რატომ არ უნდა იქექებოდეს ცოლი ქმრის ჯიბეებში და რით არის საშიში ერთი შეხედვით მშვიდი და წყნარი ქმარი
ლელიკო (39 წლის): იმ ასაკში არ ვარ, რომ ილუზიებს ავყვე და ცხოვრების თავიდან დაწყებაზე ვიზრუნო. მე ახლა ისეთი მდგომარეობა მაქვს, რომ აუცილებლად უნდა მივიღო გადაწყვეტილება, თანაც, გადამჭრელი და რადიკალური. სხვანაირად, ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებ. ძალიან დავიღალე. ან ასე უნდა იყოს, ან – ისე. თვრამეტი წელია, გათხოვილი ვარ და ერთხელაც არ შემპარვია ეჭვი ჩემს ქმარში. როგორი ბედნიერი ვყოფილვარ მაშინ, როგორი მშვიდი ცხოვრება მქონია და ვერ ვხვდებოდი! არც იმას ვიფიქრებდი, თუ ასეთი ეჭვიანი ვიქნებოდი და გულწრფელად გეუბნებით, მე თვითონ ვარ შოკში.
– შოკში რისგან?
– იმისგან, რაც ამ ეჭვმა მომიტანა. არც ჩემი მეუღლეა ეჭვიანი. არასდროს შევუმოწმებივარ და მეც ბოლომდე ვენდობოდი. არ ვიცოდი, რომ არავის ნდობა არ შეიძლება, საკუთარი თავისაც კი. ერთი ჩემი მეგობარი სულ ამას ჩამჩიჩინებდა, მე კი ვაპროტესტებდი.
– რატომ აპროტესტებდით?
– ვფიქრობდი, ეს მისი სუბიექტური აზრია-მეთქი. როგორ შეიძლება, არავის ენდობოდე, მით უფრო, ქმარს, რომელიც, ფაქტობრივად, შენი ნაწილია და მასზე უახლოესი ადამიანი არ უნდა გყავდეს-მეთქი. ალბათ, ზედმეტად გადაჭარბებული წარმოდგენა მქონდა ცოლქმრობაზე... რა ვქნა, ასეთი მენტალიტეტით გავიზარდე, დღემდე ასე ვარ და, შეიძლება, იმიტომაც განვიცდი და ვერ გამოვდივარ იმ ჩიხიდან, რომელშიც აღმოვჩნდი. იქნებ, ცოტა ზერელე და „ფეხებზემკიდია“ დამოკიდებულება რომ მქონოდა, უკეთესად ვყოფილიყავი. მსმენია, რომ ცოლები ქმრებს თითქმის არაფერს უყვებიან და საკუთარი ცხოვრება აქვთ. მე ასეთი ურთიერთობის არ მესმის. მაშინ, რიღასთვის არის საჭირო ოჯახი? გაიჩინე საყვარელი და იყავი შენთვის. ქმარი ცოლისთვის უნდა იყოს ყველაფერი და ცოლი – ქმრისთვის. ვისაც ეს არ ესმის, ის ვერც ოჯახის ჭეშმარიტ ფასს გაიგებს; მისთვის ვერასოდეს იქნება ფასეულობები სწორად ჩამოყალიბებული. წაიკითხეთ სახარება, იქ წერია ცოლქმრობაზე კარგად.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი მამაკაცების უმრავლესობამ არ იცის, რას ნიშნავს იყო ქმარი და მთავარი პრობლემაც ამაშია?
– მარტო კაცმა კი არა, ძალიან ბევრმა ქალმაც არ იცის, ცოლქმრობა რას ნიშნავს. მე არ ვიცი, სად ან როდის უნდა ისწავლონ ეს, მაგრამ, ფაქტია, რომ ოჯახები სწორედ ამის ნიადაგზე ინგრევა. მარტო ოჯახები კი არა, ჩვენი ფსიქიკაც ინგრევა მასთან ერთად. არც მე ვარ კარგად და არც ერთი ქალი არ არის კარგად, ვინც ჯაშუშივით ცხოვრობს. დამიჯერეთ, ამაზე საშინელი არაფერია. არავის ვუსურვებ, მტერსაც კი, იცხოვროს ისე, როგორც მე ვცხოვრობ. მაგრამ, ერთხელ რომ შეტოპავ, მერე „გამოტოპვა“ ძალიან ძნელია... არადა, საერთოდ არ მიფიქრია ღალატზე და არც ერთხელ არ შემიმოწმებია ჩემი ქმარი, ჯიბეების ქექვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ყოველთვის ყველა მეუბნებოდა, რომ ძალიან გამიმართლა. მშვიდი, გაწონასწორებული, უკონფლიქტო ქმარი მყავს, ნორმალური სამსახურითა და ასატანი „გამოხტომებით“. მეც ვეთანხმებოდი ამას. ვერ ვიტყვი, რომ სიურპრიზებითა და ემოციური ფოიერვერკებით მანებივრებდა, მაგრამ, ილუზიებით ცხოვრება არასდროს მიზიდავდა, არასდროს მდომებია, ქმარს რაღაც წარმოუდგენელი სისულელეები ეკეთებინა ჩემთვის, არაორდინარული ყოფილიყო. მაკმაყოფილებდა ის სტაბილური, მშვიდი გარემო, რომელიც მქონდა. აღარ ჩავკირკიტებივარ, მივყვებოდი დინებას და თავს ბედნიერად ვგრძნობდი. არ მინდა იმ დღის გახსენება, როცა ეჭვი პირველად შემეპარა გულში: ჩემი ქმრის შარვალი ავიღე, უნდა გამერეცხა და, უნებლიეთ, ჯიბეში მოკეცილი ფურცლები შევნიშნე. ყოველგვარი ეჭვის გარეშე ამოვიღე – რამე მნიშვნელოვანი დოკუმენტი არ გავურეცხო-მეთქი. მექანიკურად გავშალე – ზედ ქალის სახელი და მობილურის ნომერი ეწერა... ჯიბეში შევინახე. ჩემს ქმარს, ზოგადად, ყველაფერი ავიწყდება და ნახევრად გისმენს. უცებ დაანება თავი ტელევიზორის ყურებას და გაცხარებით დაუწყო ძებნა რაღაცას. მერე იყვირა, ჩემი შარვალი სად არისო. ხომ გითხარი, მანქანაში შევაგდე-მეთქი. შეცბა. ცოტა იყოყმანა, მერე მკითხა, ჯიბეში არაფერი იყოო?
– იქნებ, უბრალოდ, საქმიანი პარტნიორის ნომერი იყო, რომელიც სჭირდებოდა, რატომ მოგეჩვენათ ეს უცნაურად?
– გეუბნებით, არასდროს მიფიქრია, რომ ქმარი მატყუებდა ან რაღაცას მიმალავდა, მაგრამ, ამ შემთხვევაში იყო რაღაც ისეთი ... მოკლედ, მანიაკი არ ვარ და არც მოჩვენებები მაწუხებს. ჩვენი ერთად ცხოვრების განმავლობაში პირველად ვიფიქრე, რომ ქმარი მატყუებდა. მერე შემეშინდა კიდეც ამ ფიქრის, ეს როგორ დავუშვი-მეთქი, ვამბობდი. ანუ, ისევ მე წავედი კომპრომისზე, ისევ მე შემაწუხა სინდისმა. ამაზე ახლა ისე ვმწარდები, გონება მებინდება. ყველა ცოლი მეცოდება, ვისაც ქმარი ციდან ჩამოფრენილი ჰგონია. ეგენი ყველანი ერთნაირები არიან და ყველა იმის ღირსია, არ ამოასუნთქო, გასაქანი არ მისცე და ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციო. ვინც მე ასეთ მდგომარეობაში ჩამაგდო, ის ყველაფრის ღირსია. ჩემი ქმარი და მისნაირი ქამელეონი მამაკაცები არ იმსახურებენ არც სიყვარულს და არც მიტევებას. არ განიკითხოო... როგორ არ უნდა განვიკითხო, როცა მისმა უსინდისობამ და უზნეობამ ჩემი ფსიქიკა დაანგრია. ერთი შეხედვით მშვიდი და უპრეტენზიო ქმარი ნელი მოქმედების ბომბივით ყოფილა. ისე „ამიფეთქდა“ ხელებში, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი.
ტელეფონის ნომერი ისეთი გამომეტყველებით გამომართვა, მივხვდი, მისთვის ბევრს ნიშნავდა. ძაღლი ჩაიყვანა სასეირნოდ და, მეც, ცხოვრებაში პირველად, ფანჯრიდან თვალთვალი დავუწყე. დავინახე, როგორ ელაპარაკებოდა ვიღაცას დიდი აღფრთოვანებით და მხიარულად. როცა კაცთან თითქმის ოცი წელია, ცხოვრობ, მისი ყველაფერი იცი, უსიტყვოდ ხვდები, როდის რას ფიქრობს და გრძნობს – მგონი, ამაში გასაკვირი არაფერია. ეზოდან აშკარად კარგ გუნებაზე ამობრუნდა. ხომ ატყობ ადამიანს, მით უმეტეს, ისეთ ადამიანს, რომლის აზრების კითხვასაც შეეჩვიე, რომ რაღაც ხდება მის თავს. თვალებში ეწერა ყველაფერი. არ ვიცი, მაინცდა-მაინც ეს ქალი იყო განსაკუთრებული შემთხვევა თუ მანამდე მე ვიყავი უყურადღებო და მისადმი ნდობით დაბრმავებული. ამ წუთის შემდეგ, ანუ იმ მომენტის მერე, როცა მისი სახე ბედნიერებით გაბრწყინებული დავინახე, ჩემში რაღაც გადატრიალდა. მეც ვერ მივხვდი, როგორ გადავიქეცი ნამდვილ მაძებრად, ყველაფერს რომ აკვირდება, ქექავს და ყნოსავს. არ არის ეს არც ადვილი და არც სასიამოვნო, დამიჯერეთ. მაშინ ბუნებით უნდა იყო ამისთვის მოწოდებული, ანუ, აგენტად უნდა დაიბადო. ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ? მე არ ვარ „ისტერიჩკა“ და წივილ-კივილს ნამდვილად ვერ ავტეხდი. თანაც, არ მინოდა, ბრალდება აქეთ შემოეტრიალებინა ჩემთვის, ეთქვა, რას მითვალთვალებო და საბოდიშოდ გამხდომოდა საქმე. ფაქტები უნდა მქონოდა. ამიტომ, ბრმა სკანდალის მოწყობას, ვარჩიე, კარგად ინფორმირებული ვყოფილიყავი და არგუმენტები მქონოდა. მეორე დღეს სამსახურიდან დამირეკა და მითხრა, რაღაც საქმე მაქვს და შემაგვიანდებაო.
– საერთოდ თუ ყოფილა შემთხვევა, რომ სამსახურიდან დაეგვიანა?
– კი, ყოფილა. თქვენ გაინტერესებთ, ხომ არ იყო ეს, უბრალოდ, დამთხვევა? გეტყვით, რომ შემთხვევა-დამთხვევა გამორიცხულია. როცა ამაზე იწყებ ფიქრს, ესე იგი, ეძებ საშუალებას, მოღალატე ქმარი გაამართლო. ძალიან ბევრი ქალი სწორედ ასე იქცევა. მე მათ არ განვსჯი და არც დავცინი. უნდათ ტყუილში ცხოვრება?! – იცხოვრონ, ბატონო, რა პრობლემაა? მე ჩემი ტკივილი მადარდებს, ჩემი არეული და აწეწილი ცხოვრება. ისეთ ჭაობში შევტოპე, უკან გამოსვლას ვინ ჩივის, სულ უფრო მითრევს და მითრევს. ახლა ცხოვრებაც არ შემიძლია ქმრის თვალთვალის გარეშე.
– ისევ უთვალთვალებთ? საკმარისი ფაქტები ვერ დააგროვეთ?
– ფაქტებიც უამრავი დავაგროვე, არგუმენტებიც და არც ნივთმტკიცებები მაკლია. ერთხელ უკვე გვქონდა ურთიერთობის გარკვევა-განხილვა.
– გამოტყდა, რომ გღალატობდათ?
– არა, მსგავსი არაფერი მომხდარა. არაფრით არ აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის დავუმტკიცე ღალატი. თან, ისე ვიტანჯებოდი ამ დროს... ვისაც ეს არ განუცდია, ის ვერ გამიგებს. ჩემს წარმოსახვაში ქმრის ღალატის ისეთი სურათები იხატებოდა... მერე იმაზე მომდიოდა ბრაზი, აქამდე როგორ „მაბოლებდა“ და მატყუებდა-მეთქი. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ნეტავი, კაცებსაც აქვთ ასეთი თვითგვემის მომენტები თუ მარტო ქალები დაგვსაჯა ბუნებამ? ფაქტია, რომ კაცები აკეთებენ და ივიწყებენ, ჩვენ კი იმათ გაკეთებულზეც ვნერვიულობთ და საკუთარზეც. დაფიქრდით, თუ ასე არ არის... ვყნოსავდი მის ტანსაცმელს პერანგებს, პიჯაკებს; ვძვრებოდი შარვლის ჯიბეებში, ვიქექებოდი მობილურში... ვცდილობდი, ყველაფრის საქმის კურსში ვყოფილიყავი.
– გამოგდიოდათ?
– რა თქმა უნდა. არაფერია ამაში შეუძლებელი, მთავარია, სურვილი და ინტერესი გქონდეს. ოღონდ, ვაღიარებ, გაცილებით მშვენიერი იყო ცხოვრება და მეც გაცილებით ბედნიერი ვიყავი, როცა საერთოდ არაფერი ვიცოდი.
– ანუ, უმჯობესია, როცა ქალმა ქმრის ღალატის შესახებ არაფერი იცის?
– ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, მაინც ყველა ყველაფერს იგებს. არ ხდება ისე, რომ საიდუმლო ბოლომდე საიდუმლოდ დარჩეს. თუმცა, ყველა ქალი ჩემსავით მაძებარი არ ხდება. ადამიანის ტიპაჟს, მის ხასიათს გააჩნია. ქალები უფრო ხშირად გულიდან, ემოციების კარნახით მოქმედებენ და ეს წამგებიანი პოზიციაა.
– თვალთვალი მომგებიანია?
– პრინციპში, თუ ბოლოს მაინც გაიგებ, გააჩნია, როგორ გამოიყენებ ამას. თავიდანვე რატომ უნდა იყო ინფორმაციულ ვაკუუმში?! რატომ უნდა ჩაგთვალოს ვიღაცამ დებილად?! კაცები ძალიან ადვილად გაწირავენ ხოლმე ცოლებს, პირველივე შემხვედრ ძუკნასთან, აქაოდა, ჩვენ კი არ ვართ გარყვნილები, ცოლები არ გვივარგა და იმიტომაც გაგვირბის თვალები აქეთ-იქითო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მერე კიდევ იტყვიან ჩემნაირ ქალზე, როგორი უთავმოყვარეოა, რომ ქმარს უთვალთვალებსო. შეიძლება, მართლაც უთავმოყვარეო ვარ, მაგრამ, რაღაც აზარტივით ჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში და ამ პროცესში ძალიან ვიტანჯებოდი. ისევ სრული შოკი მქონდა, როცა მივხვდი, რომ მისი, ანუ ჩემი ქმრის ღალატი არც ერთჯერადი იყო, არც გამონაკლისი და არც რაღაც გაუგებრობა; რომ ის მიზანმიმართულად მატყუებდა. იცით, როგორ მძულს?
– ეყრებით?
– ახლა ვარ გადაწყვეტილების მიღების მომენტში. სასწორზე ვდგავარ და ვქანაობ. არ მინდა, შემეშალოს, რადგან, ძალიან ძნელია, ხელის ერთი მოსმით ყველა კავშირი გაწყვიტო. მემუდარება, ოჯახი არ დავანგრიო.
– მერე, რას ფიქრობთ? იცის, რომ უთვალთვალებდით?
– ხვდება. რამდენჯერმე ჩხუბში მითხრა, სულ მითვალთვალებ და სულს მხდი შენი ეჭვებითო. მენდე და ურთიერთობა თავიდან დავიწყოთ, შევძლებთ, თუკი მოვინდომებთო. ოღონდ, პირობას მიყენებს, რომ აღარ უნდა ვუთვალთვალო, მხოლოდ უნდა ვენდო. მაგრამ, ვგრძნობ, რომ ამის გაკეთება არ შემიძლია, ვერ მოვატყუებ და, რაც მთავარია, თავს ვერ მოვიტყუებ. ვერაფრით ვერ მექნება ქმართან ძველებური დამოკიდებულება, ნდობას ვერ დავიბრუნებ.
– ანუ, ვერც თვალთვალს შეწყვეტთ?
– ვერა, უკვე აღარ შემიძლია თუ შევწყვეტ, ესე იგი, ქმარი უკვე აღარ მაინტერესებს, ფეხებზე მკიდია და სხვა კაცთან ახალ ურთიერთობაზე ვარ თანახმა.
– ფიქრობთ, ქმარს უღალატოთ?
– არა, არ ვფიქრობ. უფრო სწორად, ვერ ვფიქრობ. ეს საშინელებაა და, მარტო იმიტომ კი არა, რომ ქმრის ღალატი მიჭირს, ეს საკუთარი თავის ღალატიც იქნება. მეტი აღარ შემიძლია... რამდენჯერ გადავახტე საკუთარ თავს?!