როგორ მოხვდა სოფო ნიკოლაიშვილი „ტიტანიკით” შტორმში და რატომ დადიოდა ის რომში ხოხვით
ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი სამწლიანი ტაიმაუტის შემდეგ ტელევიზიას ახალი გადაცემის პროდიუსერის რანგში დაუბრუნდა. 18-წლიანი აქტიური რეჟიმის შემდეგ, საყვარელი საქმის გარეშე ისე გაუჭირდა, საკუთარ თავს უამრავი გასართობი გამოუძებნა. თუმცა, ამანაც ვერ უშველა – წლების განმავლობაში მოვლენების ეპიცენტრში ყოფნისას, ერთი ქართული ფილმის არ იყოს, იმდენი „იშტოიანი” ნახა, რომ ვერ გაძლო და ამ განცდამ ისევ იქ დააბრუნა, სადაც მისი ყველაზე დიდი აზარტი დაიწყო.
სოფო ნიკოლაიშვილი: სამწლიანი ტაიმაუტის შემდეგ ტელევიზიაში დაბრუნება ძალიან მაგარი განცდაა, რადგან თორმეტწლიანი მუშაობის შემდეგ, ტელევიზიის გარეშე ცხოვრება მართლაც ძალიან რთულია. ეს გადაჭარბებული შეფასება არაა, ეს მართლაც ასეა. ამას იმ ექვს წელიწადსაც თუ დავამატებ, რაც პრესაში მაქვს გატარებული, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ძნელია გაძლება საყვარელი საქმის გარეშე. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე, ჟურნალში, ჩემი მოვალეობა ტექსტების აკრეფა იყო. 18 წლის გოგო თვალებს ვითხრიდი, მაგრამ მერე ისე დავოსტატდი, დღემდე საოცარი სისწრაფით ვკრეფ ტექსტს კომპიუტერზე. მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო სამსახური იყო, მათ შორის, სუპერპოპულარული და ძალიან რეიტინგულიც. ყველგან ვარ ნამუშევარი, „რუსთავი 2-ის” გარდა, თუმცა ამ ტელეკომპანიასთანაც მქონდა საქმიანი შეხება. თავიდან, როცა ჩემი ტაიმაუტი დაიწყო, თითქოს მომწონდა სამსახურის გარეშე ცხოვრება, ალბათ, დაღლილიც ვიყავი. როცა აქტიურად ვმუშაობდი, გადაღებიდან გადაღებაზე გადარბენის დროს, ბევრჯერ შემშურებია მათი, ვინც ქუჩაში მშვიდად, თავისთვის დადიოდა. მერე უცებ მეც აღმოვჩნდი დაახლოებით ასე – არსად მივდივარ, არ მაქვს საფიქრალი და სანერვიულო საქმეზე და უცებ, საოცარი სიცარიელე ვიგრძენი. თავიდან ბევრი რამ მოვიფიქრე, რომ უამრავი ბევრი თავისუფალი დრო ამეთვისებინა, დავდიოდი ინგლისურზე, ვკითხულობდი ლიტერატურას, ვსწავლობდი ფიარის კურსებზე, მოვიფიქრე ათასნაირი გასართობი, მათ შორის „ბასეინი” – მქონდა ვაკის აუზის 24-საათიანი აბონემენტი და თითქმის სულ იქ ვიყავი. არათუ ვიყავი, გავიცანი სრულიად თბილისი, ყველა, ვინც კი დადიოდა და პატარ-პატარა ჩემპიონატებსაც კი ვაწყობდი ნარდში, რაშიც მარჯვე ვარ. ასე რომ, ხშირად ვიგებდი ლუდს (იცინის).
ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და მივხვდი, რომ ძალიან მძიმე დღეში ვიყავი – აღარ მაინტერესებდა აღარც გართობა, აღარც ცურვა, აღარც სადმე წასვლა. აუცილებლად უნდა დავბრუნებოდი იმ საქმეს, რაც მიყვარს და ვიცი, თორემ სხვა რა უნდა მეკეთებინა?! ბუღალტერია მე არ ვიცი, რომ ბუღალტრად მემუშავა, ხიდებს მე ვერ ავაშენებ (იცინის). იქამდე ვუშველე თავს, სანამ დეპრესია დამეწყებოდა. რომ იტყვიან ხოლმე, ტელევიზიაში მუშაობა დაავადებააო, ახლა ვხვდები, რომ ეს ასეა. მე არ ვყოფილვარ ვარსკვლავი და არც ვარსკვლავური გამოხდომები მაწუხებდა, მაგრამ ჟურნალისტიკაში მასშტაბები იმდენად დიდია, მერე ვიწრო წრეში ჩაკეტილს, ადგილი აღარ გყოფნის. როცა ხვდები უამრავ ცნობილ ადამიანს, ჩართული ხარ ყველაზე მნიშვნელოვან ამბებში, ცნობილი ქართული ფილმის არ იყოს, იმდენი „იშტოიანა ვიძელ” დაგმართნია, მერე ძნელია, ამ ყველაფერს მოსწყდე. ხელისუფლებაში ყოფნა, თუნდაც მეოთხე იყოს, ხელისუფლებაა მაინც და ამას დიდი ხიბლი ჰქონია (იცინის).
– რატომ „იმედი” და „კულინარიული დუელი”?
– ჩემი მეუღლე მუშაობს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტის გამო, მე მეკრძალება ტელევიზიაში მუშაობა. ამის გამო, ქმარს ხომ ვერ გავეყრებოდი? ასე რომ, ჩემი ტაიმაუტი ცოტათი მეუღლის დამსახურებაც იყო. ვინაიდან არ მეკრძალება გარე სტუდიაში მომზადებულ გადაცემაში მუშაობა, ამიტომაც გავაკეთე არჩევანი „კულინარიულ დუელზე”, თუმცა მქონდა სხვა შემოთავაზებებიც. აქ ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა, მათ შორის არიან ჩემი მეგობრებიც. მათ მიმაღებინეს გადაწყვეტილება, რომ ამ გადაცემის პროდიუსერი ვყოფილიყავი. „ნტვ-ს” ანალოგიურ პროექტში, სტუმრად მიჰყავთ სელებრითები, რომლებიც კულინარიულ თემატიკას არ ცდებიან. ჩვენთან მაინც უფრო სხვა ფორმატია – სტუმარი მოდის სამზარეულოში, იკეთებს წინსაფარს და სხვა ამპლუაში საუბრობს არა მხოლოდ კულინარიაზე, არამედ ბევრ სხვა პრივატულ თემაზეც, რაც გადაცემას ბევრად უფრო საინტერესოს ხდის.
– როგორც ვიცი, ამ სამ წელიწადში უქმად არ დაკარგე დრო და ბევრ ქვეყანაში იმოგზაურე.
– კი, ვიყავი ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, ვნახე ყველაფერი, რისი ნახვის საშუალებაც მომეცა. მოგზაურობაზე სულ ვოცნებობდი, მაგრამ მთელი ცხოვრება ისეთი რეჟიმი მქონდა, სამოგზაუროდ წასვლას ვერასდროს ვახერხებდი. თურქეთი და ეგვიპტე მქონდა ასე თუ ისე ათვისებული, მაგრამ ძალიან მინდოდა, წასვლა იტალიაში. პირველად წავედი ტურით ჯერ საბერძნეთში, შემდეგ კი იტალიაში, საიდანაც დავბრუნდი ათენში და უზარმაზარი გემით, „ტიტანიკით” წავედი კუნძულ კრეტაზე. ამ ტურში ვიყავით მე და ჩემი მეგობარი. ჩემმა ქმარმა მას ჩემი თავი ჩააბარა, მაგრამ ისე ვიყავი გაწაფული ინგლისურში, გზებს მე ვიკვლევდი და მეურვეობა არ დამჭირვებია. ამ ტურის დროს ძალიან სასაცილო ამბები დაგვემართა. წინასწარ დავჯავშნეთ სასტუმრო ქალაქის ცენტრში, ქუჩას ჰქვია „ომონია”. მე რომ მეგონა, მაგარ ადგილას მოვხვდი, თურმე ომონია კი არის ცენტრში, მაგრამ მეძავების, ნარკომანებისა და ნარკოდილერების მთავარი ბუდე ყოფილა. ზანგები, ზანგები, სასწაული ხდებოდა ირგვლივ. ყოველღამე სასტუმროს ფანჯრიდან საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ აწყობდნენ სპეცოპერაციებს პოლიციელები. დაახლოებით ისეთი სიტუაცია იყო, თბილისში არეულობის დროს რომ ხდებოდა სადგურზე. მე და ჩემი მეგობარი „რიკოშეტით” შევდიოდით სასტუმროში (იცინის). ასევე, მხიარულ ისტორიებში მოვხვდით კრეტაზე. იქიდან უკან წამოსვლისას რვაბალიან შტორმში კი მოვყევი, მაგრამ მაინც ძალიან ხალისიანი იყო ის დღეები. კრეტაზე მოვხვდით სასტუმროში, რომელიც ულამაზეს ადგილასაა, რატომღაც ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში კუნძულზე მხოლოდ პენსიონერები იყვნენ. დავიღალე მათი ცქერით, შვიდი დღე ტანგიან პენსიონერებს ვუყურებდი. პენსიონერულად დავისვენე. ძალიან რომ გინდა, ვინმეს თვალი გააყოლო და ასეთს ვერავის დაინახავ ორბიტაზე, როგორია? ჩემს ქმარს დავურეკე და ვუთხარი: ზუსტად ვიცი, სადაც უნდა წავიდეთ, როცა მოვხუცდებით-მეთქი (იცინის).
– ყველაზე დიდი შთაბეჭდილება შენზე რომელმა ქვეყანამ მოახდინა?
– ძალიან მომეწონა ინგლისი. საოცარი ქვეყანაა იტალია, სრულიად გადავირიე რომზე. დაღლილობისგან ბოლოს ოთხით დავდიოდი, მაგრამ მაინც, შეძლებისდაგვარად, ვნახე ყველაფერი – კოლიზეუმი, ვატიკანი. ძალიან მომეწონა ფლორენცია, თუმცა რომი მაინც სხვაა. ვიყავი ქალაქ ბარში, რომელიც კოლორიტული ქალაქია ძველი კოშკებითა და საინტერესო სიძველეებით. მე და ინგა გრიგოლია ვიყავით ერთად. წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მამა მოსემ და მამა ანდრიამ ქართულად დაიწყეს გალობა. ეს ისეთი შთამბეჭდავი იყო, მე და ინგა ემოციებისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდით. ჩვენ ვნახეთ მამა იოანე, ჩვენი ძველი მეგობარი ზაზა ხელაია, რომელიც დღეს შავი ბერია და რომში, ერთ-ერთ ტაძარში მოღვაწეობს.
ალბათ, არასდროს დამავიწყდება ჩემი შთაბეჭდილებები და განცდები, რომელიც სინას მთასთან არის დაკავშირებული. ეს მთა, გარდა იმისა, რომ ყველა ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანია, ეს არის ადგილი, სადაც მზე ყველაზე ლამაზად ამოდის. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადის უამრავი ტურისტი. ზუსტად ხუთი საათი მოვუნდით ღამით მთაზე ასვლას, ზოგი ფეხით ადიოდა, ზოგი ბედუინების დახმარებით. მათთან ძალიან ვიჩხუბე, ოღონდ ფული იშოვონ და საშინლად ექცევიან ტურისტებს. თუმცა, ჩვენ კარგი ბედუინი შეგვხვდა და კარგ, უსაფრთხო ადგილას აგვიყვანა მთაზე. იმ ღამეს ძალიან ციოდა. მაგრამ, იმდენად დიდი იყო ემოცია მთაზე ასვლის გამო, რომ ვერაფერს ვგრძნობდი. ორი მეგობარი და ორი შვილი ლამის ხელში ჩამაკვდნენ – ერთ ბავშვს ბრმანაწლავის შეტევა დაეწყო, მეორეც ცუდად გახდა, მაგრამ განცდა იმისა, რომ მთაზე უნდა ავსულიყავით, ყველაფერს მავიწყებდა. რომ მეგონა, აი, სადაცაა უნდა მოკვდე, არ ვიცი, საიდან მეძლეოდა ძალა, რომ სიარული გამეგრძელებინა. ბოლოს ეს სიარული კი არა, უკვე ხოხვა იყო კიბეებზე, რომელზეც ოთხით უნდა ახვიდე. იმის მიუხედავად, რომ ეს იყო ძალიან მძიმე გზა, ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე შთამბეჭდავი მოგონება და ყველაზე გრძელი, საოცარი ღამე.