მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-19(593)
ობიექტი ერთ-ერთ აღმოსავლურ ქვეყანაში ცხოვრობდა. იქ ჩავედი, კონსპირაციულ ბინაში მოვეწყვე, რომელიც საბჭოთა რეზიდენტმა ექსკლუზიურად მომიმზადა, და, ის-ის იყო, საწოლზე წამოვწექი, რათა მომქანცველი მგზავრობის შემდეგ დამესვენა, რომ კარზე დააკაკუნეს. არავის ველოდი. მივხვდი, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა და დავიძაბე. პისტოლეტი მოვიმარჯვე, „გლაზოკში“ გავიხედე და აღმოსავლურ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი დავინახე, რომელმაც კვლავ დააკაკუნა და, რომ გავუღე, მითხრა:
– თხილამურები მჭირდება, მთებში სასრიალოდ მივემგზავრები...
რა დროს მთებში თხილამურებით სრიალი იყო, რადგან იმ ქვეყანაში არც მთები იყო და ჰაერის ტემპერატურა მზეზე პლუს 60 გრადუსს აღწევდა... ცხადია, ეს იყო პაროლი, რომელიც ექსტრემალური სიტუაციისთვის იყო გათვლილი. მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა და მეკავშირეს პაროლითვე ვუპასუხე:
– თხილამურები გამიტყდა. ციგურები ინებეთ, – შემდეგ კი სახლში შევიპატიჟე: – მობრძანდით!
– არა. ბარგი ჩაალაგეთ და წავედით, დრო არ ითმენს! რეზიდენტი მოღალატეა. თქვენი ვოიაჟის შესახებ ადგილობრივ უშიშროებას შეატყობინა და გეძებენ.
– თქვენ საიდან შეიტყვეთ, რომ რეზიდენტი მოღალატეა? – ვკითხე მეკავშირეს და მხარზე გადავიკიდე სპორტული ჩანთა, რომელშიც დავალების შესასრულებლად საჭირო აღჭურვილობა მელაგა.
– მასზე ზედამხედველობა ცენტრისგან მქონდა დავალებული. მას ჩემი ჯგუფის ხალხი უსმენდა და უთვალთვალებდა, რომლებმაც გაშიფრეს და შემატყობინეს. ახლა კი წავედით. დრო არ ითმენს.
მეკავშირე სანდო კაცი ჩანდა, მაგრამ, გამორიცხული არაფერი იყო. ამიტომ, თავი დავიზღვიე, ქამარში შეყენებული პისტოლეტი ჩავიდე და ყურადღება გავაასკეცე. ჩემი მეგზური საკმაოდ გამოცდილი მზვერავი იყო და შევატყვე, რომ არ გამოჰპარვია ჩემი საქციელი. თუმცა, არ შეიმჩნია და ჩვენ სასწრაფოდ დავტოვეთ კონსპირაციული ბინა და ადგილობრივი უშიშროების ძალებს ერთი ნაბიჯით გავასწარით. მანქანებით გადაჭედილ გამზირზე რომ გავედით, ჩემს მეგზურს ვკითხე:
– სად მივდივართ?
– ზესაიდუმლო ბინაში, რომლის არსებობაც მხოლოდ მე ვიცი, – მომიგო მეკავშირემ.
მეკავშირის ზესაიდუმლო ბინა ქალაქის ყველაზე თვალსაჩინო და ყველაზე საშიშ რაიონში მდებარეობდა – იქ, სადაც უშიშროების სამინისტრო და აღმოსავლეთის ქვეყნებში თავისი საშინელებით სახელგანთქმული ციხე იყო განთავსებული. ფეშენებელური ბინა სწორედ იმ ჯურღმულის თავზე მდებარეობდა, სადაც ათასობით ადამიანს საშინელი წამებით ხდიდნენ სულს.
– მახვილგონივრული ჩანაფიქრია. აბა, ვის მოუვა აზრად, რომ ტოტალური ძებნილი აქ იქნება დამალული, – ვუთხარი მეკავშირეს, მან კი ღიმილით მომიგო:
– მით უმეტეს, იმ ბინაში, სადაც ქვეყნის გადამდგარი მონარქი ცხოვრობს.
– გადამდგარი მონარქი?
– დიახ. ქვეყანას ახლა მისი შვილი მართავს, თვითონ კი მძიმე ავადმყოფია და საწოლიდან თითქმის არ დგება.
– მე კი მეგონა, რომ ეს ბინა თქვენი იყო.
– არა, მე ამ ბინის მმართველი ვარ მხოლოდ, ასე ვთქვათ, კომენდანტი.
– კომენდანტი?
– დიახ. დაცვა და მთელი მოსამსახურე პერსონალი მე მემორჩილება. ერთი სიტყვით, აქ მე სრული ძალაუფლებით ვსარგებლობ. მმართველი მონარქი პირადად მირეკავს და მაფრთხილებს ხოლმე, როდესაც მამის მონახულება სურს.
– როგორ მოახერხეთ ასე მაღლა ასვლა?
– „კაგებეს“ ხელშეწყობით.
– ჩემ გამო რომ გაიშიფროთ?
– მაშინ, სამშობლოში დავბრუნდები, – მომიგო მეკავშირემ, რომელიც, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, თურმე საკუთარი ნებით მოქმედებდა, ცენტრისგან ყოველგვარი დავალების გარეშე და ჩემი გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი ინიციატივა იყო.
მეკავშირეს საიდი ერქვა. მან მონარქის „ფეშენ-ჰაუსის“ ერთ-ერთ პატარა ოთახში დამაბინავა. სწორედ იმ დღეს ეწვია მამამისს მოქმედი მონარქი, მის საძინებელში ორმოცი წუთი დაყო და წავიდა. იმავე საღამოს მოსკოვიდან დაშიფრული დეპეშა მოვიდა, რომელშიც ნაბრძანები იყო მოღალატე რეზიდენტის ლიკვიდაცია. საიდი ჩემს ოთახში შემოვიდა და მითხრა:
– ასეც ვიცოდი. ჩემს შეტყობინებაზე მოსკოვმა მყისეული რეაგირება მოახდინა, მოღალატის ლიკვიდაცია ბრძანა და ეს მისია თქვენ დაგაკისრათ.
– რეზიდენტმა იცის, რომ გაიშიფრა?
– იცის, – თქვა საიდმა, – და ისიც იცის, რომ უკვე სამიზნეა. ამიტომ, უსაფრთხოების ზომები უკვე მიიღო, გაძლიერებული დაცვის ქვეშაა და მისი მოხელთება არც ისე ადვილი იქნება. თუმცა, ყველანაირად შევეცდები, რომ ორივე ობიექტი მოგახელთებინოთ.
მიუხედავად იმისა, რომ საიდს დიდი შესაძლებლობები გააჩნდა, ობიექტების მოხელთება ურთულესი საქმე აღმოჩნდა. ჯერ ერთი, ისინი საიმედოდ იყვნენ გამოკეტილები და მათთან ჭიანჭველაც კი ვერ შეაღწევდა. გარდა ამისა, მე ინტენსიურად მეძებდნენ და, მართალია, ჩემი გარეგნობა არავინ იცოდა საიდის გარდა, მაგრამ, ქალაქში უსაფრთხო გადაადგილების გარანტია არ არსებობდა და, დიდი შანსი იყო, ქუჩაში მოძრაობის დროს ავეყვანე. ყოველივე ამის გამო, იმ ქვეყანაში დარჩენა თითქმის ერთი თვის განმავლობაში მომიწია და ეს იყო ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი საქმე. მთელი ეს პერიოდი ყოფილი მონარქის აპარტამენტებში ვცხოვრობდი და ქუჩაში თითქმის არ გავდიოდი, ობიექტებს კი საიდის ჯგუფის წევრები უთვალთვალებდნენ. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა მასპინძელმა მითხრა:
– მოემზადე, დღეს ცრუ იმამი ლურჯ მეჩეთში ატარებს ლოცვას. სხვა დროს შეიძლება, მისი მოხელთების შანსი აღარ მოგეცეს.
მე ისლამისტი ორთოდოქსის სამოსში გამოვეწყვე და ბუნებრივი წვერი წითლად შევიღებე. შემდეგ სპეციალური კალმისტარი შევამოწმე, რომელიც ასი მეტრის მანძილზე შხამიან ისრებს ზუსტად ისროდა მიზანში და, როდესაც დავრწმუნდი, რომ კარგად მუშაობდა, ჯიბეში ჩავიდე და ლურჯ მეჩეთში გავემართე. გასვლის წინ საიდმა მითხრა:
– როგორც მოვილაპარაკეთ, ჩემი კაცი თევზის რესტორანთან თეთრი „მერსედესით” დაგელოდებათ. საქმეს რომ მორჩებით, ის გამოგიყვანთ. აბა, წარმატებას გისურვებთ.
ლურჯ მეჩეთში დაუბრკოლებლად შევაღწიე და უამრავ მლოცველს შევუერთდი, რომლებიც „ღვთის მიერ მოვლენილი წმინდა კაცის” გამოჩენას მოუთმენლად ელოდნენ. ობიექტს ისე ჰყავდა გაბრუებული თავისი მრევლი, რომ ისინი ფანატიკურად ეთაყვანებოდნენ მას. სწორედ ამიტომ, არავინ დაიჯერა „კაგებეს“ მიერ გამოქვეყნებული კომპრომატები, პირიქით, ამან უფრო გააძლიერა ის.
იმამი რომ გამოჩნდა, ფანატიკოსებმა ისეთი ოვაციები გამართეს, ლამის მეჩეთი თავზე ჩამოგვემხო. მე ამ მომენტით ვისარგებლე, რადგან, შეიძლება, სხვა შანსი აღარ მომცემოდა, შეყენებული კალმისტარი მოვიმარჯვე, იმამს დავუმიზნე და ვტყორცნე... ისარი მას მარცხენა თვალში მოხვდა და, სანამ ძირს დაეცემოდა და მეჩეთში შეკრებილი ფანატიკოსები მიხვდებოდნენ, თუ რა მოხდა, მე ხოხვა-ხოხვით, უკუსვლით, ძალიან სწრაფად მივედი გასასვლელთან, ფეხსაცმელები ჩავიცვი და თევზის რესტორნისკენ გავემართე, სადაც საიდის ხელქვეითი მელოდებოდა.
– წავედით! – ვუთხარი მძღოლს, როდესაც თეთრ „მერსედესში“ ჩავჯექი და მან მანქანა ადგილიდან დაძრა.
მძღოლმა ოსტატური მანევრი ჩაატარა და რომ დარწმუნდა, არავინ მოგვდევდა, ქალაქის ცენტრისკენ აიღო გეზი, მანქანა ჩემი საცხოვრებელი ბინიდან ორასიოდე მეტრში გააჩერა და მითხრა:
– აქედან უკვე თქვენით გაიკვლიეთ გზა. წარმატებას გისურვებთ!
ტანსაცმლის გამოცვლა მანქანაში მოვასწარი და „მერსედესიდან“ რომ გადმოვედი, ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეს ვგავდი. მე მშვიდობიანად მივაღწიე სახლს, კართან საიდი შემეგება, შიგნით შემიყვანა და მითხრა:
– ჩქარა, საღებავი ჩამოიბანე წვერიდან. იმამის მკვლელობის ამბავი უკვე მთელ ქვეყანაში გავრცელდა, გეძებენ და დროებით ფსკერზე უნდა დაწვე.
სააბაზანოში შევედი, ათიოდე წუთის შემდეგ უკვე ჩვეულებრივ ფორმაში დავბრუნდი უკან და საიდს შევუერთდი, რომელიც უზარმაზარ ტელევიზორში საინფორმაციო გადაცემას უყურებდა. კადრებში ლურჯი მეჩეთი ჩანდა და ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მოუთხრობდა ტელემაყურებლებს იქ მომხდარი ამბის შესახებ. საათს დავხედე და საიდს ვუთხარი:
– ოპერატიულად მუშაობენ ჟურნალისტები. ერთი საათიც არ გასულა იმამის ლიკვიდაციიდან და უკვე რა ამბავია ატეხილი.
– ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. მთელი ქვეყანა ფეხზე დადგება და ყველგან დაგიწყებენ ძებნას. ცენტრს უნდა ვთხოვო, რომ მეორე დავალება გაგიუქმონ და უკან დაბრუნების ნება მოგცენ.
საიდს მოღალატე რეზიდენტის ლიკვიდაცია ასეთ პირობებში წარმოუდგენლად მიაჩნდა და ამიტომ უნდოდა, რომ მოსკოვს მეორე დავალება გაეუქმებინა. მე კი ასეთი რამ დაუშვებლად მიმაჩნდა, თანაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორე საქმესაც წარმატებით გავართმევდი თავს, ამიტომ საიდს მივუგე:
– არავითარ შემთხვევაში! მეორე დავალებასაც გავართმევ თავს და, თუ არ გინდათ, დამეხმაროთ, მარტო ვიმოქმედებ.
მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი. საიდი კი ჩემზე ათი-თხუთმეტი წლით უფროსი იქნებოდა. მას არ სწყენია ჩემი სიტყვები, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ შევატყვე.
– კარგი, ასე იყოს. მოსკოვს დავალების გაუქმებას არ მოვთხოვ და, რა თქმა უნდა, დაგეხმარებით. მაგრამ, იცოდეთ, რომ ასეთ პირობებში ეს ურთულესი შესასრულებელია და ძალიან დიდი რისკის ქვეშ მოხვდებით, – მითხრა მან.
– რისკი ჩემი პროფესიაა, – მოკლედ მოვუჭერი საიდს.
მე და საიდი ერთ-ერთ აღმოსავლურ ენაზე ვსაუბრობდით, თანაც უაქცენტოდ, ამიტომ მეტყველების მიხედვით ჩემი ეროვნების გარკვევა არ შეეძლო და ალბათ, ამიტომ მითხრა:
– შეიძლება, ერთი რამ გკითხოთ?
– ბრძანეთ, – მივუგე საიდს.
– რა ეროვნების ბრძანდებით?
– თქვენ? – შევუბრუნე კითხვა საიდს, რომელსაც გაეღიმა და მიპასუხა:
– ქართველი.
– მე კი საბჭოელი ვარ, – ვუთხარი საიდს და დავამატე: – გარეგნობით მართლაც ჰგავხართ ქართველს, თუმცა, ამას ვერ ვიტყვი თქვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე.
საიდმა ღიმილით მითხრა:
– მართალია, გარეგნობით ვერ ვიტყვი, რომ ქართველი ხართ, მაგრამ, ტემპერამენტით ნამდვილად ჩემს თანამემამულეებს ჰგავხართ და თქვენით იმიტომ დავინტერესდი. ჩემი ქართული ტემპერამენტი კი, ხანგრძლივმა სადაზვერვო საქმიანობამ დაასტაბილურა. როდესაც ამდენი წლის განმავლობაში უფსკრულის პირას დადიხარ და თავს ზემოთ დამოკლეს მახვილი გკიდია, იძულებული ხარ, ვნებები დაიოკო.
საიდის აღიარება, ისევე, როგორც შეკითხვა, ჩვენს პროფესიაში დაუშვებელი იყო და ფორმალურად მან ინსტრუქცია უხეშად დაარღვია. თუმცა, ის ძალიან გამოცდილი მზვერავი იყო და იცოდა, რომ ჩემგან ეს არ „გაბაზრდებოდა“. მან ჩემი ეროვნებაც ამოიცნო და, ალბათ, ამიტომ დამისვა ასეთი კითხვა. ან, შეიძლება, ნოსტალგია მოეძალა და თანამემამულესთან ქართულად საუბარს იყო მოწყურებული. ასეთი რამ ხშირად ხდება – უცხოეთში დიდი ხნის განმავლობაში მომუშავე მზვერავებს სამშობლოს ნოსტალგია მოეძალებათ ხოლმე... მიუხედავად ამისა, საიდს მე მხარი არ ავუბი, საკმაოდ დიპლომატიურად ავარიდე თავი მის კითხვებს და საქმეზე გადავედი:
– იცით, მე ვფიქრობ, რომ მეორე დავალების შესრულება სწორედ ასეთ პირობებშია უფრო ადვილი შესასრულებელი.
– ეგ როგორ? – გაუკვირდა საიდს.
– იმამის დასაფლავებაზე, – ვთქვი მე.
– გონებამახვილურია, – მითხრა საიდმა, – მაგრამ, უნდა ვიჩქაროთ. იმამს, მუსლიმანური წესით, ხვალ მზის ჩასვლამდე დაკრძალავენ და უნდა მოვასწროთ.
მოღალატე რეზიდენტი სნაიპერული შაშხანიდან გასროლილი ფეთქებადი ტყვიით გამოვასალმე სიცოცხლეს ასეულ ათასობით ადამიანის თვალწინ, რომლებიც ჩემ მიერვე მოკლულ იმამს მიაცილებდნენ უკანასკნელ გზაზე. ის საიდის ხელქვეითებმა აღმოაჩინეს და მათ მომცეს ნიშანი, მე კი ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის ბინაში ვიმყოფებოდი, სადაც ძალით შევაღწიე და ბინის პატრონი გავანეიტრალე. ხოლო, როდესაც ნიშანი მივიღე, სნაიპერული შაშხანა თავში დავუმიზნე ობიექტს, სასხლეტს თითი დავაჭირე და მოღალატეს კვახივით გავუპე თავი...
საიდის მიერ კონტროლირებულ აპარტამენტებში კიდევ ერთი კვირა გავატარე და, როდესაც შესაფერისი მომენტი დადგა, იქიდან პირადად საიდმა გამომაცილა, გემში ჩამსვა და გამომგზავრების წინ მითხრა:
– აბა, საბჭოელო, ნახვამდის. იმედია, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და უფრო მშვიდობიან ვითარებაში მოგვიწევს ურთიერთობა.
– მადლობა ყველაფრისთვის. მშვიდობით, საიდ! – ვუთხარი საიდს და იმ იმედით დავცილდი მას, რომ აღარასოდეს შევხვდებოდი. თუმცა, მრავალი წლის შემდეგ, უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდში, საიდთან შეხვედრა კვლავ შედგა.
საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო. „ძია” ისევ „ხოდზე“ იყო და, ალექსანდრეს ქვედა ბაღში რომ შევხვდით ერთმანეთს, მითხრა:
– ერთი სარფიანი საქმეა და, თუ თანახმა იქნები, აღმოსავლეთში გამგზავრება მოგიწევს.
– რა საქმეა? – ვკითხე რომანს.
– აი, ეს კაცი უნდა გაანეიტრალო, – მითხრა „ძიამ“, რომელსაც ცნობილი ნავთობის მაგნატის ფოტო ეჭირა ხელში, – ორ მილიონ გირვანქას იხდიან.
– სტერლინგს? – დავაზუსტე მე, რადგან, იმ დროს ასეთი ასტრონომიული თანხების გადახდას არ ვიყავი ჩვეული.
– დიახ, ორ მილიონ ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს, – მითხრა „ძიამ”, – რა, არ ღირს?
– რაიმე სპეციფიკური საშუალებით უნდა მოვკლა?
– არა, კოკი, – თავი გააქნია რომანმა, – უბრალოდ, უნდა მოკლა. შენ რა, ეს საქმე იოლი ხომ არ გგონია? მას პირადი მცველების მთელი არმია ახვევია თავს და ამერიკის პრეზიდენტზე უფრო მეტად არის დაცული. სწორედ ამიტომაც იხდიან ამდენ ფულს. რას იტყვი, იღებ ამ საქმეს?
რომანი, რა თქმა უნდა აჭარბებდა, რადგან, ზუსტად ვიცოდი, რომ მსოფლიოში ყველაზე დაცული ადამიანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია, რომელიც, პრაქტიკულად, მოუხელთებელია. მაგრამ „ძია” იმას უსვამდა ხაზს, რომ ჩემი ობიექტიც ძალიან კარგად იყო დაცული და იმაზე ორი აზრი არ არსებობდა, რომ ამხელა ფულის პატრონს საკუთარი თავის დაცვა არ გაუჭირდებოდა.
– ვიღებ, – მოკლედ მოვუჭერი „ძიას” და ვუთხარი: – როგორც ყოველთვის, ნახევარი ფული ახლავე გადმორიცხონ და მილიონ გირვანქას ხვალისთვის ველოდები.
– დღეს საღამოსვე დაგისვამენ ანგარიშზე, – მითხრა რომანმა. შემდეგ წამოდგა, გამომემშვიდობა და ტრადიციისამებრ, პირველმა დატოვა შეხვედრის ადგილი.
საქმის შესასრულებლად დუბაიში ჩავედი. იმ წლებში, ეს ქალაქი არ იყო ისეთი ფეშენებელური, როგორიც დღესაა, მაგრამ, ბრწყინვალება არც მაშინ აკლდა და, ეტყობოდა, რომ სულ მალე არა მარტო აღმოსავლეთის, არამედ, მსოფლიოს ერთ-ერთ ცენტრად უნდა გადაქცეულიყო.
ობიექტი წარმოშობით საუდის არაბეთიდან არ იყო, მაგრამ, დუბაიში მსოფლიოს ნავთობმაგნატთა წარმომადგენლობითი შეკრება იმართებოდა და თავის ურიცხვ პირად მცველებთან ერთად სწორედ იმ შეკრებაზე იყო ჩასული და ფეშენებელური კერძო ვილა ჰქონდა ნაქირავები, რომელსაც ოცდაოთხი საათის განმავლობაში იცავდნენ. ამიტომ, ნავთობმაგნატის ლიკვიდაცია მის ვილაზე ან ქალაქში გამორიცხული იყო და ბედი სასტუმროში უნდა მეცადა, სადაც ეს გრანდიოზული შეხვედრა იმართებოდა. საქმის შესრულება იქაც ძალიან რთული იყო, მაგრამ, სხვა გზა არ არსებობდა და ერთადერთ ვარიანტზე გაძლიერებულ მუშაობას შევუდექი. ეს შეხვედრა სულ რაღაც ხუთი დღე გრძელდებოდა და ამ დროში უნდა ჩავტეულიყავი.
მოფიქრებული გეგმის თანახმად, სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტის სტატუსით უნდა შემეღწია, ნავთობმაგნატის ლიკვიდაცია კი ვიდეოკამერაში ჩამონტაჟებული მაყუჩიანი პისტოლეტიდან უნდა მომეხდინა. ეს ყოველივე ძალიან რთული შესასრულებელი იყო, რადგან დარბაზში სპეციალური საშვებით უშვებდნენ, საშვებს კი პრესცენტრი იძლეოდა. გარდა ამისა, დარბაზში შესულ ჟურნალისტებს საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ, ამოწმებდნენ აგრეთვე გადამღებ აპარატურასაც და შიგნით იარაღის შეტანა თითქმის შეუძლებელი იყო. ეს ორმაგი პრობლემა ობიექტის ლიკვიდაციაში მიშლიდა ხელს. ყოველივე ამას კი მესამე პრობლემაც ემატებოდა, ანუ, წარმატების შემთხვევაში, უკან გამოსასვლელი გზა, რომელსაც უმალვე ჩაკეტავდნენ, როგორც კი ობიექტს მოვკლავდი.
ყველაფერ ამის მიუხედავად, საქმე აღებული მქონდა და უნდა შემესრულებინა. ამიტომ, ენერგიულად შევუდექი მუშაობას და ერთი ფრანგი ჟურნალისტი გავიცანი, რომელიც გარეგნობით წამაგავდა და, შესაბამისი მაკიაჟის შემდეგ, მაქსიმალურად დავემსგავსებოდი მას. ჟურნალისტს ჟანი ერქვა, საფრანგეთის ერთ-ერთ კერძო ტელეკომპანიაში მუშაობდა და უზარმაზარი ვიდეოკამერა ჰქონდა. ერთი სიტყვით, ჟანი შესაფერისი კანდიდატურა იყო და, ჩემი გეგმის მიხედვით, ის უნდა მიმეძინებინა, მისი საბუთებით და ვიდეოკამერით მესარგებლა და საკონფერენციო დარბაზში ამგვარად შევსულიყავი. პისტოლეტი კი სხვადასხვა აღჭურვილობაზე ნაწილ-ნაწილ მიხრახნილი უნდა შემეტანა და დარბაზში ამეწყო. მსგავსი მოწყობილობებით ხშირად სარგებლობდნენ სხვადასხვა სპეცსამსახურები. ასეთი პრაქტიკა „კაგებეშიც“ იყო დანერგილი და ეს ტექნოლოგია არც ჩემთვის იყო უცხო. ამიტომ, წინასწარ შევუკვეთე ასაწყობი პისტოლეტი, რაც, სხვა რეკვიზიტთან ერთად, დუბაის სადგურის ავტომატურ შემნახველ საკანში დადეს, რომელიც მერე მე უნდა ამეღო.
საქმეს ისიც აადვილებდა, რომ ჟანი ჰომოსექსუალი იყო და პირველივე ნახვიდან შევუყვარდი. მე ამით ვისარგებლე და ვეფლირტავებოდი. თავიდან ჟანი შედარებით მოკრძალებული იყო, მაგრამ, თანდათან უფრო გათამამდა და ნაცნობობის მესამე დღეს, ანუ მაშინ, როდესაც ნავთობმაგნატთა ხუთდღიანი შეკრება დაიწყო, მითხრა:
– საყვარელო, შენი სურვილი მკლავს, როდის ამისრულებ გულის წადილს?
ასეთ სიტყვებს ქალებისგან ვირიდებდი, რადგან ჩემი მერი ძალიან მიყვარდა და აბა, კაცისგან როგორი მოსასმენი იყო, მაგრამ, იმ მომენტში საქმეს ასე სჭირდებოდა და კეკლუცად მივუგე:
– ჯერ ვერ გავრკვეულვარ ჩემს გრძნობებში.
– მაშინ, – მითხრა სიყვარულით დამწვარმა ჟანმა, – საღამოს ჩემს ნომერში დაგპატიჟებ და იქ გაერკვიე შენს გრძნობებში, კარგი?
– კარგი, – მივუგე ჟანს და ერთმანეთს დავშორდით.
საღამოს ჟანს სასტუმროს ნომერში ვეწვიე, რომანტიკული ვახშმის დროს შამპანურში დასაძინებლის დიდი დოზა ჩავუყარე და მოვაძინე. შემდეგ სააბაზანოში მაკიაჟი გავიკეთე და მისი სახე მივიღე, ბოლოს კი ჩემი ასაწყობი პისტოლეტი ჟანის გადამღები მოწყობილობის სხვადასხვა ნივთს მივახრახნე, მისი საბუთებით აღვიჭურვე და მისსავე ნომერში გავათენე ღამე. დილით კი, ჟანის ტანსაცმელში გამოვეწყვე, სასტუმროს ნომერი დავტოვე და საკონფერენციო დარბაზში ნავთობმაგნატთა შეკრებაზე გავემართე საქმის შესასრულებლად. დარბაზში საგულდაგულო ჩხრეკის შემდეგ შემიშვეს და ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი კუთხისკენ გავემართე, რომელიც წითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული და მისი გადაკვეთა შესაბამის ნებართვამდე არ შეიძლებოდა. ასეთ ნებართვას კი, იმ შეკრების პრესმდივანი იძლეოდა. ის ჩვენთან მოვიდა და გვითხრა:
– ძვირფასო კოლეგებო, დღეს მხოლოდ ნახევარი საათით გეძლევათ აქ ყოფნის უფლება, შემდეგ სხდომა დაიხურება და აქაურობის დატოვება მოგიწევთ!
ცოტა ხანში სხდომათა დარბაზში ასამდე უმსხვილესი ნავთობმაგნატი შემოვიდა, რომლებიც, ამავდროულად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები იყვნენ. უმეტესი მათგანი აღმოსავლეთის ქვეყნიდან იყო წარმოშობით და შესაბამის, თეთრი ფერის ფართხუნა სამოსში იყვნენ გამოწყობილნი. ასეთი ტრადიციული სამოსი ეცვა ჩემს ობიექტსაც, რომელიც ისეთი გაფხორილი იყო, ინდაური გეგონებოდათ. მე გადამღები აპარატურა მოვამზადე, სინამდვილეში კი პისტოლეტი ავაწყვე, ვიდეოკამერაში ჩავამონტაჟე და პრესმდივნის ნებართვას დაველოდე, რომ კონფერენციის მონაწილეებთან ახლოს მივსულიყავი „ჟურნალისტური საქმიანობის“ შესასრულებლად. უცებ დაჟინებული მზერა ვიგრძენი, მარცხნივ გავიხედე და შუახნის მამაკაცს მოვკარი თვალი, რომელიც ნავთობმაგნატთა შორის იჯდა და ფართხუნა ტანსაცმელი ეცვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისიც ნავთობმაგნატი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. მან მას მერეც არ მომაშორა თვალი, როდესაც მწველი მზერა ვესროლე და, კარგად რომ დავაკვირდი, მასში საიდი შევიცანი...
„ღმერთო ჩემო! ეს ხომ ქართველი საბჭოთა მოკავშირე საიდია, რომელიც მონარქის მამის აპარტამენტებს მართავდა. მართალია, მაკიაჟი მაქვს, მაგრამ, როგორც ეტყობა, მიცნო“, – გავიფიქრე გუნებაში. ამ დროს ნავთობმაგნატებთან მიახლოების უფლება მოგვცეს და დავიძაბე. მკვლელობის იარაღი მოვამზადე და მაგნატებისკენ გავემართე სხვა ჟურნალისტებთან ერთად. ყველაფერი მზად იყო საქმის შესასრულებლად და, სანამ ობიექტს ტყვიას დავაჭედებდი, იატაკზე ოთხი ცალი ბურთულა გავაგორე, რომლებიც შტატივში მქონდა ჩამალული. ბურთულები ფეთქებადი იყო და ცრემლმდენ გაზს აფრქვევდა. ისინი ათი წამის შემდეგ იწყებდნენ მოქმედებას. როგორც კი ობიექტს ტყვია დავაჭედე შუბლში, სამივე ბურთულა აფეთქდა, დარბაზში აუარებელი კვამლი დადგა და, სანამ უშიშროების სამსახური ამოქმედდებოდა, არეულობით ვისარგებლე და გასასვლელისკენ გავიქეცი, თან ერთ-ერთი გერმანელი ჟურნალისტი გოგონა ავიტაცე ხელში, რომელსაც ნიკაპში მუშტი მივარტყი და გავთიშე.
– საით? – გზა გადამიღობა უზარმაზარმა მცველმა, რომელიც დარბაზის კარს გარედან იცავდა.
– ვერ ხედავ, კვდება?! – ვუღრიალე მცველს, – დარბაზში შეიხედე, რა ხდება!
მცველი დარბაზში შევარდა და ჩვენ თავი დაგვანება. მე კი ჟურნალისტი გოგონა კიბეებზე დავაწვინე, სასტუმრო სასწრაფოდ დავტოვე და კონსპირაციული ბინისკენ გავემართე, რომელიც წინასწარ მქონდა დაჯავშნილი საქმის შემკვეთისგან. ბინაში ფრთხილად შევედი, მაგრამ, მარცხენა ბეჭში ნემსის ჩხვლეტა ვიგრძენი და მაშინვე დავკარგე გონება... თვალი რომ გავახილე, რკინის ძელზე ვიყავი მიბმული, ჩემ წინ კი საიდი იდგა და მიღიმოდა.
– გამარჯობა, საბჭოელო, – მითხრა საიდმა არაბულად, მე კი მას ფრანგულად მივუგე:
– მესიე, მე თქვენი ენა არ მესმის.
– კეთილი, – ფრანგულზე გადავიდა საიდი, – მე ფრანგულიც კარგად ვიცი. როგორ ხარ, საბჭოელო?
– მე ჟანი მქვია, მესიე.
– ჟანს სასტუმროს ნომერში სძინავს, შენ კი საბჭოელი ხარ. ნუთუ არ გახსოვარ?
– რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მესიე?
– ბოდიშს გიხდით ასეთი დისკომფორტისთვის, მაგრამ, ჩემი ბიჭები გავაფრთხილე, რომ ძალიან საშიშ ადამიანთან ექნებოდათ საქმე. ამიტომ, მათ ჯერ დასაძინებელი სითხით გაჟღენთილი ისარი გესროლეს, შემდეგ კი, მეტი საიმედოობისთვის, მიგაბეს. მაგრამ, ნუ დარდობთ, მე თქვენი მტერი არ ვარ, უბრალოდ, თქვენთან შეხვედრა მინდოდა.
– რატომ, რით დავიმსახურე თქვენი ინტერესი?
საიდმა ხელბორკილები მომხსნა და მითხრა:
– ვიცი, რომ ასეთ საქმეში ასეთი საუბარი არ მოსულა, მაგრამ, ერთი უცნაურობა მახასიათებს: ჩემი ჯიშისა და ჯილაგის კაცს რომ ვხედავ, ნოსტალგია მეძალება და მასთან საუბარი მინდება. თქვენც სწორედ ამიტომ ხართ აქ და ცოტა ვილაპარაკოთ.
– რა გნებავთ?
– ნუთუ ვერაფერს ხვდებით?
– კონკრეტულად, რას უნდა მივხვდე?
– იმას, რომ ამ საქმის შემკვეთი მე ვარ და შემსრულებელი თქვენ რომ იყავით, მანამდე მივხვდი, სანამ ჩემს კოლეგას მოკლავდით. მე რომ ამ საქმეს ვუკვეთავდი, ჩემს თანაშემწეს ვუბრძანე, მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებელი მოეძებნა და, მოხარული ვარ, რომ ის თქვენ აღმოჩნდით.
– აქ კომპლიმენტის სათქმელად მომიყვანეთ?
– არა მხოლოდ ამისთვის...
– აბა, კიდევ რისთვის?
– დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხართ და, მინდა, მშობლიურ ენაზე დაგელაპარაკოთ, – უკვე ქართულად მითხრა საიდმა, მე კი მას ღიმილით მივუგე:
– მესიე, თქვენ ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობთ.
– გიმეორებთ, – ისევ ფრანგულზე გადავიდა საიდი, – მე თქვენი მტერი არ ვარ. პირიქით, არაფერს გერჩით. თქვენ პროფესიონალი ხართ და ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რომ ასეთი გამხელის შემდეგ, შემსრულებელს ან ნებისმიერ სხვა ადამიანს, ცოცხალს არ ტოვებენ. მე კი თქვენ არაფერს გერჩით, უბრალოდ, მინდა, ქართულად დაგელაპარაკოთ.
საიდის ასეთი დაუოკებელი სურვილი ძალიან უცნაურ ახირებად მეჩვენა და მივუგე:
– მესიე საიდ, მე ნამდვილად არ ვარ ქართველი და სიამოვნებით აგისრულებდით სურვილს, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული ენა არ ვიცი.
– კარგი, მჯერა. ისიც კარგია, რომ ჩვენ ძველ ნაცნობობას აღიარებთ.
– კი მაგრამ, რაში გჭირდებათ ეს?
– ჩემო საბჭოელო მეგობარო, ეს, ცოტა არ იყოს, ძნელად გასაგებია არაკავკასიელისთვის, ქართველი უნდა იყო, რომ ჩემს ისტორიას ბოლომდე ჩასწვდე. თუმცა, რადგან საბჭოელი ხართ, სხვებზე უკეთ ჩასწვდებით ამ ამბავს და, თავს თუ არ მოგაბეზრებთ, ყველაფერს მოგიყვებით.
– არა, რას ბრძანებთ, მომიყევით.
საიდმა თავისი ნამდვილი ვინაობა გამიმხილა და მითხრა:
– თბილისში, ვერაზე დავიბადე და გავიზარდე. ჩემი მშობლები ადრეულ ბავშვობაში ტრაგიკულად დაიღუპნენ ავტოავარიაში და ბებია მზრდიდა. მაგრამ, 15 წლის რომ ვიყავი, ისიც გარდაიცვალა და სულ მარტო დავრჩი. სახელმწიფომ მეურვე დამინიშნა და ყოველთვიურ პენსიას მიხდიდნენ. მე თავმომწონე, საკმაოდ კარგი ყმაწვილი ვიყავი და ერთი გოგონა შემიყვარდა, რომელიც მთელ თბილისს უყვარდა. ის გოგონა, რამდენადაც ლამაზი იყო, იმდენად ცუდი და სულდამპალი არსება აღმოჩნდა. თავის თაყვანისმცემლებს დასცინოდა, ერთმანეთთან აჩხუბებდა და ამით ტკბებოდა. მის გამო ერთი ჩემი მეგობარი ისე სასტიკად ვცემე, რომ ბიჭი ცალი თვალით დაბრმავდა. გოგონამ კი ამით იხალისა და, ვითომ არაფერი მომხდარაო, მითხრა – სად შენ, სად მე, შე უპატრონო, ტილიანო და უთვისტომოო.
გოგო იყო და ხელი ვერ დავარტყი. თუმცა მისმა სიტყვებმა სულით ხორცამდე შეურაცხმყო, თანაც, იმ დაბრმავებული ყმაწვილის გამო პრობლემები მქონდა და გადავწყვიტე, თბილისს გავცლოდი, დიდი კაცი გავმხდარიყავი, მერე მოულოდნელად დავბრუნებულიყავი ჩემს მშობლიურ ქალაქში და ყველასთვის მეჩვენებინა ჩემი გავლენა. ასეც მოვიქეცი. სკოლა მივატოვე. ჩემს დაბადების მოწმობას, „პრიპისნოის“ და მცირე ბარგს ხელი დავავლე და მოსკოვში მატარებლით გავემგზავრე. მაშინ 16 წლის ვიყავი და მას მერე საქართველოში ფეხი არ ჩამიდგამს. მოსკოვში მილიციამ დამაკავა და უპატრონო ბავშვთა მისაღებში ჩამაბარეს. მაგრამ, იქიდან „კაგებეს“ სკოლაში მოვხვდი, რომელიც წარჩინებით დავასრულე. შემდეგ აკადემიაც დავამთავრე და სამუშაოდ აღმოსავლეთში გამამწესეს. მას შემდეგ აქ ვარ, მთელი მსოფლიო მოვიარე, თბილისში და საერთოდ, საქართველოში ჩასვლას კი ვერ ვბედავ, თუმცა, ჩემი სამშობლო ძალიან მენატრება და, რას არ მივცემდი, რომ დრო უკან დაბრუნდეს.
საიდი მართლა ძალიან შემეცოდა, მაგრამ, პრინციპს ვერ ვუღალატე და ჩემი ეროვნება არ გავუმხილე და ვუთხარი:
– მისიე, საიდ, თქვენი სიმდიდრის პატრონს ოცნების ასრულება არ უნდა გაგიჭირდეთ. თუკი საქართვლეოში ვერ ჩადიხართ, პატარა საქართველო თქვენს ქვეყანაში შეგიძლიათ შექმნათ: როგორც ვიცი, უამრავი უმუშევარია შეგიძლიათ, თქვენი თანამემამულეები ჩამოიყვანოთ და დაასაქმოთ.
– გმადლობთ რჩევისთვის. ალბათ, ასეც ვიზამ, – მითხრა საიდმა და დაამატა: – იმ მკვლელობის გამო აქ ახლა დიდი არეულობაა და ყველგან გეძებენ. ამიტომ, ნება მიბოძეთ, დაგეხმაროთ და ჩემი პირადი თვითმფრინავით იმ ქვეყანაში ჩაგიყვანოთ, სადაც მეტყვით.
– მოსკოვში. ახლა მე იქ ვცხოვრობ, – ვუთხარი საიდს.
– პრობლემა არ არის, – მითხრა საიდმა. ჩვენ კიდევ ცოტა ხანს ვილაპარაკეთ. შემდეგ მან აეროდრომამდე გამაცილა და მხოლოდ მას შემდეგ წავიდა, როდესაც მისი ფეშენებელური თვითმფრინავი ზეცაში აიჭრა.
მრავალსაათიანი ფრენის შემდეგ მოსკოვში დავეშვით. მე პილოტს მადლობა გადავუხადე, გამოვემშვიდობე და წავედი. ერთი ღამე ჩემს მოსკოვურ ბინაში გავათენე, მეორე დილით კი თბილისში გადმოვფრინდი. საქართველოს დედაქალაქში რომ დავეშვით, ბარგი ავიღე და აეროპორტის შენობის გარეთ გამოვედი, რათა ტაქსი ამეყვანა. უცებ ერთი სათვალიანი მამაკაცი მომიახლოვდა, სპორტული ჩანთა მომცა და მითხრა:
– ეს თქვენთან გამომატანეს, ბატონო, გამომართვით.
სათვალიანმა ჩანთა შემომაჩეჩა, შემდეგ სწრაფად გამეცალა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მანქანა ტაქსი იყო და მე, ჩვეულებისამებრ, ნომერი და მანქანის მარკა დავიმახსოვრე. შემდეგ ტაქსიში ჩავჯექი და ქალაქისკენ გავემართე. თუმცა, სახლში არ მოვსულვარ, ქაშუეთის ეკლესიასთან ჩამოვედი, ალექსანდრეს ქვედა ბაღში დავეშვი, სკამზე მოვკალათდი და ჩანთა ძალიან ფრთხილად გავხსენი. შიგნით ოქროსფერ ქაღალდში გახვეული ყუთი იდო, რომელსაც საათების მწარმოებელი ცნობილი ფირმის ლოგო ეხატა. ყუთი გავხსენი და გავოგნდი – ჩანთაში ბაჯაღლო ოქროსგან ჩამოსხმული, უზარმაზარი მაგიდის საათი იდო, რომელიც უზარმაზარი ბრილიანტებითა და ლალებით იყო მორთული. ამ საათის ღირებულება რამდენიმე მილიონი ევროა და ამჟამად ყველაზე ძვირად ღირებული საათია ჩემს კოლექციაში. ყუთში, ოქროსფერ ქაღალდზე დაწერილი ბარათი აღმოვაჩინე, რომელშიც ეწერა: „მეგობარო! დაე, ამ მცირე ძღვენმა მოგაგონოს სამშობლოზე შეყვარებული, ნოსტალგიაშეყრილი ქართველი“.
საოცარი საქციელი იყო. საიდის კაცმა თუ კაცებმა თბილისამდე ისე მითვალთვალეს, რომ ვერ შევნიშნე და ყველაფერი ასეთი უძვირფასესი საჩუქრის გადმოცემით დასრულდა.
სხვათა შორის, საიდი დღემდე ცოცხალია, უზარმაზარ ნავთობიმპერიას მართავს და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. საინტერესო ისაა, რომ საიდი „კაგებეს“ თანამშრომელი იყო, უდიდესი სიმდიდრე საბჭოთა კავშირის შემდეგ დააგროვა და პოსტსაბჭოთა პერიოდში „კაგებეს” ყველა საკვანძო ფიგურა „ფეესბეს“ კონტროლქვეშ გადავიდა. ანუ, საიდი „ფეესბეს “კაცია და მის კაპიტალს გარკვეულწილად ეს უწყება აკონტროლებს. ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ „კაგებეს“ მემკვიდრე უწყებამ მოქმედების ტაქტიკა შეცვალა და, საჭიროების შემთხვევაში, გლობალურ პროცესებზე ზემოქმედების მოხდენა ოლიგარქების საშუალებით შეუძლია. მსგავსი მეთოდები „კაგებეშიც“ იყო დანერგილი და საბჭოთა უშიშროებასაც ჰყავდა პირადი ოლიგარქები. თუმცა, „ცივი ომის“ მსოფლიო სულ სხვა ყაიდაზე იყო მოწყობილი. წინა პლანზე მასობრივი განადგურების საშუალებები იყო და ოლიგარქები მსოფლიოს ბედს ვერ წყვეტდნენ... დღეს კი არც ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ გატარდება ცხოვრებაში, თუკი მას „მილიარდერთა კლუბი“ არ მოიწონებს, სადაც მსოფლიოს ფინანსური ელიტაა გაერთიანებული და, ამიტომაც, ის ზესახელმწიფოებრივი ორგანოა...
საიდის გარდა, ოლიგარქთან შეხება ჯერ კიდევ „კაგებეში“ მუშაობისას მქონდა. ერთ ზამთარს, როდესაც ოჯახთან ერთად ყაზახეთის მაღალმთიან კურორტზე ვისვენებდი, სადაც ცნობილი ყინულდრომი „მედეო“ მდებარეობს, მოსკოვში გამომიძახეს და შჩუკინმა მითხრა:
– შენზე კონტრასტული ცვლილებები როგორ მოქმედებს?
– პირდაპირი მნიშვნელობით მეკითხებით თუ გადატანითი? – მივუგე ვიქტორ იაკოვლევიჩს.
– პირდაპირი, ჩემო კოკი.
– ესე იგი, ზაფხულში მგზავნით? – ღიმილით ვკითხე გენერალს, მან კი ჭაღარათმიანი მამაკაცის სურათი მაჩვენა და მითხრა:
– ეს სუბიექტი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანია და იმდენი ფული აქვს, რომ ათი უზარმაზარი სასახლის ეზოში ათი ცალი საკუთარი ქანდაკება უდგას, რომლებიც მისი ზომის იდენტურია. ეს კაცი კი სიმაღლით ორი მეტრია, წონით კი 110 კილოგრამი და თითოეული ქანდაკება 300 კილოგრამს იწონის. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ თითოეული ქანდაკება ბაჯაღლო ოქროსგანაა ჩამოსხმული...
– ბაჯაღლო ოქროსგან? – გავოცდი მე.
– ჰო, ბაჯაღლოსგან, – დამიდასტურა შჩუკინმა, – შეიძლება, სამი ტონა ოქრო ბევრი არც კი იყოს და სხვას უფრო მეტი ჰქონდეს, მაგრამ, საქმე ისაა, რომ ის კაცი კაპიკსაც აღარ გვიხდის, და საერთოდ, ჩვენთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. არადა, ის ჩვენი კაცი იყო, ჩვენი მეშვეობით გახდა მილიარდერი, ახლა კი ცდილობს, ჩვენგან შორს დაიჭიროს თავი. ასეთ ხალხს კი რას ვუშვრებით, კოკი?
– თავს ვაჭრით, – მივუგე შჩუკინს.