რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: როგორ გავარკვიო რა დროს არის ავტომობილში მცველის პრობლემა და რა დროს სხვა რომელიმე სერიოზული დეტალის? ვთქვათ, მანქანა არ დაიქოქა, შეიძლება, რომ ეს მხოლოდ მცველის მიზეზით მოხდეს?
პასუხი: რა თქმა უნდა, ამ პატარა ნაწილს საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს ავტომობილში. შეიძლება გასაღები გადაატრიალოთ, მაჩვენებელმა არ იმუშაოს, მაგრამ მანქანა მაინც დაიქოქოს. რა ხდება ამ დროს? გენერატორს, ისევე როგორც ხელსაწყოების დაფას, არ მიეწოდება სიგნალი იმის შესახებ, რომ აკუმულატორი დასამუხტია. ის არ იწყებს მუშაობას, შესაბამისად, აკუმულატორის რესურსი იწურება, რის შედეგადაც ავტომობილი ან ჩაქრება ან თავად ჩავაქრობთ და ვეღარ დავქოქავთ. ამ დროს იწყება პანიკა და ძებნა იმ მიზეზებისა, რომელმაც ავტომობილი გააჩერა, რეალურად, კი სულ პატარა მცველია დამწვარი. მცველის დაწვა ძალიან იოლია. ის პირველივე გაუმართაობას საკუთარ თავზე იღებს და ეს კი წვავს მას ან უმიზეზოდ გამოდის მწყობრიდან. ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა, იცოდეს მანქანაში კონკრეტულად რა ადგილას არის განთავსებული მცველების ბუდე, სადაც ყველა ერთადაა თავმოყრილი. უმრავლეს შემთხვევებში, ის ხელსაწყოების დაფის ქვეშაა. სხვადასხვა მცველს სხვადასხვა წინაღობა აქვს. თუ დაბალი წინაღობის მცველს მაღალი დაწოლის დასაცავად ჩადებთ, ის, რა თქმა უნდა, ძალიან მალე დაიწვება.
კითხვა: ვარ ახალი მძღოლი და ძალიან მიჭირს წინ ან გვერდით მიმავალ მანქანასთან დისტანციის დაცვა, მიჭირს გაბარიტების აღქმა. თუ ძალიან ჩამოვრჩი, უკნიდან მისიგნალებენ თუ არადა, გაუაზრებლად ძალიან ახლოს მივდივარ და მერე მკვეთრად დამუხრუჭება მიწევს. როგორ შეიძლება, თეორიულად განვსაზღვრო წინ მიმავალ მანქანასთან დისტანცია?
პასუხი: მთავარი ამ შემთხვევაში ისაა, თუ თქვენ რა სიჩქარეზე გრძნობთ თავს თავისუფლად. ვთქვათ მიდიხართ X სიჩქარით, იდეალურია დისტანცია, როდესაც წინ მიმავალ ავტომობილზე არ ხართ ფოკუსირებული და მის მანევრზე დამოკიდებული. დისტანცია უნდა იყოს ისეთი, რომ აანალიზებდეთ იმ მდგომარეობას, რომელიც წინ მიმავალი ავტომობილის კიდევ უფრო წინ ხდება. უნდა შეგეძლოთ გვერდითი სიტუაციების აღქმაც, დამუხრუჭებაც, მოსახვევში საჭირო სიჩქარით შესვლა და სხვა. თუ თავს თავისუფლად ვერ ვგრძნობთ, ანუ ძალიან მჭიდროდ მიჰყვებით წინ მიმავალ მანქანას. ამ დროს მის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ მანევრზე, მყისიერი მანევრიც უკვე დაგვიანებული იქნება. ეს ნიშნავს, რომ დაუშვებლად მცირე მანძილით იყავით დაშორებული წინა ავტომობილს. არავინ ფიქრობს იმაზე, დაამუხრუჭოს კი არა, მოულოდნელად, წინა მანქანა რომ ჩაქრეს, უკნიდან დაჯახება მოუწევს. ამისთვის კარგია ვარჯიში. სადმე, უსაფრთხო ადგილას განავითარეთ X სიჩქარე, მაგალითად, 60 კილომეტრი საათში და მკვეთრად დაამუხრუჭეთ. მიხვდებით, რამდენი ხანი სჭირდება ავტომობილს გასაჩერებლად. ამას რამდენჯერმე თუ გააკეთებთ, მიხვდებით, რამდენი დრო სჭირდება თქვენს ავტომობილს სრული გაჩერებისთვის. კარგია, თუ დაიწყებთ წინ მიმავალი ავტომობილის კონტროლს – თუ მისი დამუხრუჭების მაჩვენებელი წითელს აანთებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ წინ მიმავალ ავტომობილსაც მოუწევს გაჩერება და როგორც მინიმუმ, გაზის პედლიდან ფეხი აიღეთ.
კითხვა: მყავს ავტომობილი „სიტროენი”. ავტომობილს ძირში დამცავი საფარი, ეგრეთ წოდებული „ზაშიტნიკი” ოდნავ ჩამოწეული ჰქონდა. ყურადღება არ მიმიქცევია მისთვის და ამ წვიმების დროს, მთლიანად ჩამოვარდა. ამ დღეებში მისი შეკეთება არ შემიძლია. იქნებ მითხრათ, საშიშია თუ არა ამ პლასტმასის გარეშე სიარული?
პასუხი: დამცავი პლასტმასის არქონა, ერთი და ორი დღე პრობლემას არ შეგიქმნით. მაგრამ, ეს დღეები რაც შეიძლება, ფრთხილად უნდა იაროთ. მაქსიმალურად მოერიდეთ ორმოებს და თხრილებს, რომ კარტერი არ დაზიანდეს და ზეთი არ დაიღვაროს. წვიმების შემთხვევაში კი, მოერიდეთ გუბეებს. კარგი იქნებოდა ხელოსნისთვის მაინც გეჩვენებინათ, რომ ჩამოვარდნილი არ იყოს შიდა რაიმე დეტალი პლასტმასთან ერთად, სანამ ახალ პლასტმასს მიაყენებთ.
კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 3”. რამდენჯერმე ჩავასხი იმაზე ნაკლები ოქტანობის საწვავი, ვიდრე აქამდე ვასხამდი, ყველაზე იაფიანზე გადავედი. ავტომობილის ძრავას რაღაც უცნაური ხმა გაუჩნდა, მეუბნებიან, „კლაპნების” ხმააო და არის თუ არა ეს ასე?
პასუხი: ბევრს ეს ხმა „კლაპნების” ხმაში ეშლება, რეალურად კი, ეს ეგრეთ წოდებული დეტონაციის ხმაა. სანთლიდან ძრავაში მოხვედრილი ნაპერწკალი ერთი ფეთქებით სრულად ვერ ახერხებს დაწვას და ზედ დარჩენილი საწვავის პატარა ნარჩენები ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდება. ანუ, წკარუნი პატარ-პატარა აფეთქებების ხმაა. ბომბი რომ ტყვიების საწყობში ჩავარდეს, დაახლოებით, იგივე რაღაც ხდება. ბომბის, ანუ მთავარი აფეთქების შემდეგ, მას ხომ ტყვიების თანდათანობითი გასკდომის ხმა მოჰყვება. ზუსტად იგივე ხდება აქ. ანუ, მოხდა მთავარი აფეთქება, რომელმაც მოქმედებაში მოიყვანა დგუში, ანუ ძრავა და გამოიწვია საწვავის პატარ-პატარა ნარჩენი წვეთების აფეთქებაც. აუცილებლად ჩაასხით ისევ ის საწვავი, რომელსაც მანამდე ასხამდით და დააკვირდით, გაგრძელდება თუ არა იგივე ხმა.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ვექტრა”, 1995 წლის. აღჭურვილია გადაცემათა მექანიკური მართვის კოლოფით. დილით, სანამ ავტომობილი გახურდება, მაშინაც კი, როცა ნეიტრალურ სიჩქარეშია, დაქოქვისთანავე ნელი ტემპით იწყებს წინსვლას. სიჩქარეში ჩაგდებაც უჭირს. გახურების შემდეგ კი პრობლემა იმდენად არ ემჩნევა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: სავარაუდოდ, ამ ავტომობილის სიჩქარეთა კოლოფი ერთხელ უკვე დაშლილი და აწყობილია. შეცდომაც სწორედ ამ პროცესშია დაშვებული. დეტალები ერთმანეთთან მჭიდროდაა განთავსებული. თუმცა, „ოპელების” საერთო პრობლემაა ის, რომ სიჩქარეებში გადართვა და მით უმეტეს, პირველ სიჩქარეში ჩაგდება უჭირთ და ეს უფრო ცივი ავტომობილის შემთხვევაში იჩენს თავს. ასევე, შესაძლოა სიჩქარეთა კოლოფში ზეთი არასდროს შეცვლილა. ამან მისი გასქელება გამოიწვია, რაც დეტალების შემჭიდროვებას და ავტომობილის წინსვლას იწვევს. პრობლემა მანამ არის, სანამ ზეთი არ გათბება და შესაბამისად, სათანადო დონემდე არ გათხელდება. მესამე სავარაუდო მიზეზი შეიძლება, იყოს ის, რომ სიჩქარეთა კოლოფში ზეთის დონემ იმდენად დაიწია, შეზეთვისთვის საკმარისი არ არის და დეტალები მჭიდროდ ბრუნავს. ბოლო ორ შემთხვევაში, ზეთის შეცვლა პრობლემას გადაჭრის და უმჯობესია, შეცვლის დროს სინთეტიკური, სპეციალურად გადაცემათა კოლოფისთვის განკუთვნილი ზეთი გამოიყენოთ. ის ცივზეც და ცხელზეც ერთნაირად თხელია და შეზეთვის უნარს ყოველთვის ინარჩუნებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრობლემის მიზეზი მისი არასწორი აწყობაა, არის ალბათობა, რომ ასეთი ზეთის გამოყენებამ ამ პრობლემასაც უშველოს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ასტრა”, 2001 წლის. ერთხელ, სიჩქარის შეცვლისას, მოდების (ცეპლენიის) პედალი ჩავარდა და სიჩქარეებში ჩაგდება შეუძლებელი გახდა. მითხრეს, „ტროსი” გაწყდებოდაო. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ჩემი ავტომობილის „ცეპლენიას” „ტროსი” საერთოდ არ ჰქონია. რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ჩავარდნის მიზეზი?
პასუხი: ამ წლის „ოპელებს” ეგრეთ წოდებული, „ვიჟიმნოი პადჩებნიკის” მოქმედებაში მომყვანი ჰიდრავლიკური სისტემა, განთავსებული აქვს სიჩქარეთა კოლოფსა და ძრავს შუა, რომლის დანიშნულებაც არის პედალზე დაწოლისას მოდება გათიშოს და სიჩქარის გადართვის საშუალება მოგვცეს. ის კი საკმაოდ სუსტია და მწყობრიდან იოლად გამოდის. მთელი უბედურება ისაა, რომ სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით, ამ დეტალის შესაცვლელად ძრავა და სიჩქარეთა კოლოფი ერთმანეთს უნდა დააშოროთ.