როგორ აღმოჩნდა მილიციელის ბინაში ძებნაში მყოფი მუზეუმის ქურდი
ახალი ბინა რომ მივიღე, თბილისში ზაფხულის პაპანაქება იდგა და ოჯახი დასასვენებლად მყავდა გაგზავნილი. ვიფიქრე, ცოლ-შვილს გარემონტებულ ბინას დავახვედრებ-მეთქი და, ამ საქმისთვის თავი რომ მომება, უფროსობას რის ვაი-ვაგლახით ორკვირიანი შვებულება გამოვგლიჯე. ჩემ გვერდით, ერთოთახიანში, ვინმე სამველას ჰქონდა დაქირავებული ბინა თავის ცოლ-შვილთან ერთად. როგორც კი ახალ ბინაში მივედი, სამველა მეწვია, გამეცნო და დაწვრილებით გამომკითხა, ვინ ვიყავი. ჩემი მილიციელობა არ გამიმხელია, ვუთხარი, ინჟინერი ვარ და გზებს ვაშენებ-მეთქი. თითქმის მთელ დღეს სახლში ვხლაფორთობდი ჩემთვის, ხანდახან სამსახურშიც შევივლიდი ხოლმე და გავიგე რომ ერთ-ერთი მუზეუმიდან ცნობილი მხატვრის სურათი მოუპარავთ, რომელიც შესაძლოა, ჯერ კიდევ თბილისში ყოფილიყო. ქურდიც დადგენილი ჰყავდათ და მისი სურათებიც დაურიგებიათ მილიციის განყოფილებებში. ერთი ცალი მეც გამოვართვი – მაინც, ყოველი შემთხვევისთვის – და საფულეში შევინახე. ერთი სიტყვით, სახლში ვფუსფუსებდი, გარეთ თითქმის არ გავდიოდი. ჩემი მეზობელი სამველა კი, დილით რომ მოვიდოდა ჩემთან, მხოლოდ შუაღამისას მიდიოდა. მთელ დღეს ლაყბობდა, რაღაცეებს ყვებოდა, თვითონაც ერთობოდა და მეც მართობდა. ერთ დღეს სამველამ მითხრა:
– ომარ-ჯან, ჩემი მეგობარი სახლიდან გამოიქცა – ცოლს ეჩხუბა და, სანამ უკან დაბრუნდება, იქნებ, რამდენიმე დღეს შენ შეიფარო. ხომ იცი, ოთხნი ვცხოვრობთ ერთ პატარა ბინაში, თორემ, შენ არ შეგაწუხებდი.
სამველას თანხმობა ვუთხარი, მან კი ზუსტად ორ წუთში თავისი ჩემოდნიანი ძმაკაცი მომიყვანა. შევხედე თუ არა, ვიფიქრე, რა ნაცნობია-მეთქი და საქმე განვაგრძე. სამველას ძმაკაცს იურა ერქვა და თითქმის ხმას არ იღებდა, თუმცა, თუკი რამეს დაავალებდი, არ დაგზარდებოდა და მოგეხმარებოდა. მე, იურა და სამველა ყოველ საღამოს, მუშაობის დამთავრების შემდეგ, ცოტას წავიქეიფებდით და „დავიშლებოდით“: სამველა სახლში მიდიოდა, მე და იურა კი ჩემს ბინაში ვიძინებდით. შევხედავდი თუ არა იურას, მაშინვე გამიელვებდა თავში, რა ნაცნობი სახე აქვს, სად მინახავს-მეთქი, მაგრამ, ვერ ვიხსენებდი. ერთ საღამოს, მე, იურა და სამველა ვქეიფობდით. ამასობაში ჩემი ორი თანამშრომელი მოვიდა ჩემთან, უბრალოდ, მოსანახულებლად. კარი რომ გავუღე, გავაფრთხილე, ჩემი მილიციელობის ამბავი არ ეთქვათ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემების მოსვლიდან ათიოდე წუთში იურასა და სამველას ხელბორკილები დაადეს. სანამ რამეს ვკითხავდი, მითხრეს:
– ივანიჩ, ორი კვირაა, ისვენებ და მუშაობას გადაეჩვიე. ამ კაცს მთელი საბჭოთა კავშირის მილიცია ეძებს, შენ კი საკუთარ სახლში მალავდი...
ჩემმა კოლეგებმა უმალვე იცნეს მუზეუმის ქურდი და მისი ჩემოდნიდან მოპარული სურათიც ამოიღეს, მე კი მხოლოდ იურას დაჭერის შემდეგ მივხვდი საიდან მეცნობოდა მისი სახე.
პოლკოვნიკ ომარ სირაძის
ნაამბობის მიხედვით