როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
საღირაშვილი-საღრიშვილი
საღრიშვილი საღირაშვილის ადრინდელი გვარი იყო. ასეთნაირად იყვნენ ჩაწერილი 1873 წლის აღწერამდე.
საღირა მამაკაცის საკუთარი სახელი იყო საუკუნეების წინ. საღირ კოლონკელისძე მოხსენიებულია „ქართლის ცხოვრებაში“. საღირა საღირაშვილი მოიხსენიება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღევანდელი თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ვაშლოვანში.
საღირი ნასესხები სიტყვაა, შემდგომში გაქართველებული. გვარი საღრიშვილი (საღირაშვილი) ქართულად რომ ვთარგმნოთ, გვექნება ყრუაშვილი, თუმცა ეს გვარიც არსებობს.
საღირა-ფუძეთია გაწყობილი გვარები: საღარაია, საღარაძე, საღირაშვილი, საღირიშვილი, საღირაძე, საღირიძე, საღრიშვილი.
საქართველოში 170 საღრიშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 70, ვანში – 44, თბილისში – 29.
656 საღირაშვილი: თბილისში – 278, გორში – 72, დუშეთში – 68.
35 საღირიშვილი: დუშეთში – 1, თბილისში – 1, თიანეთში – 33.
276 საღარაძე: თბილისში – 114, ქუთაისში – 33, ხობში – 20.
21 საღირიძე: ახმეტაში – 17, თბილისში – 4.
სომხიშვილი-სომეხიშვილი-სომხიაშვილი-ელიზარაშვილი-ელიზაროვი
გვარი სომხიშვილი მიღებულია სადაურობის სიტყვიდან სომხითი. ისტორიის გარკვეულ პერიოდში ასე ერქვა ყოფილ ბერდუჯს (დღევანდელ ქვემო ქართლს). ზოგჯერ ჩანაწერებში გვხვდება არა სომხიშვილი, არამედ სომეხიშვილი.
ისტორიულ დოკუმენტებში, მათ შორის კამერალური აღწერის მასალებში სომხიშვილები არიან მართლმადიდებლები და ტომით, ეროვნებით ქართველები.
ამირანა სომხიშვილი მოხსენიებულია გაცვლის წიგნში, 1673 წელს, სოფელ ტბისში. ბერუა სომხიშვილი, მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, ამილღაბაო გოსტაბაშვილების ყმების ნუსხაში.
სომხიშვილის შტო-გვარია ელაზარაშვილი, დღევანდელი ელიზარაშვილი.
საქართველოში 1 329 სომხიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 500, გორში – 258, გარდაბანში – 130.
28 სომხაძე: ქარელში – 18, რუსთავში – 3, თბილისში – 3.
106 ელიზარაშვილი: გურჯაანში – 56, თბილისში – 30, რუსთავში – 10.
144 ელიზაროვი: თბილისში – 48, ლაგოდეხში – 27, გორში – 13.
გურჯიშვილი
გურჯიშვილი იგივეა, რაც ქართველიშვილი.
გიუმიშხანსა და ანატოლიაში მოხვედრილ ქართველიშვილს, ბერძენიშვილსა და თეთრაძეს, იქაურები გურჯს ეძახდნენ. შერქმეული სიტყვის გამო მათ გაუგვარდათ გურჯიშვილობა. ნაწილი მათგანი ჩაწერეს რუსული გავლენით გურჯიევად და გურჯიოვად. გვარი ფორმით გურჯიშვილი 1721 წლის აღწერით, სოფელ წინწყაროშია დაფიქსირებული.
გურჯი თურქულში ქართველს ნიშნავს. არის საკუთარი სახელი გურჯიც.
სოფელ წინწყაროში მცხოვრები გურჯიშვილები ბერძნებად აღიარეს და გვარი გურჯიევად მონათლეს. გვარი ქართველიშვილი გახდა გურჯიშვილი, შემდგომ – გურჯიევი. თურქეთში გადასახლებული ბერძენიშვილებიც გურჯიოვებად მოუნათლავთ.
საქართველოში 70 გურჯიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 34, ბოლნისში – 17, ხაშურში – 9.
138 გურჯიევია.
უგრეხელაშვილი-უგრეხელიძე
უგრეხელიძე, უგრეხელაშვილები იმერეთში საეკლესიო აზნაურები იყვნენ და შეტანილნი არიან მისი იმპერატორობით უდიდებულესობის, რუსეთის ხელისუფალის მიერ იმერეთის თავადთა და აზნაურთა წოდებას მიკუთვნებულ პირთა სახელდებით საოჯახო სიაში, 1850 წელს.
გვარი ისტორიულ წყაროებში გვხვდება ორი ფორმით, კერძოდ, უგრეხელაშვილი და უგრეხელიძე.
საქართველოში 2 151 უგრეხელიძე ცხოვრობს: თბილისში – 479, ქუთაისში – 328, წყალტუბოში – 234.
ჩაკაშვილი-ჩოკაშვილი-ჩოკოშვილი
აზნაური ჩაკაშვილების წინაპრები კახეთიდან გადმოსულები არიან თეიმურაზ მეფის დროს, 1629 წელს და „საციციანოს გერდის წინ მოსახლენი ძველად ჩოკაშვილთაგანნი მდაბალნი აზნაურნი და ცნობილნი დროსა ვახტანგ მეფისასა, რომელთაცა ჩოკას მაგიერ გაუგვარდათ ჩოკაშვილობა და არიან მოხსენიებულ ტრაქტატსა შინა“.
ისტორიულ წყაროებში, ასევე, თავადის ციციშვილის აზნაურად გვხვდება ჩაკაშვილი.
„თავად ჯანდიერისშვილს, მეფემან მისცა ჯილდოდ თავადობა გვარად ჯანდიერობისა წელსა ქრისტეს აქეთ 1628-სა და სახასოთაგან კახეთსა შინა მამული და ყმა და არიან აწ მცხოვრებნი კალაურსა შინა; ხოლო ახმეტას მცხოვრებნი იწოდებიან ჩოკაშვილებად ამავე ჯანდიერთა გვარისა და არიან აზნაურნი“.
საქართვლეოში 452 ჩოკოშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 240, თბილისში – 106, გურჯაანში – 71.
საყევარაშვილი-საყევარიშვილი-საყევრიშვილი
როგორც ჩანს, სამივე ეს გვარი ერთი და იგივეა.
საყევარიშვილი გვხვდება ფორმით – საყევარაშვილი, საყევარიშვილი.
საყევარი (საყევრისა) გუთნის თავის ხარების წინ უღლის მისაბმელი პანი, ჯაჭვი ან ძელია. სავარაუდოდ, ეს დასდებია გვარს საფუძვლად.
1823 წელს ამ გვარს დოკუმენტებში ვხვდებით სოფელ კუმისში, დღევანდელ გარდაბნის რაიონში და ერტისში, დღევანდელი თეთრი წყაროს რაიონში.
„ოთარი ნინიას ძე საყევარაშვილი, მეუღლე მარიამი, ძმები ვანო, იოსები, პეპანა, არაქელა, გიორგი, სიმონი, დავითი, ასლანი და ტასო. დედა თალალა, მოიხსენიება, 1823 წელს, აღწერით ერტისში“.
საქართველოში 28 საყევარიშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 17, ბოლნისში – 4, თბილისში – 7.
96 საყევარაშვილი: გარდაბანში – 34, თბილისში – 45, თეთრ წყაროში – 5.
68 საყევრიშვილი:. თბილისში – 38, გარდაბანში – 26, მცხეთაში – 1.
ფარცვანია
ფარცვანია გავრცელებული გვარსახელია.
გვარის ფუძედ ჩანს მამაკაცის საკუთარი სახელი ფარცვანი.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის ფარცვანიათა გვარი რაოდენობით 370-ე ადგილზეა. ზუგდიდის რაიონში კი მე-19 ადგილი უჭირავს.
რუხში (საჯანაშიოსა და ქვემო სათოდუოს შუა) არის უბანი საფარცვანიო. ასევე, ასეთი უბნები გვხვდება ოდისში (ჯუმას მარჯვენა მხარეს), ორულუში (ერგეტაღლის სათავესთან), ხამის ქურაში (ურთის მთის ძირას), უფალ კარში (სახუბლასა და საფარღალას შუა).
1995 წელს მიღებული ვაუჩერებით საქართველოში დაფიქსირდა 2 204 ფარცვანია: ზუგდიდში – 1 230, თბილისში – 242, ხობში – 186.
დამზადებულია აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით