კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შემოინახა გიო ხუციშვილმა თავისი ბავშვობის ხმა გია ყანჩელის დახმარებით და რატომ ალაპარაკდა საზოგადოება წლების წინ მის ნარკომანობაზე

მომღერალმა გიო ხუციშვილმა ნახევარი საუკუნე ისე განვლო, არაფერზე უნანია. თავისი შრომით, ბრძოლითა და კაცური საქციელით იმდენი შეძლო, რომ დღეს თამამად შეუძლია იამაყოს თავისი განვლილი წლებით. სულ ცოტა ხანში ის მამამთილიც გახდება – მისი უფროსი ვაჟი ქორწინდება და ამისთვის ის განსაკუთრებულ მზადებაშია. რა გზა გაიარა მან, სანამ დღევანდელ დღემდე მოვიდოდა, რატომ დააწვა მხრებზე 18 წლის ასაკში ოჯახის ტვირთი და რაში დაემსგავსნენ მას შვილები, ამაზე თავად გვესაუბრება. 

 

გიო ხუციშვილი: ბედნიერი ბავშვობა მქონდა, არ მაწუხებდა ყოფითი პრობლემები, მქონდა ჩემი სამყარო, ბედნიერი ოჯახი... სამწუხაროდ, 18 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა და დავრჩი მარტო. ნამდვილად არ ვიყავი ამისთვის მზად.

– რას გულისხმობთ მარტოდ დარჩენაში?

– მამა რომ გარდაიცვალა, დავრჩით ოჯახში მე, დედა და ჩემი და. კაცი მე ვიყავი და საკუთარ თავზე უნდა ამეღო ბევრი რამ.   ცხოვრება რთულია და, პატარა ასაკში რომ გიწევს ოჯახური ტვირთის საკუთარი მხრებით ზიდვა, ეს კიდევ უფრო ართულებს შენს ცხოვრებას. დღემდე მარტოს გამაქვს ჩემი თავი და ჩემი ოჯახი. ბედნიერი ვარ იმით, რომ ღმერთმა ბევრჯერ დამიფარა და ამაცილა განსაცდელი. ყველაფერი გამოვცადე ცხოვრებაში, ყველა გზა გავიარე, ომშიც ვიბრძოლე და ყოველთვის ვგრძნობდი ღმერთის მფარველობას. ასე რომ, ბედს ნამდვილად არ ვუჩივი და, ვერ ვიტყვი, უბედო ადამიანი ვარ-მეთქი. საკმაოდ პატარა ასაკში დავოჯახდი, შვილებიც მეყოლა და მატერიალური პრობლემების წინაშეც აღმოვჩნდი. მაშინ მივხვდი, რა იყო პასუხისმგებლობა, საქმის მარტო კეთება და მარტო ყოფნა. ისე გამიჭირდა ფსიქოლოგიურად ყველაფრის ატანა, რომ ბოჰემურ ცხოვრებაში გადავეშვი – ღვინოში, გიტარაში და ძმაკაცებთან დროსტარებაში ვკლავდი დროს. არც ამას ვნანობ – ესეც ჩემი ცხოვრების ნაწილია, ლაღი და ახალგაზრდული. ბევრს ვქეიფობდით ბიჭები, სულ მთვრალები ვიყავით, რვა ხმაში ვშლიდით ხმებს და გაგვყავდა დრო სიმღერასა და სმა-ჭამაში. თან, მაშინ ისეთი დრო იყო, ხან თვითმფრინავით გადავფრინდებოდით რუსეთში, ხან გემით მივდიოდით ოდესაში და კარგად „ვგულაობდით“ კვირიდან კვირამდე. იმდენს ვერ ვაცნობიერებდი, რომ ოჯახი მქონდა, შვილები და ცოლი მელოდებოდნენ სახლში და მათზე უნდა მეზრუნა. ახლა რომ მკითხოთ, პირველ ცოლს რატომ გაშორდიო, პასუხს ვერ გაგცემთ. ერთი კია – ჩემს ბოჰემურ ცხოვრებას გადავაყოლე ჩემი ოჯახი. ახლა, მადლობა ღმერთს მეორე ოჯახი მაქვს, წლებია, სიმღერითა და სიყვარულით მოვდივართ მე და მაიკო და შვილებთანაც კარგი დამოკიდებულება მაქვს. ნახევარი საუკუნის გავლის შემდეგ, ასაკში მივხვდი იმ შეცდომებს, რაც ახალგაზრდობაში დავუშვი, თუმცა, არაფერს ვნანობ – ალბათ, ეს ჩემი გასავლელი გზა იყო. ყველაზე საშინელი გასახსენებელი კი აფხაზეთის ომია ჩემთვის, რასაც დიდი ხნის დეპრესია მოჰყვა. მადლობა ღმერთს, მივხვდი, რომ ჩემ გარშემო არიან ადამიანები, ვისაც ვჭირდები: ცოლი, მეგობრები, შვილები... თუ ადამიანმა ყოველდღე დალიე, გიტარა აიღე ხელში და მხოლოდ ის გაიხსენე, რაც იყო, ასე შორს ვერ წახვალ ცხოვრებაში. ჩემთვისაც დადგა პერიოდი, როცა მივხვდი, რომ წარსულში არ უნდა ჩავრჩე და მომავლით ვიცხოვრო. ცნობიერების გადასაწყობად დიდი დრო არ დამჭირდა და დღემდე მოვედი. რომ მკითხოთ, რას შეცვლიდი შენს პირად, განვლილ წლებშიო, გიპასუხებთ, რომ არც არაფერს. უბრალოდ, თუ შემეძლებოდა, ავარიდებდი ქვეყანას იმ განსაცდელებს, რაც გადავიტანეთ. ჩემი აზრით, წლები ადამიანს გამოცდილებას სძენს და მეტად აფიქრებს განვლილზე.

– იმასაც ამბობდნენ, თითქოს ვერ გაუძელით იმ საშინელების საკუთარი თვალით ყურებას და ნარკოტიკების მოხმარება დაიწყეთ.

– ეს ჭორი მეც გავიგე, მაგრამ, ნამდვილად ჭორია და არანაირი სიმართლის მარცვალიც არ დევს მასში. ვინც მიცნობს, მან ეს იცის. ბევრმა კარგმა და ნიჭიერმა ახალგაზრდამ მართლაც ვერ გაუძლო, ნარკოტიკს მიეძალა და თავიც დაიღუპა. რა ვიცი, ერთი პერიოდი, ღვიძლის პრობლემა მაწუხებდა, ძალიან გავხდი, და ალბათ, აქედან წამოვიდა ეს ჭორიც. 

– საკმაოდ გვიან გამოჩნდით სცენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მღერით. რა იყო ამის მიზეზი, ის განვლილი რთული ცხოვრება ხომ არა, რაზეც ზემოთ ისაუბრეთ? 

– მართალია, გვიან გამოვჩნდი სცენაზე, თუმცა, ბავშვობიდან ვმღერი. არც ანსამბლში მიმღერია – არ მინდოდა. არ დამავიწყდება, 6 წლის რომ ვიყავი, ჩვენთან სტუმრად მოვიდა გია ყანჩელი, რომელიც მამასთან მეგობრობდა. გამაღვიძეს ღამის სამ საათზე და მამღერეს. დილით კი ბატონმა გიამ გამომიარა და ხმის ჩამწერ სტუდიაში წამიყვანა. ის ჩანაწერი შემომრჩა და მისი მადლიერი ვარ. ბევრი შემოთავაზებაც მქონდა სხვადასხვა ანსამბლიდან, მაგრამ, უარს ვამბობდი. 

– როგორი მამა ხართ და შვილების პირად ცხოვრებაში თუ ერევით?

 – სხვათა შორის, მკაცრი მამა ვარ და ჩემი „ხუშტურებიც“ მაქვს (იცინის). ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები თავ-თავიანთ გზაზე დგანან, ნიჭიერები და ჯანმრთელები არიან. მათთან ვმეგობრობ, მაგრამ, გარკვეული ზღვარიც არის ჩვენ შორის. ნოდარიკომ, ჩემმა უფროსმა ვაჟმა, ცოტა მანერვიულა გარდატეხის ასაკში – თბილისურად ცხოვრობდა, ჩხუბშიც იწევდა; მაგრამ, ეს პერიოდი გადავლახეთ, დღეს მუშაობს და ახლა ქორწილისთვისაც ემზადება. ზუკა იმდენს კითხულობს, ვეუბნები ხოლმე, გადი გარეთ, სხვა სამყაროც დაინახე-მეთქი (იცინის). ელენე კი ისეთი ოქრო გოგო მყავს... ვგიჟდები მასზე, უზომოდ მიყვარს. ძალიან თბილია ელენე და, რომ ამბობენ, გოგოები მამებს განსხვავებულად უყვართო, სიმართლეა. სულ მეკითხებიან რჩევებს და შეკრული მამა-შვილები ვართ. 

– ესე იგი, მამამთილობისთვის ემზადებით?

– ვხუმრობ ხოლმე, ორმოცდაათი წლის ასაკში მრავალშვილიანი მამა ვხდები-მეთქი (იცინის). ძალიან კარგი გოგოა ელენე და კარგად და გემრიელად მღერის. ვფიქრობ, დიდი სიამოვნებით ჩავწერდი მასთან დუეტს, თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა (იცინის). ის ჩემი ბავშვობის მეგობრის, პაატა კალანდაძის შვილია, ერთად გავიზარდეთ და ოჯახებით ვმეგობრობთ. იმ დღეს ვსაუბრობდით მე და პაატა – რა არის ცხოვრება, რას წარმოვიდგენდით, ჩვენი შვილები თუ  დაქორწინდებოდნენო. ნოდარიკოც კარგად მღერის, ზუკაც, ელენეც და მინდა მომავალში ასეთი პროექტი გავაკეთო: „მღერიან ხუციშვილები“. ახლა ქორწილისთვის მზადებაში ვართ. ერთ თვეშია დაგეგმილი ქორწილი და ძალიან ვნერვიულობთ. 

– გავიგე, ზუკაც აპირებდა ცოლის მოყვანას, მაგრამ, მამამ გადააფიქრებინაო.

– არა, ასე არ იყო. ზუკა ბავშვურად იყო შეყვარებული, მაგრამ ცოლად მოყვანაზე არ ყოფილა საუბარი. როცა შეყვარებულია, ხასიათზე ემჩნევა და მე ვერ გამომაპარებს, თუმცა, მის პირადულში ვერ ჩავერევი, ეს მისი საქმეა, ვის აირჩევს ცხოვრების თანამგზავრად. მე შემიძლია მხოლოდ რჩევები მივცე. იმდენად კარგად სწავლობს, რომ ამერიკაში აპირებს სწავლის გაგრძელებას. ამიტომ, მგონი, ჯერ ცოლის მოყვანაზე მეტად წიგნებზე ფიქრობს (იცინის). წიგნების სიყვარულით ზუკა მამაჩემს დაემსგავსა. კითხვა მეც მიყვარდა, მაგრამ, ახალგაზრდობაში მე სულ სხვა შეხედულებები მქონდა, ვიდრე ზუკას. 

 

 

скачать dle 11.3