უფასო რჩევები დამსაქმებლებს
„სასიკვდილოდ მიმავალნი მოგესალმებით“!
მართალია, გვაიმედებდნენ, რომ ევროკავშირის ზეწოლით და მასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებების ეშხით „საქართველოს შრომის კოდექსიც“ გადაიხედებოდა (რომ დასაქმებულებისთვის დამონებულის სტატუსი მოეხსნათ), მაგრამ, ჩვეულებისამებრ, აღმოჩნდა, რომ ობლის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასაქმებულის) კვერს გამოცხობა არ უწერია (მაშინ, როდესაც დამსაქმებლების კვერებს სართულები ემატება).
ერთი სიტყვით, ხელისუფლება დამსაქმებლების სასარგებლოდ „შრომის კოდექსში“ მორიგ ცვლილებას გეგმავს, რის თანახმადაც, დამქირავებელს უფლება ეძლევა დასაქმებულის წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება უვადოდ გადადოს. ჯერჯერობით, ანუ მოქმედი კოდექსით, დამსაქმებლების მიერ თანამშრომლებისადმი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა მხოლოდ 90 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.
ხოლო, რაკი აშკარაა, რომ ხელისუფლების დევიზია (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასაქმებულებთან მიმართებაში): თუ მონობაა, მონობა იყოს – წესით, დამსაქმებლებს ხელქვეითების ჩამოხრჩობის უფლებაც უნდა მიეცეთ: ჟანგბადიც მეტი დარჩებათ და იქ, ზემოთ, შემწეობის მიმღებთა ოდენობაც შეუმცირდებათ!