ვეტერინარის რჩევები
კითხვა: რატომ არის სასურველი, ძუ ძაღლს წყვილი კინოლოგმა შეურჩიოს?
პასუხი: ძაღლი, რაც არ უნდა მაღალი წარმომადგენელი იყოს თავისი ჯიშის, სტანდარტის მიხედვით იდეალური ძაღლი არ არსებობს. 438-ვე ჯიშს თავისი სტანდარტი აქვს. კინოლოგები კი იმისკენ ილტვიან, რომ მინიმალური ნაკლოვანების მქონე ძაღლები მიიღონ, მაგრამ, ასეთი ძაღლებიც კი, არასასურველი ნიუანსებით არის აღსავსე, რასაც ჩვეულებრივი თვალი ვერ ხედავს. მაგალითისთვის ავიღოთ კანე კორსო. კანე კორსოს სასურველი სიმაღლე ძუ ძაღლისთვის 60-64 სანტიმეტრია, ხოლო ხვადისთვის – 64-68. დასაშვებია პლუს-მინუს 2 სანტიმეტრი. თუ ძუ კანე კორსო 59-61 სანტიმეტრია, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაწყვილდეს ასევე არასასურველი სიმაღლის ხვადთან – ორი ერთნაირი ნაკლოვანების მქონე ძაღლის დართვა ერთმანეთთან სასურველი არ არის, ამით შემდეგ ნამატში ჩვენ სიდაბლეს დავამყარებთ – 10 ლეკვიდან 7-ს დაბალს მივიღებთ და ამ 7-ს ისე მაგრად ექნება სიდაბლე გამჯდარი გენში, რომ, შემდგომში რაც უნდა მაღალ ხვადთან დავრთოთ ისინი, მაინც გაგვიჭირდება, მათი ლეკვები სასურველი სიმაღლის გაიზარდონ. შესაბამისად, ჯიში დროთა განმავლობაში გადაჯიშებას განიცდის. მაგალითად, სტანდარტის მიხედვით, დასაშვებია, მაგრამ, სასურველი არ არის, გერმანულ ნაგაზს მკერდზე თეთრი ლაქა ჰქონდეს. თუ ასეთ ძაღლს ანალოგიურად თეთრლაქიან ძაღლთან დავრთავთ, ლეკვებში იმდენად გავამყარებთ ამ მინუსს, რომ შემდგომში უზარმაზარი პრობლემები შეგვექმნება. კინოლოგი, რომელმაც ამა თუ იმ ჯიშის სტანდარტი ზედმიწევნით იცის, ცდილობს, დააბალანსოს როგორც ძუს, ასევე, ხვადის მინუსები, რათა შემდგომი ნამატი მაქსიმალურად დახვეწილი იყოს. გენეტიკურმა ნაკლოვანებებმა, შესაძლოა, დაავადებებიც გამოიწვიოს. მაგალითად, მძიმე ძაღლებს ხშირ შემთხვევაში პრობლემები უჩნდებათ უკანა ნაწილში, რომელიც შემდგომ ვითარდება და იწვევს დისპლაზიას. ეს დაავადება პრაქტიკულად არ იკურნება, ძაღლი იტანჯება და მისი დაძინება უწევთ.
კითხვა: როდის არის ადამიანისთვის საშიში ლეკვის საქციელი?
პასუხი: როცა ლეკვი თამაშის დროს იღრინება, იყეფება და ზურგზე ბეწვი ებურძგნება, ამ დროს ის თავდასხმისთვის ემზადება. გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში, ერთხელაც კი, არ უნდა დაუშვათ, რომ ის თავს დაგესხათ. ამ დროს ლეკვი უნდა დააწყნაროთ. მოეფეროთ და ეს აგრესიულობა რამით შეურბილოთ, მაგალითად, მისცეთ სასუსნავი ან სათამაშო. თუ ლეკვი ხშირად ავლენს აღნიშნული სახის აგრესიას, სასურველია, ის მიიყვანოთ მწვრთნელთან, ანუ, სპეციალისტთან, რომელიც დაგეხმარებათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. აგრესია ძირითადად ისეთ ძაღლებს უყალიბდებათ, რომლებსაც თავი ხროვის ლიდერად მიაჩნიათ. უნდა გახსოვდეთ, რომ ძაღლი არასდროს „აღიარებს“ იმას, რომ პატრონი მასზე მაღლა დგას, ანუ, მასზე მბრძანებლობს. ასევე უნდა იცოდეთ, რომ ძაღლი პერიოდულად იბრძოლებს იმისთვის, რათა ოჯახში ლიდერობა მოიპოვოს. სასურველია, ამ საკითხის გადასაწყვეტად მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ ლეკვის ხასიათის სწორად ჩამოყალიბებაში, რადგან, ლეკვობის პერიოდში დაშვებული შეცდომა შემდგომში შეიძლება სავალალო გახდეს, ანუ, ცხოველის ხასიათის ჩამოყალიბებაზე ცუდად იმოქმედოს.
კითხვა: სტანდარტის მიხედვით, როგორი უნდა იყოს კავკასიური ნაგაზი?
პასუხი: ხვადი ნაგაზის საშუალო სიმაღლე 75-80 სანტიმეტრია, ამას ემატება თავის სიმაღლეც. სიგანეში კი ის ძალიან განიერია. ძუ, 62 სანტიმეტრზე დაბალი არ უნდა იყოს. ძუები შედარებით უფრო ნაზები და ხვადებზე მომცრო ტანის არიან. სხვათა შორის, ხასიათით ხანდახან ძუები უფრო გამოირჩევიან სიმკაცრითა და სიავით. კავკასიური ნაგაზი ფიზიკურად იმდენად ძლიერია, შეიძლება, ერთი თავის გაქნევით მოგტეხოთ რამე. ამიტომ, უცხო ძაღლთან მიკარება სასურველი არ არის, თუნდაც პირბადე ეკეთოს. მათ წონას რაც შეეხება, იწყება 55 კილოგრამიდან და ადის 100 კილოგრამამდე. თუ პატრონმა არ იცის, როგორ ავარჯიშოს და ამოძრაოს ნაგაზი, ასეთი ძაღლი იოლად ბერდება.
კითხვა: რა არის წელიწადის ამ დროს ცხოველებისთვის ძირითადი პრობლემა?
პასუხი: პირველი და ძირითადი პრობლემა, რაც ამ პერიოდისთვის იჩენს თავს, არის რწყილები და ტკიპები, რომლისგან თავის დაცვა არც ისე მარტივია.