ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: მოგახსენებთ, რომ ვარ მესამე რიგის იპოთეკარი, ვინაიდან მოვალე მხარე არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მივმართე არბიტრაჟს თანხის დაკისრებისა და ბინის იძულებით რეალიზაციის მოთხოვნით. სააღმსრულებლო ფურცელი წარვადგინე სააღმსრულებლო ბიუროში, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ბინის სხვა იპოთეკარებსაც ანალოგიურად მიუმართავთ სააღმსრულებლო ბიუროსთვის. ჩანიშნულია პირველი საჯარო აუქციონი. იმ შემთხვევაში, თუ ნივთი არ იქნა გაყიდული პირველ აუქციონზე და მეორე აუქციონზე ნივთის ფასი განახევრდა, დაკმაყოფილდება თუ არა ჩემი მოთხოვნა?
პასუხი: მოგახსენებთ, რომ ნივთის რეალიზაციის დროს პირველ აუქციონზე გატანილი უძრავი ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება პროცესის ხარჯებით, აღსრულების ხარჯებით და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობით, ხოლო მეორე აუქციონზე – პირველ აუქციონზე გამოცხადებული თანხის ნახევრით. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა პირველ აუქციონზე ნივთი გაყიდული, ხოლო მეორე აუქციონზე მოხდა ნივთის გაყიდვა ნახევარ ფასში, უძრავი ნივთის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლიდან უნდა დაიფაროს: საპროცესო ხარჯები, აღსრულების ხარჯები და შემდგომ აღსრულების უფლების მქონე კრედიტორების მოთხოვნები რიგითობით. იმ შემთხვევაში, თუ თანხა არ იქნა საკმარისი მესამე რიგის იპოთეკარისთვის, თქვენი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული და იპოთეკა გაუქმდება უძრავ ქონებაზე.
კითხვა: ბანკის წინაშე საკრედიტო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დავტვირთე კუთვნილი მიწის ნაკვეთი. იპოთეკის ხელშეკრულების ტექსტში გათვალისწინებული იყო პირობა, რომლის თანახმადაც, მეკრძალებოდა, დატვირთული ქონების გასხვისება, ან სხვაგვარი განკარგვა, ბანკის თანხმობის გარეშე. ამ პირობის მიუხედავად, გავაფორმე სანოტარო წესით დამოწმებული, ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან ახალმა მყიდველმა იკისრა ვალის გადახდის ვალდებულებაც და ეს ხელშეკრულება წარადგინა საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ. ამას არ დაეთანხმა ბანკი და მაქვს სერიოზული პრობლემები როგორც ბანკთან, ასევე ახალ შემძენთან. ბანკი მიცხადებს, რომ მიმართავს სასამართლოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის უწინდელი მესაკუთრისთვის დაბრუნების შესახებ. გთხოვთ, მაცნობოთ მქონდა თუ არა ნივთის გასხვისების უფლება? სასამართლოში დავის არსებობის შემთხვევაში, შემექმნება რაიმე სახის პრობლემა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენი მოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს კანონდარღვევად, თქვენსა და ახალ მესაკუთრეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია, ვინაიდან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გასხვისებისა, თუ სხვაგვარი განკარგვის აკრძალვა ბათილია.
კითხვა: მაქვს ნაკვეთი, რომელზედაც ვაშენებ სახლს. მშენებლობა შავი კარკასის დონეზეა. ეკონომიური პრობლემების გამო, მსურს, გავყიდო სახლის ნაწილი. მაქვს თუ არა უფლება, სახლი შავი კარკასის მდგომარეობაში გავყიდო? საბუთები წესრიგშია.
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენ გაქვთ უფლება გაყიდოთ ბინის ნაწილი მიუხედავად მისი მდგომარეობისა. აღნიშნულ შემთხვევაში უმჯობესია, პირველ ეტაპზე ბინა გაყოთ და შემდგომ მოახდინოთ მისი რეალიზაცია.
კითხვა: ვარ მარტოხელა მოხუცი, სამამულო ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი, მყავს გათხოვილი ქალიშვილი, რომელიც მივლის და მპატრონობს. მინდა, ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება ვაჩუქო. გთხოვთ მიპასუხოთ, რა თანხა დამიჯდება და მეყოფა თუ არა ამისთვის ჩემი პენსია.
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნებისმიერ მესაკუთრეს აქვს ბინის გასხვისების უფლება თავისი შეხედულებისამებრ. რაც შეეხება სანოტარო მომსახურების საფასურს, მოგახსენებთ, რომ რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და ის გამომდინარეობს უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულებიდან. ასევე, თქვენ შეგიძლიათ, ჩუქების ხელშეკრულების გასაფორმებლად, მიმართოთ საჯარო რეესტრს, სადაც თქვენ გადაიხდით საჯარო რეესტრის მომსახურების თანხას.
კითხვა: ვის შეიძლება ეთქვას უარი ემიგრაციაზე?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირს შეიძლება უარი ეთქვას ემიგრაციაზე, თუ:
1. მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე;
2. არ მოუხდია სასამართლოს განაჩენით შეფარდებული სასჯელი;
3. არ შეუსრულებია სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება;
4. წვევამდელი ასაკისაა და არ მოუხდია სამხედრო ბეგარა, თუ კანონით დადგენილი წესით არ არის გათავისუფლებული ამ სამსახურიდან.
კითხვა: რა სახით უნდა იქნეს წარდგენილი წერილობითი ფორმით დადებული გარიგება და რა შემთხვევაში არ მოითხოვება გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება?
პასუხი: წერილობითი ფორმით დადებული გარიგება მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სანოტარო წესით დადასტურებული სახით ან გარიგების მხარეთა ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმებული სახით. თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ გარიგების ნამდვილობისთვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება.
ადვოკატი
ქეთი უტიაშვილი