როგორ იძია შური ახალგაზრდა ნარკომანმა მამაზე და ვის ანდო მან მამის ოფისის გაძარცვა
ოპერატიული ინფორმაცია შ.პ.ს „ძალის” ოფისისა და საწყობის გაქურდვის შესახებ სამართალდამცველებმა ქურდობიდან რამდენიმე საათში მიიღეს. მომხდარის შესახებ პოლიციის განყოფილებაში ერთ-ერთმა თანამშრომელმა დარეკა, რომელიც შემთხვევის ადგილზე თავისი მეწყვილის, ოფისის დარაჯის შესაცვლელად მივიდა. პირველმა სწორედ მან აღმოაჩინა, რომ ოფისი გაქურდული იყო, მანვე მიაგნო უფროსის კაბინეტში მაგიდაზე თოკით მიბმულ დარაჯს, 57 წლის დათა დურგლიშვილს, რომელსაც მთელი ღამე წამებაში გაეტარებინა, რადგან ცალი ფეხით მაგიდის ფეხზე, ხელებით კი რკინის სეიფის კარზე იყო მიბმული.
ამონაწერი მოწმის, ვახო კაჭკაჭიშვილის ჩვენებიდან: „სამსახურში ჩვეულებისამებრ, კვირას, დილის ცხრა საათზე მივედი – ჩემი „სმენა” იყო და დათა უნდა შემეცვალა. უკვე ხუთი წელია, მე და დათა ერთად ვმუშაობთ და ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა გვაქვს. საერთოდაც, მან მიმიყვანა ამ ოფისში სამუშაოდ. დილით, სანამ სახლიდან გავიდოდი, ტელეფონით რამდენჯერმე დავურეკე და არ მიპასუხა, მაგრამ, ცუდი არაფერი მიგრძნია, ვიფიქრე, რომ ჩაეძინა, ცოტა ხანში კიდევ გადავურეკე, მაგრამ, ისევ არ მიპასუხა. სამსახურში მისულს კარი არ გამიღო, საკუთარი გასაღების მოძიება დამჭირდა. დათა დაცვის ოთახში არ დამხვდა, მთელი ოფისი შემოვირბინე და ვერსად ვიპოვე, დიდი ხნის ძებნის შემდეგ მივაგენი უფროსის კაბინეტში – მაგიდასა და რკინის სეიფზე თოკით იყო მიბმული, პირი კი სკოჩით ჰქონდა გადაკრული. დათა ავხსენი და მაშინვე უფროსს დავურეკე, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. მათ მოსვლამდე საწყობში გადავედი, რომელიც ოფისის მარჯვენა ფლიგელში გვაქვს. როგორც კი საწყობის კარი შევხსენი, მივხვდი, რომ გაქურდული იყო: ძირს ეყარა უცხოური ფოტოაპარატებისა და „აიპოდის” ცარიელი ყუთები – ქურდს თითქმის ნახევარი საწყობი დაეცარიელებინა.“
შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დაიკითხა დაზარალებული დათა დურგლიშვილი, რომელმაც მომხდარის შესახებ დაწვრილებით უამბო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს: – „იმ დღეს ჩემი მორიგეობა იყო – შაბათ დილიდან კვირა დილამდე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი. დაახლოებით ღამის 12 საათზე გადავწყვიტე, ცოტა წამეძინა და სანამ ჩემს ოთახში შევიდოდი, ოფისის შემოვლა დავიწყე. ჯერ საწყობთან მივედი, მერე ისევ ოფისში შემოვბრუნდი და უფროსის კაბინეტისკენ წავედი. გასაღები ამოვიღე, რომ კარი გამეღო და უცებ უკნიდან ვიღაც დამესხა თავს. ფიზიკურად ისეთი ძლიერი იყო, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. სახეზე ნიღბად შავი ნაქსოვი ქუდი ჰქონდა გამოყენებული და მაშინვე ვიფიქრე, ალბათ, ვიცნობ და სახეს იმიტომ მალავს-მეთქი. თავდამსხმელმა მაშინვე მითხრა: კეთილი ჯინი ვარ, ყველა სურვილს ვასრულებ, შენ არაფერს დაგიშავებ, მაგრამ, თუ ხელის შეშლას შეეცდები, ბოროტ ჯინად გადავიქცევიო. რა წინააღმდეგობა უნდა გამეწია! მივხვდი, რომ თავზეხელაღებული იყო და უკან არაფერზე დაიხევდა. მან გასაღებების აცმა ამართვა და მე უფროსის ოთახში შემიყვანა. მაშინ შევნიშნე, რომ ზურგზე ჩანთა ჰქონდა მოგდებული, საიდანაც თოკები ამოიღო. ვიფიქრე, დახრჩობას მიპირებდა. უცებ მთელი ძალით ზურგში დამარტყა და ძირს დამაგდო. სეიფთან ახლოს დავეცი. მაგიდა ახლოს მოწია და მის ფეხზე ფეხით, სეიფის კარზე კი ხელებით მიმაბა. სეიფი იმ პერიოდში გახსნა, როცა მე ძირს ვეგდე. ვიცოდი, რომ სეიფი დაკეტილი იყო და, ღია რომ დამხვდა, გამიკვირდა, რადგან ჩემი შეფი სეიფს ღიას არასდროს ტოვებდა. თავდამსხმელმა ჩემ თვალწინ გამოიღო სეიფიდან თანხა, რომელიც, როგორც მერე გაირკვა, 4 000 ლარამდე იყო. სანამ ოთახს დატოვებდა, მძარცველმა ჯიბიდან ამომაცალა მობილური ტელეფონი, პირზე სკოჩი გადამაკრა და გასვლისას მითხრა: ხომ გითხარი, კეთილი ჯინი ვარ და ამიტომაც უვნებლად გტოვებო. თავის ახსნა რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ, თოკის კვანძი სკოჩით იყო გადაწებებული და ვერაფრით მოვახერხე მისი გახსნა და მთელი ღამე ასე დაბმულმა გავატარე, დილით კი ჩემი მეწყვილე მოვიდა და მან გამათავისუფლა”.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ოფისიდან 4 000 ლართან ერთად 3 500 ლარის ღირებულების „აიპოდი” და ფოტოაპარატი იყო გატაცებული. როგორც ჩანდა, მძარცველი გამოუცდელი იყო, რადგან, შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს მისი „ხელწერა” – ნიღაბი, რომელიც ეზოში, რკინის ბოძზე იყო ჩამოცმული. ასეთი ორიგინალური ხუმრობით დაემშვიდობა მძარცველი შემთხვევის ადგილს. იქვე ახლოს ეგდო დაზარალებული დარაჯის მობილური ტელეფონიც. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაადგინეს, რომ ძარცვის დაწყებამდე გამორთული იყო რამდენიმე ვიდეოკამერა და სიგნალიზაციის პულტი, რაც საწყობისა და ოფისის გაკონტროლების დამატებითი საშუალება იყო, ვინ გამორთო სათვალთვალო კამერები, ამაზე პასუხის გაცემა ძნელი იყო. შ.პ.ს-ს ხელმძღვანელმა, 60 წლის ნუგზარ კაპანაძემ, დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა.
ამონაწერი ნუგზარ კაპანაძის ჩვენებიდან: „ოფისი შაბათს, გვიან საღამოს დავტოვე. ცუდად ვიყავი, შვილმა მომაკითხა და სახლში მან წამიყვანა. ჩემს კაბინეტში ფულის დატოვება არ მჩვევია, მაგრამ იმ ღამეს ფული არ წავიღე – მეორე დილით ჩემთან, სამსახურში, უნდა მოსულიყო ერთი ადამიანი და ის ფული მისთვის უნდა გადამეცა და ამიტომ ფულის წაღებას აზრი არ ჰქონდა. პატარა ოფისი და საწყობი გვაქვს, მაგრამ დაცული. სულ რამდენიმე ადამიანია დასაქმებული, დარაჯებს ძალიან ვენდობოდი და ეჭვიც არ გამივლია, რომ შეიძლებოდა რამე მომხდარიყო.“ იმის მიუხედავად, რომ ოფისის დარაჯი, დათა დურგლიშვილი დაზარალებული იყო, მძარცველს ყველაფერი ისე გაეკეთებინა, რომ გამოძიებას ეჭვი მასზე მიეტანა. თუ მძარცველი თავად დაზარალებული იყო, მას თანამონაწილეც უნდა ჰყოლოდა, რადგან, საკუთარი თავის სეიფზე მიბმას მარტო ვერ შეძლებდა. მთავარ შეკითხვად რჩებოდა, თუ ვინ გამორთო სათვალთვალო კამერა. ოფისის მეპატრონეს უჭირდა იმის გახსენება, შეამოწმა თუ არა ოფისიდან გასვლისას სეიფი და სიგნალიზაციის პულტი, ამის მიზეზად კი საკუთარ ავადმყოფობას ასახელებდა.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ გვიან ღამით ოფისი დატოვა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ფეხით დაუყვა ქუჩას და მოშორებით გაჩერებულ ავტომანქანაში ჩაჯდა. სავარაუდოდ, სწორედ მას უნდა ჩაედინა ძარცვა. სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ძარცვაში, შესაძლოა, ოფისის მეპატრონის ნუგზარ კაპანაძის შვილი, გიორგი, ყოფილიყო გარეული, რომელიც, გარდა იმისა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, თავისი ასაკის, 22 წლის მიუხედავად, კრიმინალურ ისტორიებთანაც ჰქონდა წარსულში კავშირი. გამოძიებით დაადგინეს, რომ გიორგის მამასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და მასთან სამსახურში იშვიათად მიდიოდა ხოლმე, თუმცა, ჩადენილ დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ის ორჯერ მივიდა მამის კუთვნილ ოფისში მეგობართან ერთად. საეჭვოდ დაემთხვა მისი ვითომდა მოულოდნელი ვიზიტი მამასთან ზუსტად იმ დღეს, როდესაც ოფისი გაძარცვეს. გიორგი კაპანაძეს მამის სამუშაო ოთახიდან თავისუფლად შეეძლო სათვალთვალო კამერის გამორთვა, ეს კი მის წინააღმდეგ უკვე სერიოზული მტკიცებულება იყო. სამართალდამცველებმა გიორგი კაპანაძეც დაკითხეს, რომელიც დიდხანს უარყოფდა რაიმე კავშირს ჩადენილ დანაშაულთან, თუმცა, მისი კავშირების შესწავლის შემდეგ გამოძიებისთვის ბევრი რამ გახდა ცნობილი. სამართალდამცველებმა დამნაშავეს – 24 წლის გუგა კოხრეიძესაც მიაგნეს, რომელიც გიორგის მეგობარი იყო. საბოლოოდ გიორგი კაპანაძემაც აღიარა, რომ ძარცვის თანამონაწილე იყო და მამის ოფისის გაქურდვა მან თავად დაგეგმა.
ამონაწერი გიორგი კაპანაძის ჩვენებიდან: „ბოლო პერიოდში მამასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მქონდა, ფულს აღარ მაძლევდა – თვითონ დაიწყე მუშაობა და შენი ოჯახი შეინახეო, მეუბნებოდა. ძალიან ვიყავი მასზე გაბრაზებული, ამით თითქოს შურიც კი ვიძიე მასზე. ცოტა ხნით ადრე, სანამ ძარცვას დავგეგმავდი, 3 000 ლარი დამჭირდა. მამას ვთხოვე, მაგრამ ამაზეც უარი მითხრა. ის ფული აუცილებლად უნდა მეშოვა, თორემ ცუდად წავიდოდა ჩემი საქმე. სწორედ ამ ფულმა მაცდუნა. ერთ დღესაც, გუგას დავუკავშირდი და ვუთხარი: მოდი, მამაჩემის ოფისი გავქურდოთ-მეთქი. მე იქ ვერ წავიდოდი. ამიტომ, ყველაფერი ისე გავაკეთე, რომ ოფისში მისულ გუგას პრობლემები არ შეჰქმნოდა. წინასწარ ორჯერ მივიყვანე მამაჩემის სამსახურში, რომ ყველაფერი ენახა; ის ადგილიც ვაჩვენე, საიდანაც ღობეზე იოლად გადავიდოდა და ოფისშიც ისე შეაღწევდა, რომ დარაჯი მის დანახვას ვერ შეძლებდა. პირველ დაგეგმილ დღეს ძარცვა ჩაგვეშალა, რადგან იმ ღამეს დარაჯმა სამსახურში მეგობარი მიიყვანა, ორ ადამიანთან კი გუგა მარტო ვერ შეძლებდა გამკლავებას. მართალია, ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ, წინააღმდეგობა რომ გაეწიათ, ისინი მოერეოდნენ და ამიტომ ეს საქმე გადავდეთ. მერე ძარცვისთვის შაბათი დღე ავირჩიეთ, ვიცოდი, მამა სამსახურში რომ იყო და თავზე დავადექი. მაღალი წნევა ჰქონდა და სახლში წაყვანა შევთავაზე. დავინახე, რომ სეიფი, რომელშიც ფული ჰქონდა, ღია დატოვა, რაც მაშინვე ესემესით შევატყობინე გუგას. ისე შეუმჩნევლად გავთიშე ვიდეოკამერა, მამას არც კი შეუმჩნევია. ყველაფერი ისე გავაკეთე, რომ ეჭვი დარაჯზე მიეტანათ. მამა სახლში მივიყვანე თუ არა, გუგას შევხვდი და დეტალებზე შევთანხმდით: ფულს შუაზე ვიყოფდით, ფოტოაპარატები და „აიპოდები” კი მისი დეიდაშვილისთვის ბათუმში უნდა გაგვეტანებინა გასაყიდად. მე ღამით სახლში დავრჩი – მაინც თავი დავიზღვიე, რომ, თუ დამჭირდებოდა, ალიბი მქონოდა. ვიცოდი, გუგას არ გაუჭირდებოდა ასაკოვან დარაჯთან გამკლავება, ოღონდ ვთხოვე, რომ არ მოეკლა. ის შემთხვევის ადგილზე მომზადებული მივიდა – თან ჰქონდა თოკი და სკოჩი. როცა ყველაფერი დასრულდა და გუგამ ოფისი დატოვა, ესემესი მომწერა დარაჯი სახლში გავუშვიო”. ეს იყო ჩვენი პაროლი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მე და გუგა მეორე დილითვე შევხვდით ერთმანეთს, ფული გავიყავით, ნაქურდალი ნივთები კი გუგას დეიდაშვილის დაქირავებულ სახლში გადავმალეთ”.
ჩადენილი დანაშაული მოგვიანებით გუგა კოხრეიძემაც აღიარა. სასამართლომ ორივე ახალგაზრდა დამნაშავედ ცნო და ჩადენილი დანაშაულისთვის ორივეს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.