კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ შეცვალა ქეთი დევდარიანის ცხოვრება 32 წლის ასაკში და როგორ იქმნება სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები”

ქართულ ტელესივრცეში, ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები”, მაყურებლის ყურადღებას პირველი სერიის გასვლისთანავე იპყრობს. მართალია, სერიალში მონაწილე მსახიობებს მაყურებელი კარგად იცნობს, მაგრამ წარმატების მთავარ „ხერხემალს“, ნაკლებად. გარდა იმისა, რომ მსახიობმა ითამაშოს კარგად, ხოლო რეჟისორმა კარგად დადგას ესა თუ ის სცენა, საჭიროა, სცენარი, რომლის მიხედვითაც მიდის პროექტი მაყურებლამდე. წარმატებული სერიალის, წარმატებული სცენარი კი ქეთი დევდარიანს ეკუთვნის, რომელიც პროფესიით გერმანული ენის სპეციალისტია. როგორ აღმოჩნდა ჩვენი რესპონდენტი „ფორმულა კრეატივში” და რის შემდეგ მიანდეს მას სერიალზე დამოუკიდებლად მუშაობა, ამას უკვე მისივე ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

– დღეს საქართველოში ყველაზე რეიტინგული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტი ხართ. როცა ამ სცენარზე მუშაობას იწყებდით, თუ აკეთებდით პროგნოზს, რომ ასეთ შედეგს მიიღებდით?

– „რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობას დავპირდი, რომ ეს პროექტი რეიტინგული იქნებოდა თემიდან გამომდინარე. თემა ძალიან რეალურია, თითქმის ყველა ჩვენგანს ერთი ნაცნობი მაინც ჰყავს რომელიმე გმირისნაირი. თუ საკუთარ თავს არ ხედავს, მაშინ თავის რომელიმე ნაცნობს ან ოჯახის წევრს მაინც დაინახავს. მიმაჩნია, რომ ზოგადად, გარდა სცენარისა, ძალიან ბევრი რამ განაპირობებს ამ სერიალის წარმატებას – უპირველესად, რეჟისორები, მსახიობები, ყველას მონდომება, ღამის თენება და რაც მთავარია, ძალიან დიდი შრომა. თუ მაყურებელს ხარისხიან პროდუქტს მიაწვდი, ამას აუცილებლად დააფასებს. 

– რა პერიოდში იწერება ერთი სერიის სცენარი?

– სერიაზე ვფიქრობთ მე და ირაკლი საღინაძე, რომელიც ამ სერიალის პროდიუსერია. ერთი სერიის სცენარს შეიძლება ორი დღე მოვუნდეთ, გააჩნია რამდენად რთულია თემა. მოფიქრება ყველაზე რთული პროცესია. 

– მსახიობების ბედი ამ შემთხვევაში სცენარის ავტორზეა დამოკიდებული. ინტერვიუს დროს ბევრს უთქვამს, თუ რამდენ ხანს დარჩებიან სერიალში, მათი ბედი სწორედ თქვენს ხელშია.

– ჩვენს სერიალში მონაწილეობა ყველას უნდა, რადგან თვითონ მსახიობებსაც ძალიან მოსწონთ. ძალიან მეგობრული და შეკრული გუნდია. ყველამ ვიცით, რას და რისთვის ვაკეთებთ. თუმცა, ძალიან დამღლელი და შრომატევადი საქმეა. 

– სერიალი უკვე კვირაში ორი დღე გადის ეთერში, რის გამოც მაყურებელი ძალიან გაახარეთ. თავიდან ითქვა, რომ შაბათ-კვირას გავიდოდა ეთერში, მაგრამ საბოლოოდ, კვირის მაგივრად, სამშაბათს გადის. რატომ?

– ჩვენ „რუსთავი 2-ს” მზა პროდუქტს ვაწვდით, მერე კი, თავად არხის პროდიუსერები წყვეტენ, რა დღეებში ჩასვან. პრინციპში, ჩვენ გავრისკეთ, რადგან ამ დროს „ნანუკას შოუ” გადის იმედზე.

– რომელიმე პერსონაჟში, საკუთარი ისტორია თუ ჩაგიდევთ?

– როცა რაღაცას წერ, თითოეულში რაღაც შენს ნაწილს დებ. მართალია, ყველას ჩემი ტერმინოლოგიით ვერ ვალაპარაკებ, მაგრამ თითქმის ყველა პერსონაჟს ჰყავს პროტოტიპი. ესენი არიან, ჩემი ახლობლები, ნათესავები, მეზობლები. ხშირად დედამთილზე მეკითხებიან. მაგალითად, მე არაჩვეულებრივი დედამთილი მყავდა, რომლის დამსახურებაცაა, რომ მე დღეს რაღაცის კეთება შემიძლია. ის აბსოლუტურად განსხვავდება ჩემი შექმნილი დედამთილის გმირისგან. თუმცა, ჩემს მეგობრებს ჰყავთ მისი მსგავსი დედამთილები. ასევე, ჩემი მეზობლები არიან ასეთები. ანუ, არ არის აუცილებელი, რომ პირადად შენ შეგემთხვეს. ჩემთვის სხვისი გამოცდილებაც მისაღებია. მოსმენა ძალიან მიყვარს. რაღაცას რომ მიყვებიან, მირჩევნია მოვუსმინო, ვიდრე მე მოვუყვე მათ რაღაც ჩემი. ამან ბევრი ამბავი დამიგროვა, რომელიც მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესოა. 

სერიალში არ გვყავს ვიღაც ძალიან დადებითი, ან უარყოფითი გმირი. ყველას აქვს რაღაც საყვარელიც, თან გამაღიზიანებელიც. პირველი 6 სერიის სცენარის დაწერა საკმაოდ გამიჭირდა, რადგან ჯერ არ ვიცოდი, რომელ მსახიობებს აიყვანდნენ. ახლა უკვე მიადვილდება, რადგან ვიცი, მაგალითად, როგორია კატო – როგორი მანერები აქვს, როგორი ტექსტი უხდება. ვიცი, როგორია თინას დედა, რომელსაც სიტყვა დედიკო არ უხდება და ამიტომ, არ ამბობს. რაც შეეხება დიალოგებს, ის რეალობიდან არის აღებული და დარწმუნებული ვარ, რასაც სერიალში ამბობენ, ყველა ადამიანს მოუსმენია ტრანსპორტში, მეგობართან ან სახლში. ჩვენი გმირები ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები არიან. 

– პირველი სეზონი რამდენ სერიას მოიცავს?

– ჯერ 27 სერიაა გასული, პირველი სეზონი კი 50 სერიას მოიცავს და ივლისის ბოლოს დამთავრდება.

– მაყურებლის აზრს თუ ითვალისწინებთ?

– მაყურებლის აზრის გათვალისწინებით, ბევრი პერსონაჟი, რომელიც ერთჯერადად მყავდა ჩაფიქრებული, წინ წამომიწევია და ტექსტიც დამიმატებია, რადგან მან მათი სიმპათია დაიმსახურა. ამიტომ, წინასწარ არ ვწერ სერიებს, წინსწრება მხოლოდ 2-3 სერიით მაქვს. ძალიან შრომატევადია, მაგრამ ამ ყველაფრის კომპენსირებას ახდენს პოზიტიური გამოხმაურება და ხალხის სიყვარული. 

– ხალხი სერიალში მონაწილე მსახიობებს ცნობს, ისევე როგორ რეჟისორებს, მაგრამ ვიზუალურად ვერ სცნობენ სცენარის ავტორს. შემთხვევით ხომ არ მოგისმენიათ უცნობი ადამიანების საუბარი, „ჩემი ცოლის დაქალების” ამა თუ იმ სერიას რომ არჩევდნენ?

– მე არა, მაგრამ ახლობლები და მეგობრები მიყვებიან ხოლმე. დედაჩემს და  მამაჩემს მოუსმენიათ. ჩემი შვილიც მიყვება ხოლმე, თუ როგორ არჩევენ ჩვენს  სერიალს სკოლაში.

– ხურცილავას ლექსებს ვინ წერს? 

– ხურცილავას ლექსებს ირაკლი საღინაძე წერს. ისეთი პოპულარული გახდა ხალხში ეს ლექსები, ირაკლის სულ ვეუბნები ლექსების კრებული უნდა გამოვუშვა-მეთქი.   

– საკუთარ თავს რომელიმე პერსონაჟს თუ ამსგავსებთ?

– არა. ჩემს მეგობრებს უთქვამთ, რომ თინას ტექსტებში ხანდახან გამოსჭვივის შენი ფრაზებიო, მაგრამ ჩემი ფრაზები კატოსგანაც შეიძლება მოისმინოთ. ნამდვილად არ მიფიქრია, რომელიმე პერსონაჟში ჩემი პიროვნების ჩადება.  

– სამი ერთმანეთისგან განსხვავებული მეგობარი შექმენით კატოს, ნინასა და თინას სახით.

– რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟები გვჭირდებოდა. ერთი გამოკვეთილად რთული ხასიათით, მეორე ცოტა ტუტუცი, კაცების ყურადღებით განებივრებული, ხოლო მესამე, რომელიც ადრე გათხოვდა. ამით ნინას ვგავარ, მეც ადრე გავთხოვდი. მაგრამ, ნინასგან განსხვავებით, ძალიან კარგი დედამთილი მყავდა. მაგალითად, დედაჩემი ჩვენს სიტუაციას ამსგავსებს თინასა და დედამისის ურთიერთობას. მეც ისეთი დედა მყავს, რომელმაც ჩემ მაგივრად უნდა იფიქროს რაღაცეებზე. აი, კატოსთან საერთო ნამდვილად არ მაქვს. თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი იპოვის საერთოს. ძალიან ბევრს ჰყავს კატოს მსგავსად დედა ამერიკაში. სკაიპით დედაშვილობა ძალიან გახშირდა.  

– „ჩემი ცოლის დაქალები,” როგორც სცენარისტისთვის, დებიუტია?

– არა. იყო „კლინიკა” და „ჭამა და სექსის” ერთი ნოველა, მეტი არაფერი. პროფესიითაც არ ვარ სცენარისტი, გერმანისტი ვარ.

– კიდევ რას გვეტყვით თქვენს შესახებ? მაყურებელმა მხოლოდ თქვენი სახელი და გვარი იცის, რომელიც სერიალის ბოლოს ტიტრებში იწერება.

– სცენარის ავტორი ყველაზე ნაკლებად საინტერესოა ხალხისთვის. სცენარი მაინც ნედლეულია, რომელიც მერე რეჟისორმა უნდა დაამუშაოს. რეჟისორის გარეშე, ძალიან კარგი სცენარიც შეიძლება გაფუჭდეს. ჩვენ ამ მხრივ ნამდვილად გაგვიმართლა, ძალიან კარგი რეჟისორი გვყავს. ჩემს თავზე რა გითხრათ. ვარ 36 წლის, მყავს 17 წლის შვილი. პროფესიით გერმანისტი ვარ, ვმუშაობდი სკოლაში. მერე „ფორმულა კრეატივში” მოვედი. მაშინ 32 წლის ვიყავი. მინდა, ვისარგებლო და თქვენი ჟურნალის საშუალებით  მადლობა ვუთხრა ბიჭებს. მიშამ, ირაკლიმ და გიორგიმ დამარწმუნეს, რომ წერა შემიძლია. „კლინიკის” დროს იყო ასეთი შემთხვევა, ირაკლიმ მითხრა, მოდი, სერია დაწერეო. ეს მაშინ რაღაც შეუძლებელი მეგონა, რადგან სცენარის წერას თავისი წესები აქვს. მერე „ჭამა და სექსის” დროს მითხრეს, იქნებ ერთი ნოველა დაწეროო. დავწერე, მოეწონათ და მათ მე დიდი ასპარეზი მომცეს. რაც შეეხება „ჩემი ცოლის დაქალებს,” ამ შემთხვევაში, მითხრეს, რომ ბოლომდე გენდობითო.

– ხომ არ შეგეშინდათ ამ პასუხისმგებლობის?

– ყველას დავპირდი, რომ აუცილებლად ძალიან მაგარ სცენარს დავწერდი. მერე „რუსთავი 2-ში” პილოტი გადავიღეთ, ვაჩვენეთ და დაიწყო პავილიონის კეთება. რომ ავედი და ვნახე, რამდენი ხალხი მუშაობდა ზაფხულის სიცხეში, როცა ყველაფერი დუღდა. რომ გავაანალიზე, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ ჩემი დაწერილი სცენარით სერიალი გადაგვეღო, აი, მაშინ კი შემეშინდა. მაგრამ, გადავრჩი, რადგან გაამართლა. მადლობელი ვარ „ფორმულა კრეატივის”, ამის შანსი რომ მომცა. 

– 17 წლის გოგონა გყავთ. არ გაქვთ იმის სურვილი, რომ სერიალში გამოჩნდეს?

– ჩვენთან ნეპოტიზმით არ ვართ დაკავებული. ბავშვებზე სულ გვეკითხებიან, ვინ არიანო. ორივე ქასთინგით არის შერჩეული და არც ერთი ჩვენი ახლობელი არ არის. 17 წლის გოგოს ვერ შემოვიყვან სერიალში იმის გამო, ჩემს შვილს გაუხარდეს, რომ კინოში გადავიღეთ. არავის შვილი, დედა, ძმა, არ გვყავს, რადგან, როცა ახლობლობითა და ნაცნობობით კეთდება ეს, სერიალისთვის ცუდია. ვიყვანთ მხოლოდ მათ, ვინც სერიალს სჭირდება. ბავშვები ნამდვილად სერიალის აღმოჩენაა, ასევე ბებია, რომელიც პროფესიით მსახიობი არ არის. 

– რას ჰპირდებით მაყურებელს?

– მაყურებელს ვპირდები, რომ სერიალის ხარისხი არ დაეცემა – მე არასოდეს დამეზარება დაწერა, ხოლო რეჟისორებს გადაღება. 24 საათი ვშრომობთ, მაგრამ რას იზამ, თუ გინდა ტაში, მაშინ შრომაც შესაბამისი უნდა გასწიო.

 

 

скачать dle 11.3