კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ეძებენ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიაში რუსთავიდან

 

45 წლის ნატო ვლადიმერის ასული კუზმინა ეძებს ბიძას დაახლოებით 81-84 წლის არველაძეს (სახელი და მამის სახელი უცნობია).

ისტორია: ვეძებ ბიძაჩემს‚ მამის ნახევარძმას. სამწუხაროდ‚ მისი სახელი ჩემთვის უცნობია‚ ისევე‚ როგორც მისი მამის სახელი და ზუსტი ასაკი‚ გვარით კი ის არველაძეა და ამჟამად დაახლოებით 81-84 წლამდე უნდა იყოს. ბიძაჩემი დაბადებულია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიაში. დედამისს ერქვა ნინა მოსეს ასული კაცოვა (ეს მისი ქალიშვილობის გვარი იყო)‚ მამა კი‚ როგორც ვთქვი‚ გვარად არველაძე იყო. საბედნიეროდ‚ მე მაქვს ბებიას (ნინას) ფოტო და ჩემი დაკარგული ბიძის მამის ფოტო. ამჟამად ვცხოვრობ რუსთავში და თქვენი რუბრიკის დიდი იმედი მაქვს.

– რა მიზეზით არ იცით მამის ნახევარძმის სახელი? გვიამბეთ ეს ისტორია.

– მამაჩემის ნახევარძმა (ისინი დედით ერთნი იყვნენ) არასდროს მინახავს. მისი არსებობის შესახებ სრულიად შემთხვევით გავიგე დაახლოებით 1994-1995 წლებში. ბებიაჩემი, ნინა მოსეს ასული კაცოვა, ეროვნებით ებრაელი იყო და ცხოვრობდა ხარკოვში‚ სადაც გაიცნო ქართველი არველაძე (სახელი უცნობია). მათ შეჰყვარებიათ ერთმანეთი და იმ კაცმა ნინა საქართველოში‚ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიაში ჩამოიყვანა (სადაც თვითონ ცხოვრობდა). რამდენადაც ვიცი‚ ნინა მაშინ ძალიან ახალგაზრდა‚ დაახლოებით 13-15 წლის იქნებოდა და, ამიტომ, არა მგონია‚ ნინას სრულწლოვანების მიღწევამდე მათ ხელი მოეწერათ‚ მაგრამ, შემდგომში ნინა უკვე მეუღლის გვარზე – არველაძეზე იყო გადასული. სოფელ ადლიაში ნინა დაახლოებით 1928 წელს ჩავიდა‚ სადაც მას შეეძინა ვაჟი‚ რომელიც ამჟამად დაახლოებით 81-84 წლის უნდა იყოს. სწორედ ის არის მამაჩემის ნახევარძმა, ანუ ბიძაჩემი, რომელიც მე არასდროს მინახავს, მაგრამ ძალიან მინდა მისი პოვნა. სამწუხაროდ‚ მამაჩემიც და დედაჩემიც უკვე დიდი ხანია, ცოცხლები აღარ არიან‚ მამაჩემის ნახევარძმის ამბავი კი მე‚ როგორც გითხარით‚ სრულიად შემთხვევით გავიგე (მაშინ აღარც დედა მყავდა ცოცხალი და აღარც მამა): ისრაელში სამუშაოდ ვაპირებდი წასვლას და დამჭირდა საბუთი‚ სადაც დაფიქსირდებოდა‚ რომ ბებია (მამის მხრიდან) ებრაელი მყავს. სწორედ მაშინ ვიყავი ჩასული ბათუმში და იქ არქივში გავიგე‚ რომ ნინას ჰყოლია შვილი. მახსოვს‚ გაოგნებული დავრჩი‚ რადგან ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი, იმ დღიდან კი მოსვენება დავკარგე და ყველანაირად ვცდილობ‚ გავიგო რაიმე იმ ადამიანის შესახებ. ნინას ის ვაჟი პირველი ქორწინებიდან ჰყავდა‚ მამაჩემი კი მაშინ შეეძინა‚ მეორედ როდესაც გათხოვდა.

– მაინც‚ როგორ მოხდა‚ რომ თავის ნახევარძმასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია‚ და საერთოდ, მამათქვენმა თუ იცოდა მისი არსებობის შესახებ? 

– ნამდვილად ვერ გეტყვით‚ იცოდა თუ არა მამამ რამე თავისი ნახევარძმის შესახებ. ჩემი მშობლები დიდი ხანია‚ რაც გარდაიცვალნენ და, ყველაფერი‚ რაც მე სრულიად შემთხვევით გავიგე ამ ამბის შესახებ‚ ბებიას მეზობლებისგან ვიცი‚ რადგან‚ ბებიაჩემი ნინაც ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა. ვიცი‚ რომ ბებიას პირველი მეუღლე (არველაძე)‚ ძალიან ახალგაზრდა იყო‚ როდესაც გარდაცვლილა. მაშინ ნინას უკვე ჰყავდა ვაჟი და ის დაახლოებით 12-13 წლის იქნებოდა (დაზუსტებით ვერ გეტყვით). თავად ნინა მუშაობდა ბათუმში‚ სამკერვალო ფაბრიკაში. ასევე, ვიცი‚ რომ ბებია იმყოფებოდა პარტიულ აღრიცხვაზე (იმ დროის ამბავი ხომ მოგეხსენებათ)‚ და ფაბრიკაში მუშაობისას არველაძის გვარზე იყო. როგორც ჩემთვის ცნობილია (შეიძლება, ვცდებოდე კიდეც)‚ შვილის გარდაცვალების შემდეგ‚ მამამთილს და დედამთილს არ უნდოდათ ნინასთვის ვაჟის გატანება‚ ანუ‚ როგორ ჩანს‚ ისინი შიშობდნენ‚ რომ, ნინა (რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა იყო) მეორედ გათხოვდებოდა და, ერჩივნათ‚ ბიჭი მათთან ყოფილიყო. 1944 წელს ნინა ბაბუაჩემს (მამის მამას), ეგორ კუზმინს გაჰყვა ცოლად. ეგორი მეზღვაური იყო‚ ნინას და მას შეჰყვარებიათ ერთმანეთი და კიდეც დაქორწინებულან. როგორც მეზობლებისგან გავიგე‚ ნინა ძალიან კარგი ქალი იყო და მას ყველა პატივს სცემდა. შვილის სანახავად ის თურმე ხშირად საგანგებოდ ემზადებოდა: ჩანთებს აავსებდა და მიდიოდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიაში‚ მაგრამ იქიდან ხშირად ცრემლიანი ბრუნდებოდა, თუმცა, არავინ იცის‚ რატომ (შესაძლოა‚ იმიტომ‚ რომ მას შვილს არ ანახვებდნენ). მამაჩემი დაიბადა 1945 წელს. მაინტერესებს‚ მან თუ იცოდა რაიმე თავისი ნახევარძმის შესახებ‚ ან თუ ეძებდა მას. მამაჩემის მეგობარი იხსენებს‚ რომ ერთხელ მათთან ჩამოსული იყო ვიღაც კაცი (დიდი ულვაშებით)‚ იმ კაცმა მამაჩემი სადღაც წაიყვანა და მალე ისევ უკან მოიყვანა (შეიძლება‚ მან ძმები ერთმანეთს გააცნო კიდეც). ასევე‚ ვიცი‚ რომ მამაჩემის ნახევარძმის მხარე აჭარლები უნდა იყვნენ. სამწუხაროდ‚ მათი არც სახელები‚ არც გვარები არ ვიცი. იმედი მაქვს ჩვენს სახლში შემონახული ფოტოსი‚ რომელზეც‚ როგორც ვიცი‚ ნინას მამამთილი უნდა იყოს (გრძელულვაშებიანი მამაკაცი) გამოსახული. ის ამჟამად ცოცხალი არ იქნება‚ მაგრამ‚ ხომ შეიძლება‚ ეს ფოტო იცნოს ვინმემ და მაპოვნინოს ბიძაჩემი? როდესაც ნინას გარდაეცვალა მამამთილი (ეგორის მამა)‚ ის კაცი ჩამოსული ყოფილა სატირალზე (საუბარი მაქვს დაკარგული ბიძის ბაბუაზე).

– როგორ ფიქრობთ‚ მამათქვენის ნახევარძმა‚ თუკი მან იცის ეს ისტორია‚ შეიძლება თუ არა გეძებდეთ თქვენ?

– ამაზე ხშირად მიფიქრია‚ მაგრამ, პასუხს ვერ გეტყვით. თუკი ის‚ რაც მე გავიგე‚ სინამდვილეა და, მაშინ‚ როდესაც ნინა გათხოვდა‚ ბიძაჩემი უკვე 13-15 წლის იყო, სავარაუდოდ‚ მას ემახსოვრება დედამისი და, ალბათ, ისიც ეცოდინება‚ რომ ნახევარძმა ჰყავს. მას შემდეგ‚ რაც ბიძის არსებობის შესახებ გავიგე‚ მოსვენება დავკარგე და დიდი იმედი მაქვს‚ რომ ეს ძიება შედეგს გამოიღებს. ბებიას ფოტოც მაქვს‚ იმედია‚ მასაც იცნობს ვინმე‚ ვისაც ეცოდინება ეს ამბავი.

თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

 

скачать dle 11.3