რომელი განცხადება გააკეთა „იუთუბის” საშუალებით ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა და რა მიზნით გადახტა ის პარაშუტით 73 წლის ასაკში
11 ევროპული სახელმწიფოს პრეზიდენტებმა უარი განაცხადეს მონაწილეობა მიეღოთ უკრაინაში, იალტაში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმში. არაოფიციალურ მიზეზად უკრაინის ექსპრემიერის, იულია ტიმოშენკოს პატიმრობაში ყოფნა სახელდება, თუმცა ზოგიერთმა მეთაურმა გადატვირთული სამუშაო გრაფიკიც კი მოიმიზეზა. ფაქტი ფაქტად დარჩა, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან სტუმრად არ ჩავიდნენ გერმანიის, იტალიის, ჩეხეთის, ალბანეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, უნგრეთის, სლოვენიის, ბალტიისპირეთის ქვეყნების პირველი პირები და ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი. სწორედ მის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს შეიტყობთ „თბილისელების” ამ ნომრიდან.
* ავსტრიის მოქმედი პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი 1938 წელს დაიბადა ქალაქ გრაცში, რომელიც ნაცისტური გერმანიის მიერ, 1938 წლის მარტში გამოცხადებული „ანშლუსის” შედეგად (გერმანია და ავსტრიის გაერთიანების) იყო ოკუპირებული. მისი ოჯახი სოციალ-დემოკრატებს განეკუთვნებოდა. მამა – რუდოლფ ფიშერი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ავსტრიის პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 1954-1956 წლებში ვაჭრობის სამინისტროში გენერალური მდივნის თანამდებობაზე მსახურობდა. ჰაინცის ბიძა – ოტტო საგმეისტერი 1947-1949 ვაჭრობის მინისტრი იყო. ჰაინცის წინაპრები დედის მხრიდან უნგრეთში მცხოვრები გლეხები იყვნენ, ხოლო ბაბუა რკინიგზაზე მუშაობდა.
* ჰაინც ფიშერს ვენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, 1993 წლიდან კი ინსბრუკის უნივერსიტეტის სრული პროფესორია. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ჰაინც ფიშერი სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში ჩაება და ავსტრიის „სტუდენტური პარლამენტის” წევრი იყო უნივერსიტეტში სწავლის წლებში. დისერტაციის დაცვის შემდგომ კი, ავსტრიის პარლამენტის ვიცე-სპიკერის სამდივნოში მიიწვიეს სამუშაოდ. 1971 წელს ჰაინც ფიშერი ავსტრიის პარლამენტის დეპუტატი გახდა და ამ თანამდებობაზე 40 წელი იმსახურა. 1983-1987 წლებში ის ფრედ ზინოვაცის კოალიციური მთავრობის მეცნიერების მინისტრი იყო, ხოლო 2004 წელს, პრეზიდენტ თომას კლესტილის გარდაცვალების შემდეგ, სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან იყარა კენჭი პრეზიდენტის არჩევნებში და გაიმარჯვა. ჰაინც ფიშერი ორჯერ გადაირჩიეს პრეზიდენტის თანამდებობაზე, უკანასკნელად 2010 წელს. ავსტრიაში ის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად ითვლება და მისი კრიტიკოსები პრეზიდენტის ერთ თვისებას გამოყოფენ: ჰაინც ფიშერი კონფლიქტებს გაურბის.
* ჰაინც ფიშერი ცეკვების მოყვარულია. ოფიციალურ მიღებებზე ის ხშირად ცეკვავს მეუღლესთან ერთად. მისი უსაყვარლესი ცეკვა ვენური ვალსია. თუმცა, ასაკიდან გამომდინარე, მხოლოდ 2-3 წუთს ცეკვავს, რადგან შემდეგ თავბრუხვევა ეწყება. ფიშერს არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ მოკლე ვალსის მოყვარულია და არ უყვარს ხანგრძლივი ენერგიული ცეკვები. ხოლო, როდესაც „თეთრ ცეკვას” აცხადებენ, მასთან ცეკვის მსურველებს ურჩევს, სხვა პარტნიორი აირჩიონ და არა ფედერალური პრეზიდენტი.
* ჰაინც ფიშერი ფეხბურთის დიდი მოყვარულია. ახალგაზრდობაში ის თავადაც თამაშობდა და ავსტრიის ჭაბუკთა ლიგაში რამდენიმე მატჩიც კი ჩაუტარებია. ჯარში მსახურობის დროს კი, თავისი ყაზარმის ფეხბურთის გუნდის კაპიტანი იყო და ყაზარმებს შორის გამართულ ჩემპიონატში ასპარეზობდა. გარდა თამაშისა, ფიშერი ფეხბურთის სტატისტიკის მცოდნეა და თავისუფლად შეუძლია, ჩამოთვალოს 50-იანი წლების ავსტრიის ან უნგრეთის ნაკრების ფეხბურთელების გვარები. მისი საყვარელი ფეხბურთელებიდან მეკარე ლევ იაშინის გამოყოფა შეიძლება, რომელიც წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას იცავდა და დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად მიიჩნევა. ამჟამად ჰაინც ფიშერი დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, სადაც ესპანურ და ინგლისურ კლუბებს ქომაგობს.
* ჰაინც ფიშერი ღიად უჭერს მხარს ერთსქესიან ქორწინებებს და გამოდის ინიციატივით გაუქმდეს კანონი, რომელიც უკრძალავს ჰომოსექსუალ წყვილებს შვილების აყვანას. ის ფიქრობს, რომ ჰომოსექსუალი მშობლები ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებენ ბავშვის მომავალზე. გარდა ამისა, მისი აზრით, ჰომოსექსუალები უნდა მსახურობდნენ შეიარაღებულ ძალებში და იგივე უფლებები ჰქონდეთ, როგორიც ჩვეულებრივ ჰეტეროსექსუალ წყვილებს აქვთ.
* ჰაინც ფიშერი თავისი წინამორბედების მსგავსად, ვენაში, ჩვეულებრივ კერძო ბინაში ცხოვრობს, საიდანაც საპრეზიდენტო რეზიდენციამდე, ჰოფბურგის საიმპერატორო სასახლემდე, ფეხით 10 წუთის სავალი გზაა.
* ავსტრიის პირველი ლედი 1943 წელს დაბადებული მარგიტ ბინდერ-ფიშერია. ჰაინცი და მარგიტი 1968 წელს დაქორწინდნენ. მარგიტის მშობლები ებრაელი სოციალ-დემოკრატები იყვნენ და ავსტრიის ანექსიის შემდეგ, იძულებულნი იყვნენ შვედეთში, სტოკჰოლმში გაქცეულიყვნენ, სადაც დაიბადა კიდეც მარგიტი. მარგიტის მამა, ოტო ბინდერი 1959-1981 წლებში უმსხვილეს ავსტრიულ სადაზღვევო კომპანიას ხელძღვანელობდა. ავსტრიის პრეზიდენტს ორი შვილი ჰყავს – 1972 წელს დაბადებული ფილიპი და 1975 წელს დაბადებული ლიზა.
* ჩეხეთში ვიზიტის დროს, ჰაინც ფიშერი პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსს შეხვდა მიკულოვის სასახლეში. პრეზიდენტები 1968 წლის აგვისტოს მოვლენებს იხსენებდნენ, როდესაც საბჭოთა ჯარები ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. მაშინ 200 ათასი ჩეხი მოქალაქე იძულებული იყო დაეტოვებინა მშობლიური მიწა და ავსტრიაში გადასულიყო. კლაუსმა მადლობა გადაუხადა ფიშერს ჩეხი ხალხის სახელით და აღნიშნა, რომ იმედია, მომავალში მსგავსი მოვლენები აღარ განმეორდებაო.
* 2009 წლის 23 ნოემბერს ჰაინც ფიშერმა ვიდეო-პორტალ „იუთუბის” საშუალებით, ავსტრიის მოქალაქეებს აუწყა, რომ კენჭს იყრიდა პრეზიდენტობის მეორე ვადაზე. არჩევნებში მან ხმათა საერთო რაოდენობის 79 პროცენტი აიღო. ჰაინც ფიშერი პირველი პრეზიდენტია, რომელმაც საარჩევნო კამპანია „იუთუბიზე” დაიწყო.
* ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი აგნოსტიკოსია. თავისუფალ დროს ალპინიზმით არის გატაცებული. გარდა ამისა, მრავალი წელია, ის სათავეში უდგას ავსტრიის ბუნების მეგობართა კლუბს. სულ ახლახან კი, ფიშერმა პრეზიდენტისთვის სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და 73 წლის ასაკში პირველად გადახტა პარაშუტით. ფიშერი 3 800 მეტრი სიმაღლიდან გადახტა და ნახტომი 50 წამს გრძელდებოდა. ნახტომი სამხედრო ვარჯიშების ფარგლებში შესრულდა და ამ ქმედებით ფიშერმა მადლიერება გამოხატა ავსტრიელი სამხედრო-საჰაერო ძალების ჯარისკაცების მიმართ. ფიშერის პარაშუტისტებთან მზადების და ნახტომის ამსახველი ვიდეო „იუთუბზეა” ატვირთული. მიწაზე დაშვების შემდგომ, ჰაინც ფიშერმა განაცხადა, რომ ჩიტის თვალით დანახულ ავსტრიის მიწებზე ლამაზი მსოფლიოში არაფერია.