ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ მოვუარო ფილოდენდრონს?
პასუხი: ფილოდენდრონი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მცენარეა. მისი მრავალი სახეობა არსებობს და ყოველ მათგანს მინიმალური მოვლა სჭირდება. ეს სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდება ფოთლების ფერითა და ფორმით. მცენარეს საყრდენი სჭირდება, რადგან მის გარეშე ფილოდენდრონი ქოთნიდან გადმოეკიდება ამიტომ მისი ტოტები ქოთანში ჩარჭობილ ხავსიან საყრდენს უნდა შემოახვიოთ. მცენარე შუადღის მზეს მოარიდეთ, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ფოთლების სიჯანსაღისა და სიკაშკაშისთვის მას სინათლე არ უნდა მოაკლდეს. მისთვის ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 15 გრადუსი. აქტიური ზრდის პერიოდში ის რეგულარულად მორწყეთ, რადგან მისი მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. იმისთვის რომ, მას წყალი არ მოაკლდეს, ზაფხულში შეგიძლიათ ძირგადაჭრილ პლასტმასის ბოთლს თავსახურზე პატარა ნახვრეტი გაუკეთოთ და ქოთანში ჩაკიდოთ, ამგვარად მცენარეს წყალი არ მოაკლდება. ფილოდენდრონი ზამთარში ზრდას ანელებს და ასეთ დროს ეცადეთ, იშვიათად მორწყათ. ზრდის პერიოდში მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ. თუ თქვენი მცენარე სიმაღლეში ძალიან გაიზარდა, შეგიძლიათ, გადაჭრათ. საერთოდ, ამ მცენარეს ბევრი პარაზიტი ემტერება და ფრთხილად იყავით.
კითხვა: რა პირობებში ვამყოფო იუსტიცია?
პასუხი: მისთვის ნორმალურია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი. აქტიური ზრდის პერიოდში უხვად მორწყეთ. გაზაფხულიდან ზაფხულამდე ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ მისი ნიადაგი. მისი მიწა ზამთარშიც ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ, არ მორწყათ ისეთი ინტენსივობით, როგორც ზაფხულში. თუ გსურთ, რომ იუსტიციამ კარგად იყვავილოს, სინათლეზე დადგით. მისთვის საუკეთესო ადგილი დასავლეთის ფანჯარაა. მცენარის კომპაქტურობისთვის, შეგიძლიათ, გაზაფხულზე გასხლათ. თუ გსურთ, რომ მცენარე მაღალი გაიზარდოს, აუცილებლად მიაშველეთ საყრდენი.
კითხვა: როგორ პირობებში ხარობს ტრადესკანცია?
პასუხი: ეს მცენარე კარგად იზრდება როგორც თბილ, ასევე, გრილ და ნათელ ოთახში. ზაფხულში სასურველია სუფთა ჰაერზე გაიტანოთ, ზამთარში კი ნათელ ადგილას უნდა მოათავსოთ და ოთახში ტემპერატურა მინიმუმ 10 გრადუსი უნდა იყოს. ტრადესკანციას ასევე მოსწონს ჩამოკიდებულ ქოთანში გახარება. ზაფხულში მორწყეთ მცენარე ხშირად, კარგია წყლის შეპკურებაც. ზამთარში ნაკლებად სჭირდება წყალი. მარტიდან სექტემბრის ჩათვლით თვეში ორჯერ გამოკვებეთ მინერალური სასუქებით.
კითხვა: როგორ მოვუარო პასლენს?
პასუხი: დადგით მცენარე მზიან ადგილას, თავს ცუდად გრძნობს ძალიან თბილ ოთახში. ზაფხულში მცენარე აუცილებლად გარეთ გაიტანეთ, ზამთარში კი გრილ ოთახში ამყოფეთ. ამ დროს იშვიათად მორწყეთ. სითბოში ხშირად უნდა შეაპკუროთ წყალი და გააკონტროლოთ, რომ მიწის კომი არ გამოშრეს. შემოდგომაზე, როდესაც მცენარე ფოთოლცვენას დაიწყებს, სასურველია, გაკრიჭოთ და ნათელ ადგილას დადგათ. აპრილიდან დაიწყეთ ინტენსიურად მორწყვა და თვეში ერთხელ მიწა ყვავილების ნაკელით გაანოყიერეთ.
კითხვა: როგორი სინათლე სჭირდება ბეგონიას?
პასუხი: ამ მცენარეს სჭირდება გაფანტული სინათლე, ზაფხულში არ უყვარს მწველი მზის სხივები. ჰაერი უნდა იყოს ნესტიანი, ტენიანობის შესანარჩუნებლად დაუდგით ქოთანს გვერდით წყლით სავსე ჭურჭელი. ის კარგად ეგუება ოთახის პირობებს და მშვენივრადაც ხარობს.
კითხვა: როგორ გავამრავლოთ ციკასი და როგორ ნიადაგს ითხოვს მცენარე?
პასუხი: ეს მცენარე იოლად მრავლდება თესლითაც და ამონაყარითაც. სირთულეს არც ერთი არ შეგიქმნით და, ამიტომ, გაამრავლეთ იმ მეთოდით, რომელიც თქვენთვის ხელსაყრელი იქნება. ის ოთახის მშვენიერი მცენარეა. თუ ციკასი მომცრო ზომის ჭურჭელში გაქვთ, მაშინ კარგ დრენაჟიან ნიადაგში უნდა იყოს ჩარგული. გადარგვისას ფესვები არ უნდა შეაჭრათ. ჭურჭელში ჭარბი ტენი ფესვების ლპობას იწვევს. გახსოვდეთ, რომ ეს მცენარე გარე გრუნტშიც კარგად ხარობს, უყვარს ნოყიერი ნიადაგი და არ არის პრეტენზიული.