“მოდი, წავიდეთ კინოში!..”
ხშირად მიფიქრია, თინეიჯერი ბიჭი რომ ვიყო და შეყვარებული მეგობრებთან ერთად დავპატიჟო კინოში, მამაჩემის ერთი თვის ხელფასი დამჭირდება-მეთქი. ამაზე კინოთეატრების მენეჯერებთან და სხვა თანამშრომლებთან ხშირად მილაპარაკია, თუმცა, ფილმის ყიდვის, მისი დუბლირებისა და კიდევ სხვა უამრავი ხარჯის გამო, ამ ფასის დაწევა რთულდებოდა. სულ ახლახან კი კინოთეატრებმა სამი სხვადასხვა პროდუქტი გააერთიანეს, რომელთაც ერთი სლოგანი აერთიანებს – „მოდი, წავიდეთ კინოში”. მომხმარებლის უდიდესი სურვილის გათვალისწინებით, ბილეთის ფასი შემცირდა და დღეიდან მისი ღირებულება 6.50-დან 9.50-მდე იქნება. იმ შემთხვევაში კი, თუ ფილმს სამგანზომილებიან ფორმატში უჩვენებენ, ბილეთის ფასი მხოლოდ ერთი ლარით გაიზრდება. გარდა ამისა, კინოთეატრები კინომოყვარულებს სთავაზობენ ახალ პროდუქტს – „საოჯახო და მეგობრული პაკეტი, ანუ 3+1”, რაც გულისხმობს სამი ბილეთის შეძენის შემთხვევაში მეოთხის უფასოდ მიღებას. ასევე, ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანზეა გათვლილი „რუსთაველისა” და „ამირანის” კიდევ ერთი ახალი პროდუქტი: სეანსამდე ორი დღით ადრე ბილეთის შეძენისას მისი ღირებულება მხოლოდ 3 ლარით განისაზღვრება.
პირველი კინოსურათი, რომლის სანახავადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შემოთავაზებით, არის ფილმი – „რა გელოდება, როცა ბავშვს ელოდები”, რომლის მსოფლიო პრემიერა 18 მაისს, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოს კინოთეატრებშიც გაიმართა. მასში მთავარ როლებს ასრულებენ: ჯენიფერ ლოპესი, კამერონ დიასი, კრის როკი და სხვა ვარსკვლავები. „ნიუ-იორკ თაიმსის” მიერ გამოცემული წიგნი, რომელიც ოცდაათ ენაზე ითარგმნა და მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში, ამერიკელი ფეხმძიმე ქალბატონების 93 პროცენტს აქვს წაკითხული. სწორედ ჰაიდი მარკოფის ამ წიგნის მიხედვით შეიქმნა ფილმი „რა გელოდება, როცა ბავშვს ელოდები”.
ერთი სიტყვით, კინოში სიარული ნამდვილი სიამოვნება იქნება ბავშვისთვის, თინეიჯერისთვის, ზრდასრული და ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომლებიც არა დახარჯულ ფულზე, არამედ, ფილმისგან მიღებულ სიამოვნებაზე იფიქრებენ.