როგორ ზრდის ოქროს სამაჯური ადამიანის შესაძლებლობების კოეფიციენტს და რატომ არის მარჯვენა ხელი ოქროსი, ხოლო მარცხენა – ვერცხლის
სხვადასხვა მინერალს შორის ოქრო თავისი ისტორიითა და მნიშვნელობით, ერთ-ერთი განსაკუთრებული მინერალია. ადამიანების დიდი ნაწილი მას, როგორც ფუფუნების საგანს‚ ისე აღიქვამს, თუმცა‚ როგორც ბატონი ნოდარ მამისაშვილი ამბობს: ოქრო იმდენად საინტერესო მინერალია, მისი გაიგივება სიმდიდრესთან, ფუფუნებასთან არასწორია.
ნოდარ მამისაშვილი: უძველეს ტიბეტში, ჩინეთში დედამიწის შემადგენელი ნაწილი იყო ხუთი: ცენტრში – მიწა, მის დასავლეთით – ლითონი, აღმოსავლეთით – ხე, ჩრდილოეთით – წყალი, სამხრეთში – ცეცხლი, ხოლო შუაში – ჩვენი პლანეტა, ანუ ოქრო, მზის ნატეხი – მზეს მოსწყდა ოქრო, რომლისგანაც დაიბადა დედამიწა. ოქრო აღქმული იყო, როგორც ყვითელი ფერი. ჩინეთში არის მდინარე ხუანხე, რომელიც ყვითელი ქვიშითაა სავსე. მინახავს ბევრი სამეცნიერო ნაშრომი, სადაც ჰგონიათ, რომ ყვითელ ფერში ჩინელები სწორედ ხუანხეს გულისხმობდნენ. სინამდვილეში ყვითელი ფერი სწორედ მზის ნატეხი იყო. ყველაზე საოცარი ის არის, რომ წყალი იქ იყო აღქმული, როგორც შავი ფერი. წყალს რომ დაასხამ ცეცხლს‚ შავი ნახშირი რჩება, რომელიც ცეცხლს შავად ღებავს. გარდა ამისა, როდესაც მზე ჩადის, წყალი თანდათან მუქდება და მერე მისი სიღრმითი ფერი შავი ხდება. აქედან გამომდინარე‚ ოქროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის, იმავდროულად, უკვდავების სიმბოლოც იყო. გარდა ამისა‚ მას კიდევ ერთი საინტერესო თვისება აქვს. ჩემს დროს ბავშვები ასეთ ლექსს ვამბობდით: „ბები, ბები, შენ კი გენაცვლები, ოქროს სათვალეს გიყიდი, როცა დაბერდები”. ოქროს სათვალე წარმოდგენილი გვქონდა, როგორც ძვირფასი ნივთი, მაგრამ‚ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ოქრო ძალიან უხდება მხედველობას. ამიტომ ოქროში ჩასმული ბროლი თვალებისთვის ძალიან სასარგებლო ყოფილა. როგორც იცით, ძველად მეფეები, პატრიარქები ოქროს გვირგვინს იდგამდნენ თავზე. საბოლოოდ აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ოქროს გვირგვინის ქვეშ თმის ზედა მხარე სიშავეს უფრო ინარჩუნებდა, ვიდრე დანარჩენი თმა. საუკუნეების გამოცდილებამ მოგვიტანა, რომ ოქრო სისხლის მიმოქცევას, კაპილარებში სისხლის მოძრაობას უწყობდა ხელს და ეს თავის ზედა კანის გაჯანსაღებას იწვევდა, ამიტომაც რჩებოდა თმა შავი ფერის.
ოქროს სამკურნალო თვისებები
ოქროს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ნევროზით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ. ის‚ ვინც ნევროზით იყო დაავადებული, უნდა ჰქონოდა ოქროს თუნდაც პატარა სამი მარცვალი, რომელიც უნდა გაეკეთებინა ყელზე: კისერთან ერთი ცალი, გვერდებზე ორი ცალი.
ალბათ‚ ბევრს უნახავს‚ თუნდაც ფილმებში, რომ ოქროს თითქოს კბილით სინჯავენ. საქმე ისაა, რომ ოქრო უიშვიათესი მინერალია, რომელიც თავის ტემპერატურას ინარჩუნებს. როდესაც ცხელა‚ იმ დროს ოქრო უფრო გრილია, თუ ცივა – ოქრო უფრო თბილია. ამიტომ, ვინც ოქროს ეს თვისება იცოდა, მას კბილით კი არ სინჯავდა, არამედ ღრძილზე იდებდა და იგებდა ოქროს ტემპერატურას. ხშირად წნევიანი ადამიანები ოქროს სამაჯურის მაგივრად სპილენძის სამაჯურებს ხმარობენ, რომელსაც ოქროსთან შედარებით გარკვეული უპირატესობა და გარკვეული ნაკლი აქვს. მაღალ მაგნიტურ დღეებში სპილენძი ამას ადვილად იღებს და უფრო უმატებს ადამიანს. სამაგიეროდ, ოქროს სამაჯური მუდმივად სასარგებლოდ მოქმედებს ადამიანზე და მის პოტენციურ სიძლიერეს ზრდის. მაგალითად‚ თუ ადამიანს შესაძლებლობების კოეფიციენტი აქვს 80 და ის ოქროს სამაჯურს მარჯვენა ხელზე გაიკეთებს, გაეზრდება 90-მდე. მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ – ოქრო მარჯვენა ხელის არის, ხოლო მარცხენა – ვერცხლის. ვერცხლზე ხშირად ამბობენ, რომ ის ბაქტერიოციდულია. ძველად ადამიანის ფიზიკური მონაცემების დღე იყო 23, აქედან გამოყოფდნენ 22 დღეს, რადგან ერთი იყო შესავალი ოცდასამისა და მეორე დამამთავრებელი ფაზა. 22-ს კი ყოფდნენ შუაზე, 11 იყო აღმავალი მზის სისტემა, დანარჩენი 11 კი – მთვარის დაღმავალი სისტემა. მზის სისტემაში შედიოდა მარჯვენა ხელი, ხოლო დაღმავალ სისტემაში – მარცხენა. ამიტომ მარცხენა ხელს უნდა მოეთხოვა ღმერთისგან, რომ კიდევ ამოსულიყო. როდესაც ადამიანი ისახება, მასში პირველად იბადება გულის მარცხენა პარკუჭი, პირველი გულისცემაც იქ იწყება. ამიტომ, ძველად ჩვილ ბავშვს მარცხენა მხარეს კიდებდნენ ოქროს პატარა ნაჭერს, რომ მთვარის ხელს მზე ამოეყვანა და ბავშვი ჯანმრთელი ყოფილიყო. როდესაც დაავადებებზე ვსაუბრობთ, მინდა აღვნიშნო ერთი რამ, მზის წნული არაჩვეულებრივად საინტერესო ადგილია. როდესაც ადამიანი ფიქრობს, აზროვნებს, მას მჟავა რეაქციები უგროვდება თავის კანის ქვეშ, რომელიც შემდეგ ქვემოთ იწევს და ჩვენ ვგრძნობთ თვალების სიმძიმეს, შემდეგ იქიდანაც ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოდის. მერე ზევით ისევ აღდგება და არის ტუტოვანი, ხოლო ქვემოთ არის მჟავა. როდესაც მჟავას ვერ ერევა, ტუტოვანი მასა მცირდება და ასეთ შემთხვევაში‚ ადამიანი თვლემს, მუშაობის გაგრძელება ეზარება. ამავე დროს ენერგია, რომ მოიკრიბოს, ტყუილი კი არ არის ანთეოზის მითი – ის ენერგიას იწვევს ფეხებიდან. ანუ მჟავა ჩამოდის თავიდან, ქვემოდან კი ამოდის გამახალისებელი ენერგია და მათი შეხვედრის ადგილი არის მზის წნული. სწორედ ამ მზის წნულში ხდება მჟავა რეაქციისა და განახლებული ენერგიის შეჯახება. თუ ენერგია მოერევა, ჩაითრევს ქვევით, გაატარებს მიწაში და ახალი სერია დაიწყება და თუ ვერ მოერევა, მაშინ ადამიანი იწყებს მთქნარებას, თითქოს ჰაერის უკმარისობა ემართება, ოღონდ ეს სხვანაირი ჰაერის უკმარისობაა. ასეთ შემთხვევაში, ადამიანს ოქრო ძალიან ეხმარება. იყვნენ ექსტრასენსები, რომლებსაც ძალიან ბევრი ენერგია ეხარჯებოდათ და არსებობოს ცნობა, რომ ისინი მზის წნულზე იდებდნენ ოქროს თხელ ფირფიტას და ნაკლებად გრძნობდნენ დაღლილობას.
ოქროს სამკაულები
ოქროს სამკაული უბრალოდ არ კეთდება. უჩვეულოდ საინტერესოდ იყო გამოყენებული ოქრო ჩვენს უძველს ხატჭედურობაში. ის რეცეპტი, რომელსაც იყენებდნენ ქართველები‚ არის უნიკალური, ერთადერთი. დღესაც სახელმწიფო მუზეუმში შემორჩენილია ხატი, სადაც ვერცხლი დაფერილია ოქროთი და ეს ოქრო არის ძალიან ნაზი, თითქოს გაწმენდილია. ხატში უნდა იყოს ჩადებული უზარმაზარი ენერგია, განცდა ლოცვისა, რწმენისა. მე ზოგჯერ ვამბობ, რომ წმიდა პეტრემ კი არ გაიარა წყალზე, მისმა რწმენამ გაიარა და სადაც შეეჭვდა, იქ ჩაიძირა. ხატს აქვს ეს საოცარი, უნიკალური თვისება, როდესაც მასთან მიდის ადამიანი, განურჩევლად იმისა, ის მორწმუნეა თუ ურწმუნო, ყველაზე მოქმედებს. როგორ საღებავს შეარჩევდნენ, რით შეაფერადებდნენ, რა მინერალებით შეამკობდნენ, მათ როგორ განალაგებდნენ – ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მხოლოდ ხახულის ხატის მინერალებზე 10 დისერტაციის დაწერაა შესაძლებელი. ზოგჯერ‚ როდესაც ხატი შუშაზე გადადის და მეკითხებიან: რა სასწაულია? მე ყოველთვის ვპასუხობ, სასწაული ფიზიკური მოვლენა კი არ არის, დიფუზია მოხდა. სასწაული ის არის, სიწმიდის რა ძალა იყო შიგნით ჩადებული, რომ მინაზე გადავიდა – აი, ეს არის სასწაული, რომელიც ფიზიკაში კი არა, არამედ რწმენაშია...
წარმოიდგინეთ თქვენ ახლა, როდესაც ოქროში არის ჩასმული სხვადასხვა მინერალი და ამ დროს მათ შორის საინტერესო დიალოგი ხდება. სამკაულები არ არის უბრალოდ სიმდიდრე, მათ ხშირად სხვადასხვა ფუნქცია აქვს, სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, რა თქმა‚ უნდა თუ სწორედ არის შერჩეული. ამ სამკაულებს შორის კი უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება ოქროს. ძველად ოქრომჭედლები იყვნენ როგორც ექსტრასენსები ასევე ეზოთერიკები. მათ კარგად იცოდნენ, რომ ამა და ამ ადამიანისთვის ძალიან კარგი იყო ესა და ეს მინერალი. მეტსაც გეტყვით, არის ზოგიერთი მინერალი, რომლის ჩასმა ოქროში არ არის სასურველი, უკეთესია ვერცხლში, ან მელქიორში ჩაისვას. მაგრამ, არის მინერალები, რომლებიც პირიქით აუცილებლად უნდა ჩაისვას ოქროში, რადგან მაშინ ოქროს ძალაც ძლიერდება და იმ მინერალებისაც.
ჩემთან ძალიან ხშირად მოდიან და ამოწმებენ სხვადასხვა სამკაულს. იმდენი მეგობარი, ნაცნობი მყავს, უარს ვერ ვეუბნები. თქვენ წარმოიდგინეთ, არ მქონია არც ერთი შემთხვევა, ნიშნობის ბეჭედი უარყოფითი ყოფილიყოს. ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ ცოლ-ქმარს შორის მოხდა უთანხმოება, გაიყარნენ, რომ ვნახე მათი ნიშნობის ბეჭედი, ის მაინც დადებითი იყო. მე მათ რატომღაც ვუთხარი, ისე, რომ არაფერი მიფიქრია: ეს ბეჭედი იმდენად დადებითია, თქვენ აუცილებლად შერიგდებით-მეთქი. 2 თუ 3 წლის შემდეგ, მართლაც შერიგდნენ. შესაძლებელია, ისინი ოქროს ბეჭედმა შეარიგა, არაფერია გამორიცხული, რადგან ადამიანსა და მინერალს, ადამიანსა და ბეჭედს, ადამიანსა და საყურეს შორის ყოველთვის ხდება ინფორმაციების გაცვლა. საქორინო ბეჭედი აუცილებლად ოქროსი უნდა ყოფილიყო, რადგან მზე უნდა მიიღოს მფარველად.
ოქრო მოყვარულია ერთი-ორი მინერალის და მას ჭრელა-ჭრულა რაღაცეები არ უყვარს – ესეც მისი უცნაური თვისებაა. ოქროსაც უყვარს თავისი ფორმები.
ავიღოთ თუნდაც ოქროს საწმისი, ულამაზესი მითი, რომელიც დაახლოებით სამი მითისგან შედგება. ბევრ ლიტერატურას ვიცნობ და არ გამიგია ვერცხლის ან ბრილიანტის საწმისი, მაგრამ ოქროსი არის. წარმოიდგინეთ‚ ჩამოდის მდინარე და მას მოყვება ოქროს მარცვლები და თითქოს უფალს უნდა, რომ ჩვენ ის შევიგრძნოთ არა როგორც ფული, არამედ როგორც მზის საჩუქარი.
მღვდლები ხშირად ატარებენ ვერცხლის ჯვარს, თუმცა უფრო მაღალმა კატეგორიამ შეიძლება ატაროს ოქროს ჯვარი. არ მინდა, ვიღაცამ იფიქროს, რომ რადგან ის მაღალ საფეხურზე დგას, ამიტომ ატარებს ოქროს ჯვარს და უბრალო მოღვაწე – ვერცხლისას. საქმეც ისაა, რომ მათ სხვადასხვა ფუნქცია აქვთ ნაკისრი. მღვდელი ბევრ ადამიანს ხვდება, შველის, მის საწუხარს იგებს, იზიარებს. აქ მინდა, პატარა გადახვევა გავაკეთო. მინახავს ნატვრის ხე, რომელზეც ცოტა ნაჭერია ჩამოკიდებული. ადამიანები რატომღაც‚ მათ სწორად ირჩევენ, არ ვიცი ამას გუმანით აკეთებენ, თუ ვინმე სპეციალურად არჩევს, უბრალოდ ისინი ნატვრის ხეს იქ ირჩევენ, სადაც დადებითი ზონაა. როდესაც ჩემი აპარატურით გავზომე, ეს ხეებიც დადებით მუხტს გამოსცემს. მაგრამ ხეზე, რომელზეც ბევრი ნაჭერი იყო ჩამოკიდებული, უარყოფითი მუხტი აჩვენა. ხემ ვერ გაუძლო ამდენი ადამიანის საწუხარს, დაიტვირთა და მეტი აღარ შეუძლია. მამაოს ჯვარიც სწორედ იმიტომ არის ვერცხლის, რომ მან ამდენ საწუხარს გაუძლოს, ვერცხლი კი ბაქტერიოციდულია და ამ მხრივ‚ ძალიან გამძლეა. საერთოდ‚ ადამიანი ოქროს ჯვარს იკიდებს იქ, სადაც უხეშად რომ ვთქვა, არის ბოღმის წერტილი. როდესაც ადამიანი რაღაცაზე ნერვიულობს, განიცდის, ეს ყველაფერი იმ ადგილას აწვება და ოქრო მისთვის შეღავათია. ამ თვალსაზრისით‚ მაგალითად‚ ნათლობის დროს ოქროს ჯვრის ჩუქება შეიძლება ამართლებდეს. ასე რომ‚ ოქრო ძალიან საინტერესო და გამორჩეული მინერალია.