რომელი კოლუმბიელი მილიარდერი მოხვდა „ფორბსის” ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების რეიტინგში და რომელმა ლიბანელმა მილიარდერებმა მიიღეს დიდძალი კაპიტალი მემკვიდრეობით
ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის დამფუძნებლები „ეფლის” ინჟინრები, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, რუსი ბიზნესმენები და სხვა – ჟურნალმა „ფორბსმა” პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგის შედგენისას ასაკის მიხედვით ცალკე რეიტინგი შექმნა, სადაც მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები მოხვდნენ. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ მათ ჩამონათვალს.
დასტინ მოსკოვიცი,
მარკ ცუკერბერგი და ედუარდო სავერინი
ასაკი: 28, 28 და 30 წელი; კაპიტალი: 3,5 მილიარდი, 17,5 მილიარდი, 2 მილიარდი.
ამ სამეულს ერთი რამ აერთიანებს და მათი ისტორიის შესახებ თითქმის ყველამ ყველაფერი იცის. „ფეისბუქის” შემქმნელების შესახებ მოთხრობილია წიგნებში – „უცაბედი მილიარდერები”, რომლის მიხედვით გადაღებულია ფილმი „სოციალური ქსელი” და მეორე წიგნი, რომლის სახელწოდებაც კინოფილმის იდენტურია. ამ სამეულიდან ამჟამად „ფეისბუქში” მხოლოდ ცუკერბერგი მუშაობს, რაც აისახა კიდეც მის დიდძალ კაპიტალზე, ხოლო დასტინ მოსკოვიცი პროექტ „ასანაზე” მუშაობს, ვებ-პროექტზე, რომელიც საერთო პროექტებზე მუშაობის დროს ადამიანებს დროის რესურსის ეფექტურ გამოყენებაში დაეხმარება. ედუარდო სავერინი კი სხვადასხვა პროექტშია ჩართული, მათ შორის „შოპსეივშიც”, მობილურ პროგრამაში, რომელიც სკანირებას უტარებს მაღაზიებში პროდუქციის შტრიხ-კოდებს და გაცილებითი მისაღებ ფასში სთავაზობს იგივე პროდუქტს სხვა მაღაზიებს. ცნობისთვის, სავერინი უფროსია ცუკერბერგზეც და მოსკოვიცზე. მას რამდენიმე თვის წინ 30 წელი შეუსრულდა.
ალბერტ ფონ ტურნ უნდ ტაკსისი
ასაკი: 29 წლის; კაპიტალი: 1,5 მილიარდი.
„ფეისბუქის” შემქმნელებისგან განსხვავებით, ამ მილიარდერმა მთლიანი კაპიტალი მემკვიდრეობით მიიღო. ალბერტი ტურნ უნდ ტაკსის საგვარეულოს მეთორმეტე პრინცია. პირველად „ფორბსის” რეიტინგში იგი 8 წლის ასაკში გამოჩნდა, მამის, პრინც იოჰანესის გარდაცვალების შემდეგ, ხოლო კაპიტალის სრულუფლებიანი პატრონი, 2001 წელს, 18 წლის შესრულებისას გახდა. ოჯახი უძრავ ქონებას და სატყეო მეურნეობებს ფლობს გერმანიის ტერიტორიაზე. თავად პრინცი კი ავტოსპორტით არის გატაცებული და FIA GT8-ის ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას.
იან ჰუეიანი
ასაკი: 30 წლის; კაპიტალი: 4,7 მილიარდი დოლარი.
იან ჰუეიანი პრინც ალბერტის მსგავსად, მემკვიდრეობის მიღების შემდეგ გახდა მილიარდერი. დეველოპერული კომპანია „ქანთრი გარდენ ჰოლდინგსი” მამამისმა დააფუძნა. თუმცა, 2005 წელს ბიზნესიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და მთელი საქმე შვილს გადააბარა. 2007 წლიდან კომპანიის აქციების გაყიდვა ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე ხორციელდება. იმავე წელს იან ჰუეიანი ჩინეთის უმდიდრეს ადამიანად დასახელდა და ამ სტატუსს ის დღემდე ინარჩუნებს ჩინელ ქალებს შორის.
ფაჰდ და აიმან ჰარირი
ასაკი: 31, 33 წელი; კაპიტალი: 1,3 მილიარდი, 1,3 მილიარდი.
2005 წელს ტერორისტული აქტის შედეგად მოკლული ლიბანის პრემიერ-მინისტრისა და მილიარდერის, რაფიკ ჰარირის შვილები, რომელთაც მამის ქონება გაიყვეს და თანამდებობას იკავებენ ჰარირების საგვარეულო ჰოლდინგში – „საუდი ოგერ”. ჰოლდინგი ფლობს აქტივებს სამშენებლო ბიზნესში, უძრავ ქონებაში, ენერგეტიკასა და ტელეკომუნიკაციებში.
შონ პარკერი
ასაკი: 32 წლის; კაპიტალი: 2,1 მილიარდი.
ბრწყინვალე იდეების კატალიზატორი და წვეულებების მოყვარული. „ნეპსტერის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და „ფეისბუქის” ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად სავენჩერო ფონდ „ფოუნდერს ფონდის” პარტნიორია. პარკერის პარტნიორებს შორის აღნიშვნის ღირსია: პიტერ ტილი – „ფეისბუქის” პირველი ინვესტორი და „ფეიფალის” სისტემის დამფუძნებელი და ბრაიან სინგერმანი – „აიგუგლის” ავტორი. გარდა ამისა, პარკერი ჩართულია ათამდე სხვა პროექტში, მათ შორის კოსმოსური ტრანსპორტის, „სფეის იქსის” შემუშავებაშიც.
რობერტ პერა
ასაკი: 34 წლის; კაპიტალი: 1,5 მილიარდი.
რობერტ პერა კომპანია „ეფლში” ინჟინრად მუშაობდა, თუმცა 2005 წელს წასვლა გადაწყვიტა. „ეფლი” დიდი კომპანიაა, თუმცა მე წინსვლა მინდა და ამიტომ წამოვედი“, – აცხადებდა პერა. 2011 წლის ოქტომბერში რობერტ პერა მილიარდერი გახდა, მისი კომპანია „იუბიქუიტ ნეტვორკსი”, რომელიც უსადენო ქსელისთვის მოწყობილობებს აწარმოებს, არნახულ მოგებაზე გავიდა. კომპანიის შემოსავალი ორჯერ გაიზარდა, ხოლო სუფთა მოგებამ 46 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
ივონ ბაუერი
ასაკი: 34 წლის; კაპიტალი: 2 მილიარდი.
2010 წლის დეკემბერში მედია-მაგნატმა ჰაინც ბაუერმა თავის ქალიშვილს, ივონს მედიაჰოლდგინგის „ბაუერ მედია გრუპის” აქციათა 85 პროცენტი გადასცა. 1875 წელს დაარსებული კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 400-მდე ჟურნალ-გაზეთს გამოსცემს და კომპანიის წლიური შემოსავალი 2 მილიარდ ევროს უტოლდება.
იოშიკაცუ ტანაკა
ასაკი: 35 წლის; კაპიტალი: 4,3 მილიარდი.
ტანაკა სათამაშო სოციალური პლატფორმის „გრის” ავტორია, რომელსაც 30 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს იაპონიაში. საკუთარი კომპანიის დაარსებამდე ტანაკა იაპონიის უმსხვილეს ინტერნეტ-რიტეილერ კომპანია „რაკუტენში” მუშაობდა. 2011 წელს „გრიმ” 104 მილიონ დოლარად, ამერიკული „ოპენფეიტი” შეიძინა – უმსხვილესი მობილური პლატფორმა სოციალური თამაშებისთვის. ამჟამად „გრის” მომხმარებელთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 190 მილიონ ადამიანს აჭარბებს.
მაქსიმ ნოგოტკოვი
ასაკი: 35 წლის; კაპიტალი: 1 მილიარდი.
სკოლაში სწავლის დროს ნოგოტკოვი კომპიუტერული პროგრამებით ვაჭრობდა, მოგვიანებით კი, რადიოტელეფონების ბიზნესით იყო დაკავებული. 2000 წელს მობილური ტელეფონების საბითუმო ვაჭრობა დაიწყო, შემდეგ კი მობილურების საცალო ვაჭრობის ქსელი, „სვიაზნოი” დააარსა. ამჟამად ნოგოტკოვი რუსეთის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონების ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია და ასევე, ამავე სახელწოდების ბანკს ფლობს.
ალეხანდრო სანტო დომინგო
ასაკი: 35 წლის; კაპიტალი: 9,5 მილიარდი დოლარი.
ალეხანდრო, 2011 წელს გარდაცვლილი კოლუმბიელი მაგნატის ხულიო მარიო სანტა დომინგოს ვაჟია. დომინგოს საგვარეულო ბიზნეს აქტივებს ფლობს ლუდსახარშ კომპანია „საბმილერში” (ბრენდები: „გროლში”, „პილსნერ ულკერი”, „მილერი”, „ზოლოტაია ბოჩკა”), კოლუმბიის უმსხვილეს სატელევიზიო ქსელ „კარაკულ ტელევიზიონში”, სატყეო კომპანია „რეფოკოსტაში”. ალეხანდრო სანტო დომინგო „მეტროპოლიტან მუსეუმ ოფ არტის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.