შემომილაწუნეები
ანუ ბობოხიძის როლი ახალქართველი ჩინოვნიკის ფორმირებაში
იმას, რომ ცოცხალი მაგალითი (განსაკუთრებით, თუ უგვანია) გადამდებია, კაცობრიობის განვითარების ისტორიაც ადასტურებს. ხოლო, რაკი ასეა, ბუნებრივია, უკვალოდ ვერც ხალხის რჩეულ აკაკი ბობოხიძის კუნთების თამაში ჩაივლიდა და ვერც ის, თუ რა (არათუ ოლიმპიური სიმშვიდით, არამედ) აღტაცებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობა ხსენებული კანონმდებლის მუშტი-კრივს საკანონმდებლო ორგანოში. ვერ ჩაივლიდა და არც ჩაუვლია: გასულ კვირას ახლა უკვე ისანი-სამგორის გამგებლის მოადგილე გადაეშვა მუშტი-კრივის მორევში. რომ არა ჩინოვნიკისთვის კანონით დაკისრებული თმენის ვალდებულება, რაც მართალია, მართალია, ბ-ნი გაზდელიანი ლომივით იბრძოდა (იმედია, რუსი ოკუპანტები ჩვენი ფალავნების, ბობოხიძე-გაზდელიანის შემხედვარე, ოკუპაციის საზღვრების გაფართოებას მაინც გადაიფიქრებენ, თუმცა, მე რომ ოკუპანტი ვიყო, უკვე როკის იქით ვიქნებოდი!).
მაგრამ, ჯერჯერობით, ოკუპანტებიც იქ დგანან, სადაც იდგნენ, ბ-ნი გაზდელიანიც გამგებლის მოადგილის სავარძელშია და მისი თანამოაზრეებიც დარწმუნებული ბრძანდებიან, რომ ჩინოვნიკი სწორად მოიქცა (ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩიტის გული ვერ მოითმენდა, არათუ გულანთებული ჩინოვნიკისაო). სამაგიეროდ, საია აცხადებს, ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ვიდეომასალით ნათლად ჩანს, რომ ბესო გაზდელიანი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ორთაჭალაში შეკრებილ მოქალაქეებსო და ზედაც დასძენს: „კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად დაიწყონ გამოძიება“.
საია გამგებლის მოადგილეს შეახსენებს (რაც მოცემულ ვითარებაში მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს), რომ ადამიანის ევროპული სასამართლოს განცხადებით, „გამოხატვის თავისუფლებით დაცულია განცხადებები, რომლებიც შოკის მომგვრელი, ამაღელვებელი და შეურაცხმყოფელია საზოგადოებისა ან მისი განსაზღვრული ნაწილისთვის“, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენებური ჩინოვნიკ-კანონმდებლებისთვის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მაინცდამაინც დიდი ავტორიტეტით ვერ სარგებლობს. ხოლო, რაკი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ზემოთ კუნთების თამაშს კიდეც განაგრძობენ და კიდეც გააძლიერებენ, რაკი ნერვები ასე მძიმე დღეში ჰქონიათ, ვფიქრობ, ყოველ ცისმარე სამუშაო დღეს აბი-გლუკოზა არ აწყენდათ!
თუმცა ისიცაა, იქნებ გვარგოს კიდეც დიდი ჩინის კაცების შემოლაწუნებამ!