იგავი ერთგულ და ორგულ მონებზე
„ვინ არის სარწმუნო მონა და გონიერი, რომელიც დაუდგინა ბატონმა თავის სახლეულს, რომ მიეცა მათთვის საზრდო დროულად? ნეტარია ის მონა, რომელთანაც მივა მისი ბატონი და იპოვის მას ამგვარად მოქმედს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელს თავის ქონებაზე დაადგენს მას.
უკეთური მონა კი თავის გულში იტყვის: აყოვნებს ჩემი ბატონი მოსვლას; და დაიწყებს ცემას თავისი მსგავსი მონებისა და ჭამასა და სმას ლოთებთან ერთად.
მოვა ბატონი იმ მონისა იმ დღეს, როდესაც არ ელის და იმ დროს, რომელიც არ იცის და ორად გაკვეთს მას და მის ნაწილს თვალთმაქცებთან დადებს; იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა“.
მათე 24, 45-51.
უფლისათვის სათნო საქმე
ქრისტეს მეორედ მოსვლა ქვეყნიერების აღსასრულის მაუწყებელია. ძე ღვთისამ პირველად თავი დაიმდაბლა, „ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა, ქალწული მარიამისაგან განკაცდა“, და: „ქრისტე იშვა ბეთლემსა“. მეორედ კი იგი მთელი თავისი დიდებით ზეციდან მობრძანდება და ყველას განიკითხავს.
ამ საყოველთაო განკითხვის დღეს მკვდრეთით აღდგება ყველა მიცვალებული. ცოცხლებთან ერთად, მათაც მოელით ზეციურ ტახტზე მჯდომი ყოვლისმპყრობელისა და სამართლიანი მსაჯულის წინაშე წარდგომა. ყოველი სული თავის საბოლოო სამკვიდრებელს დაამკვიდრებს: ზოგი – უფლის მარჯვნივ, მართალთა სავანეში, ზოგი – მარცხნივ, ჯოჯოხეთის გაუნელებელ ცეცხლში.
ხომ არ შეშინდი? ქრისტეს მეორედ მოსვლა მცირედმორწმუნეს შეაძრწუნებს, ურწმუნოს ეს სულაც არ ანაღვლებს და ჰგონია, რომ აღსასრულის დღე ჯერ კიდევ შორს არის და, მეორედ მოსვლის დღე რომც დადგეს, მას არ შეეხება. ჭეშმარიტი მორწმუნე კი გულმხურვალედ ემზადება ამ დღისათვის, ფხიზლადაა და ერთადერთი შიში აქვს – ვაითუ, წმინდა გულით ვერ წარდგეს თავისი უფლისა და ზეციური მსაჯულის წინაშე.
რა არის სიფხიზლე და მზადება? როგორ უნდა იფხიზლო? რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ მზად იყო ქრისტე უფალთან შეხვედრისთვის?
ჯერ საკუთარ შეცდომებსა და ცოდვებს უნდა დაუდგე დარაჯად და ღრმა სინანულით განიცდიდე მათ. ისე უნდა აკეთო შენი გასაკეთებელი, რომ უფლის მოსაწონი იყოს. ამას მაშინ მიაღწევ, როცა ღვთის მცნებებს შეასრულებ, როცა კარგად გეცოდინება, თუ რა არის ღვთის ნება.
სწორედ ამას გვასწავლის უფალი თავისი იგავით „ერთგული და ორგული მონები“.
სახლეულზე განწესებული მონა ამ იგავში გამოხატავს ეკლესიის მსახურს, მოძღვარსა და მღვდელს, ასევე ადამიანს, რომელსაც ძალაუფლება, სიმდიდრე, სიბრძნე ან სხვა რამ უნარი აქვს მიღებული ღვთისაგან. უფალი იესო მათგან ერთგულებას და კეთილგონიერებას ითხოვს. ღვთის სამსახურში ჩამდგარ ადამიანს ერთგულება მომხვეჭელობისგან, ანგარებისა და დაუდევრობისგან იხსნის.
წმიდა მამები გვაფრთხილებენ, რომ ერთგულებაც და სიბრძნეც აუცილებლად ერთდროულად უნდა ჰქონდეს კაცს. როგორც კი ერთი მოაკლდება, მას მუშაკობასა და სამსახურს აღარ შეიწირავს უფალი ღმერთი. ერთგულსა და გონიერს, იგავის მიხედვით, უდიდესი პატივი ერგება – მას თვით ცისა და ქვეყნის მეუფე (ბატონი) დაადგენს თავისი ქონების განმგებლად, ანუ ცათა სასუფევლის მკვიდრად.
თუ ადამიანი ერთგულია, ის გულმოდგინედაც ემსახურება თავის საქმეს, საკუთარ სარგებელზე კი არ ფიქრობს, არამედ იმას ცდილობს, რაც შეიძლება უკეთესად, სხვებისთვისაც სასიკეთოდ მოიქცეს.
უფალი ამბობს, რომ უდიდესი ჯილდო ერგება ამ მონას თავისი ბატონისგან: „მთელს თავის ქონებაზე დაადგენსო“. ეს ჯილდო ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებაა.
იგავის მეორე ნაწილში უფალი იესო ორგულ, უკეთურ მონას ამხელს: ის არ ფხიზლობს, უდარდელია; სიბრძნე და გონიერება ღალატობს, სულმოკლეა და მოძალადე, მბრძანებლობაც უყვარს. ეს მართლაც უგუნერი მონა მემთვრალეობს, სმას არის გადაყოლილი, თან დიდ გულზეა და ჰგონია, რომ არაფერიც არ ეშლება.
უგუნურ მონას ისიც ჰგონია, რომ მისი ბატონი აყოვნებს, აგვიანებს, გულს იმით იმშვიდებს, რომ ჯერ კიდევ შორსაა ის დღე, როცა ბატონი უნდა მოვიდეს. ის კი არ იცის, რომ უფალი კი არ აგვიანებს, არამედ სულგრძელია, მრავალმომთმენი და კიდევ გვაძლევს დროს, რომ, იქნებ ახლა მაინც გონს მოვიდეთ. ამიტომ არის უგუნურება, როცა შენს გასაკეთებელ საქმეს გადადებ ან სულაც არ გააკეთებ.
„უფალი ახლოს არს“ – ასე მართლმორწმუნე ქრისტიანი ფიქრობს. ამიტომ მისთვის არ იქნება მოულოდნელი უფლის მეორედ მოსვლა.
ხშირად ებადებათ ხოლმე შეკითხვა: რატომ არ გაგვიმჟღავნა უფალმა თავისი მეორედ მოსვლის დღე და დრო?
ჩვენ რომ მეორედ მოსვლის დღე არ ვიცით, ღვთის დიდი წყალობაა! რაკი არ ვიცი, როდის მოვა მეორედ უფალი – ყოველდღე, ყოველთვის ვიზრუნებ, რომ ერთგულ მონასავით დავხვდე მას.
ვიცი, შენც არ ინდომებ ორგულ და უგუნურ მონას დაემსგავსო, თორემ, ხომ ხედავ, რა ელის: ორად გაკვეთა – ეს ღვთის მადლისა და წყალობის დაკარგვაა. ტირილი და კბილთა ღრჭენაც არ ასცდება – ეს კი ჯოჯოხეთია, ყველაზე საზარელი სამყოფელი.
იგავის დასრულების შემდეგ უფალი დასძენს: ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეთხოვებაო. მეტი მოეთხოვებათ ეკლესიის მსახურებს, მღვდლებს, მოძღვრებს, ეპისკოპოსებს – ყველა სასულიერო პირს. ასევე, მეტი მოეთხოვება მასწავლებელს, წარმატებულ ხელისუფალს – ყველას, ვისაც უფლისაგან მიეცემა ნიჭი, უნარი და ძალა.