რა პრინციპის გამო წავიდა დავით ნიკურაძე ბარაკ ობამასთან ინტერვიუზე მეტროთი
მასთან ინტერვიუმ კიდევ ერთხელ მიმახვედრა, თუ რას ნიშნავს ჟურნალისტობა დიდ, მრავალფეროვან ზესახელმწიფოში. დავით ნიკურაძე უკვე მეცხრე წელია, „კურიერის” ამერიკის ბიუროში მუშაობს. მიუხედავად ოკეანის მიღმა ამდენწლიანი ცხოვრებისა, მაინც მიაჩნია, რომ ვაშინგტონში მხოლოდ მივლინებით იმყოფება და მივლინების დასრულებისთანავე თბილისში დაბრუნდება.
დავით ნიკურაძე: მეცხრე წელი დაიწყო, რაც „რუსთავი 2-ის” ამერიკის კორესპონდენტი ვარ. ბიურო 2004 წლის თებერვალში გავხსენით და ჩამოვედი. თავიდან ძალიან გამიჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება. მანამდე მივლინებებში კი დავდიოდი უცხოეთში, მაგრამ, ყველა მგზავრობა მოკლევადიანი იყო. ყველაზე დიდი მივლინება კატარში მქონდა 2003 წელს, როდესაც ამერიკის ცენტრალური სარდლობის ბაზაზე ჩავედი. კატარიდან თვე-ნახევრის განმავლობაში ვაშუქებდით ერაყის კამპანიას. ამის შემდეგ უკვე ვაშინგტონში გამომიშვეს. თავდაპირველად ნიუ-იორკში ქართულ დელეგაციასთან ერთად ჩავედი. დელეგაციის ვიზიტი ჩვეულებრივ გავაშუქე. იმ დღეებში საერთოდ არ მქონია განცდა, რომ უცხო ქვეყანაში ვრჩებოდი. ბოლო საღამოს, როდესაც ჩემი კოლეგები მანქანაში ჩასხდნენ და აეროპორტში გაემგზავრნენ თბილისში დასაბრუნებლად, ძალიან უბედურად ვიგრძენი თავი, რადგან, გავაცნობიერე, რომ ამხელა ქვეყანაში სულ მარტო ვრჩებოდი. საოცრად ემოციური და მძიმე წუთები იყო ჩემთვის.
– „კურიერის” კორესპონდენტობის გარდა კიდევ რით ხარ დაკავებული? სწავლობ თუ კიდევ რაიმე დამატებითი სამუშაო იშოვე ამ ხნის განმავლობაში?
– მხოლოდ „კურიერით” ვარ დაკავებული. ამ ქვეყანაში უცხოელ ჟურნალისტს ძალიან ბევრი საქმე აქვს. ჩვენ პატარა ბიურო გვაქვს, ბაზირებულები ვართ ვაშინგტონში, თუმცა, გვეხება მოვლენების გაშუქება ამერიკის ორმოცდაათივე შტატში და კანადაში. ძირითადად, მივლინებებსა და მგზავრობებში ვართ. ბოლოს როდის მეძინა სახლში, აღარც მახსოვს. სულ რომ არ გადიოდე ვაშინგტონიდან, საქმე მაინც ბევრია. დიდი ბიუროების ჟურნალისტების ნაწილი თეთრ სახლში ჰყავთ აკრედიტებული, ნაწილი – სახელმწიფო დეპარტამენტში, ნაწილი – პენტაგონში, ნაწილი – კონგრესში, ჩვენ კი ყველგან უნდა ვიყოთ.
– ადვილია, ამერიკაში იყო ჟურნალისტი? რა სპეციფიკური განსხვავებებია საქართველოსა და ამერიკაში მუშაობას შორის და როგორ ითანხმებ რესპონდენტებს?
– ეს აბსოლუტურად სხვა კულტურის მქონე ქვეყანაა. ქართველი და ამერიკელი ჟურნალისტების მუშაობის სპეციფიკაში განსხვავება დიდი არ არის, მაგრამ, დიდი განსხვავებაა რესპონდენტებში. აქ რესპონდენტს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ითანხმებ და არა ტელეფონზე დარეკვით. დარეკვა მიღებული არ არის. იმავე დღეს ინტერვიუზე დათანხმება თავიდან პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. ორშაბათ დილით რომ მისწერდი წერილს, ოთხშაბათისთვის გიბარებდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში, შევაჩვიე ამერიკელი ექსპერტების ნაწილი, რომ არანორმალური სამუშაო გრაფიკი გვაქვს, დროში განსხვავება თბილისთან რვა საათია და წერილის გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთ საათში უნდა მომცენ თანხმობა. რა თქმა უნდა, ეს ეხება ზოგად თემატიკას. თუ ქვეყანა იქცევა და ახალი ამბავი იმ წამებში მიმდინარეობს, თავად გეკითხებიან, რამდენ წუთში გჭირდება ინტერვიუ. ყველა ორგანიზაციას თავისი წესი აქვს. ხანდახან შეხვედრას ეგრეთ წოდებული „პული” იღებს და შენი იქ მისვლა წესების დარღვევაა. ასევე, შეხვედრების დროს ხშირად მოქმედებს „ჩეთემ ჰაუსის” წესიც (წესი, რომელიც შეიქმნა ანონიმურობის გარანტიისთვისა და ინფორმაციის გადაცემის მეტი თავისუფლებისთვის, – ავტორი), მოკლედ რომ ვთქვა, წესებს უნდა დაცვა თორემ, ეგრეთ წოდებული „ბანი” თუ არა, უხერხული და დამცინავი მზერა გარანტირებული გაქვს.
– გულწრფელები არიან ამერიკული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან?
– მიმაჩნია, რომ საკმარისად გულწრფელები არიან. თუმცა, ჩვენი მოვალეობაა, გამოვიყენოთ ისეთი სიტყვები, რომლებიც კითხვის ნიშნით მთავრდება. არსებობს ძალიან კარგი და მარტივი შეკითხვა, რომელზეც ხშირად საინტერესო პასუხს იღებ. ეს კითხვაა – „რატომ?”
– როგორია ჟურნალისტის თვალით დანახული თეთრი სახლი – ადგილი, სადაც უამრავი რიგითი მაყურებლის აზრით „მსოფლიო იმართება”?
– როდესაც ადრე, საქართველოში ყოფნის დროს, ტელევიზორში ვუყურებდი სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის ბრიფინგებს, საოცარი მოწიწების გრძნობა მეუფლებოდა და ხშირად მიოცნებია, მეც წამეყვანა იქიდან რეპორტაჟი. პირველად რომ მოვხვდი თეთრ სახლში, ბრიფინგის დარბაზში, ტრიბუნასთან, ფოტოები გადავიღე. შემდეგ უკვე, როდესაც ბრიფინგების ოთახში შესვლა რუტინული საქმე გახდა, ჩემს თავზე მეცინებოდა. ჩვეულებრივი ოთახებია, ჩვეულებრივი სკამებით, იქ მყოფი ჩვეულებრივი ადამიანებით და ეს ყველაფერი უკვე ჩემი ყოველდღიურობაა. ასევე, საოცარი გრძნობა მქონდა, როდესაც პენსილვანიის გამზირის მხრიდან პირველად მივედი თეთრ სახლთან და დავინახე, რომ პარკში ხალხი იწვა, ზოგი წიგნს კითხულობდა, ზოგი მზეს ეფიცხებოდა, ზოგი ციყვებს აკვირდებოდა და, ალბათ, სულ არ ფიქრობდნენ ჩემსავით იმაზე, რომ მათგან რამდენიმე მეტრში მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს პოლიტიკა კეთდებოდა.
– შენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან რომელიმე შეხვედრას, ინტერვიუს, მასალას ხომ ვერ გაიხსენებ?
– იყო ძალიან ბევრი საინტერესო მოვლენა და ჩემს ყველაზე სამახსოვრო რეპორტაჟებზე წლების შემდეგ წიგნს აუცილებლად დავწერ. რა თქმა უნდა, გამოვყოფ ინტერვიუს ამერიკის პრეზიდენტთან, რომელთან შეხვედრაზეც მეტროთი წავედი. მანქანის საწვავი ან ტაქსის 12 დოლარი კი არ დამიზოგავს, უბრალოდ, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ვიქნებოდი პირველი ჟურნალისტი, რომელიც ზესახელმწიფოს ლიდერთან ინტერვიუზე მეტროთი მივიდა. დაუვიწყარია ყველა საარჩევნო კამპანია და საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა, ბარაკ ობამას არჩევა და ჰილარი კლინტონის საარჩევნო მარათონი მაინც განსაკუთრებული იყო. ასევე, დაუვიწყარია ის დღეები, როდესაც ლოს-ანჯელესის პროზექტურაში ვათენებდით და ვაღამებდით, სამედიცინო ექსპერტს ვწერდით. იმ საათებში ჩვეულებრივი, უემოციო ჟურნალისტური სამუშაო იყო, თუმცა, საღამოს, უკვე სასტუმროში დაბრუნებულები, ვაანალიზებდით, რომ საქმე ეხებოდა მსოფლიო ვარსკვლავს, უიტნი ჰიუსტონს და მე მისი გარდაცვალების თემას ვაშუქებდი. ემოციები არ მქონია არც მაშინ, როდესაც დავრბოდი მაიკლ ჯეკსონის ბევერლი ჰილზის სახლსა და ლოს-ანჯელესის კლინიკას შორის. მხოლოდ საღამოს, როდესაც ყავის დასალევად ვსხდებოდით და ვუყურებდი, რომ მანქანებში ყველას ჯეკსონის მუსიკა ჰქონდა ჩართული და გულწრფელად განიცდიდნენ ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებას, ვხვდებოდი, რომ დიდ მოვლენას ვაშუქებდი. ასევე, გამოვყოფდი ქარიშხალ „კატრინას” დროს მუშაობას ლუიზიანასა და მისისიპიში. არ დამავიწყდება ავღანეთის ომის დროს ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მუშაობა, ნორვეგიაში მომხდარი თავდასხმების გაშუქება ოსლოსა და კუნძულ უტეიაზე, რომის პაპის, იოანე პავლე მეორეს გარდაცვალების დროს რეპორტაჟების მომზადება ვატიკანში, ინტერვიუ ცნობილ დიზაინერ ბულგარისთან. თუმცა, ეს თემები ამერიკასთან არ არის კავშირში და მათი გაშუქება სხვა პერიოდების მოვალეობა იყო.
– როგორი ცხოვრების რეჟიმი გაქვს ამერიკაში?
– ყოველი დილა ერთმანეთს ჰგავს. ვიღვიძებ დილით ძალიან ადრე. პირველი, რასაც ვაკეთებ, გავდივარ გარეთ და შემომაქვს „ვაშინგტონ პოსტი”, რომელიც ყოველ დილით მოაქვთ ჩემს კართან. ჯერ ვათვალიერებ მეორე გვერდის რუბრიკას „ჰეფენინგ თუდეი” და შემდეგ – გაზეთის სხვა გვერდებს. ამის შემდეგ იწყება ახალი ამბების გადახედვა ინტერნეტში, გადაღების დაგეგმვა, მომზადება, საუზმე და წასვლა, საღამოს კი – მონტაჟი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყველა დღე ასეთია. შაბათ-კვირას ვისვენებ. თუმცა, შაბათ დილით ვალაგებ ჩანთას, ვდებ საბარგულში და მივდივარ... მეც არ ვიცი სად. თითქმის ყველა მგზავრობა დაუგეგმავია. გავყვები რომელიმე ავტობანს, გადავდივარ პატარა ქალაქებში, ღამით კი ვრჩები მოტელში. ასე შემოვიარე მთელი ვირჯინია, ვესტ ვირჯინია, მერილენდი, პენსილვანია და დელავერი. ეს არის ძველი ქალაქი ვინჩესტერი ვირჯინიაში, შენანდოას ეროვნული პარკი და პატარა ქალაქი რომნი ვესტ ვირჯინიაში. იქ არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს. ყოველ საღამოს დიდ პაბში იკრიბებიან და უკვე ყველა მიცნობს. საოცრად ლამაზი და ველური შტატია ვესტ ვირჯინია. ზაფხულობით, შაბათ-კვირას, ზოგჯერ ქალაქ ფრონტ-როიალთან მდინარეზე მივდივარ ჩემი რეზინის ნავით, საძილე ტომრით, ფანრებითა და კარვით. კვირა საღამოს ვაშინგტონში ვბრუნდები და ორშაბათიდან ისევ ჩვეულებრივი კვირა იწყება.
– ხომ არ აპირებ საცხოვრებლად დარჩე ოკეანის მიღმა?
– რა თქმა უნდა, არა. აქ რატომ უნდა დავრჩე? ჩემი სახლი თბილისშია – იქ მყავს ოჯახი, ბავშვობის მეგობრები, ჩემი პუდელი ჩარლიც კი. ამერიკაში მივლინებით ვარ, თუმცა, ეს მივლინება უკვე რვა წელიწადზე მეტია, გრძელდება.