რატომ გადაწყდა ბათუმში ასაშენებელი მეჩეთისთვის სულთან აბდულაზიზის სახელის მინიჭება და იყო თუ არა დედამისი ქართველი
საბოლოოდ ისევ უცნობია, აღიმართება თუ არა ბათუმში აბდულაზიზის სახელობის მეჩეთი და, მაინცდამაინც, არც საზოგადოება შეჯერებულა ერთ აზრზე, ვინ იყო და რა კვალი დატოვა საქართველოს სისხლიან ისტორიაში ხსენებულმა სულთანმა. მეორე მხრივ, არც ქართველ ისტორიკოსებს აქვთ ნათელი წარმოდგენა იმ სულთნის მოღვაწეობის შესახებ, რომლის სახელობის მეჩეთიც უნდა აგვიშენდეს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიკოსი თურქოლოგი ზაზა შაშიკაძე დაგვეხმარება ქართული ისტორიოგრაფიისთვის ბურუსით მოცული ამ პიროვნების უკეთ გასაცნობად.
– ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს ოსმალეთის იმპერიასთან სიამტკბილობითი ურთიერთობა გვქონია. ამიტომ ცოტა შორიდან დავიწყოთ ჩვენი საუბარი: როდის ჩნდება ეს იმპერია ქართულ სინამდვილეში?
– ოსმალეთის იმპერიის დაარსების სიმბოლურ თარიღად 1299 წელია მიჩნეული. თავიდან მისი საგარეო პოლიტიკა და აგრესია, ძირითადად, ევროპისკენ იყო მიმართული. პირველი სულთანი, რომელმაც აღმოსავლური პოლიტიკის წარმოება დაიწყო, გახლდათ სულთან სელიმ პირველი (1512-1520), რომელმაც ჯერ კიდევ უფლისწულობის დროს მოახერხა საქართველოს ტერიტორიებზე, კერძოდ, იმერეთზე ლაშქრობა, ქუთაისის აოხრება-გაძარცვა და გელათის გადაწვა. ეს იყო ოსმალების ერთ-ერთი პირველი ლაშქრობა საქართველოში, რომელიც მხოლოდ მარბიელ ხასიათს ატარებდა. სელიმ პირველმა 1514 წელს დაიწყო ომი ირანის წინააღმდეგ, რომელიც ხანმოკლე შესვენებებით თითქმის საუკუნე-ნახევარს მიმდინარეობდა და ამ ომების ასპარეზი, ძირითადად, სამხრეთ საქართველოს, სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიები იყო. 1514 წელს, სპარსეთის ლაშქრობიდან მობრუნებულ სულთანს მზეჭაბუკ ათაბაგმა, საკუთარი სამთავროს გადარჩენის მიზნით, გულის მოსაგებად, მას გადასცა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი რეგიონი სპერი.
ქართული ტერიტორიების ოსმალეთის იმპერიისადმი დაქვემდებარება ხდება სელიმის შვილის, სულეიმან პირველის (1520-1566) სულთნობის პერიოდში. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის იმპერიამ ძლიერების პიკს მიაღწია. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ ისტორიული სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიები: ტაო-კლარჯეთი, დღევანდელი აჭარის ტერიტორიის ჩათვლით. ირან-ოსმალეთის ომის ახალ ტალღასთან ერთად იწყება ქართული ტერიტორიების დაპყრობის ახალი ეტაპი. ამჯერად ოსმალები ახერხებენ მთელი კავკასიის აღებას (1578-1579), თუმცა ამ ლაშქრობის შემდეგ საბოლოო ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ მესხეთ-ჯავახეთზე ახერხებენ. საქართველოს დანარჩენ ნაწილზე, მათ შორის, თბილისზეც მათი მმართველობა ნომინალურია და დროებითი. ისინი მალევე კარგავენ აქ გავლენას. ოსმალებს შემდგომშიც არაერთხელ უცდიათ სხვა ქართული ტერიტორიების დაპყრობა, მაგრამ მათი იმპერიისადმი დაქვემდებარება ვერ მოახერხეს.
– როდის ჩნდება სულთანი აბდულაზიზი თურქეთის პოლიტიკურ სცენაზე?
– მეჩვიდმეტე საუკუნიდან იწყება ოსმალეთის იმპერიის დაღმასვლის პერიოდი. ხელისუფლება ეძებდა გამოსავალს და მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ცდილობდა რეფორმების გატარებას. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა იყო, თანზიმათის სახელწოდებით, 1839 წელს წამოწყებული მასშტაბური რეფორმები, რომლებიც თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 1853-1856 წლების ყირიმის ომის შედეგები ძალზე არასახარბიელო აღმოჩნდა ოსმალეთისთვის და, პარიზის ტრაქტატით, ევროპის სახელმწიფოები – ინგლისი, საფრანგეთი, ავსტრია, ცდილობდნენ მასზე გავლენის მოპოვებას. სწორედ ამ ქვეყნების დაჟინებული მოთხოვნით გამოსცა სულთან აბდულმეჯიდ პირველმა დეკრეტი (ჰათი ჰუმაიუნი), რომლითაც ოსმალეთის ქრისტიანული მოსახლეობის უფლებები ბევრად გაიზარდა. ამავე პერიოდში დაიწყო თანზიმათის რეფორმების მეორე ეტაპი, რომელიც პირველ ეტაპთან შედარებით ბევრად უფრო პროდასავლური ორიენტაციით გამოირჩეოდა. ის ყველა სფეროს ეხებოდა და რეფორმატორები ცდილობდნენ ქვეყანაში ყველა სფეროში ევროპული გამოცდილებისა და ყაიდის დანერგვას. მართალია, თანზიმათის რეფორმების შედეგად მოხდა გარკვეული ძვრები ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, მაგრამ მიღებული შედეგები არ შეესაბამებოდა ქვეყნის მოთხოვნებს. ამიტომ სოციალურ ფენებში გაიზარდა უკმაყოფილება სულთნისა და მთავრობის მიმართ. უკმაყოფილო წრეებმა, ძირითადად, ისლამურმა 1859 წელს შექმნეს საიდუმლო საზოგადოება. მათ მიზნად ჰქონდათ აბდულმეჯიდის ტახტიდან ჩამოგდება და აბდულაზიზის გამეფება. თუმცა ეს ცდა მარცხით დამთავრდა და რამდენიმე თვეში ორგანიზაციის წევრები აბდულმეჯიდმა სიკვდილით დასაჯა. სულთან აბდულმეჯიდის სიკვდილის შემდეგ, ტახტზე ავიდა მისი ძმა, სულთანი აბდულაზიზი, რომელმაც გააგრძელა თანზიმათის რეფორმები.
– ვისაც ვესაუბრე, ყველა აღნიშნავს, რომ აბდულაზიზი არაფრით გამორჩეული სულთანი იყო. შეესაბამება ეს შეფასება რეალობას?
– ის გახლდათ პირველი სულთანი, რომელმაც იმოგზაურა პარიზსა და ევროპის სხვა ქალაქებში და გადაწყვიტა ევროპული ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნა თავის ქვეყანაში. სწორედ მის დროს გაიხსნა სტამბულში უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია და მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულება. მეცხრამეტე საუკუნის 60-70-იან წლებში სულთანს და მის ხელისუფლებას დაუპირისპირდა ევროპაში განათლებამიღებულ ახალგაზრდათა ჯგუფი, ,,ახალგაზრდა ოსმალთა საზოგადოება”. მათი მთავარი მოთხოვნა იყო კონსტიტუციური მონარქიის შექმნა. მათ მიერ შემუშავებული შეთქმულების გეგმით უნდა გადაეყენებინათ დიდვეზირი და აბდულაზიზისთვის მოეთხოვათ ღონისძიებების გატარება ქვეყანაში სიტუაციის გამოსწორების მიზნით. თუ სულთანი უარს იტყოდა, მას ტახტიდან გადადგომას აიძულებდნენ და გაამეფებდნენ მურადს, აბდულმეჯიდის შვილს. ეს გეგმა ჩაიშალა და ,,ახალგაზრდა ოსმალების” წევრები ევროპაში გადაიხვეწნენ. შემდეგ მათი ნაწილი დაბრუნდა ოსმალეთში, მაგრამ, საბოლოოდ, 1873 წლის გაზაფხულზე მათი საქმიანობა შეწყდა, თუმცა უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია. 1876 წელს ოსმალეთში კვლავ დაიწყო გამოსვლები. იმპერიაში მძვინვარებდა ეკონომიკური კრიზისი. ბალკანეთის ქვეყნებში კი ანტიოსმალური გამოსვლები დაიწყო. სტამბულში გაძლიერდა თურქული მოსახლეობის უკმაყოფილება. 1876 წლის 30 მაისს აბდულაზიზი გადააყენეს და გაამეფეს მურად მეხუთე, აბდულმეჯიდის შვილი. მან მხოლოდ 93 დღეს გაძლო ოსმალეთის ტახტზე. მისი გამეფებიდან რამდენიმე დღეში კი აბდულაზიზი მოკლეს. არსებობს ვერსია, თითქოსდა მან თავი მოიკლა, მაგრამ ფიქრობენ, რომ მაკრატლით ორივე ხელზე ვენების გადაჭრა შეუძლებელია, რაც გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას. ასე დაასრულა სიცოცხლე ოსმალთის იმპერიის არაფრით გამორჩეულმა სულთანმა.
– აჭარასთან როგორ იკვეთება მისი საქმიანობა? მართლაც, ქართველი ჰყავდა დედა აბდულაზიზს?
– მისი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ აჭარა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში დაუბრუნდა საქართველოს და, ვფიქრობ, ეს ნიშანდობლივი ფაქტია. რამდენიმე ქართველი ავტორი თავის ნაშრომში ამბობს, რომ აბდულაზიზის დედა, რომელსაც ბეზმიალემი ერქვა, ქართველი იყო. ერთნი მიიჩნევენ, რომ ის სამტრედიელი ქუთათელაძე იყო, მეორენი ამბობენ, რომ სამეგრელოდან იყო, თუმცა ვერც ერთი ვერ ასახელებს წყაროს. ოსმალური საისტორიო მასალის მიხედვით კი, რაც ამ შემთხვევაში ბევრად უფრო სარწმუნოა, ქალბატონი ბეზმიალემი მართლაც ქართული წარმომავლობისაა, მაგრამ უცნობია, კონკრეტულად რომელი კუთხიდან. ამასთან ის აბდულაზიზის კი არა, მისი ძმის, აბდულმეჯიდის დედა იყო და 1839 წლის 30 ივლისს შვილის ტახტზე ასვლის შემდეგ სულთნის მშობლის, ანუ ,,ვალიდე სულთნის” ტიტული მიიღო. რაც შეეხება აბდულაზიზის დედას, მას ფერთევნიალი ერქვა და მისი წარმომავლობა ჩემთვის უცნობია.
როდესაც ვსაუბრობთ აბდულაზიზის დედით ქართველობაზე, მის სუსტ მონარქობაზე და ამას ვუკავშირებთ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას, ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომაა. დედით ქართველობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ სულთანს რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიმპათიები ჰქონდა ქართველებისადმი, მათ შორის აჭარის მკვიდრთადმი. ჩვენ ამით უბრალოდ ვცდებით ძირითად თემას. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა ბათუმში სულაც არ ისახავს მიზნად სულთან აზიზის სახელის უკვდავყოფას, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ისედაც არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს. ამის ჭეშმარიტი მიზეზის მისახვედრად სულ ცოტა, უნდა ვიცნობდეთ თურანიზმის და პანთურქიზმის მოძღვრებებს და მის მოდერნიზებულ ფორმას, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ უკვე გაიცნო დავუდოღლუს დოქტრინის სახით. აღნიშნული მეჩეთის აშენება იმ ადგილზე, სადაც თავიდან ითქვა, იუნკერების საფლავი გვაქვს მხედველობაში, საკუთარ ისტორიაზე უარის თქმას ნიშნავდა. საბედნიეროდ, რამდენადაც ვიცი, ეს თემა ამ ეტაპზე დღის წესრიგიდან მოხსნილია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სალოცავი ნებისმიერი შეიძლება აშენდეს, თუ მრევლი მოითხოვს და ამის საჭიროება იქნება, მაგრამ არა ასეთი ფორმით. აქვე მინდა ვთქვა, რომ ანალოგის ძებნა ოშკთან და იშხანთან არ არის მართებული. ესენი დღემდე შემორჩენილი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლებია და ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფო ვალდებულია, გადაარჩინოს ისინი.
– რატომ არის საქართველოში ასეთი მწირი ინფორმაცია აბდულაზიზის შესახებ?
– სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ქართული ტერიტორიები ოსმალეთმა მიიტაცა, ქართული წყაროები თითქმის აღარაფერს გვეუბნებიან მათზე. გამომდინარე აქედან, საკითხიც არ არის სათანადოდ შესწავლილი. იგივე ეხება მეცხრამეტე საუკუნესაც და, კერძოდ, აბდულაზიზის სულთნობის პერიოდის აჭარის ისტორიასაც. ამ ბოლო დროს ხელმისაწვდომი გახდა თურქული საისტორიო ლიტერატურა, რომელიც შესაძლებელს ხდის, გავეცნოთ მრავალ სიახლეს აღნიშნულთან დაკავშირებით.
– აჭარის ისლამიზაციის პროცესსაც შევეხოთ. იღებდა იმ ორი წლის განმავლობაში მაინც აბდულაზიზი ამ პროცესში მონაწილეობას?
– საქართველოს ისლამიზაციის პროცესი უდიდესი ბატალიებისა და სისხლისღვრის ფონზე მიმდინარეობდა და ეს ბუნებრივიცაა. რაც შეეხება ძალადობრივ ისლამიზაციას, ვფიქრობთ, ეს იდეოლოგიური მიდგომაა, რაც ცივი ომის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა და რეალობასთან კავშირი არ აქვს. არც ერთი კლასიკური რელიგია, მათ შორის არც სუნიტური, ანუ მართლმადიდებლური ისლამი არ მოუწოდებს კაცთმოძულეობისკენ. და, თუ სადმე კონკრეტული ფაქტი ფიქსირდება, ეს ლოკალურად უნდა განვიხილოთ, როგორც კონკრეტულ პიროვნებაზე დამოკიდებული ფაქტი და არ უნდა განვაზოგადოთ. პირადად მე, ასეთ გამოვლინებებს ,,აღამაჰმადხანის სინდრომს” დავარქმევდი. ჩვენი აზრით, ოსმალეთის იმპერიაში ისლამიზაციის ერთ-ერთი მიზეზი სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები იყო. უპირველეს ყოვლისა, საგადასახადო სისტემა, რომელიც უკიდურესად აღატაკებდა გლეხობას. მუსლიმან გლეხთან შედარებით, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა დაპყრობილი არამუსლიმანი მოსახლეობა, რომელთა მიმართაც დამოკიდებულება უფრო მკაცრ ფორმებში ვლინდებოდა. ოსმალური საგადასახადო სისტემით, ქრისტიანი, უფრო ზუსტად, ზოგადად არამუსლიმანი, გაცილებით მეტი რაოდენობის გადასახადს იხდიდა, ვიდრე მუსლიმანი, შესაბამისად, არამუსლიმანის ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე იყო.
14-დან 75 წლამდე არამუსლიმანი მამაკაცები იხდიდნენ ჯიზიას გადასახადს, რომლის დანიშნულებაც მხოლოდ და მხოლოდ რჯულის შენარჩუნება იყო. თითოეული კომლი იხდიდა გადასახადს იმის გამო, რომ სოფელს ჰყოლოდა მღვდელი და გაგრძელებულიყო ქრისტიანული ცხოვრების წესი. საკმაოდ მაღალი გადასახადი იყო დაწესებული ღორსა და ღვინოზე, რაც შარიათით აკრძალული იყო. გარდა ეკონომიკური უთანასწორობისა, არამუსლიმანებს წართმეული ჰქონდათ არაერთი სოციალურ-საზოგადოებრივი უფლებაც.
– კონკრეტულად?
– ქრისტიანს არ ჰქონდა უფლება, ეტარებინა იარაღი. მას გზა უნდა დაეთმო შემხვედრი მუსლიმანისთვის და ქედი მოეხარა მის წინაშე. ქრისტიანთა მდგომარეობის გასათვალისწინებლად საინტერესოა აგრეთვე მათი ჩაცმის საკითხი. სპეციალური ფირმანიც კი გამოსცა სულთანმა მურად მესამემ, რომელშიც აღწერილი იყო, თუ როგორი სამოსი უნდა ეტარებინათ ქრისტიანებსა თუ სხვა არამუსლიმანური თემის წარმომადგენლებს. მსგავსი შინაარსის მრავალი ფირმანი გამოსცეს მომდევნო სულთნებმაც. არამუსლიმანებს არ შეეძლოთ ძვირფასი ტანსაცმლის ტარებაც კი. ვფიქრობთ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომელიც საბოლოოდ ტეხდა ქრისტიან მოსახლეობას და გზას უხსნიდა მათი ისლამიზაციის პროცესს. მიუხედავად ამისა, ეს პროცესი მაინც დიდხანს გაგრძელდა.
– იმ პერიოდში იყო ეკლესიების ნგრევის ფაქტები?
– უნდა გითხრათ, რომ ეკლესიების ნგრევის ფაქტები არსად ფიქსირდება. როგორც უკვე ვთქვი, რელიგიური სურათი, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ შეცვალა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეკლესიები აჭარაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ძირითადად ნანგრევების სახით არის შემორჩენილი.
– არც მეჩეთები შენდებოდა?!
– ოსმალობისდროინდელი მხოლოდ რამდენიმე მეჩეთია შემორჩენილი აჭარაში და ისინი ძირითადად, მეცხრამეტე საუკუნის 50-60-იანი წლებით თარიღდება. ესეც ნიშანდობლივია, იმდენად, რამდენადაც ყირიმის ომის შემდგომ, თურქული სახელმწიფო იდეოლოგიის ჩამოყალიბების პერიოდში, რა თქმა უნდა, რელიგიური პროპაგანდა გაძლიერდებოდა. ამას ისიც ემატება, რომ კავკასიაში და კერძოდ, აჭარის ტერიტორიაზე გაძლიერებული იყო რუსეთის ინტერესები, რაც საბოლოოდ, რუსეთის წარმატებით დასრულდა. აშკარაა, რომ სულთან აბდულაზიზის მეფობის დროს აჭარაში ისლამიზაციის პროცესი დასრულებულია. ამდენად, სულთანს არ დასჭირდებოდა აქ სადამსჯელო ოპერაციების ჩატარება ,,ურჯულოთა” წინააღმდეგ.
– თქვენი აზრით, რა პრინციპით შეირჩა აზიზის სახელი ბათუმში ასაშენებელი მეჩეთისთვის?
– ბათუმში აზიზის მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ორი მოსაზრება არსებობს. ზოგი ამ თარიღს სულთნის დაბადებას – 1830 წელს უკავშირებს, ზოგი – მის ტახტზე ასვლას, 1861 წელს. არ არის გამორიცხული, არც ერთი იყოს და არც მეორე, ამასთან დაკავშირებული ცნობები ჩემთვის უცნობია. მეჩეთი ემსახურებოდა სამხედრო გარნიზონს, რომელიც იმპერიის სასაზღვრო ზონაში იყო განლაგებული, იმ ზონაში, სადაც ის უშუალოდ უპირისპირდებოდა რუსეთის იმპერიას.
– დათო ტურაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კომუნისტური პროპაგანდის შედეგია აბდულაზიზის მიმართ ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება და მას ჩვენთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია, თუმცა პირადად ჩემთვის, რადგან დამპყრობელი იმპერის სულთანი იყო, ესეც საკმარისია, მის უარყოფითად შესაფასებლად. თქვენ რას იტყვით?
– დათო ტურაშვილის მოსაზრებებს გარკვეულწილად დაემთხვა ჩემი ზემოთ მოტანილი მოსაზრებები როგორც აბდულაზიზის პიროვნების, ისე იდეოლოგიური ტენდენციების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ჩემთვის უცნობია ბატონი დათოს მოსაზრება მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩემი სუბიექტური აზრით, შეიძლება და აუცილებელიცაა, ბევრი რამ გადავაფასოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საბჭოთა იდეოლოგიისგან გათავისუფლებულნი მეორე, სულ სხვა უკიდურესობაში აღმოვჩნდეთ. სუსტი მმართველი არ ნიშნავდა, რომ ამით რაიმენაირად შენელდა ან შესუსტდა ოსმალური იმპერიული მმართველობა აჭარაში. პირიქით, ვიმეორებ, რუსეთთან დაპირისპირების მოლოდინში შეიძლება, ზეტმეტადაც იყო მობილიზებული არმია კავკასიური ფრონტისთვის.