმე?
– ეს უფრო პირადულია, პირად თემებს ეხება. ერთმანეთის პირად ცხოვრებაში გადასარევად ვერევით (იცინის). ჩვენ შორის სულ რაღაც წელიწად-ნახევარია განსხვავება, არადა ყველას ჰგონია, რომ დიდი სხვაობაა. ჭკუის დარიგების ფორმატში არ ველაპარაკებით ერთმანეთს, რჩევების მიცემის მხრივ ორივეს თანაბარი უფლებები გვაქვს.
– როგორი ბავშვობა გქონდათ, როგორი პატარები იყავით? სადღაც ამოვიკითხე, რომ ის სულ ზრუნავდა შენზე.
– კი, სულ ზრუნავდა, აკვანში რომ ვიწექი კვახი ჩამატენა პირში და კინაღამ მომკლა. სხვათა შორის, „ფეისბუქზე” მიდევს ლექსი, რომელიც ამ ფაქტს და ზოგადად, ჩვენს ბავშვობას მივუძღვენი. მოკლედ, დავიბადე თუ არა, მკლავდა, მაგრამ მშობლებმა შემომისწრეს და გადამარჩინეს (იცინის). მერე წამოვიზარდე და დიდად არც მე ვინდობდი. მთელი დღე სულ ჩხუბში და ერთმანეთის გამწარებაში ვიყავით, როგორც ხშირ შემთხვევაში დედმამიშვილებს შორის ხდება ხოლმე. ბევრჯერ გაგვიმეტებია ერთმანეთი.
– გერეოდა?
– ძირითადად კი. ერთხელაც რომ ვეღარ მოვერიე და ეს ამბავი ყელში ამომივიდა, ავდექი და ფეხში კისტის თოფი ვესროლე. დიდი ძალ-ღონე აღარ დამჭირვებია მის მოსაშორებლად. ხომ ხედავთ როგორი მხიარული ბავშვობა გქვონდა?! მერე დაჯგუფება შევქმენით. ომი გვქონდა გამოცხადებული ადამიანებზე, ვინც ტუალეტში შედიოდა. ვსხდებოდით სახურავზე კენჭებით შეიარაღებულები და რომ დავუშენდით, ძალიან დიდხანს არ ვაძლევდით ტუალეტიდან გამოსვლის საშუალებას. ეს გვამხიარულებდა. მოკლედ, დიდი თავგადასავლები გვქონდა პატარაობაში, რაზეც დღეს უკვე გადასარევი ლექსი დაიწერა (იცინის).
– ჯგუფის მომავალზე რას იტყვი, რას აპირებთ?
– აქტიურად ვმუშაობთ რაიმე კონკრეტული სტილის ჩამოყალიბებაზე. გვინდა, ჩვენი ხელწერა გვქონდეს, რითაც ჯგუფის სიმღერებს აუცილებლად იცნობთ. სისტემატურად გვაქვს რეპეტიციები, რომ უფრო ხარისხიანი და საინტერესო სიმღერები შევთავაზოთ მსმენელს და უფრო მეტად და ახლოს გაგვიცნოს თბილისმა. ეს კი იქნება იმის გარანტია, რომ მთელ საქართველოს ეცოდინება, რას ვაკეთებთ.