კინოში ვისთან ერთად წასვლაზე არ ამბობს უარს ნეკა სებისკვერაძე და ვინ მიაჩნია მას წარმატებულ ქალ რეჟისორად
პროფესიით ჟურნალისტია. ამბობს, რომ მის პროფესიულ არჩევანში მშობლები არ ჩარეულან. „მშობლებმა ისე გამზარდეს, რომ პატარაობაშივე ჩამოვყალიბებულიყავი დამოუკიდებელ პიროვნებად. 13 წლიდან სწორედ ასე ვცხოვრობ. ისინი ყველანაირად მიწყობდნენ ხელს, რომ ჩემი სურვილები განმეხორციელებინა და არჩევანიც სწორად გამეკეთებინა. მშობლებმა შვილი ისე უნდა გაზარდონ, რომ 16 წლის ასაკში მეტ-ნაკლებად მაინც უნდა იცოდეს, რისი კეთება უნდა მას მომავალში, მაგრამ, თავიანთი სურვილი პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით შვილებს თავს არ უნდა მოახვიონ. დამოუკიდებლობა ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია, რაც შეიძლება, რომ მშობელმა შვილს მისცეს“...
მოკლედ, რუბრიკის სტუმარი გახლავთ ჟურნალისტი, მომღერალი და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების დირექტორი ნეკა სებისკვერაძე, რომელიც თავის არშემდგარ პროფესიაზე (კინორეჟისორობაზე) გვესაუბრა.
– ნეკა, რა ასაკიდან გაგიჩნდა სურვილი კინორეჟისორი გამხდარიყავი და რატომ?
– კინორეჟისორობა ძალიან პატარა ასაკში მომინდა. მაშინ, ალბათ, არც მქონდა გააზრებული, თუ რა სირთულე და სიღრმე ჰქონდა ამ პროფესიას. ყოველთვის მიყვარდა კინო, ლიტერატურა, ცხოვრებისეული თავგადასავლები. აქედან გამომდინარე, მიმაჩნდა, რომ ეს არის ის პროფესია, რომლის მეშვეობითაც საუკეთესოდ გადმოსცემ საკუთარ სათქმელს. ერთი ფილმით შეგიძლია, სხვა, ასობით ადამიანი დააფიქრო და აქცენტები გააკეთებინო სხვადასხვა საინტერესო თემაზე. ეს ძალიან რთული პროფესიაა. ვფიქრობ, რაც მეტი დრო გადის და ცხოვრებისეულ გამოცდილებას უფრო და უფრო იძენს რეჟისორი, მით უფრო საინტერესო ხდება მისი ნამუშევარი. 16 წლის ასაკში, ალბათ, ძნელია, დაზუსტებით გადაწყვიტო, რომ ეს პროფესია უნდა იყოს შენი მეგზური. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ, სადაც არ უნდა ჩამებარებინა, სიმღერას ვერ მოვწყდებოდი. აქედან გამომდინარე, ჟურნალისტიკა ბევრად გამომადგა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში, ვიდრე, ვთქვათ, კინორეჟისორობას გამოვიყენებდი. ეს ისეთი სფეროა, რომ, მაშინ, მთლიანად კინოში უნდა ვყოფილიყავი და, ვიცოდი, ეს გამომივიდოდა.
– რატომღაც, კინორეჟისორი ქალები თითზე ჩამოსათვლელი გვყავს. შენი აზრით, რა არის ამის მიზეზი, ის ხომ არა, რომ ეს უფრო მამაკაცური პროფესიაა? დამისახელე წარმატებული ქართველი ქალი რეჟისორი.
– არ ვიცი, ვერ გიპასუხებთ, ამასთან დაკავშირებით კომპეტენტური აზრი არ გამაჩნია. რეჟისორობას სხვანაირი შინაგანი სიძლიერე სჭირდება. ქალი რეჟისორებიდან გამოვყოფ ქალბატონ ნანა ჯანელიძეს, რომლის ნამუშევრებიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და ძალიან მიყვარს.
– რომელს უფრო ანიჭებ უპირატესობას, ევროპულ თუ ჰოლივუდურ კინოს?
– რა თქმა უნდა, ევროპულ კინოს. ჩემთვის ეს უფრო სიღრმისეულია, მაფიქრებს, მეტად მამახსოვრდება და დიდ სიამოვნებას მანიჭებს... თუმცა, შეუძლებელია, არ დააფასო ამერიკული კინოს ის ტექნიკური შესაძლებლობები და დაუჯერებელი ეფექტები, რითაც გამორჩეულია ის და ეს მართლაც საოცარია, მაგრამ, ევროპული კინო მაინც უფრო „ჩემია“.
– რა ჟანრის ფილმებს უყურებ და რომელია შენი საყვარელი ფილმი, რომელიც, რამდენჯერაც არ უნდა ნახო, არ გბეზრდება?
– მიყვარს მელოდრამა, დრამა და დოკუმენტური კინოს ყურება. სიგიჟემდე მიყვარს ძველი ქართული ფილმები – ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებ ნებისმიერ ქართულ ფილმს. არ მბეზრდება „ნატვრის ხე“, „ფესვები“, „ვერის უბნის მელოდიები“ და ბევრი სხვა. რაც შეეხება უცხოურ ფილმებს – კორეული. საოცარი ფილმია „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი“. გირჩევთ, თქვენც ნახოთ.
– ამბობ, მელოდრამა მიყვარსო. თუ გიტირია ფილმებზე და საერთოდ, რამდენად სენტიმენტალური ხარ?
– როგორ არ მიტირია, თან, ძალიან ბევრჯერ. ფილმს როცა ვუყურებ, მასში მთელი არსებით ვარ შესული და ისე განვიცდი, იგივე ისტორია რომელიმე ჩემს ახლობელს რომ გადახდენოდა თავს, ზუსტად ასევე ვინერვიულებდი-მეთქი, ვამბობ (იცინის). ძალიან მძიმე ფილმები დიდხანს მიმყვება და არ მავიწყდება.
– როდის ხარ ფილმის ყურების განწყობაზე, ალბათ, ძირითადად, ღამით ჩაუჯდები ხოლმე?
– სამწუხაროდ, ასეთი არჩევნის ფუფუნება აღარ მაქვს ჩემი დღის რეჟიმის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე ჩემზე გაცილებით უფრო დიდი კინომანია და სახლში ყოველთვის გვაქვს ახალი ფილმი. მაგრამ, დრო არ მრჩება საყურებლად. გვიან გამორიცხულია ფილმის ნახვა, რადგან, ადრე ვიძინებ. ამიტომ, თუ დრო მაქვს, საღამოობით მიყვარს ფილმების ყურება ჩემს მეუღლესთან ერთად. არასდროს ვამბობ უარს მეგობრებთან ერთად კინოში წასვლაზე. თუ კარგი ფილმია, მასზე ბევრს ვმსჯელობთ და განვიხილავთ.
– ბოლოს როდის იყავი კინოში და რა ფილმი ნახე?
– ბოლოს ჩემს უფროს შვილთან ერთად ვიყავი კინოში და ვნახეთ მულტფილმი „მანქანები“. სხვათა შორის, პირველად მყავდა კინოში და ამიტომ ეს დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.
– ვინ არის შენი საყვარელი მსახიობი?
– ჩემთვის განუმეორებელი იყო და დარჩება სესილია თაყაიშვილი. ქართველი მსახიობებიდან უამრავია ისეთი, რომელთა ცქერაც არ მოგბეზრდება, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს.
– ნეკა, დამისახელე შენი საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოები, მოთხრობა ან ნოველა, რომლის ეკრანიზაციასაც გააკეთებდი და, თუ გაქვს რომელიმე ნაწარმოების ფილმად გადაღების სურვილი?
– დიახ, ეს არის ერიხ მარია რემარკის „სამი მეგობარი“, რომელიც ძალიან მიყვარს და სიამოვნებით გავაცოცხლებდი ეკრანზე ამ ნაწარმოებს.
– რას იტყვი დღევანდელ ქართულ ფილმებზე, რომელთა უმეტესობაც უხარისხო და უგემოვნოა?
– პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში დაიძრა და ამოძრავდა ქართული კინო და, ის საკმაოდ დიდი სიცარიელე, რომელიც წლების განმავლობაში იყო ამ სფეროში, ნელ-ნელა ივსება, რაც ძალიან მახარებს. კარგია თუ ცუდი, კეთების სურვილსაც ვხედავ და რესურსსაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რაც ძველი ქართული კინოს განუმეორებლობად ითვლება, იყო ძველი სარეჟისორო სკოლა და გენიალური მსახიობები. თუმცა, ვიტყოდი, რომ ბევრი ნათელი წერტილია ახალ ქართულ კინოშიც. შეიძლება, ყველა არ არის კომერციულად მომგებიანი, მაგრამ, ალბათ, ეს არ არის მთავარი კრიტერიუმი, რითაც ფილმს შეაფასებ. ასეთი კინოისტორიის მქონე ქვეყანაში შეუძლებელია, დროდადრო ეს სფერო კიდევ უფრო არ დაიხვეწოს. ქართველები ნიჭიერებით გამოვირჩევით და ეს, ბუნებრივია, რეჟისორებზეც აისახება.
– მაშინ, მითხარი, ახალი თაობის რეჟისორებიდან ვინ მოგწონს?
– იცით რა, მათი უმეტესობა ჩემი მეგობარია და, ვინმე რომ გამომრჩეს, ჩემს თავს არ ვაპატიებ (იცინის). ყველა ქართველ რეჟისორს ძალიან ვგულშემატკივრობ, რადგან, ვაფასებ მონდომებასა და სიახლის კეთების სურვილს.
– კლიპის რეჟისორობაზე რას იტყვი? არ მოგდომებია, რომ თავად ყოფილიყავი შენივე კლიპის რეჟისორი?
– ეს სფერო საქართველოში მართლაც რომ პირველ ნაბიჯებს დგამს. ამ კუთხით რამდენიმე თვალშისაცემი რეჟისორი გვყავს და, იმედია, ისინი გაზრდიან ახალ თაობებსაც და სიახლესაც შემოგვთავაზებენ. ისე მოხდა, რომ მე კლიპები თითქმის არ მაქვს, რადგან, ეს საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს საჭიროებს. რაც მაქვს, სულ ჩემი მეგობრების ნაჩუქარია და ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემგან.
– ნეკა, ჟურნალისტობა არ მოგენატრა?
– ჟურნალისტობასთან ცოტა ხნის წინ, კვლავ დამაბრუნა გიორგი უშიკიშვილმა, რომელმაც „ფოლკ რადიოში“ გადაცემის გაკეთება შემომთავაზა: ყოველ ხუთშაბათს, 6-დან 7 საათამდე, პირდაპირ ეთერში მაქვს გადაცემა „საუბრები ხელოვანებთან“ და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია.