კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა ვებრძოლოთ საქართველოში არსებულ 50 000-ზე მეტ მეწყერსაშიშ ზონასა და 3 000-ზე მეტ საღვარცოფე ხევს

უკვე რამდენიმე წელია, ერთი მხრივ, სინოპტიკოსები გვამცნობენ, რომ კლიმატი შეიცვალა, მეორე მხრივ კი, ჩვენც ვხედავთ, რომ არც გაზაფხული გაზაფხულობს და, მაინცდამაინც, არც წელიწადის დანარჩენი დროები. ისიც გვესმის პერმანენტულად, რომ ამა თუ იმ სეზონისთვის უჩვეულოდ ბევრი ნალექიც მოდის; იმდენად უჩვეულოდ ბევრი, რომ უხვი ნალექი ჩვეულებადაც გვექცა. ამ ყოველივეს კი აქეთ –  მეწყრები მოსდევს, იქით – არანაკლებ დამანგრეველი ღვარცოფები. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია უხვადაა გაჯერებული მეწყრული სხეულებითა და საღვარცოფე ზევებით, აშკარაა, რომ დედაბუნებისგან არცთუ სასიამოვნო სიურპრიზები გველის. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ემილ წერეთელი გაგვარკვევს, როგორ მომავალს გვიმზადებს სტიქია და რა შესაძლებლობები გვაქვს მასთან გასამკლავებლად.

 

– გასაგებია, რომ ბუნება ჩვენ არ მოგვერგება და ჩვენ უნდა მოვერგოთ მის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს. სანამ იმაზე ვისაუბრებთ, როგორ ავიცილოთ თავიდან გარემოს დამანგრეველი ზემოქმედება, როგორია ახალი კლიმატური რეალობა?

– კლიმატურ პირობებზე, ბუნებრივია, ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენთ, ამდენად, მთავარია, ვიცოდეთ, რა გავლენას მოახდენს ეს კლიმატური ცვლილებები გარემოზე. კლიმატური პირობების ზემოქმედება სხვადასხვანაირია: ერთი მხრივ, ის აუარესებს სოფლის მეურნეობის პირობებს, მეორე მხრივ კი, უარყოფითი კლიმატური პირობები უარყოფით გავლენას ახდენს არა მარტო გარემოზე, არამედ იმ ფაქტორებზეც, რომლებიც პროვოცირებას უკეთებს სხვა მოვლენებს: წყალდიდობებს, წყალმოვარდნებს, დატბორვას და ასე შემდეგ.

–  და რა საშუალებები არსებობს მოსალოდნელი რისკების მინიმუმამდე დასაყვანად?

– ამისთვის ორი რამ უნდა ვიცოდეთ: რას ემუქრება და რა უარყოფით შედეგებს იწვევს იმ მაპროვოცირებელ ძირითად ფაქტორებზე, რომლებზეც მოქმედებს და რასაც ჩვენ გეოლოგიურ გარემოს ვუწოდებთ. კლიმატური პირობები ის ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც იწვევს სხვადასხვა გეოლოგიურ პროცესს. საერთოდ, ამა თუ იმ კლიმატურ პირობებში მყარდება სტატიკური მდგომარეობა, რომელიც მრავალწლიურ რეჟიმში არ იცვლება. ამიტომაც ვამბობთ, რომ, მაგალითად, თბილისში საშუალო წლიური ტემპერატურა არის ამდენი და ამდენი, ნალექების წლიური ოდენობა ამდენი და ამდენი. ეს არის სტატიკური მდგომარეობა, რომელიც უცვლელია მრავალი წლის განმავლობაში და, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული გეოლოგიური ცვლილებებიც უცვლელია.

– ფაქტია, რომ ნალექების ოდენობა გაზრდილია, ანუ უკვე ეს გახდა სტატიკური მდგომარეობა? 

– ნალექების ასეთი გადახრა დამოუკიდებლად არ ხდება, ის უკავშირდება ტემპერატურის ცვლილებას. მართალია, სისტემაში მრავალი კომპონენტია, მაგრამ გეოლოგიურ პროცესებზე მოქმედებს ტემპერატურა და ნალექები. ჩვენ საკმაოდ კარგად გვაქვს შესწავლილი, რომელ გეოლოგიურ გარემოში რა ოდენობის ნალექი უნდა მოვიდეს, რომ მოხდეს აფეთქება, ამა თუ იმ უარყოფითი პროცესის წარმოქმნა და შეგვიძლია ლავირება.

– როგორი მდგომარეობა გვაქვს, საქართველოს რომელ რეგიონებში შეიმჩნევა გადახრები?

– ძალიან ბევრგან. თითქმის ყველა რეგიონშია კლიმატური პირობების გადახრები, მაგრამ სხვადასხვა გეოლოგიურ პირობებში ეს გადახრები სხვადასხვანაირად გამოვლინდება.

– კერძოდ?

– მაგალითად, კავკასიურ მაღალმთიან ზონაში ჭარბ ნალექებს დიდი უარყოფითი ეფექტი არ ექნება, იმიტომ რომ იქ მყარი ქანებია, მაგრამ რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიაზე ჭარბი ნალექები სწრაფად მოქმედებს. მაგალითად, თერგის ხეობასა და კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, რომელიც სუსტი ქანებითაა აგებული, ეს ნალექები მოქმედებს იმით, რომ ღვარცოფები წარმოიქმნება. ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით.

– ერთია, რომ ვიცით, მეორე, რა უნდა გავაკეთოთ და, რაც მთავარია, თუ ვაკეთებთ?

– ჩვენთან, საქართველოში, დაფიქსირებული გვაქვს 50 000-მდე მეტი მეწყერსაშიში ზონა და 3 000-ზე მეტი ღვარცოფის მაფორმირებელი მდინარეების აუზი. მაგალითად, ამერიკაში დაფიქსირებულია 20 მილიონი მეწყერსაშიში ზონა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ძალიან მდიდარი ქვეყანაა, ყველა მეწყერსაშიშ ზონაში ღონისძიებას ვერ გაატარებს: არ ეყოფა არც ადამიანური, არც ტექნიკის და არც ფულადი რესურსი. რაც მთავარია, კიდევაც რომ გაატარო, ამ ღონისძიებებს შედეგი არ მოაქვს, ამიტომ ასეთი ადგილებიდან მოსახლეობა უნდა გაიყვანო, თუმცა ზოგ ადგილზე საკმაოდ მცირე პროფილაქტიკური ღონისძიებითაც კი შედეგს მივიღებთ.

– ღვარცოფების შემთხვევაშიც ასეა: ზოგჯერ შესაძლებელია პრევენცია, ზოგჯერ კი –  უშედეგოა?

– რა თქმა უნდა. აი, მაგალითად, მდინარე დურუჯზე, რომელიც ყვარელს ემუქრება, ძალიან ბევრი ღონისძიება იყო დასახული, ერთ-ერთი იყო ფიტომელიორაციული ღონისძიებების გატარება, ანუ მცენარეთა დარგვა. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს შედეგს არ მოგვცემს, რადგან იქ ქანების გეოლოგიური დაშლა ისეთია, რომ მცენარეები ფეხს ვერ მოიკიდებს. ყველაზე შედეგიანი დამბის მშენებლობაა, რაც უკვე გააკეთეს. თუმცა პროექტი ბოლომდე არ არის მიყვანილი. ამასთან, აუცილებელი იყო კალაპოტის მუდმივი გაწმენდა. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ყოველ წელს იწმინდებოდა დურუჯის კალაპოტი და, საშუალოდ, 3 მილიონი კუბური მეტრი მასალა გამოდიოდა დურუჯის კალაპოტიდან. ამ მასალით კი აკეთებდნენ დამბებს. ეს ძალიან კარგ შედეგს გვაძლევდა. ამჟამად შეწყვეტილია კალაპოტის გაწმენდა, რაც ძალიან ცუდია. დამბების ქვედა ნაწილი, რომ არ გარეცხილიყო, ბეტონითაა ამოყვანილი, ის კედლები შევსებულია და შესაძლოა, დამბები დაინგრეს, თუ კალაპოტი არ გაიწმინდა.

– მოსახლეობა ცხოვრობს მეწყერსაშიშ ზონებში?

– ძალიან ბევრი. საერთოდ, ყველა ქვეყანაში რეალურად უფრო მეტი მეწყერსაშიში ზონაა, ვიდრე აღნუსხულია. ჩვენთანაც, ალბათ, 50 000-ზე გაცილებით მეტია ასეთი ზონა. საერთო ჯამში, საქართველოში 15 000 კვადრატულ კილომეტრზეა მეწყერსაშიში ზონა და მათი უმეტესობა დასახლებულია. ამდენ ხალხს ვერსად გაიყვან და ვერც პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებ, ამიტომ საჭიროა მუდმივი მონიტორინგი.

– იწარმოება?

– მეწყერი შეიძლება, დღეს აქტიურად განვითარდეს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ჩაქრეს, მისი სტაბილიზაცია მოხდეს ან პერიოდულად გააქტიურდეს ხოლმე. ღვარცოფების შემთხვევაში სანიაღვრე ხევების გაუწმენდაობამ, რაც შესაძლოა, მარტივი პროფილაქტიკური სამუშაო იყოს, შეიძლება დამანგრეველი შედეგი გამოიღოს.

– როგორც ვიცი, ერთ პატარა ხევს, რომლის გაწმენდასაც  ერთი ტრაქტორიც ჰყოფნის, შეუძლია სოფელი წალეკოს. ეს სანიაღვრვე არხებიც ყოველწლიურად უნდა გაიწმინდოს?

– მდინარეთა აუზში, თუნდაც, ჭარბმა ნალექმა შესაძლოა, ჩვეულებრივი წყალმოვარდნა გამოიწვიოს და არანაირი უარყოფითი შედეგი არ ჰქონდეს, პირიქით, გაწმინდოს კალაპოტი, მაგრამ შეიძლება, წამოიღოს ქვები, ლოდები, ტალახის მასალა, რაც უკვე წყალდიდობა კი არა, ღვარცოფია.

– თბილისში ღვარცოფი იყო?

– დიახ; ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რა გეოლოგიასთან გვაქვს საქმე: არის თუ არა ხევში დაგროვილი მასალა, რომ ღვარცოფი განვითარდეს. შეიძლება, წვიმა წამოვიდეს და ღვარცოფი არ განვითარდეს, როგორც გითხარით, უბრალოდ წყალმა გაიაროს, მაგრამ, როდესაც ღვარცოფი მოდის, მას მოაქვს ტალახით გაჯერებული მასა, ჩერდება იქ, სადაც ენერგია ჩაქრება და ტოვებს მასას. ამიტომაცაა დურუჯსა და სხვა მსგავს მდინარეებზე იმდენი მასალაა დაგროვილი, რომ ზოგან კალაპოტი უფრო მაღლაა, ვიდრე მიმდებარე ტერიტორია. ასეთივე მდგომარეობაა ალავერდზეც და ამ უნიკალურ კომპლექსს საფრთხე ემუქრება.

მეორე მხრივ, დატბორვას ხანდახან დადებითი შედეგიც აქვს. მაგალითად, ეგვიპტეში ნილოსს განზრახ აგუბებდნენ, შემდეგ უშვებდნენ, რადგან წყალს კარგი შლამი მოჰქონდა, რომელიც მიწას ანაყოფიერებდა.

– როგორც ვიცი, სწორედ ანალოგიური რამ ხდება „ქინძმარაულის“ შემთხვევაშიც: სწორედ ვენახების დატბორვა აი, იმ სპეციფიკური ლამიანი წყლით გვაძლევს „საფერავისგან“ „ქინძმარაულს“?

– დიახ. იმ მასალის გეოლოგიური შემადგენლობა, რომელიც მთიდან ჩამოდის, გამდიდრებულია 500 მილიონი წლის წინათ დალექილი ორგანიკით, რაც ზრდის მიწის ნაყოფიერებას, ანუ უარყოფითის გარდა, დატბორვა დადებით შედეგსაც გვაძლევს.

– თბილისში რამდენი საღვარცოფე ხევია?

– თბილისში შესწავლილი გვაქვს 60 მეწყერსაშიში ზონა და 50-ზე მეტი ღვარცოფსაშიში ხევი.

– ეს ისეთი საღვარცოფე ხევები და მეწყრული სხეულებია, სადაც შესაძლებელია პრევენციის გატარება?

– უმეტესად შეიძლება, ზოგან არ შეიძლება. უნდა იცოდე, სად რა ვითარებაა.

– ვიცით?

– ვიცოდით 20 წლის წინათ, იმიტომ რომ მაშინ მონიტორინგს ვატარებდით. ახლა ჩვენ თბილისში მონიტორინგს აღარ ვატარებთ. ვატარებთ მხოლოდ საქართველოს რეგიონებში.

– თბილისი რატომ დაჩაგრეთ?

– თბილისის მონიტორინგზე დაკვეთა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. მაშინ ყოველწლიურად ვაკვირდებოდით, ვსწავლობდით და რეკომენდაციებს ვაძლევდით მაშინდელ აღმასკომს, მაგრამ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აღარ ვაწარმოებთ მონიტორინგს, იმიტომ რომ აღარ დაუკვეთავთ.

– ანალოგიური ვითარებაა სანიაღვრე ხევებთან დაკავშირებითაც?

– დიახ. 

– ახლა არ დადგა საჭიროება, რომ განაახლოთ მონიტორინგი?

– ალბათ, დადგა. ჩვენ, თავის დროზე, 2002 წელს შევადგინეთ პროგრამა და გადავეცით ქალაქის მერიას. პირადად მე გავაკეთე მოხსენება. იმ ხანად თბილისში ბევრი მიწისძვრა მოხდა, რამაც კიდევ უფრო გააუარესა ვითარება. შეფასებები გავაკეთეთ მიწისძვრებთან დაკავშირებითაც.

– 20 წლის წინანდელ მონაცემებს თუ არ ჩავთვლით, ამ კუთხით თბილისზე არაფერი გვცოდნია. ახალი შენობები როგორ ქანებზე შენდება, არც ის ვიცით?

– რა თქმა უნდა, ვიცით, იმიტომ რომ ვერანაირი სახლს ვერ ააშენებენ, თუ არ იქნა გეოლოგიური დასკვნა. სხვა საკითხია, ვინ აკეთებს ამ გეოლოგიურ დასკვნას, მაგრამ ეს ხომ მონიტორინგი არ არის?! ჩვენ ვაკეთებთ დასკვნას, რა გეოლოგიაა უშუალოდ ნაგებობის ქვეშ, მაგრამ არ ვიცით, რა ხდება საერთო სივრცეში. ალბათ, გახსოვთ, როდესაც 2003 წელს მამადავითზე ბენზინგასამართ სადგურზე ფერდობი ჩამოიშალა და ოთხი ადამიანი მოიყოლა. ამიტომ ერთია ნაგებობის ქვეშ ნიადაგის შეფასება და, მეორე დანარჩენი სივრცის შესწავლა.

– ამერიკაში, თუ პრევენცია არა, საერთო სივრცის მონიტორინგი ტარდება?

– რა თქმა უნდა.

– რეგიონებში ტარდება მონიტორინგი?

– ტარდება და საკმაოდ ეფექტიანიც არის.

– თქვენ, როგორც პროფესიონალი, რას გვირჩევთ, როგორც უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება მეტ-ნაკლებად დაცული იყოს?

– გარდა კლიმატის ცვლილებისა, გეოლოგიურ გარემოზე მოქმედებს მიწისძვრებიც და ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ ვაკეთებთ ყოველწლიურ მონიტორინგს რეგიონების მიხედვით. ხედავთ, რომ ჩამოთვლილია ყველა სოფელი, მითითებულია მოსალოდნელი რისკები და ღონისძიებები, რა უნდა გაკეთდეს. ვაკეთებთ, როგორც მოკლევადიან და გრძელვადიან, ისე ოპერატიულ პროგნოზებს. ყველა რეგიონს მოვიცავთ და ყველა რეგიონი მეტ-ნაკლებად ამით ხელმძღვანელობს, შეძლებისდაგვარად, აწარმოებს პრევენციულ ღონისძიებებს. რუკებზეც ხედავთ, რომ მთელი საქართველოა მეწყრებისა და ღვარცოფების რისკის ზონა, თუმცა ზოგან მეტია ამის საშიშროება და ზოგან –  ნაკლები. ზოგადად, საქართველოს ტერიტორიის 70 პროცენტი გეოლოგიურად საშიშროების წინაშეა. საერთოდ, ჩვენი კლიმატური პირობები და ტექტონიკა ისეთია, რომ არ შეიძლება, საფრთხე არ იყოს. მაგალითად, მოსკოვს ისე არ ემუქრება მეწყრები, როგორც თბილისს, თუმცა მაინც ემუქრება, უბრალოდ, იქ მიწისძვრები არ იცის. ჩვენთან კი მიწისძვრების შედეგად ძალიან ბევრი მეწყერია გააქტიურებული. მიწისძვრების შედეგად წარმოქმნილი მეწყრებისგან მთელი სოფლებია დამარხული. მაგალითად, რაჭის მიწისძვრებმა 20 000 მეწყერი გაააქტიურა და ახალი წარმოქმნა.

– თითოეული მიწისძვრა წარმოქმნის ახალს და ააქტიურებს ძველ მეწყერსაშიშ ზონას?

– რა თქმა უნდა. შესწავლილი გვაქვს, რომ 4-5-ბალიანი მიწისძვრის დროს მეწყრები წარმოიქმნება. მართალია, ამ სიძლიერის მიწისძვრა სახლებს ვერ ანგრევს, მაგრამ, სამაგიეროდ, მეწყრებს წარმოქმნის.

 

 

скачать dle 11.3