ხაფანგში
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-20(594)
ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანებს ცხოვრებისეული სიტყვები, რყევები იმპულსს აძლევს, სიახლეებისკენ ლტოლვის სურვილს უჩენს და აძლიერებს.
ამბავი თითქმის ყოველთვის ასე იწყება: იყო გოგო და იყო ბიჭი... კიდევ, იყო გრძნობა, რომელიც თავისით, უკითხავად მოვიდა... თუმცა ამაზე მერე...
***
ასათიანს ყველაზე უფრო მარიკოსთან საუბარი ეძნელებოდა და ყველაფერი ერჩივნა ქვემოთ ჩასვლას. არც იყო დარწმუნებული, რომ გოგო იქ დახვდებოდა. სანამ ლიფტში შევიდოდა, იმაზე ფიქრობდა, რომ მარიკოს თითქმის არ იცნობდა და საერთოდ, თავისი ოფისის თანამშრომლებზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. არ იცნობდა მათ და არც არასდროს დაინტერესებულა თითოეულის პიროვნებით – ეს მისი ინტერესის საზღვრებს სცილდებოდა. არც დაუთმობდა ამ პრობლემებს დროს, რომ არა მის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები. ასათიანი სულელი არ იყო, რომ ვერ მიმხვდარიყო, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი. ამოიოხრა და ლიფტიდან გამოვიდა. სინათლე მხოლოდ ჰოლში ენთო, ირგვლივ სულიერი არ ჭაჭანებდა. ასათიანს თან გაუხარდა, უსიამოვნო საუბარი რომ აირიდა თავიდან, თან გაღიზიანდა. გააღიზიანა იმან, რომ მარიკოს ეყო თავხედობა, უცერემონიოდ გაპარულიყო. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე... დიმიტრი შეიჭმუხნა. მინის კარი გააღო და ოთახში შევიდა. ახსოვდა, სად იჯდა ქეთი. ფიქრი მასზე თავისით, ავტომატურად გააქტიურდა... ასათიანის გასაოცრად, პირველად ხდებოდა, რომ საკუთარი ფიქრები მას აღარ ემორჩილებოდა. ეს ან ბედის დაცინვა იყო, ან კანონზომიერი მოვლენა, რომელსაც დიმიტრი ჯერ არ იცნობდა, მაგრამ, უკვე გრძნობდა მის ზეგავლენას. მერე გაჩნდა დაუოკებელი სურვილი ქეთის ხმის გაგონებისა... მობილური აიღო, ნომერი აკრიფა და თითქმის მაშინვე გათიშა, თან საკუთარ თავს გაუწყრა – პატარა ბიჭივით რამ აგამჩატა ამხელა კაციო... ოფისიდან გამოვიდა. ქურთუკი გაიღეღა და მკერდი ღამის ცივ ნიავს შეუშვირა. ქუჩაში ფეხით გავლა მოუნდა და საკუთარი თავისთვის ამ სურვილზე უარი არ უთქვამს...
***
ნინი უხალისოდ მივიდა კართან და ნამძინარევი ხმით დაიძახა:
– ვინ არის?
– ნინი, გამიღე, რა, მარიკო ვარ!
– მარიკო?! – ერთბაშად ვერ იცნო მეგობრის ხმა.
– ჰო, რა დაგემართა? გავიყინე, გააღე, რა...
– გოგო, ამ შუაღამისას რამ მოგიყვანა?! – ნინი მაინც აყოვნებდა კარის გაღებას.
– აუ, გააღე და გეტყვი... დასარჩენად მოვედი...
ოთახიდან უშო გამოვიდა:
– ნინი, რა ხდება, ვინ არის?
– მარიკოა. შენ შედი, უყურე იმ შენს ფეხბურთს, – ნინიმ კარი გააღო, – აუ, მართლა შენ ხარ? რა მოხდა? სახლიდან გამოგაგდეს? – მიაყარა შეკითხვები.
მარიკომ ხელი ჩაიქნია:
– არ მკითხო! რადგან ასეთ დროს მოვედი, ესე იგი, რაღაც სერიოზული მოხდა. შენ რას მომშტერებიხარ? შედი ოთახში!
– ეე, ამას ნერვული წიკები და ისტერიკა აქვს... – შუბლზე თითი მიიკაკუნა უშომ, – წყალი დასალევად მოგიტანო თუ სახეში შესასხმელად?
– გეყოფა! – გაბრაზდა ნინი და მარიკოს ზურგსუკან კარი ჩაკეტა, – წამოდი, სამზარეულოში გავიდეთ. ყავას მოგიდუღებ და ყველაფერს მომიყვები.
– იმედია, სახლიდან არავის გამოუგდიხარ, – მაინც წაგესლა უშომ და მარიკოს ანთებული თვალები რომ დაინახა, სწრაფად დატოვა „დანაღმული ველი“.
მარიკო მოწყვეტით დაეშვა სკამზე.
– მოკლედ, დამერხა, მაგარ შარში ვარ...
– მოიცა, მოიცა, ჯერ ყავა მოგიტანო...
– ყავა ვერ მიშველის, რამე უფრო მაგარი მჭირდება, – ამოიოხრა მარიკომ.
– უფრო მაგარი? მაგალითად, რა?
– ალკოჰოლს ვგულისხმობ, რა დაგემართა?
– აუ... არაყი გინდა? ცოტა კონიაკი უნდა გვქონდეს. მოიცა, მოვძებნი, თუ გადაურჩა ჩემს ძმას... გოგო, რა გჭირს? ბავშვი ხომ კარგად არის?
– ბავშვი? – უცებ ვერ მიხვდა მარიკო... აა, ჩემი შვილი? ჰო, კარგად არის, კარგად... პრობლემა ჩემშია. მგონი, სამსახურის გარეშე დავრჩი.
– რა?! – ნინიმ კონიაკის ბოთლი ძლივს იპოვა, – უჰ, სად დაუმალავს ამ ბიჭს... დაგისხა?
– აუცილებლად. სული მეხუთება ნერვიულობისგან. აქ რომ არ მოვსულიყავი, გავგიჟდებოდი. რა უნდა ვქნა?
– ჯერ არ გითქვამს, რა დაგემართა.
– არ გითხარი, სამსახურიდან მაგდებენ-მეთქი?
– ვინ გაგდებს, ნათია?
– მოიცა, რა... ნათია რა შუაშია? ნათიამ ჯერჯერობით არაფერი იცის. თუმცა, ალბათ დიდხანს არ იქნება ინფორმაციულ ვაკუუმში – ასათიანი დილიდანვე ჩააყენებს საქმის კურსში და გამომისვრიან, უცერემონიოდ ამიკრავენ გუდა-ნაბადს...
– მოიცა, ვერაფერი გავიგე. ასათიანი რა შუაშია? იმას დაუშავე რამე? ასათიანმა გითხრა, გაგაგდებო?
– არ უთქვამს, მაგრამ, გამაგდებს. ზუსტად ვიცი, – მარიკომ კონიაკიან ჭიქას ხელი სტაცა და პირში გადაიმხო, – გოგო... ჩვენს ოთახში ვახოს ვეფერებოდი და შემოგვისწრო...
ნინი გაოგნდა. ისიც კი ვერ მოახერხა, სკამი გამოეწია და დამჯდარიყო. მეგობარს შეძრწუნებული მისჩერებოდა:
– გაგიჟდი?! ამას სერიოზულად ამბობ?
– აბა, შემომხედე, რამე მეტყობა, რომ ვხუმრობ? ჯანდაბა! საიდან უნდა მცოდნოდა, რომ თავის კაბინეტში იქნებოდა და, თანაც ქვემოთ მოუნდებოდა ჩამოსვლა დასაშმონავად?
ნინიმ ორივე ხელი გაშალა:
– აუ, ხომ გაფრთხილებდი! არანორმალური ხარ, რა! ჯერ ერთი, მაგ კაცთან რა გინდოდა და, მეორეც, კიდევ უარესი – ოფისში ამის გაკეთება როგორ გაბედე, რა ჭკუაში მოგივიდა?
– შენთან მორალის მოსასმენად არ მოვსულვარ. ისედაც ცუდად ვარ და ნუღარ დამიმატებ, რა! არც არაფერი გამიბედავს, თავისით მოხდა ყველაფერი.
– რა ყველაფერი, გოგო... მართლა ზედ წამოგადგათ ასათიანი?
მარიკო გაღიზიანდა და გაანჩხლდა:
– სისულელეს ნუ ამბობ! ბოზი კი არ ვარ, ოფისში, მაგიდაზე „მივცე“ ვინმეს. უბრალოდ, მეფერებოდა... ისე... რომანტიკულად.
– აჰა! ისე, რომანტიკულად, არა?! და, ასათიანიც სწორედ ამ დროს შემოვიდა. ის, ბუნებრივია, ვერ ჩასწვდა თქვენი ურთიერთობის რომანტიკულობას და სხვა რამე იფიქრა...
– დამცინე, ღირსი ვარ. მე აქ შენთვის გულის გადასაშლელად მოვედი. ჩემი მეგობარი ხარ და, ვიფიქრე, რამე რჩევას მომცემდი... მაგრამ, ვხედავ, შენი იმედი არ უნდა მქონდეს. წავალ. ბოდიში, რომ შეგაწუხე...
– მოიცადე, ნუ გადაირევი. სად უნდა წახვიდე?
– რა ვიცი, სადმე... პრინციპში, სულერთია.
– კარგი, რა! დაჯექი და დაწყნარდი, ერთად რაღაცას მოვიფიქრებთ, ოღონდ, დალაგებით მომიყევი...
***
სასამართლო ლელის თავმჯდომარეობით მაინც შედგა. ქეთიმ რომ იფიქრა, ქარიშხალმა გვერდი ამიარაო, სწორედ მაშინ დაატყდა თავზე. ეს მოხდა დილით. ქეთიმ გიო ასაუზმა და თვითონაც აპირებდა ჩაის დალევას, რომ ლელი მრისხანე სახით შევიდა სამზარეულოში. დოინჯშემოყრილი დადგა მაგიდასთან და წარბი შეყარა. ქეთის გული მოეწურა. ჩაიზე ფიქრიც აღარ შეიძლებოდა. ახლა იმასღა ნატრობდა, როგორმე ხელიდან დასძვრომოდა საომრად შემართულ ქალს და საღამომდე მაინც გადაევადებინა „სისხლისმღვრელი ბრძოლა“...
– იმაზე უფრო უსინდისო ყოფილხარ, ვიდრე გიცნობდი. ჩემს ზურგსუკან ისეთ საქმეებს სჩადიხარ, ახლავე უნდა გაგდებდე სახლიდან შენც და შენს იდიოტ ძმასაც! გაჭმევდით, გასმევდით, ცოტა ამაგი მაქვს თქვენზე? მე რომ არ ვყოფილიყავი, დედათქვენი რომ მოკვდა, მამათქვენი უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში ფიქრობდა თქვენს დატოვებას. ფიქრობდა რა, გადაწყვეტილიც ჰქონდა. მე გადაგარჩინეთ... რას მიყურებ, მე შეგიფარეთ და დედობა გაგიწიეთ, სამაგიეროდ კი რა მივიღე? – უმადურობა, მადლიერების ნაცვლად.
– ლელი, მე ცუდი არაფერი ჩამიდენია, მით უმეტეს, შენ წინააღმდეგ. არ ვიცი, ბრალს რაში მდებ.
– ბრალს რაში გდებ? ფულს მიტეხავ და არ იცი? საზიზღარო, მატყუარა გოგო! მთელი ერთი გარდერობი ტანსაცმელი გიყიდია... საინტერესოა, რა ფულით? ან მომატყუე და ხელფასი იმაზე გაცილებით მეტი გაქვს, ვიდრე ჩემთან მოგაქვს, ან ჩუმად გიგზავნის მამაშენი.
ქეთი გაჩუმდა. ლელიმ ამას თავისებური ახსნა მოუძებნა:
– ასეც ვიცოდი! სათქმელი არაფერი გაქვს, არა? ან რა უნდა გქონდეს, როცა შენი დანაშაული ისედაც თვალსაჩინოა? უსირცხვილო მატყუარა ხარ, თან – უმადური. მოვიფიქრებ, რა სასჯელი მოვიგონო შენთვის!..
– მე ტყუილი არ მითქვამს. არც მამაჩემი მიგზავნის ფულს და ხელფასიც ზუსტად იმდენი მაქვს, რამდენიც სახლში მომაქვს.
– მართალია? აბა, ამდენი ტანსაცმელი თოვლის ბაბუამ გაჩუქა თუ კეთილმა ფერიამ?
– არც ერთმა და არც მეორემ. ეს ყველაფერი სამსახურმა შემიძინა.
– გოგო, ასე უსინდისოდ როგორ ტყუი? – გაცხარდა ლელი, – სად ვცხოვრობთ, არ ვიცი? გუშინ კი არ დავიბადე... თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა ეზარებათ და, ტანსაცმელს, თანაც, ასეთ ძვირფასს, ვინ გიყიდის?
– მე სიმართლეს ვამბობ. საქმეს ასე სჭირდება და, სხვათა შორის, ხელფასიც მომიმატეს. წესით, უნდა გიხაროდეს.
– რა უნდა მიხაროდეს? თავი რომ აიშვი და ისე იქცევი, როგორც მოგეპრიანება?
– ლელი, სულ ტყუილად მეჩხუბები. მე ოჯახისთვის ვზრუნავ. მთელი ხელფასი სახლში მომაქვს და ჩემთვის ერთ თეთრსაც არ ვიტოვებ. ტანსაცმელი მჭირდება. შენ ხომ არ გამოგართმევდი ფულს. ეს არც მიფიქრია...
– აბა, რა იფიქრე, რომ სამსახურში თავს შეაცოდებდი და, ისინიც, როგორც მათხოვარს, დახმარების ხელს გამოგიწვდიდნენ? უსირცხვილო! საინტერესოა, იმათ რა უთხარი... ბოროტი დედინაცვალი მყავს, რომელიც საჭმელსაც არ მაჭმევს, ტანსაცმელს ვინ ჩივისო? ჩემი ლაფში ამოსვრა გადაწყვიტე? ეს კიდევ უარესია, დანაშაულს დანაშაულზე ამატებ. ღირსი არ ხარ, სახლიდან გაგადო შენი ძონძებიანად?!
– რა ხდება, დედა, რა გაყვირებს, რა დააშავა ქეთიმ? – სალომემ ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა და ნახევარდას მეგობრულად გაუღიმა. ქეთი დაიბნა, სალომესგან ასეთი კეთილგანწყობა ეუცხოვა და დაიძაბა.
– აჰა, კარგია, რომ შემოხვედი. შენმა დამ საშინელება ჩაიდინა. ამ საზიზღარმა, ამან... იცი, რა თქვა, ტანსაცმელი ვინ მიყიდაო?!
– ჰო, ვინო? – სალომე ისევ იღიმებოდა.
– შენ, გეტყობა, კარგ გუნებაზე ხარ. დაგავიწყდა, გუშინ როგორი გამწარებული ვიყავი? შენც არ გეღიმებოდა, როცა ამის განახლებულ გარდერობს ათვალიერებდი.
– ჰო, არ მეღიმებოდა, მაგრამ, მოვუსმენ და თქვას, რა მოხდა, ვინ დაასაჩუქრა ასე.
– ახლა შენ უნდა მოისმინო ამისი ახსნა-განმარტება? კარგი. მე კი ისეთი შეურაცხყოფილი ვარ... გამანადგურა და მიწასთან გამასწორა!..
– რა იყო ამისთანა?!
– სამსახურში ხალხს თავი შეაცოდა – თურმე, მოყვა, დედინაცვალი როგორ ტანჯავს და აწვალებს... იმათაც, იქვითინეს, ფული შეაგროვეს და ტანსაცმელი უყიდეს.
– მართლა? ასეთი კარგი თანამშრომლები გყავს? – გადაიკისკისა სალომემ, – მაგარია! მიდი, გამიჩალიჩე და მეც დავიწყებ თქვენთან მუშაობას, რატომაც არა! ახალ ტანსაცმელზე უარს არ ვიტყვი.
– გეყოფა, სულაც არ ვარ ხუმრობის გუნებაზე!
– მერე, ვინ ხუმრობს? – მხრები აიჩეჩა სალომემ, – პრინციპში, მე მჯერა, რასაც ქეთი ამბობს. ისეთი ჩაცმულობით, როგორც ეს სამსახურში დადიოდა, ეტყობა, ფირმის იმიჯს არცხვენდა და ამიტომ უყიდეს ტანსაცმელი.
– სულელი გოგო ხარ, ტუტუცი და უარესად მიშლი ნერვებს! ჩემს სახელსა და იმიჯზე აღარ ფიქრობ?
– მოიცა რა, დაიკიდე! ვინ გიცნობს ამის სამსახურში?
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
– როგორ არა აქვს? მაინტერესებს, გაწვდილ ხელში ჩაგიდეს ფული თუ კონვერტით მოგართვეს?
ქეთიმ ამოიოხრა:
– არ ვიცი, როგორ აგიხსნათ უკეთესად... რამე ისეთ სამსახურში რომ ვმუშაობდე, სადაც სპეციალური ფორმა იქნებოდა საჭირო, ხომ მომცემდნენ და ამაში ტრაგედიას არ დაინახავდი? ზუსტად ეს შემთხვევაა.
– მე მესმის, – თავი დაუქნია სალომემ.
– ნერვებზე ნუ თამაშობ-მეთქი! – იფეთქა ლელიმ.
– უნდა წავიდე, სამსახურში მაგვიანდება, – ქეთი ადგა. ჩაი ჭურჭლის გასარეცხ ნიჟარაში ჩაასხა და კარისკენ გაემართა.
– სად მიდიხარ? შენთან ლაპარაკი ჯერ არ დამიმთავრებია! – უყვირა ლელიმ.
– მაგვიანდება. არ მინდა, შენიშვნა მივიღო. საღამოს გავაგრძელოთ ლაპარაკი, თუ ასე გინდათ.
– იცოდე, დროზე მოდი და არც იფიქრო, რომ საღამომდე დამავიწყდება.
ქეთიმ აღარაფერი უპასუხა. სამზარეულოდან გამოსული კი პირდაპირ მიხოს გადააწყდა. ბიჭმა სპეციალურად გადაუღობა გზა და თვალებმოჭუტულმა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.
– ვა, ქეთო, რა მაგარ ფორმაში ხარ?! პირდაპირ, ისე ანათებ, თვალი მომჭერი. პაემანზე მიდიხარ?
– არა, სამსახურში. შენი არსებობა აღარ მახსოვდა.
– ვა, მართლა? ზოგადად არ გახსოვდი თუ კონკრეტულად ამ სივრცეში, – დაიღრიჯა მიხო.
– შენთან ლაპარაკის არც დრო მაქვს და არც სურვილი. თუ გამატარებ, მადლობელი დაგრჩები.
მიხომ თეატრალურად გაშალა ხელები და ორი ნაბიჯით უკან დაიხია:
– მობრძანდი, ქალბატონო! რა უფლება მაქვს, თქვენი გადაადგილება შევაფერხო, მაგრამ, თუ გამიღიმებ, უფრო ხალისით გავაკეთებ ამას.
ქეთის ზედაც არ შეუხედავს, გვერდი აუარა და ფეხს აუჩქარა...
მიხომ სამზარეულოს კარი შეაღო. ლელი ისევ ბობოქრობდა.
– შენს სტიქიაში ხარ – დილას ჩხუბით იწყებ. არ გინდა, მრავალფეროვნებისთვის, სტილი შეცვალო და იღიღინო ან საყვარელ შვილებს გემრიელი საუზმე მოუმზადო?
– შენ საერთოდ ნუ იღებ ხმას! – შეუბღვირა ლელიმ შვილს, – საუზმე, მით უმეტეს, გემრიელი, უნდა დაიმსახურო!
– რომ ვარსებობ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს კარგს ვიმსახურებ. ხომ ხედავთ, როგორი თავმდაბალი ვარ – არ ვთქვი, საუკეთესოს-მეთქი.
– გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს, თავი მისკდება.
მიხომ თანაგრძნობით მოხვია მხარზე ხელი და, მიუხედავად ქალის მძაფრი პროტესტისა, ლოყით თითქმის ძალით მიეხუტა ლოყაზე.
– ჩემო საყვარელო დედიკო, თავი რომ გისკდება და ბოღმა გაწვალებს, იმიტომაც გეუბნები, ცოტა შეიცვალე-მეთქი. გაგვიღიმე მე და სალომეს და ნახავ, როგორ გიშველის.
– მე მხოლოდ ერთი რამ მიშველის – თქვენგან გაქცევა სადმე შორს და ყველაფრისგან დასვენება, – ასლუკუნდა ქალი, – ნელი სიკვდილით მკლავთ და არც ერთს, არც ერთს არ გეცოდებით...
სალომემ მრავალმნიშვნელოვნად შეხედა ძმას და მხრები აიჩეჩა, აქაოდა, რა ვქნა, რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებო.
***
სარკესთან მისულმა ნინიმ თმა შეისწორა და მარიკოს ჰკითხა:
– შენ რას იზამ, წამოხვალ სამსახურში?
– რა აზრი აქვს? არავითარი შანსი არ არსებობს იმისა, რომ ასათიანი არ გამომაგდებს. თანაც, საჯაროდ გამომლანძღავს. მე კი ეს არ მინდა. დამცირებულად და განადგურებულად რატომ უნდა ვიგრძნო თავი?
– მოიცა, რატომ აკეთებ დასკვნებს წინასწარ? იქნებ, ასათიანმა საერთოდ არაფერი შეიმჩნიოს? პრესტიჟის საქმეა, ბოლოს და ბოლოს.
– ეგ შენი ვარაუდია. მე კი თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე ბრძანება უკვე დაწერილია.
– წამოდი, რა...
– არა, სახლში წავალ. დამირეკე თუ რამეს გაარკვევ, კარგი?
ნინიმ თავი დაუქნია და უცებ გაცხარდა:
– გიშველოს ახლა იმ შენმა ვახომ! დეგენერატი!.. ტყუილად კი არ მძულს და მაღიზიანებს ცოლიანი კაცები. ყველა ერთნაირია – მატყუარა და გარყვნილი!
– ამას ნუ ამბობ. ყველა კაცს აქვს მიზეზი, რის გამოც ცოლს ღალატობს.
– გაჩუმდი, რა... უსუსური არგუმენტია საკუთარი უზნეობის გასამართლებლად. როცა ამას ამბობენ, მე, მაგალითად, მეცინება. მატყუარა კაცი ყველა ქალთან მატყუარაა და მერე თავსაც ერთი პრინციპით იმართლებს. რატომ შეიქმენი პრობლემა? თუ, ვერ ხვდები, რა პრობლემაზე გელაპარაკები?
– სამსახური დავკარგე – ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?
– ამაზე უარესი ის იქნება, თუ ვახოს ცოლი გაიგებს თქვენი „რომანტიკული თავდავიწყების“ ამბავს. თუმცა, არა მგონია, ასათიანი ამაზე წავიდეს, – ნინიმ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, – სულელი ხარ, რა...
– სხვისი განსჯა ადვილია. შენ ხომ არ იცი, მე რას განვიცდი? ლამის გამაგიჟა მარტოობამ... დეპრესია მაქვს...
– ჰმ, შენ არ იცი, რომ დეპრესია ფუფუნებაა, თანაც, დიდი ფუფუნება? შეგიძლია, შენს შვილთან მიხვიდე და უთხრა, მაპატიე, საყვარელო, სამსახური იმიტომ არ მაქვს და შენთვის საჩუქრებს იმიტომ ვეღარ ვიყიდი, რომ დეპრესიაში მყოფმა სისულელე ჩავიდინეო?
– ეს რა პროვოკაციული სიტყვებია, ჩემს შვილს რატომ რევ ამაში! გინდა, სინდისმა შემაწუხოს? მაშინ, იცოდე, რომ უკვე მაწუხებს. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე.
ნინი უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა:
– ძალიან ცუდია, რომ არ გინდა, გაიგო, რას გელაპარაკები. თუ მტრად აღმიქვამ, ჩემთან რატომ მოხვედი?
– სადმე ხომ უნდა წავსულიყავი? წარმოიდგინე, რას ვგრძნობდი...
– ვერ წარმოვიდგენ და არც მინდა, წარმოვიდგინო. იმიტომაც არ ვიჭერ ცოლიან კაცებთან საქმეს. ეს სუსტი, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვშეპარული ქალების საქმეა.
– ანუ, მე არასრულფასოვნების კომპლექსი მაქვს?
– ეს საკუთარ თავს უნდა ჰკითხო. მაგრამ, იფიქრე იმაზე, რომ არსებობს ვალდებულებები და პასუხისმგებლობის გრძნობა. ცხვირს როცა ჩამოუშვებ, ცოლიანი კაცებისკენ კი ნუ გაიხედავ, საკუთარ შვილს შეხედე, რომელსაც ნორმალური ოჯახი სჭირდება.
– ერთბაშად როგორ დაჭკვიანდი?! – ირონიულად მოპრუწა ტუჩები მარიკომ, – მგონი, შევცდი, აქ რომ მოვედი.
– სულ ტყუილად. მე შემიძლია, შეგიცოდო, შენთან ერთად ავქვითინდე და ვთქვა, რომ საშინლად არ გიმართლებს, მაგრამ, ამით შეცდომას შეცდომას დავუმატებთ და პრობლემას გავაღრმავებთ. თუმცა, თუ შენ ეს გინდა... მოკლედ, არ მოდიხარ...
– არა, არ შემიძლია.
– შენი საქმის შენ იცი...
– სახლში წავალ და ბავშვს გავასეირნებ. ერთ რამეში მართალი ხარ – როცა შვილი გყავს, ბევრი რამით ხარ შეზღუდული.
– კარგია, რომ ამაში მაინც დამეთანხმე.
– სხვა რა გამოსავალი მაქვს.
– გამოსავალი გაქვს. უბრალოდ, არჩევანი შენზეა და იფიქრე...
***
მიხომ პირი გააწკლაპუნა.
– მადლობა ვის ვუთხრა, დედიკოს თუ შვილს?
– როგორი ცინიკოსი ხარ... ძალიან ცუდი დრო შეარჩიე ცოლთან ჩხუბისთვის და აქ გადმოსაბარგებლად. ისედაც მძიმე სიტუაცია გვაქვს ამ სახლში.
– მე უკვე გითხარი, რომ შენ თვითონ ამძიმებ სიტუაციას. დაანებეთ თავი მაგ გოგოს, ფული ხომ შემოაქვს სახლში? რა მნიშვნელობა აქვს, ვინ უყიდის ტანსაცმელს, მით უმეტეს, რომ ზედმეტი ხარჯი მოგაკლდებათ?
– რა ადვილად ჭრი და კერავ... თუმცა, შენ რა გენაღვლება, ფეხებზე გკიდია ყველაფერი. აუტანელი და საზიზღარი ბიჭი ხარ. რას გეტყვი, იცი? მოდი, მე დაველაპარაკები შენს ცოლს და შეგარიგებთ. არ შემიძლია, დიდხანს ვერ გაგიძლებ აქ.
– ჩემს ცოლს დაელაპარაკები? – მიხომ ჩაიცინა, – და, რა, აბორტის გაკეთებას მოაფიქრებინებ?
ლელიმ თვალები დაუბრიალა:
– გითხარი, კრეტინი ხარ-მეთქი და უჯიშო. გოგოს მაგას როგორ ვეტყვი, ეგეთი ურჩხულიც კი არ ვარ!
– მაშინ, გააჩინოს და გაზარდოს უჩემოდ. მამობისთვის მზად არ ვარ.
– დეგენერატო! ცოლი რომ მოგყავდა, არ იცოდი, რომ იმას შვილიც მოჰყვებოდა? რატომ არ დაფიქრდი?
– ვერ მოვასწარი, ერთი ნახვით შეყვარება იყო... – გადაიხარხარა მიხომ. ლელიმ ხელები გაასავსავა და სალომეს მიუბრუნდა.
– გააჩუმე შენი ძმა, თორემ, დავახრჩობ!
– მე როგორ გავაჩუმო? – მხრები აიჩეჩა სალომემ, – და, საერთოდაც, ნუ ჩხუბობთ, ძალიან დავიღალე, მალე თავი ამტკივდება.
– ესე იგი, ჩემს ცოლს არ დაელაპარაკები? სერიოზულად გეკითხები... მაინტერესებს, რა ზომები უნდა მივიღო მომავალში?
– აბორტზე ლაპარაკიც არ იქნება, გამორიცხულია. დიდი ბიჭი ხარ და საკუთარ საქციელზე პასუხი უნდა აგო.
– დედა, გეყოფა! ბებია გახდები – ასე რომ, შენც დაზარალდები.
– როგორ არა, თუ იმის იმედი გაქვს, რომ მე შემომაჩეჩებთ ბავშვს, სულ ტყუილად. შენს წინაშე ვალი უკვე მოვიხადე.
– ვიცი, დედიკო, ვიცი... იმიტომაც არ მინდა ზედმეტი პასუხისმგებლობა აგკიდო...
– ოჯახი... შვილი... ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა უნდა მიხვიდე მანდამდე, მაგრამ, შენ ეს ვერ გაგაგებინე.
– შენ ხომ იცოდი, რა... – ჩაილაპარაკა მიხომ დაუფარავი ბოღმით. ლელი მიხვდა, საითაც უმიზნებდა ბიჭი და მაშინვე იფეთქა:
– შენ წინაშე პასუხისმგებლობა მე არასდროს მომიხსნია. მაშინაც კი, როცა... როცა... ქალს ხმა ჩაუწყდა და ლაპარაკი ვეღარ განაგრძო.
– მიდი, მიდი, ნუ გრცხვენია, ბარემ თქვი, როცა სალომეს მამასთან პაემნებზე დავრბოდიო... – არ დაინდო მიხომ.
– ოო, – გაცხარდა სალომე, – რად გინდათ, წარსულს რომ ქექავთ? რა საჭიროა, რას მიიღებთ ამით? მორჩით, რა!
– შენ რა გენაღვლება? შენ მამა ცოცხალი გყავს, მე კი მომიკვდა, სხვათა შორის, ნერვიულობით. რაზე ინერვიულებდა, ალბათ, გასაგებია.
– ცოცხალი, თორემ, ვინმეს რამეში არგია, – მხრები აიჩეჩა გოგომ.
– ასეა თუ ისე, ფულს ხომ გიგზავნის?
– მიგზავნის რა, სულ ჩემზე ხომ არ იხარჯება! მის შვილებს იმხელა პირები აქვთ დაღებული და ჩემზე ორჯერ მეტს ჭამენ.
– სალი, დედაშენს ნუ დაემსგავსები! – თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მიხომ, – მოკლედ, რამდენიმე დღე აქ დავრჩები. უნდა მოვიფიქრო, როგორ მოვიქცე. კარგად უნდა მოვიფიქრო. ხომ არ გინდა, დედიკო, რომ ისევ შეცდომა დავუშვა?
ლელიმ ხელი ჩაიქნია, სალომემ კი ძმას ანიშნა, აქეთ გამოდი, ახლა მე და შენ დავილაპარაკოთო...
***
ნინის უჩვეულო არაფერი შეუნიშნავს. ოფისი ნორმალურ, სტანდარტულ რეჟიმში მუშაობდა. ყველა თავ-თავის ადგილას იჯდა და არც რამე სიახლის ცოდნა ეტყობოდათ, მით უმეტეს – სკანდალური სიახლის. ნათიამ როგორც კი შენიშნა დაგვიანებით მოსული თანამშრომელი, მაშინვე მასთან მივიდა:
– შენი მეგობარი სად არის?
– მარიკო? – ნინიმ გაოცებული, მიამიტი ბავშვის გამომეტყველებით შეხედა.
– ჰო, მარიკო. შენ დაგვიანებით მოხვედი, ის კი ჯერაც არ ჩანს... თქვენს გასაკეთებელს ვინ გააკეთებს?
– ჩვენს გასაკეთებელს? – ნინის გულზე მოეშვა. მარიკოს ხსენებამ ძალიან დაძაბა და უცებ მარტო ის გაახსენდა, რაც მარიკომ მოუყვა.
– თქვენი პროექტი დასამთავრებელია. რა ვქნა, ავიდე ასათიანთან? როდემდე გელოდოთ? მეეჭვება, რომელიმეს ნამუსმა გაგიჭრათ. სად არის?
– არ ვიცი, მე არ მინახავს.
– დაურეკე და უთხარი, სასწრაფოდ მოვიდეს. არ მინდა მე დავრეკო, ძალიან ვარ გაბრაზებული და ვერ გადამირჩება.
– ახლავე, ახლავე დავრეკავ, – დაფაცურდა ნინი.
– ქეთი, ასათიანთან ადი, გეძახის...
ქეთიმ თავი ასწია:
– ახლავე?
– რა თქმა უნდა, ახლავე... რამე პრობლემაა?
– არა, არა, უბრალოდ, თარგმანის ჩასწორებას ვაკეთებ... არა უშავს, მერეც მოვასწრებ...
ნინიმ ქეთის გახედა. ნათიამ მაშინვე შეამჩნია მისი მზერა და წარბი შეიკრა.
– ტყუილად გშურთ ამ გოგოსი. ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს, მოწესრიგებულია, პასუხისმგებლობის გრძნობაც აქვს.
– გემოვნებაც ჰქონია... – ხმამაღლა ჩაილაპარაკა ნინიმ და, რატომღაც, მხრები აიჩეჩა, მერე მობილური აიღო და მარიკოს დაურეკა.
– გოგო, ახლავე მოდი სამსახურში... რატომ და, ნათიამ გიკითხა... არა, რას ამბობ, ასათიანი არაფერ შუაშია. პროექტი რომ გვაქვს დასამთავრებელი, გადარეულია. არც შენ გახსოვდა და არც მე... ნუ სულელობ, უარესი იქნება, თუ არ მოხვალ... აუუ, შენ ვინ ხარ?! რამე რომ იცოდეს ან დავალებული ჰქონდეს, შეემჩნეოდა... არა, რა, არც ასეთი მსახიობია... ნუ სულელობ, მოდი... შენი გაგდება რომ უნდებოდეს, მე ნამდვილად არ დამარეკვინებდა. მოკლედ, მოდიხარ თუ არა?! დახრი თავს და იმუშავებ... არაფერიც არ ხდება. ყველანი აქ ვართ და ყველანი ვმუშაობთ, მხოლოდ ქეთი გამოიძახა ასათიანმა... აუ, შენ, მგონი, გააფრინე ამის ნიადაგზე. თუ ასე გეშინოდა, რატომ ადრე არ იფიქრე გაბაზრებაზე? მე მოვრჩი... მოდი... – ნინიმ ტელეფონი გათიშა და ამოიოხრა.
***
ქეთიმ თმა შეისწორა და კაბინეტის კარი შეაღო.
– შეიძლება, შემოვიდე?
ასათიანმა გაუღიმა და სავარძელში უხერხულად აწრიალდა.
– რა თქმა უნდა. ტელეფონი ჩართული გაქვს?
– დიახ. ხომ არ მირეკავდით? – ქეთიმ მექანიკურად ამოიღო მობილური და ეკრანს დახედა.
– არა, არა, არ დამირეკავს, ისე შეგეკითხე... კარგი გემოვნება გქონია.
– რას გულისხმობთ? – ვერ მიხვდა გოგო.
– იმ დღესაც მომეწონა ტანსაცმელი, რომელიც შეგირჩევია და დღესაც არაჩვეულებრივად გამოიყურები.
– შეხვედრაზე მივდივართ, ბატონო დიმიტრი?
– სავარაუდოდ. ჯერ არ ვიცი, ზარს ველოდები.
– ბატონი ვახოც წამოვა?
ასათიანმა თავი ვერ შეიკავა და ვახოზე დაგროვილი ბოღმა ნაწილობრივ გამოხატა:
– არა, დღეს ბატონი ვახოს გარეშე გავალთ იოლად, არ დაგვჭირდება მისი დახმარება.
– გასაგებია. მე ახლა რამე დავალებას მომცემთ? კონკრეტულს ვგულისხმობ, შეხვედრამდე რაც უნდა გავაკეთო...
– რაღაც მინდა გკითხო, ოღონდ, არ ვიცი, ამას როგორ გაიგებ...
– ისეთი რა უნდა მკითხოთ? თუ საქმეს ეხება...
– არა. პრობლემაც ისაა, რომ საქმეს არ ეხება... – ასათიანი ადგა: მაგიდას შემოუარა და ქეთის გვერდით მიუჯდა: – მინდა, შენზე კიდევ უფრო მეტი ვიცოდე... გყავს ვინმე?
ქეთი შეცბა და გაწითლდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში