კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა უფლება პირადად ბრალდებულს, თვითონ მოიპოვოს თავისი სასარგებლო მტკიცებულება და ამ მიზნით ჩაატაროს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება?

პასუხი:  დიახ, ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით მოიპოვოს მტკიცებულება. ბრალდებულის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას აქვს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა. თუ მტკიცებულების მოპოვებისთვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, ის უფლებამოსილია, შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მოსამართლე ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა, რათა ბრალდების მხარისთვის ცნობილი არ გახდეს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება. 

კითხვა: მაინტერესებს, ადვოკატის აყვანის საკითხის გადაწყვეტისას, აქვს თუ არა პროკურორს ან გამომძიებელს უფლება, რაიმე ფორმით ჩაერიონ ბრალდებულისთვის ადვოკატის აყვანის საკითხში ან რეკომენდაცია გაუწიონ რომელიმე კონკრეტულ ადვოკატს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ამგვარი უფლება არც პროკურორს და არც გამომძიებელს არ აქვს. ადვოკატს ირჩევს და იყვანს ბრალდებული ან ბრალდებულის ნების გათვალისწინებით – მისი ახლო ნათესავი ან სხვა პირი. გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს, უფლება არ აქვთ, რეკომენდაცია გაუწიონ რომელიმე ადვოკატს. ბრალდებული (მისი ახლო ნათესავი, სხვა პირი) და ადვოკატი თავიანთ ურთიერთობებს აწესრიგებენ შეთანხმების საფუძველზე. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა უფლება საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს, მოითხოვოს სამედიცინო შემოწმება ან ჩაიტაროს ექსპერტიზა?

პასუხი: ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და მიიღოს შესაბამისი წერილობითი დასკვნა. ბრალდებულის ეს უფლება დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. ასევე, მას აქვს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებისმიერ დროს, საკუთარი ხარჯით, დაუყოვნებლივ ჩაიტაროს სამედიცინო შემოწმება მის მიერ არჩეული ექსპერტის მიერ.  

კითხვა: მაინტერესებს, რას ნიშნავს სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებითი სტანდარტი. გთხოვთ, მომცეთ მტკიცებულებითი სტანდარტებისა და მათი მნიშვნელობის განმარტება. 

პასუხი: გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით არსებობს სამი მტკიცებულებითი სტანდარტი. ესენია: 1) დასაბუთებული ვარაუდი – ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი; 2) ალბათობის მაღალი ხარისხი – წინასასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დამაკმაყოფილებელია სხდომის მოსამართლისთვის, რათა ვარაუდის მაღალი ხარისხით იქნეს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი; 3) გონივრულ ეჭვს მიღმა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. 

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა საკითხები და კონკრეტული სფერო რეგულირდება საქართველოს „პატიმრობის კოდექსით“?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს „პატიმრობის კოდექსი“ განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს. „პატიმრობის კოდექსით“ დადგენილი წესით აღსრულდება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, განჩინება, დადგენილება და მოსამართლის ბრძანება, აგრეთვე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება. 

კითხვა: მაინტერესებს, რას ნიშნავს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა და რა საკითხების განხილვა ხდება ამ სხდომაზე?

პასუხი: აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, მაგისტრატი მოსამართლე ნიშნავს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომას, სადაც, მხარეთა მონაწილეობით:  არკვევს ბრალდებულის ვინაობას; არკვევს, ესმის თუ არა ბრალდებულს სისხლის სამართლის პროცესის ენა;  ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსსა და მის უფლებებს, მათ შორის, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისთვის საჩივრის (სარჩელის) შეტანის უფლებას; ბრალდებულს აცნობებს ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის სახესა და ზომას; არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას და, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; იხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას; ბრალდებულისგან არკვევს, აქვს თუ არა რაიმე საჩივარი ან შუამდგომლობა მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა მიმდინარეობს უწყვეტად. 

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით მემკვიდრეობის საკითხის გადაწყვეტისას ვინ ითვლებიან პირველი რიგის მემკვიდრეებად?

პასუხი: კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები); ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე, დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ; შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისთვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა; შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.

კითხვა: მაინტერესებს, რა შემთხვევაში შეიძლება გაუქმდეს  შვილად აყვანა და ვის შეუძლია კონკრეტულად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოთხოვნის დაყენება?  

პასუხი: გაცნობებთ, რომ  შვილად აყვანა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი იმ შემთხვევაში, თუ: გადაწყვეტილება შვილად აყვანის შესახებ ემყარება ყალბ დოკუმენტებს;  შვილად აყვანა ფიქტიურია; მშვილებელი სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ იყო ცნობილი; მშვილებელს ჩამორთმეული ან შეზღუდული ჰქონდა მშობლის უფლება მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისთვის თავის არიდების ან მათი ბოროტად გამოყენების საფუძველზე; გაშვილება მოხდა მშობლების ან მეურვის თანხმობის გარეშე, სადაც ამგვარი თანხმობა საჭირო იყო, თუ აღმოჩნდება, რომ ბავშვის დაბრუნება ბიოლოგიური მშობლებისთვის ან მეურვისთვის, შეესაბამება ბავშვის ინტერესებს. ამასთან, შვილად აყვანის ბათილად ცნობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს. შვილად აყვანის ბათილად ცნობისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, არის თუ არა ამაზე თანახმა ნაშვილები, რომელმაც 10 წლის ასაკს მიაღწია. შვილად აყვანა  კი შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი იმ პირის მოთხოვნით, რომლის უფლებაც დარღვეულია შვილად აყვანით, აგრეთვე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნით.

 

скачать dle 11.3