ინტიმური საუბრები
ქმარი ყველაფერს მიკრძალავს
აკო რომ გავიცანი, უპირველეს ყოვლისა, იმით მომეწონა, რომ არ იყო ეგრეთ წოდებული „აზიატი“ – ყველაფერზე თანამედროვე შეხედულება ჰქონდა და წვრილმანებისგან პრობლემებს არ ქმნიდა. შეხვედრები რომ დავიწყეთ, სიგარეტსაც ერთად ვეწეოდით, მოკლე კაბებსაც ვიცვამდი, ტოპებსაც და მოტკეცილ შარვლებსაც, მაგრამ, არასდროს უთქვამს, ასე ნუ იცვამო, პირიქით, ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ეს სტილი მიხდებოდა. სიგარეტსაც თვითონ ყიდულობდა ჩემთვის და არც დაქალებთან ერთად სადმე წასვლას მიშლიდა. მაგრამ, ეს „დემოკრატია“ მანამდე გაგრძელდა, სანამ აკო ცოლობას მთხოვდა. როგორც კი მისი საცოლე დამერქვა, იმ დღიდან თანდათან შემომეპარა აკრძალვები: ჯერ კაბა დამაგრძელებინა, მერე ტოპიკი ამომაღებინა ჩემი გარდერობიდან, მერე სიგარეტი ამიკრძალა, ცოლად რომ გავყევი, მას შემდეგ ხომ მთლად „აიწყვიტა“: დაქალები „გამომიხშირა“ და თავისი თანხლების გარეშე ბარებში სიარული საერთოდ ამიკრძალა. მოკლედ, თანამედროვე ბიჭის ნაცვლად შუა სუკუნეების „ხანჟა“ შემრჩა ხელში.
ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არ ვუყვარვარ, ყურადღებას არ მაქცევს და არ ზრუნავს ჩემზე; ვერც იმას დავაბრალებ, საშინელი ეჭვიანია და გვერდზე არ მახედებს-მეთქი, მაგრამ, მისი მოგონილი კანონებითა და წესებით ცხოვრება ძალიან მიჭირს. გოგოები უკვე დამცინიან, რაც გათხოვდი, სოფლის მასწავლებელივით ჩაცმული დადიხარ და მონაზონივით იქცევიო. მე ხომ ასე მექცევა, თავისი ძმაკაცების ცოლებს კი, ზოგიერთი მართლა „პუტანკასავით“ ჩაცმული რომ დადის, პირიქით, მოუწონებს ხოლმე სტილსა და გემოვნებას. მე რას გადამეკიდა, ვერ ვიგებ. ერთი სიტყვით, ყოველმხრივ ძალიან შეზღუდული ვარ, რასაც აშკარად ვერ ვუძლებ. ეს ყველაფერი ცოტა სხვანაირად რომ აეკრძალა, ვთქვათ, ეთქვა, თუ გიყვარვარ, სიგარეტი აღარ მოწიო, ან, მე ცოტა უფრო გრძელი კაბა მომწონს შენზეო, ასე მტკივნეული აღარ იქნებოდა ჩემთვის. ის კი პირდაპირ მიბრძანებს: „ასე მოიქეცი, იმიტომ, რომ მე ასე მინდა!“ – და, მორჩა, მონასავით უნდა დავემორჩილო, თითქოს უფლება არ მაქვს, ჩემი აზრი ვიქონიო რამეზე. თავის ჩაცმა-დახურვაში, წასვლა-მოსვლასა და საქციელში საერთოდ არ მრევს – მიაჩნია, რომ ყველაფერში შეუმცდარია და ჩემი ჩარევა არაფერში სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან მიყვარს, არ ვიცი, როდემდე გავუძლებ მისი ტერორის ქვეშ ცხოვრებას. მინდა, ცოტა კატეგორიულად დაველაპარაკო და, თუ ამანაც არ გაჭრა, პირდაპირ დავუსვამ საკითხს გაყრაზე. თუ მართლა ვუყვარვარ, ალბათ, როგორმე დათმობს თავის ძველმოდურ ამბიციებს და ჩვენს ერთად ყოფნას სასწორზე არ დადებს. ჩემი დაქალები მეუბნებიან, შანსი არ არის, დაგითმოსო. დიდი იმედი არც მე მაქვს, მაგრამ, ვნახოთ, თუ ჩემი დაკარგვა არ უნდა, წესით, რაღაც დათმობაზე მაინც უნდა წამოვიდეს, ეს კი, ალბათ, იმაზეა დამოკიდებული, მე როგორ ვეტყვი სათქმელს. თუ ემოციები მომეძალა და ისტერიკა გამომივიდა, ალბათ, ყველაფერს გავაფუჭებ, მაგრამ, ძალიან ვეცდები, ასე არ მოხდეს, რადგან, როგორც უკვე გითხარით, მართლა მიყვარს ჩემი ქმარი და მის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდება.
თამთა, 21 წლის.
მე ბრალი არაფერში მიმიძღვის
სოფელში დავიბადე და გავიზარდე. სკოლას რომ ვამთავრებდი, მყავდა შეყვარებული, რომელიც ერთი წლით უფროსი იყო ჩემზე. მთელმა სოფელმა იცოდა ჩვენი სიყვარულის შესახებ და, რა თქმა უნდა, ჩვენმა მშობლებმაც. ოთო პირველ წელს ვერ მოეწყო უმაღლესში, მაგრამ, მეორე წელს ვეღარ მოასწრო გამოცდების ჩაბარება, რადგან ჯარში გაიწვიეს. მაშინ ორი წლით მიჰყავდათ ჯარში და ერთმანეთს ფიცი მივეცით, რომ დაბრუნდებოდა თუ არა, ქორწილი გადაგვეხადა. მე ვუთხარი, შენს ჩამოსვლამდე არც მე გავალ გამოცდებზე და, რომ დაბრუნდები, ერთად ჩავაბაროთ-მეთქი, მაგრამ, არ დამეთანხმა, – ორი წელი რატომ უნდა გააცდინო, მე რომ დავბრუნდები, შენ უკვე მესამე კურსზე იქნები, ამით ჩვენი საერთო საქმეც წინ წავა, უმაღლესს მალე დაამთავრებ და ოჯახსაც უკეთ მიხედავ, მე კი დაუსწრებელზე ჩავაბარებ, თან ვიმუშავებ და ყველაფერი აეწყობაო. მე პირველივე წელს მოვეწყვე უნივერსიტეტში და ორი წელი ისე გავატარე, ბიჭისთვის არ შემიხედავს, ოთოს ჩამოსვლამდე დღეებსა და საათებს ვითვლიდი. ყოველ კვირას წერილს ვწერდი და ვამხნევებდი, დრო მალე გავა და მალე ისევ ერთად ვიქნებით-მეთქი. ისიც მწერდა წერილებს და მთხოვდა, დამელოდე, არ გათხოვდეო, მაგრამ, ორი წელი რომ გავიდა, არ ჩამოვიდა. მერე მომწერა, აქ კარგი სამსახური შემომთავაზეს, დიდ ხელფასს მიხდიან, კიდევ ერთ წელიწადს დავრჩები, ქორწილისთვის და ბინისთვის ფულს დავაგროვებ (თბილისში უნდოდა პატარა ბინის ყიდვა) და მერე დავბრუნდებიო. ასე გავიდა კიდევ ერთი წელი, მერე კიდევ ორი, ოთო კი არ ჩამოდიოდა. ამასობაში მე უნივერსიტეტი დავამთავრე და ასპირანტურაში ჩავაბარე. საკმაოდ ლამაზი გოგო ვიყავი და მომწონებელიც ბევრი მყავდა, მით უმეტეს, რომ ასპირანტურასაც ვამთავრებდი და დისერტაციის დასაცავად ვემზადებოდი. სიმართლე გითხრათ, ამ წლების განმავლობაში ჩემი გრძნობა ნელ-ნელა გაგრილდა, რასაც იმანაც შეუწყო ხელი, რომ ოთო ძალიან იშვიათად მწერდა – რამდენიმე თვეში ერთხელ და აღარც ჩვენს სიყვარულზე იღებდა ხმას, ბოლოს კი სულ შეწყვიტა მოწერა. ვგრძნობდი, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ, არ მინდოდა, ყველაზე უარესი დამეშვა და საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ მალე ჩამოვიდოდა და მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით, მაგრამ, გულის სიღრმეში უკვე აღარ ვიცოდი, მინდოდა ეს თუ არა. ერთ დღეს კი ქუჩაში ჩვენი საერთო მეზობელი შემხვდა (სოფელში ჩემი და ოთოს გვერდით ცხოვრობდა) და „მახარა“, ოთოს რუსეთში ცოლი შეურთავს და მისმა მშობლებმა რძლისა და შვილიშვილის სურათი და წერილი მიიღესო. ვერ გეტყვით, რომ მეწყინა, უფრო გავბრაზდი, რადგან, მისი წყალობით, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატანე ქარს და მის გამო ბევრ რამეზე ვთქვი უარი (მათ შორის – კარიერაზეც). გაცოფებულმა, ოთოს წერილები მთლიანად დავწვი. მერე გადავწყვიტე, თავისთვის მიმეხედა და დამემტკიცებინა მისთვის, რომ ჩემი ღირსი არ იყო. კარგა ხანია, ჩემს პროფესორს ვუყვარდი და ოთოს ჯინაზე ცოლად მას გავყევი. ჩემდა ბედად, კარგი კაცი გამოდგა, ძალიან დიდ პატივს მცემდა და მერე მეც შემიყვარდა. უნდა ვაღიარო, რომ, ისე ამეწყო ცხოვრება, ოთო სულ დამავიწყდა. ერთ დღეს კი, ჩემი გათხოვებიდან ხუთი წლის შემდეგ, ოთო დაბრუნდა, ოღონდ, უცოლშვილოდ. როგორც გავიგე, ის ქალი არ წამოჰყოლია საქართველოში და ამის გამო გაეყარნენ ერთმანეთს. დაბრუნდა თუ არა, თურმე, მაშინვე ჩემი ამბავი უკითხავს და ძალიან გაბრაზებულა, როცა გაუგია, რომ გავთხოვდი. თვითონაც და დედამისიც, თურმე, მადანაშაულებდნენ, რომ ერთგულება არ გამოვიჩინე და როგორც ოთოს დედა ჭორაობდა მეზობლებში, ბებერი კაცის ქონებას დავხარბდი (ჩემი ქმარი ათი წლით არის ჩემზე უფროსი), იმას კი არ ახსენებდა, მისი შვილი როგორ მოიქცა.
ჩამოსვლიდან ერთ წელიწადში ოთომ ცოლი შეირთო და სოფელში დასახლდა, მაგრამ, შვილი არ ეყოლათ, ცხოვრება ვერ აიწყო და გალოთდა, რასაც დედამისი მე მაბრალებდა.
ძალიან მებრალებოდა, მაგრამ, გულში ვფიქრობდი, კიდევ კარგი, ყველაფერი ასე აეწყო, თორემ, მასზე უბედური ახლა მე ვიქნებოდი-მეთქი.
იმ ამბებიდან ძალიან დიდი დრო გავიდა, ახლა უკვე შვილიშვილებიც მყავს. სოფელში სახლი გამოკეტილი მაქვს და თითქმის აღარ ჩავდივარ – ამ ასაკში აღარ მინდა გალოთებულ და გაუბედურებულ კაცს ვუყურო, რომელიც ერთ დროს მართლა მიყვარდა.
ერთში კი ნამდვილად დარწმუნებული ვარ – მე ბრალი არაფერში მიმიძღვის.
ეთერი, 64 წლის.