კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: უკვე რამდენიმე თვეა, დილაობით შეშუპებული თვალებით მეღვიძება. არაფერი ორგანული არ მაწუხებს. ეჭვი მაქვს, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს გვიანი ვახშამი, არადა, ისეთი სამსახური მაქვს, ამ რეჟიმს ვერ ვცვლი. რას მირჩევთ?
პასუხი: ასეთ შემთხვევაში, შეეცადეთ, ძილის წინ მაქსიმალურად ნაკლები სითხე მიიღოთ. დილით კი, პირის დაბანის შემდეგ, თვალებზე გაიკეთეთ ჯერ 2-3-წუთიანი ცივი კომპრესი, შემდეგ კი წაისვით სპეციალური კრემი თვალებისთვის, რომელიც გაგიუმჯობესებთ სისხლის მიკროცირკულაციას. თუ დილაობით ცოტაოდენი დრო გაქვთ, უკეთესი იქნება, თუკი გაიკეთებთ ნიღაბს: 2 ჩაის კოვზ არაჟანს შეაზილეთ ძალიან წვრილად დაჭრილი და ასრესილი ოხრახუშის ფოთლები და ეს მასა სქლად წაისვით ქუთუთოებზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით თვალის გელი.
კითხვა: ხანდახან თვალების ქვეშ მიჩნდება ჩამუქებული ნახევარწრეები. ახლობელმა მირჩია, ყოველდღე ვსვა ფორთოხლის წვენი. ნუთუ ეს უშველის ჩემს პრობლემას?
პასუხი: თუ თქვენი პრობლემა გამოწვეულია გადაღლილობით, რის გამოც ფერხდება კანში (თვალების გარშემო) სისხლის მიმოქცევა, ახალგამოწურული ფორთოხლის წვენის ყოველდღიური მიღება ნამდვილად გამოასწორებს თქვენს მდგომარეობას, რადგან, მასში შემავალი ვიტამინები (განსაკუთრებით კი – C ვიტამინი) ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ამით აქრობს თვალების ქვეშ სილურჯეს. გარდა ამისა, C ვიტამინი ანელებს დაბერების პროცესს.