გაკვირვებულნი და შეურაცხყოფილნი
ანუ ეგრე არ დარჩეთ, ხალხო-ო-ო!
ჩვენ არ ვიცით, რამდენად ადეკვატურად და მიუკერძოებლად, მაგრამ, ფაქტია, რომ საქართველოს სტატისტიკის სამსახური მუშაობს. შესაბამისად, დაინტერესებული პირი, მართალია, არცთუ იოლად, თუმცა, მაინც მოიძიებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას. ოღონდ ისაა, რომ ამ ჩვენს „საქსტატს“ მის ხელთ არსებული არც ყველა ინფორმაცია აქვს გამომზეურებული თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და, ხშირად, გამოქვეყნებული ინფორმაცია იმგვარადაა მოწოდებული, რომ თვით ძირძველ სტატისტიკოსსაც კი გაუჭირდება იქ „ანისა“ და „ჰოეს“ მოძებნა.
ასეა თუ ისე, ქართული „კომერსანტის“ ინფორმაციით, „საქსტატის“ ხელმძღვანელი ბ-ნი ჭელიძე ფრიად გაკვირვებულია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ანგარიშით, სადაც ჩვენი ევროკავშირელი მეგობრები ამბობენ, რომ საქართველო უმუშევრობის მაჩვენებლით რეგიონში ლიდერია. ბ-ნ ჭელიძის განმარტებით, საქართველოში უმუშევრობა შემცირებულია (და, რადგან 2011 წლის მონაცემები მაისის ბოლოს გამოქვეყნდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის მთავარ სტატისტიკოსს ინფორმაცია უკვე აქვს). ხოლო, ჩემი პირადი დაკვირვებით, ჩემ გარშემო არსებულ სოციალურ სივრცეში დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა (უფრო პირიქითაც), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, ქართული სტანდარტით, დასაქმებულად მიიჩნევა ნებისმიერი, რომელმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ერთი საათით მაინც შეასრულა რაღაც სამუშაო, რამაც, თუნდაც, უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ანაზღაურება მოუტანა (მერე რა, თუ „დუსტის“ ფულადაც არ ეყო!), თუ გული გულობს, საქართველო, შესაძლოა, დასაქმებულთა რაოდენობით რეკორდსმენიც გახდეს.
მანამდე კი ბ-ნი ჭელიძე ამბობს: „წინა წელთან შედარებით უმუშევრობა აშკარად შემცირებულია,“ და, როგორც მოგახსენეთ, უკვირს, საიდან მოიტანა ევროკავშირმა ის მონაცემები, რომლის თანახმადაც საქართველოში უმუშევრობის დონე რეგიონში ყველაზე მაღალია. რაკი არც ჩვენ ვიცით, საიდან, მხოლოდ ის დაგვრჩენია, ჩვენს გაკვირვებულ სტატისტიკოსებს შევუძახოთ: „ეგრე არ დარჩეთ, ხალხო-ო-ო!“