კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ასმევდნენ დავით რობაქიძეს აცეტონში გარეულ ჩაის და რა ეფექტი მოახდინა მან უკრაინული „ნიჭიერის” ჟიურიზე

 „სოციალური ქსელები” დავით რობაქიძის ძალიან სახალისო ვიდეოებით არის აჭრელებული. ასობით კომენტარი, თბილი, აღფრთოვანების სიტყვები მის უკრაინულ „ნიჭიერში” გამოსვლას ეძღვნება. ქართული „ნიჭიერის” შემდეგ დავითი უკრაინელებმა შოუში მონაწილეობისთვის მიიწვიეს და ჩვენმა ილუზიონისტმა-შოუმენმა საკმაოდ მაღალი შეფასებები მიიღო. სამწუხაროდ, დავითმა ფინალში გადასვლა ვერ მოახერხა, თუმცა, ნახევარფინალის ნომერმა პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

 

დავით რობაქიძე: მგონია, რომ უკრაინული „ნიჭიერით” ჩემს ცხოვრებაში კონკურსები დამთავრდა. ამის შემდეგ ფოკუსების განხრით რამე კონკურსი თუ იქნება, ჟიურის ამპლუაში უფრო მივიღებ მონაწილეობას, ვიდრე მონაწილის. ჩვენი „ნიჭიერის” შემდეგ თითქოს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, რომელსაც ვაკუუმის პერიოდი მოჰყვა. კარგია, რომ დადიხარ, გცნობენ, მუშაობ და ამ საქმით ფულს შოულობ. თუკი სადმე ილუზიონისტი სჭირდებათ, ყველგან მივდივარ, მაგრამ, სცენის ნოსტალგია მაინც მქონდა. მეორე-მესამე სეზონს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ მერე უფრო მეტს შევძლებდი, რადგან, გაცილებით დავიხვეწე ამ ორ წელიწადში. ზუსტად ამ ნოსტალგიურ პერიოდში დამირეკეს უკრაინის „ნიჭიერიდან” და მითხრეს, შენი ვიდეოები ვნახეთ, ძალიან მოგვეწონა და, იქნებ, ქასთინგში მიიღო მონაწილეობაო.

– ანუ შემოთავაზება მათგან მოდიოდა.

– დიახ და, არა მარტო მე, ბევრ ყოფილ ჯეოსტარელს, „ნიჭიერის” მონაწილესა და სხვებს შესთავაზეს. ქასთინგის შემდეგ დაგვტოვეს მე, მოცეკვავეები აკა და გვანცა, ჯეოსტარელი ირაკლი მარუაშვილი და, კიდევ, მოცეკვავე ბიჭები. ნახევარფინალიდან ვერც ერთი ვერ გადავედით, ახლა იმედები მხოლოდ ირაკლი მარუაშვილზე გვაქვს დამყარებული, შაბათს აქვს გამოსვლა და, იმედია, ფინალში გადასვლას მოახერხებს. (ინტერვიუ ჩაწერილია ხუთშაბათს, 10 მაისს, ავტორი).

– მათ არ იცოდნენ, ასე ოჯახურად რომ იყავი უკრაინასთან დაკავშირებული?

– არა. უკრაინა რომ ჩემი დედულეთია მერე გაიგეს, უკვე სიუჟეტების მომზადებისას. ჩემს რუსულზე თვითონ დავიწყე ხუმრობა და ამაზე სიუჟეტშიც იყო საუბარი. დედას მხოლოდ რუსულად ველაპარაკები, ქართული არ იცის, მაგრამ, სახლში მაქსიმუმ ორმოცდაათი-ასი სიტყვის გამოყენება მიწევს ყოველდღიურად და, აღმოვაჩინე, რომ ქართულად ვაზროვნებ და მერე ვთარგმნი, რაც რა თქმა უნდა, სცენისთვის ცუდია. არადა, მოლაპარაკე ჟანრი მაქვს; მე თუ სცენაზე დავდექი და მხოლოდ ფოკუსები ვაკეთე, არაფერი გამოვა. მოკლედ, დამირეკეს და მითხრეს, 14 თებერვალს ჩამოდი კიევშიო.

– დაანებე შეყვარებულს თავი და გასაქრობი ყვავილებით აქ ჩამოდიო?

– დაახლოებით (იცინის). აქ პროდიუსერებს ვკითხე ნებართვა და წავედი. ეს ამბავი არ გამიხმაურებია და უახლოესი ადამიანების გარდა არავინ იცოდა, სანამ ტელევიზიით სიუჟეტი არ გავიდა. ანუ, როდესაც საქართველოში ყველამ გაიგო, უკვე უკრაინაში ვიყავი. უზომოდ ბევრი დადებითი კომენტარი დაიდო ინტერნეტში და ამ ყველაფრის წაკითხვა ძალიან სასიამოვნო იყო. ქასთინგზე იგივე ნომერი მქონდა წარმოდგენილი, რაც საქართველოში, მაგრამ, ნახევარფინალისთვის ახალი ნომერი მოვიფიქრე (ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად უყურეთ, ნამდვილად იხალისებთ, – ავტორი). „ჩებურაშკას” ნომერი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა. პირველი ნახვა ეფექტურია, მეორე ნახვაზე კი უკვე ყველაფერი ნათელი ხდება. საერთოდ, ფოკუსი ერთხელ უნდა ნახო. ჟიურის წევრი, ვლადი, ფეხზე წამოხტა, ისეთი მოულოდნელი იყო მისთვის, რაც მოხდა. მარტო ამ ემოციისთვის და ჟიურის შეფასებებისთვის ღირდა უკრაინაში ჩასვლა. 

– ყოველთვის იუმორისტულ, კომედიურ ჟანრში გადაგყავს ფოკუსები?

– მხოლოდ გაოცების გრძნობა ცოტაა ფოკუსების ყურებისას, ყოველ შემთხვევაში, მე ეს არ მაკმაყოფილებს. ჩემთვის მთავარი კომუნიკაციაა, მაყურებლის მონაწილეობა თითოეულ ნომერში. მხოლოდ ტაშით დამყარებული კონტაქტი არ მაკმაყოფილებს, მათი ჩემს თამაშში ჩათრევა მომწონს. უკრაინელები არ არიან მიჩვეულები კომედიური მაგიის ყურებას. შარშან პროექტი ილუზიონისტმა მოიგო, რომელიც ტრადიციულ ჟანრში გამოდიოდა, ეს სტილი კი მათთვის უცნობი იყო, ამიტომაც, ქასთინგზე გამიჭირდა მათი ჩართვა. სხვათა შორის, იქ ილუზიონისტად კი არა, შოუმენად მაცხადებდნენ. ნახევარფინალზე კი მაგრად გაიხსნენ. 

– ჟიური ისე თუ ნახე, კონკურსს გარეთ?

– არა, ჟიურის მხოლოდ კონცერტზე ვხვდებოდი. საერთოდ, ისინი გენერალურ რეპეტიციას ნომრებიანად უყურებენ. ჟიური ესწრება იმისთვის, რომ, რაც შეიძლება, მეტად გამორიცხონ შეცდომები. ჩემი ნომრის დროს მაკიაჟის გასაკეთებლად გაიყვანეს და მაკიაჟის ოთახში ტელევიზორიც გამორთეს. სხვანაირად ჩემს ნომერს აზრი არ ექნებოდა. ამის გამო, ჟიურის წევრები კულისებშიც კი არ მინახავს, სურათიც არ მაქვს გადაღებული. გავიცანი წამყვანები და ერთ-ერთ წამყვანს ქასთინგზე გაჩენილი კონიაკიც კი ვაჩუქე. გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან, ყველგან მეგობრები მყავს და ისინიც დავპატიჟე თბილისში. იმედია ჩამოვლენ. თან, ისეთი ნომრები აქვთ, ისეთ უცნაურ რაღაცეებს აკეთებენ, აქ დიდი ეფექტი ექნება. ჩამოდით, ფულს იშოვით-მეთქი, ვეუბნები. 

– შენი ხარჯებით იყავი?

– პირველ ჯერზე ჩემი ხარჯით წავედი და ეს, ალბათ, სწორიც იყო. თუ ჩემს ძალებში დარწმუნებული არ ვიქნებოდი, ამ ხარჯებს არც გავიღებდი. მსგავსი მიდგომით წამოვიდნენ სხვა მონაწილეებიც. მესამედ, ნახევარფინალამდე დიდი ხნით (სამი კვირით  ადრე) მათი ხარჯებით წავედი. ერთად ვცხოვრობდით მონაწილეები. პირველი, მეორე, მესამე და ზოგიერთი მეოთხე კვირის მონაწილეც გავიცანი. ოთხსართულიან პანსიონატში მხიარულად ვცხოვრობდით. ალკოჰოლი აკრძალული იყო, მაგრამ, კონტრაბანდა გვქონდა. ძალიან ბევრი დაბადების დღე დაემთხვა ჩვენს იქ ყოფნას, ასევე, დაემთხვა აღდგომა. პირველი ეთერიც ხომ უნდა აღნიშნულიყო?! (იცინის). განსხვავებულ ქეიფს მივეჩვიე, იქ არ იციან, რა არის თამადა – იმას გაუმარჯოს, ამას გაუმარჯოს და მორჩა. რომ დავიჭირე ჭიქა და დავიწყე ლექსების წაკითხვა, გაგიჟდნენ. ამასაც მივაჩვიე. იქ ყოფნის დროს ოთხჯერ დავლიეთ და ერთხელ მაინც მოვახერხე, თამადა ვყოფილიყავი და მეჩვენებინა ქართული სუფრის ტრადიცია. მერე ამ ამბავს მოვეშვი – მაინც, სადაც ხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო. იქ დავაფასე და დავამტკიცე, თუ რამდენად მაღალი კულტურა გვაქვს სასმლის. იქაური სასმელი არის აცეტონი ჩაიში თუ რაღაც მსგავსში გარეული. საშინელებაა. ჩემი ჩატანილი კონიაკი რომ გასინჯეს, გაგიჟდნენ – ალკოჰოლის სუნიც კი არ აქვსო. მათ კონიაკს კი ისეთი აცეტონის სუნი აქვს, გული წაგივა. 

– არ გწყდება გული ფინალზე?

– რაღაც დონეზე მწყდება, მაგრამ, მთლიანობაში მაინც კმაყოფილი ვარ. ჩემი მთავარი მიზანი იყო, მეჩვენებინა ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის. განათლებით ეკონომისტი ვარ, მაგრამ, ამ სფეროში ჩემი თავი ვერაფრით ვერ წარმომიდგენია. კიდევ ერთხელ დავდექი სცენაზე, კიდევ ერთხელ შევიგრძენი ყველაფერი ის, რაც აქაურ „ნიჭიერში” იყო. 

 

 

скачать dle 11.3