კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღაფრთოვანა ბობ მარლის შვილი თამო ხოსიტაშვილმა ქართული ანბანით და როგორ მოხვდა ის ჯამაიკის კრიმინალურ უბნებში

 ჩემი ბევრი რესპონდენტის მაგალითზე შემეძლო მეთქვა, რომ ოცნებები, თუ ძალიან მოინდომებ, აუცილებლად აგიხდება და ეს სულაც არ არის რომანტიკოსების დასამშვიდებლად მოფიქრებული ბანალური ფრაზა. თამო ხოსიტაშვილი კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ მოინდომა პატარა გოგონამ ოცნების ახდენა. მას შემდეგ კი, რაც პირველი ნაბიჯი გადადგა, ბედისწერაც უკვე ცხადად ეხმარებოდა.

თამო ხოსიტაშვილი: მუსიკა ძალიან მიყვარს, ბევრ მიმდინარეობას ვუსმენ. მათ შორის რეგეი ბავშვობიდან ჩემი ინტერესის დიდი საგანი იყო. რეგეის ცნობილი შემსრულებლებიდან, რა თქმა უნდა, ბობ მარლის გამოვარჩევდი, მაგრამ, მხოლოდ მუსიკის ცოდნა არ მყოფნიდა, სულ ვიკვლევდი რეგეის გარშემო ყველაფერს, ვკითხულობდი, ვიღებდი ახალ ინფორმაციას. მივხვდი რომ, ძალიან ბევრი მასალა დამიგროვდა ამ სფეროზე და გადავწყვიტე, ის წიგნის სახით გამეცნო ყველასთვის, ვისაც ეს მიმართულება აინტერესებდა. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, 2010 წელს, გამოვიდა ჩემი წიგნი – „ლეგენდა”, რომელიც მთლიანად ბობ მარლის ბიოგრაფიას ეძღვნებოდა. წიგნის პრეზენტაცია-კონცერტი გონიოში, კლუბ „ვიტამინში” შედგა, სახელწოდებით „რეგე-სანსეტ”. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, ამინდით დაწყებული, მუსიკით დამთავრებული. ამ წიგნის შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზიებში და ლიტერატურულ კაფეებში. წიგნზე მუშაობის პროცესში სისტემატურად ვეკონტაქტებოდი მხატვარ ეთერ ჭკადუას, რომელიც, ალბათ, ერთადერთი ქართველია, ვინც ჯამაიკაზე ცხოვრობდა. მან დამაკავშირა სინდი ბრეიქსპიერსთან, რომელიც იყო „მის ჯამაიკა”, დემიენ მარლის დედა. წიგნის იდეამ მისი დიდი მოწონება დაიმსახურა და გამომიგზავნა რეცენზია, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა და გაამძაფრა ჯამაიკაზე წასვლის ჩემი სურვილი, რომელიც ბავშვობიდან არ მასვენებდა.
– ანუ, მიხვდი, რომ ოცნება არც ისე არარეალური იყო?
– დიახ. წიგნის გამოცემიდან რვა თვის შემდეგ წავედი ჯამაიკაზე. შვეიცარიაში არის ასეთი ორგანიზაცია – „მსოფლიო ეკლესიების საბჭო”, მათი და სხვა „ენჯეოების” ორგანიზებით, ჯამაიკაში ჩატარდა საერთაშორისო მშვიდობის ღონისძიება, სადაც მონაწილეობას ვიღებდი. მთელი მსოფლიოდან დაახლოებით ათას ხუთასი ადამიანი იყო ჩამოსული. ჩემი მოვალეობა იყო მოხსენებებისა და ივენთების ორგანიზება. პარალელურად, ბობ მარლის ცხოვრების გზა, ანუ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება იყო ამ შეკრების ერთ-ერთი მთავარი თემა, ანუ იქ ყოფნა ჩემთვის ორივე მხრივ ძალიან საინტერესო იყო. იქ ყოფნის დროს უამრავი ახალი ინფორმაცია გავიგე, საავტორო უფლებები მოვიპოვე ისეთ ფოტოებზე, რომელთა გამოყენება ჩემი დიდი სურვილია მომავალ წიგნში, რომელსაც ადრე თუ გვიან აუცილებლად დავწერ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჯამაიკაზე ყოფნისას გამიმართლა ყველაფერში, თითქოს ჩემი სურვილის მიხედვით მიმდინარეობდა მოვლენები...
– არადა, მოხდა ისე, რომ ბობ მარლის მთელი ოჯახი გაიცანი.
– ამ ღონისძიებაზე ჩვენთან ერთად იყო ერთი ქალბატონი, ჩერი, რომელმაც გამომიცხადა, რომ ბობ მარლის შვილიშვილი მისი შვილის უახლოესი მეგობარია. გაგიჟდა, როცა  გაიგო, რომ მარლიზე წიგნი მქონდა დაწერილი. მესამე დღესვე წავედი ბობ მარლის სახლ-მუზეუმში, სადაც დამხვდა სტეფანი მარლი, ბობ მარლის შვილი, რომელიც მაიამიზე ცხოვრობს და ძალიან იშვიათად არის კინგსტონში. დაემთხვა, რომ ჩემი იქ ყოფნის დროს ისიც სახლ-მუზეუმში იყო და ჩერისგან ჩემი წიგნის შესახებ უკვე იცოდა. ძალიან საინტერესო საუბარი შედგა, საოცრად თავმდაბალი და უბრალო ადამიანია, სწორი შეხედულებებით სამყაროზე. ის და რიტა მარლი, ბობ მარლის ცოლი, საქველმოქმედო საქმეებით არიან ძირითადად დაკავებულები. ბობ მარლის ოჯახის წევრები, ძალიან ცნობილი მუსიკოსები როგორებიც, ვთქვათ, არიან დემიენ და ზიგი მარლები, სერიოზულად ეწევიან ქველმოქმედებას.
– როგორია მისი სახლი?
– ჩვეულებრივი ტიპის. არასაკურორტო ზონებში ჩვეულებრივი სახლებია, ხოლო საკურორტო მხარეებში – ერთსართულიანი, ჩალის და ხის ულამაზესი ქოხები, ნებისმიერი ტურისტისთვის საოცრად საინტერესოა. ბობ მარლის სახლი ტიპური ჯამაიკური სახლი არ არის. ძალიან ბევრი ცნობილი სიმღერა სწორედ ამ სახლში ჰქონდა მას დაწერილი და, ჩემთვის რა იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ?! ყველა ნივთი, ყველა დეტალი შენარჩუნებულია. სტეფანი მარლის საქართველოს შესახებ გაგებული ჰქონდა, ბევრი რამ მეც მოვუყევი. წიგნი გადავეცი, რამაც ძალიან გაახარა სტეფანი, გაგიჟებული იყო ჩვენს დამწერლობაზე – ამაზე ლამაზი ანბანი არ მინახავსო. სამწუხაროდ, ყველაფრის გადათარგმნა იქვე მომიწია. ჩემი წიგნი ახლაც ბობ მარლის სახლ-მუზეუმში დევს, იმ ადგილას სადაც ინახება ნივთები, რომლებიც ბობ მარლის თაყვანისმცემლებმა მიუძღვნეს. იქ იყო ალექს კონსტანტინის წიგნიც, რომელიც ცნობილი ადამიანების მკვლელობებს ეხება და მათ შორისაა ბობ მარლი, სადაც ავტორი ლეგენდარული მომღერლის მკვლელობის აბსოლუტურად განსხვავებულ ვერსიას აღწერს.
– ვიცი, რომ კარგად გაიცანი ბობ მარლის შვილიშვილი.
– დიახ, უმეტეს დროს ვატარებდი დონიშა პრენდერკასტთან, რომელიც შერონ მარლის შვილია. სტეფანის ერთხელ შევხვდი კაფეში, მეორედ – სახლ-მუზეუმში და მესამე დღეს მაიამიში გაფრინდა. დონიშას დახმარებით ჩემთვის სრულიად უცხო, დახურულ წვეულებებზე მოვხვდი, სადაც უბრალო ტურისტი ვერ მოხვდებოდა. იქ გავიცანი ადამიანები, ვისზეც ამდენ ხანს ვკითხულობდი და ვიკვლევდი, უცებ კი მთელი ორი კვირა მათთან ერთად გავატარე. გავიცანი ბობ მარლის მენეჯერი დერეკ მორგანი, „ტრინიდად ინთერნეიშენალის” დამფუძნებელი, ჯამალ ლაინი, ფაფ დედის მენეჯერი, რეგეის ახლანდელი, ყველაზე ცნობილი შემსრულებელი ტარუს რაილი და ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი. მათ გარემოცვაში ყოფნა ძალიან უცხო და სასიამოვნო იყო.
– მკვლელობის ის ვერსიებიც მაინტერესებს, რომელიც არა მთელი მსოფლიოსთვის, არამედ, მხოლოდ ჯამაიკელებისთვის არის ცნობილი.
– ჩემს წიგნშიც გავრისკე ოფიციალურ ვერსიაში ეჭვის შეტანა, მაგალითად, ალექს კონსტანტინი წერს, რომ ბობ მარლის უამრავი მტერი ჰყავდა, მათ შორის – ამერიკის „სიაიეი”. ამავდროულად, ის პოლიტიკურ გაუგებრობებშიც მოყვა – დაპირისპირებაში ორ მსხვილ პარტიას შორის, სადაც ხალხი მიიჩნევდა, რომ ის უფრო მაიკლ მენლის, სახალხო პარტიის ლიდერს უჭერდა მხარს. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა იმ კრიმინალის აღმოფხვრას, რაც ჯამაიკაზე იყო გამეფებული. მან ჩაატარა კონცერტი, სადაც ლეიბორისტული და სახალხო პარტიების ლიდერები ერთმანეთს შეახვედრა, სცენაზე აიყვანა, ხელი ჩაჰკიდა და ერთმანეთს შეარიგა. ეს იყო სენსაციური მოვლენა არა მხოლოდ რეგეის, არამედ მუსიკის ისტორიაში. ამის გამო მარლიმ მშვიდობის ჯილდო მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან. ის ეწინააღმდეგებოდა ყველა იმ ბოროტებას, საიდანაც დიდი ქვეყნები ბევრ ფულს შოულობდნენ. ჯამაიკა, ფაქტობრივად,  სამოქალაქო ომამდე იყო მისული. კონსტანტინს უწერია, რომ „სიაიეის” აგენტმა მოწამლული ბუცები აჩუქა ბობ მარლის, რამაც გამოიწვია მელანომა მის მარჯვენა ფეხზე, რის გამოც ის მოგვიანებით გარდაიცვალა. ბობ მარლის შვილმა და შვილიშვილმაც დამიდასტურეს ის ფაქტი, რომ მან თავისი რელიგიური აღმსარებლობის – რასტაფარიანიზმის გამო, უარი თქვა ფეხის ამპუტაციაზე და ფაქტობრივად, თავი გაწირა სიკვდილისთვის. რასტაფარიანიზმი ქადაგებს სხეულისა და სულის სრულყოფილებას, რის გამოც იკრძალება ნებისმიერი სახის დამახინჯება. თუმცა, გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ბობ მარლიმ ეთიოპიურ ეკლესიაში მართლმადიდებლობა მიიღო.
– რასთან ასოცირდება შენთვის ჯამაიკა?
– ჯამაიკა ჯადოსნური კუნძულია! ჩემთვის და, ალბათ, ნებისმიერი იქ ჩასული ადამიანისთვის, ასოცირდება უდარდელობასთან და ფერადოვნებასთან.
– მარიხუანას ეწევიან სიგარეტივით და როგორ არ იქნებიან უდარდელები?
– მარტო ესეც არ არის. ყველა ნიჭიერია, ყველა საოცრად ცეკვავს და მღერის. იქ ყველაფერს განსაკუთრებული ფერი აქვს – სახლებს, ჩაცმულობას და, პირველ ყოვლისა, ხალხს. საოცრად კარგი აურა აქვთ. დილის 7 საათზე, ჯერ კიდევ ძალიან რომ მეძინებოდა, არადა ჩვენი პროგრამა იწყებოდა და გავრბოდი, ისინი უკვე იყვნენ ცეკვისა და სიმღერის ხასიათზე. ვერ გაიგებ, საიდან ამოსდით ასეთი ხმები. კაუჩუკივით დრეკადი და ელასტიკური სხეულებით საოცარ მოძრაობებს აკეთებენ და თან უამრავ ინსტრუმენტზე ისე უკრავენ, არც მიაჩნიათ, რომ რამე განსაკუთრებულს აკეთებენ. ამის გამო ჯამაიკაზე სულ ჩადიან სხვადასხვა ქვეყნის ხმის ჩამწერი კომპანიებიდან და ეძებენ ტალანტებს. რაც შეეხება რელიგიას, რასტაფარიანელები ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ოცამდე პროცენტია დარჩენილი, დანარჩენები არიან კათოლიკეები, ლუთერანები, ბაპტისტები, მეთოდისტები. მეთოდისტურ ეკლესიაში წირვაზე ვიყავი და ძალიან საინტერესო იყო. გგონია, რომ კონცერტზე ხარ: ეკლესიაში სცენაა მოწყობილი ყველანაირი მუსიკალური აპარატურით: ბას-გიტარებით, კონგოებითა და პეპკუსიებით... ქადაგება, წირვა მუსიკალური გაფორმებით მიდის, ხალხი ცეკვავს და დიდ მხიარულებაშია, თან, ხმამაღლა ლოცულობს და ყველას სურვილი და თხოვნა გესმის. რაც შეეხება რასტაფარიანელებს, ისინი საზოგადოებაში მიღებული არიან, მაგრამ, კარგ თანამდებობაზე და კარგ სამსახურებში არ მუშაობენ, რადგან, მაინც ბოჰემურად ცხოვრობენ. მათ ღმერთს ჰქვია ჯაჰ, მაგრამ, ლოცულობენ ეთიოპიის იმპერატორზე, ჰაილი სელასიზე, რომელიც მესიად ჰყავთ შერაცხილი, რადგან მან მთელი სიცოცხლე მშვიდობისთვის ბრძოლას მიუძღვნა. რასტაფარიანელები ძირითადად ერთად ცხოვრობენ, ერთ დასახლებაში, სადაც სახალხო ღია პლაჟებია. ყოველ შაბათს, ერთ-ერთ უბანში, ღია ცის ქვეშ, უზარმაზარ ტერიტორიაზე იმართება რასტაფარიანელების ლოცვა, რაც ძალიან საინტერესო სანახავია. ისინი ტურისტებით გარშემორტყმულები არიან და ეს ამბავი ეამაყებათ და მოსწონთ. მთელ სკვერში მარიხუანის სუნი ტრიალებს, რადგან დემონსტრაციულად ატარებენ დამწვარ მარიხუანას და აფრქვევენ სურნელს. იქვე, იმპროვიზირებულად იქმნება მუსიკა, რიტმი, მელოდია, რომელიც, შეიძლება, ერთი წლის მერე, რომელიმე ძალიან ცნობილი ამერიკელი მომღერლის ჰიტში მოისმინო. ატარებენ დრედლოქებს, რომელიც მთელ მსოფლიოში მათი რელიგიიდან გავრცელდა. რასტაფარიანელებს სწამთ, რომ როდესაც ჯაჰის მეორედ მოსვლა იქნება, ყველა დრედებიან ადამიანს თმებში მოჰკიდებს ხელს და წაიყვანს. სამი წლის ბავშვი, მამა და ბაბუა ერთნაირი ვარცხნილობითა და ჩაცმულობით რომ დგანან, ძალიან საინტერესო სანახავია.
– ძვირია იქ ცხოვრება?
– საკურორტო ზონები საკმაოდ ძვირია და ტურისტებითაა სავსე. იქ კრიმინალი ნაკლებად ხდება. რაც შეეხება დედაქალაქს, არის უბნები, სადაც თუ თეთრკანიანი ხარ, უბრალოდ, არ უნდა გაიარო. განსაკუთრებით სიბნელეში, არ გაშინებთ, მაგრამ, ეს უნდა იცოდეთ. ამ უბანში, შეიძლება, ნებისმიერ დროს ატყდეს სროლა და ოცი დოლარისთვის ყელი გამოგჭრან. მაგრამ, ამ ორი ქუჩის გარდა, მთელი ჯამაიკას ნახვა შეგიძლიათ, რომელიც გადაგრევთ თავისი სილამაზით.

скачать dle 11.3