ხაფანგში
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-19(593)
ცხოვრება ან ბედისწერა არაფერ შუაშია, ყველაზე დიდ და სერიოზულ პრობლემებს ჩვენ თვითონ ვუქმნით საკუთარ თავს. ადამიანს აქვს ნიჭი, მოიგონოს პრობლემა იქ, სადაც ის რეალურად არ არსებობს... რა ქნას, რაღაცით ხომ უნდა გაერთოს?!
***
მიხომ ნებივრად გაშალა ფეხები სავარძლის მთელ სიგრძეზე და გაიზმორა. სალომე უკმაყოფილოდ აიმრიზა. მიხომ ხმამაღლა გაიცინა:
– რა იყო, ნერვები გეშლება? აი, რას ნიშნავს ერთად რომ არ გავზრდილვართ. მაშინ, გეყვარებოდი.
– როგორ არა, ნამდვილად გავგიჟდებოდი, – დასცინა გოგომ და ხელიდან ტელევიზორის პულტი გამოჰგლიჯა.
– უკეთეს პასუხს არც ველოდი, ზუსტად შენს სტილში იყო. ისე კი, საერთოდ არ მაინტერესებს შენი აზრი. მართლა. ერთი განებივრებული, ჭირვეული და ტუტუცი გოგო ხარ. იმის მეათედსაც კი არ წარმოადგენ, რასაც საკუთარ თავზე ფიქრობ, – მიხო აშკარად დისთვის ნერვების მოსაშლელად იყო მომართული.
– იცოდე, ლელის ვეტყვი, ენას რომ არ აჩერებ! – დაემუქრა სალომე, – შენ თვითონ რაღას წარმოადგენ, ჩემზე რომ ლაპარაკობ. არ გრცხვენია მაინც? უსაქმური და მატყუარა ხარ. ყველა უბედურებასთან ერთად კი – მექალთანე და გარყვნილი. ცოლს როგორ ექცევი?
– უჰ! დიდი ხანია, ჩემი ცოლი შეგიყვარდა და მისთვის გული შეგტკივა? ნუ მაცინებ. შენ არ იყავი, მისი გაცნობა რომ არ გინდოდა?
– ეგ არაფერ შუაშია. მე შენს საქციელზე ვლაპარაკობ, იმის სიკარგე სიცუდეზე კი არა.
– როგორ არ არის შუაში. ვითომ, ქალური სოლიდარობაა შენი გულმოწყალების თავი და თავი? მეეჭვება. თუ რამე გეხერხება, სხვისი დაცინვაა. აი, ამაში კი მე მგავხარ.
– კარგია, თვითკრიტიკა მომწონს, მაგრამ, შენ რომ გგავდე, თავს მოვიკლავდი – სრული იდიოტი ხარ.
– სრული არა, სრულყოფილი, – დიდსულოვნად შეუსწორა მიხომ და ორი თითით ყელი გამოწია, – შენს გაზრდას, ჩაირბინე მაღაზიაში და ცივი ლუდი ამომიტანე. ფულს ლელი მოგცემს.
სალომეს თითქოს არც გაუგონია ნათქვამი.
– გოგო! შენ გელაპარაკები, ლუდი მინდა!
– მე „კაპუჩინო“ მინდა, მომიტან?
– ნუ ხარ ზარმაცი. ლელის გამოართვი ფული და ჩაირბინე. მერე მაგარ რაღაცას მოგიყვები იმაზე, ჩვენ რომ ვიცით.
სალომემ უნდობლად შეხედა:
– მატყუებ.
– მე? აბა, რას ამბობ, რატომ უნდა მოგატყუო?
– იმიტომ, რომ ბოროტი ხარ. ბოროტს ვინ ჩივის, ცინიკოსი და ბოღმით სავსე.
– ნუ ილანძღები... ეჰ, ვიფიქრე, სალომეს მაგარ საინტერესო რაღაცას მოვუყვები-მეთქი. თან სულ შემთხვევით გავიგე... – მიხომ ხელი ჩაიქნია, – ჯანდაბას ლუდი! თუ არ გინდა, ნუ გინდა...
– ჰო, კარგი, – მოლბა სალომე, – გამოვართმევ ლელის ფულს და ჩავალ, მაგრამ, არ გაბედო ჩემი მოტყუება, თორემ, პირობას გაძლევ, ლუდს აღარასოდეს გაეკარები...
სალომე დედასთან შევიდა. ლელი ყურმილზე ნომერს კრეფდა და შვილისთვის ყურადღება არ მიუქცევია. სალომე მივიდა და წინ დაუდგა... მერე ფეხები დააბაკუნა.
– რა გინდა? – ჰკითხა ქალმა ისე, რომ თავი არ აუწევია.
– ფული.
– ფული? რისთვის და რამდენი? – მექანიკურად მიუგო ლელიმ და ერთბაშად გამოერკვა, – რა დროს ფულია ამ შუაღამისას, რა უნდა იყიდო? თან, ახლა არ მცალია, ჩემს პატივცემულ ქმართან ვცდილობ დაკავშირებას და ხელს ნუ მიშლი.
– აუ, ნუ მოყევი მთელი ისტორია, ლუდზე მგზავნის მიხო, რა... თუ გინდა, პურსაც ამოვიტან.
– გოგო, შენ რა გჭირს დღეს? კარგად ხარ? – გაოცება ვერ დამალა ლელიმ.
– მიხომ რაღაც იცის და დამპირდა, გეტყვიო.
– რა უნდა იცოდეს მაგ უბედურმა, ნეტავი შემეძლოს და ხალხის არ მრცხვენოდეს, რომ ქუჩაში გავუძახო.
– ნეტავი შენ... ხალხის რა საქმეა?! – მხრები აიჩეჩა ტუჩებგაბუსხულმა სალომემ, – გაუძახე, რა! მაგას რა გაუძლებს?! ქეთი და გიო არ გვეყოფა, რომ მაგასაც იმატებ თავის ტკივილად...
– არ გამოვა. ვერ გავაგდებ, შვილია მაინც... – მოიღუშა ლელი, – და, მორჩეს ამაზე ლაპარაკი! ვერაფერს შევცვლი, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
– მაშინ, მომეცი ფული და ჩავალ ლუდზე, ერთი სული მაქვს, სანამ გავიგებ, რა იცის ამისთანა...
***
სახლში საკმაოდ გვიან დაბრუნებულ ქეთის თავის ოთახში გიო დახვდა ახალი ამბით.
– მიხო მობრძანდა... – ჩურჩულით ამცნო დას. ქეთის შეეტყო, რომ არ ესიამოვნა ძმის ნათქვამი.
– ფული ენდომება და იჩხუბებენ... ლელი თავს გაიგიჟებს, მერე კი მაინც მისცემს ფულს და ისიც წავა. ნაცნობი სიტუაციაა, – ამოიოხრა გოგომ.
გიომ თავი გააქნია:
– ამჯერად უფრო სერიოზულად გვაქვს საქმე – დასარჩენად მობრძანდა.
– რაო?! – ქეთი შეწუხებული ჩამოჯდა საწოლის კიდეზე, – ვინ გითხრა?
– გავიგონე, ლელის რომ ელაპარაკებოდა. ცოლთან უჩხუბია. აუ, ეს რა არის? – გიომ ქეთის ხელჩანთიდან ამოჩრილ მობილურის ყუთს წაატანა ხელი, – ტელეფონი იყიდე? მაგარია... ვნახავ, რა!
– ნახე. არ მიყიდია, სამსახურში მომცეს. ისე შემრცხვა...
– შეგრცხვა? რატომ? – გაუკვირდა გიოს და ყუთი გახსნა, – ბოლო მოდელი არ არის, მაგრამ, ესეც წავა... ისე, ბარემ კარგი ეყიდათ, თუ ყიდულობდნენ.
– რას ამბობ, ჯერ მაგაზეც ლამის მოვკვდი. არ მინდოდა აღება, – წამოსცდა ქეთის და გაწითლდა.
– რადგან მოგცეს, ესე იგი, აუცილებელი იყო, ამიტომ მაგაზე აღარ იფიქრო. ნომერი უკვე აიღე?
– ნომერიც მომცეს... აუჰ, მიხოღა გვაკლდა! რა გაუძლებს მაგის შხამიან რეპლიკებს და იდიოტურ ხუმრობებს. კიდევ კარგი, სახლში აღარ ვზივარ და სამსახური მაქვს. იმედია, მალე შეურიგდება თავის ცოლს.
– რას გაიგებ?! – მხრები აიჩეჩა გიომ, თან მობილურს ჩაჰკირკიტებდა, – შეიძლება, არც შეურიგდეს.
– რას ამბობ, გავგიჟდები! – შეიცხადა ქეთიმ, – სულ უფრო ხშირად ვფიქრობ აქედან წასვლაზე და ბინის დაქირავებაზე, მაგრამ, ჩემი ხელფასით თავს ჯერ ვერ შევინახავთ.
– ჰო, ფული არ გვეყოფა. მამა ჩვენ რომ გვიგზავნიდეს ფულს კიდევ ჰო... მაგრამ, ეგ გამორიცხულია. იმას ჩვენ არ ვახსოვართ. შვილადაც მარტო სალომე მიაჩნია.
– რა გითხრა... შეიძლება, ეშინია, რომ ლელი რამეს დაგვიშავებს, თუ ფულს მას არ გამოუგზავნის. ხომ ხედავ, როცა რეკავს, ტელეფონთანაც არ გვიშვებს... არა უშავს, ბევრს ვიმუშავებ, ხელფასს მომიმატებენ და ქირისთვის საჭირო თანხასაც მოვაგროვებ.
– არ გშია? – გიომ სიყვარულით შეხედა დას, – ზოგჯერ ვფიქრობ, რა მეშველებოდა, შენ რომ არ მყავდე.
– ნუ სულელობ, რატომ არ უნდა გყავდე?! – თმა მოუჩეჩა გიოს ქეთიმ და თვალი ჩაუკრა.
– ისე, ერთი მხრივ, კარგია, მიხო რომ მოვიდა აქ. ლელი ჩემთვის ვეღარ მოიცლის და „გამოვძვრები“ როგორმე. თორემ, ვატყობ, ჩემს ოთახში ვიღაცას სერიოზული ჩხრეკა ჩაუტარებია.
– ვის? ნუთუ ლელი და სალომე ისე გათავხედდნენ, რომ უკვე ჩვენს ნივთებში იქექებიან?
– მაგათგან არაფერი მიკვირს, – ამოიოხრა ქეთიმ, – როგორ არ მინდა ამ ოთახიდან გასვლა...
– გინდა, ჩემი ოთახიდან ტელევიზორს გამოვიტან, სამზარეულოში რამე სასუსნავსაც მოვძებნი და მეც შენთან დავრჩები. მაშინ, ოთახიდან გასვლა არ მოგიწევს.
– მინდა, მაგრამ, არ გამოვა. ჯერ ერთი, აქ ვერ გამოვიკეტებით. მეორეც, სამზარეულოში სასუსნავს ვერ იპოვი, იმიტომ რომ მე არაფერი მომიტანია. საერთოდ, რა ჭამეს ნეტავი?!
– ეგ ძალიან გადარდებს? ნუ შეჭამენ ნურაფერს, – გაიცინა გიომ.
– ეჰ, ლელი ასე ადვილად არ შეგვეშვება, – ქეთიმ სავარძელზე უწესრიგოდ დაყრილ ტანსაცმელს დახედა, – აი, მათი საქციელის ნათელი მაგალითი – არც კი უცდიათ, უკანვე შეელაგებინათ...
***
მიხომ ბოთლს თავსახური მოხსნა, მოიყუდა და აღარც მოუცილებია პირიდან, სანამ შუამდე არ ჩაიყვანა. მერე მოურიდებლად დააბოყინა.
– ვირი ხარ, რა! – აფეთქდა სალომე, – გაუთლელი ხეპრე! კიდევ კარგად გაგიძლო შენმა ცოლმა – უკვე მერამდენედ გეუბნები ამას.
– შენც, რას ლაქლაქებ, ენა არ გეღლება მაინც? დაასვენე, რა!..
– დეგენერატო... გელოდები!
მიხომ ყასიდად გაიოცა:
– მელოდები? მე? ვერ გავიგე...
– მიხო, ისტერიკა არ აგცდება, – დაემუქრა სალომე და თვალები დაუბრიალა.
– ჰო, კარგი, ნუ გადაირევი. გეტყვი. ისე ჩიპსი მაინც ხომ მეკუთვნოდა... ისეთი მაგარი ამბავი მაქვს...
– ჩიპსი კი არა, მაგ ბოთლსაც წაგართმევ, თუ სათქმელს არ ამოღერღავ... გამიწყდა მოთმინების ძაფი!
– გავიგე შენი დის შეფი ვინ არის... – ნელა წარმოთქვა მიხომ და მძაფრი რეაქციის სანახავად მოემზადა. მაგრამ სალომემ მხოლოდ იმედგაცრუებულმა დააღო პირი:
– ეე, მომატყუე, ხომ? ასეც ვიცოდი. ძვირად დაგისვამ. ნახავ თუ არა..
– ეტყობა, ვერ გაიგე, რა გითხარი.
– ძალიან კარგად გავიგე. რაში მაინტერესებს მაგისი შეფის ვინაობა. ვინმე გოიმი იქნება, რადგან ეგ საფრთხობელა თავისთან აიყვანა.
მიხომ მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა:
– აი, მანდ კი ცდები, ჩემო საყვარელო დაიკო. შენი სუბიექტური აზრი რეალობის აღქმის საშუალებას არ გაძლევს. ბომონდური ჭორებით ხომ ხარ დაინტერესებული?
– ეგ რა შუაშია ან ქეთისთან, ან მის შეფთან? მაბოლებ?
– ნუ ვარდები და ბოლომდე მათქმევინე. იმ საღამოს... – მიხომ ბოთლი მოიყუდა და სალომესთვის რამდენიმე მტანჯველი წუთი უსასრულოდ გაიწელა, ვიდრე მისი ძმა ლაპარაკს ისევ გააგრძელებდა... – ჰო, რას ვამბობდი?
– იმ საღამოსო... – მოუთმენლად შეახსენა გოგომ.
– საღამოს კი არა, დილით... მანქანაში დავინახე-მეთქი, რომ გითხარი... სულ ვფიქრობდი, რატომ მეცნობოდა საჭესთან მჯდომი ტიპის სახე და მერე ეს რომ ვნახე, მივხვდი... – მიხომ საიდანღაც ორად გაკეცილი ჟურნალი გამოაძვრინა და სალომეს ცხვირწინ აუფრიალა...
– რა არის ეგ, მაჩვენე!
მიხომ ცოტა ხანს კიდევ ატრიალა ხელში ჟურნალი და მერე გადაუგდო, – ყდას დააკვირდი, ყდას!
– დავაკვირდი. მერე?
– იცნობ, ვინც არის?
– მგონი... აქ წერია კიდეც – დიმიტრი ასათიანი. წამიკითხავს მის შესახებ.
– მერე?
– რა, მერე?
– ანუ, არ გაინტერესებს ეგ პიროვნება...
– რატომ უნდა მაინტერესებდეს მამაკაცი, თუნდაც მდიდარი და პოპულარული, თუკი მისი გაცნობის შანსი არასოდეს მომეცემა და, მით უმეტეს, ვერც კი ვიოცნებებ დაახლოებაზე?
– აი, შენს დაიკოს კი არც უოცნებია, ისე გამოუვიდა ეგ ამბავი.
– რა? რას გულისხმობ?
– ქეთი მაგ ასათიანის ფირმაში მუშაობს და, სავარაუდოდ, მანქანითაც მაგან მიიყვანა იმ დილით, მე რომ ვნახე.
სალომე გაშრა. ახალი ამბავი ისეთი შოკის მომგვრელი იყო, რომ რამდენიმე წუთი მეტყველების უნარიც დაეკარგა.
– ხომ მაგარი ინფორმატორი ვარ?
– დარწმუნებული ხარ იმაში, რაც მითხარი?
მიხომ მხრები აიჩეჩა:
– არ ვიცი... თუ ინფორმაციის გადამოწმება გინდა, ქეთის ჰკითხე. მაგაზე სარწმუნო წყარო რაღა იქნება?!
– მოიცა, შენ ფიქრობ, რომ ქეთის იმ მილიონერთან აქვს ურთიერთობა?
– ვფიქრობ? გოგო, შენ არ მისმენ თუ ვერ იგებ? ვნახე-მეთქი მის მანქანაში!
სალომემ შუბლი შეიკრა:
– ვერ ვიჯერებ. წარმოუდგენელია! რანაირად? როგორ უნდა დაეინტერესებინა ამ ჯოჯოს დიმიტრი ასათიანი, რომელზეც მთელი თბილისის ქალები ოხრავენ? შენ რაღაც გეშლება.
– აუუ... გეუბნები, არ მეშლება-მეთქი და, რაც გინდა, ის იფიქრე.
– უყურე ამ ჩუმჩუმელას. ნუთუ, ის ყველაფერი იმან უყიდა? – სალომე წამოჭარხლდა.
– რა ყველაფერი? – დაინტერესდა მიხო.
– შენი საქმე არ არის. აუუ, ახლა ვეტყვი ლელის და ჯოჯოხეთს მოვუწყობ მაგ საზიზღარს!
მიხომ თავი გააქნია და სახელოში სწვდა გასაქცევად მომზადებულ გოგოს:
– მოიცადე, სად გარბიხარ?!
– შენ რა გინდა? ხელი გამიშვი! – შეუღრინა სალომემ, – ლელის უნდა ვუთხრა ყველაფერი.
– სისულელე არ ჩაიდინო. ლელის თუ ეტყვი, ეგრევე გაბაზრდება ყველაფერი.
– მერე გაბაზრდეს, არ მკიდია?! სულერთია, ამ ამბავს ასე ვერ დავტოვებ.
– ვინ გეუბნება, დატოვეო, მაგრამ, არ გინდა, ბოლომდე გამოვქექოთ? დამიჯერე, ლელის არაფერი უთხრა, მე და შენ ვეყოფით. დაგეხმარები და, თუ ქეთის გამწარება გინდა, ისეთ გეგმას მოვიფიქრებ, კმაყოფილი დარჩები.
სალომემ თვალები მოჭუტა:
– ისე, მართალი ხარ, ხომ იცი?!
– რა თქმა უნდა, მართალი ვარ, – შეიფერა მიხომ.
– ჰო, აბა რა... ბოროტებების ჩადენაში შენსავით გამოცდილი ნამდვილად ვერ ვიქნები – ასაკი არ მიწყობს ხელს.
– სამაგიეროდ, გენეტიკა გაქვს შეუდარებელი, – ვალში არ დარჩა მიხო და თვალი ჩაუკრა, ხომ მეკუთვნის ჩიპსი?
– მარტო იდეისთვის? ჯერ არაფერი გაგიკეთებია.
– გოგო, მთელ მსოფლიოში იდეას აქვს ფასი. ეე... არ მაფასებ, რა!
– მომეშვი, შენი ჩიპსებისთვის არ მცალია! ლელი მაინც გატისკავს ქეთის. ვერ მოისვენებს, სანამ არ გამოტეხავს, ვინ მისცა ფული ახალი ტანსაცმლის შესაძენად.
– მერე, ქეთიც ისეთი შტერია, რომ ეგრევე „დაუფქვავს“ ყველაფერს?
– მე რა ვიცი?! აქამდე შტერი მეგონა. იმის მერე კი, რაც მოყევი, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო.
– მომენდე და ერთად გავხსნით მაგ საქმეს. დამიჯერე, ლელის რისხვა შეარბილე და შეეცადე, ქეთის კეთილგანწყობა მოიპოვო. ამ ეტაპზე ასე აჯობებს.
– არ გამოვა ეგ ამბავი, ვერ მიტანს.
– დარწმუნებული ვარ, ეგრე იქნება.
– რატომ? იმიტომ, რომ ბოღმა და ბრჭყალებიანი „სტერვა“ ვარ?
– ჰა, ჰა, ჰა, რა მაგარი თვითკრიტიკა იყო... პრინციპში, არც უმაგისობაა, მაგრამ, შეეცადე, ლელის არ აჰყვე და ქეთის გამოესარჩლე.
სალომემ ამოიოხრა:
– ესე იგი, ლელის უნდა დავუპირისპირდე... აუ, მგლის ხახაში მაგდებ, რა!
– თავს ნუ შემაცოდებ, გიცნობ, რაც ხარ. ლელის არაფრით ჩამორჩები.
– აუტანელი ხარ!
– არ გეკამათები, მაგრამ, ახლა უნდა დავზავდეთ. შენ მე გჭირდები.
სალომემ ისევ ამოიოხრა:
– ჯანდაბა! ინტერესით და ბოღმით ვკვდები... გავაფრენ, თუ მართლა ხდება მათ შორის რამე. ვერ გადავიტან! ვაიმე, გამისკდება გული!
– მოიცა, რა! შენ ისევ გჯერა ზღაპრების? შენი და კონკია არ არის, რომ უფლისწულზე გათხოვდეს. მოიხსენი ვარდისფერი სათვალე და რეალურად შეხედე ცხოვრებას!
– მე ვარდისფერი სათვალე არც არასოდეს მკეთებია. ამიტომაც არ მჯერა და სანამ სიმართლეს არ გავარკვევ, ვერ მოვისვენებ. მაგრამ, შენ რა ინტერესი გაქვს, ეს ვერ გავიგე.
– რაღაც მაქვს, – თითები გაატკაცუნა და გაიცინა მიხომ, – ყველა კარტს ხომ არ გაგიხსნი?
– დებილო! – მხარზე დაარტყა სალომემ და ოთახიდან გავიდა.
***
ქეთის მოლოდინი უფრო აწვალებდა და ნატრობდა, დროზე დასტყდომოდა თავს დედინაცვლის რისხვა. მაინც მისი გადასატანი იყო და, ერჩივნა, დროზე გადაეგორებინა ლოდი, გულზე რომ ედო. გიოც არ სცილდებოდა გვერდიდან:
– ნუ ნერვიულობ. აქ ვარ და ერთ სიტყვასაც არ შევარჩენ, დედას გეფიცები...
– ნუ იქადნები, ძალიან გთხოვ. არ მინდა, იჩხუბოთ, როგორმე თავად გავუმკლავდები.
– როგორ არა, გაუმკლავდები... ცოტაღა გაკლია და აბღავლდები.
– არ ვიტირებ, ნუ გეშინია. არაფერი არ იქნება, მაგრად დავდგები.
– მეეჭვება. თუ მართლა არ გაქვს პრობლემა, მაშინ, გავიდეთ სამზარეულოში და ვივახშმოთ.
– კარგი. წამოვალ, – ყოყმანის მერე თქვა ქეთიმ, – მაგრამ, ის მიხოც რომ იქ იყოს? ვერ ვიტან...
– არა, მგონი, კაბინეტშია წამოწოლილი და ლუდს სვამს. გავიგონე, სალომე ლუდზე რომ გაგზავნა.
– ლუდი მაგას და ჯანდაბა! რისთვის მოეთრა? აქ რომ დარჩეს სულ, მართლა გასაქცევად გვექნება საქმე.
– ნუ ფიქრობ მაგაზე. ეგ მიხო საერთოდ არაფერს წარმოადგენს ამ სახლში. არც ლელის და სალომეს ეხატებათ გულზე, ამიტომ, დიდხანს ვერ გაქაჩავს. არ ინერვიულო.
ქეთიმ მობილური აიღო და დახედა.
– რად მინდა მობილური ტელეფონი, თუკი დასარეკი და დამრეკავი არ მეყოლება?
გიომ გაოცებით შეხედა.
– რას გულისხმობ?
– არაფერს... არაფერს... – ნაძალადევად გაიღიმა ქეთიმ...
***
ასათიანი ჩვეულებრივზე დიდხანს შემორჩა კაბინეტში. ტელევიზორის ეკრანს მიშტერებული, ხელში გადამრთველს ატრიალებდა და ყურადღების კონცენტრირებას ცდილობდა, მაგრამ, ვერა და ვერ მოუყარა ფიქრებს თავი... მობილური ტელეფონი წინ ედო, თუმცა მისკენ ხელი არ გაუწვდენია და ნომრის აკრეფა არ უცდია. სურვილი ჰქონდა, მაგრამ, ასევე, ჰქონდა შინაგანი წინააღმდეგობაც, რომლის გადალახვა უხერხულობას უქმნიდა. არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო... ნელა ადგა, კაბინეტიდან გამოვიდა და ოფისში სეირნობას მოჰყვა ანგარიშმიუცემლად. მექანიკურად გადადიოდა ოთახიდან ოთახში... მთელი ორი სართული ისე მოიარა, იქ დასადგურებულმა სიჩუმემ ყურები ატკინა... ერთბაშად საკუთარ თავზე გაბრაზდა, აქ რას დავბოდიალობო. ლიფტით ქვემოთ ჩავიდა... გაურკვეველი ხმაური მაშინვე მოესმა, თუმცა ერთბაშად ვერ მიხვდა, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მინის კედლისკენ და გაოგნებული გაჩერდა... ერთმანეთის ალერსით გართულ წყვილს კარგა ხანს არ შეუნიშნავთ ფაქტობრივად თავზე წამომდგარი ასათიანი... პირველმა მარიკომ დაინახა, წამოიკივლა, წამოხტა და პერანგის ღილებს დაუწყო წვალება შესაკრავად. აკანკალებული თითები არ ემორჩილებოდა. თავის აწევა და მისი ამჩატების უნებლიე მოწმისთვის სახეში შეხედვა არ უნდოდა... ასათიანმა ვახოს მიაპყრო განგმირავი მზერა.
– ჩემთან, კაბინეტში ამოდი, სასწრაფოდ...
კაცები რომ გავიდნენ, მარიკომ ჩანთაში სიგარეტი მოძებნა, შეიგინა და იატაკზე დამჯდარმა გააბოლა... წარმოდგენა არ ჰქონდა, რას მოიმოქმედებდა ამ ყველაფრის შემსწრე ასათიანი...
– დიმიტრი, – დაიწყო კაბინეტში ასათიანის ფეხდაფეხ შესულმა ვახომ, – მომისმინე...
– არა, შენ მომისმინე! მანდ დაეგდე და ისე მომისმინე! – მაგიდის ზედაპირს გაშლილი ხელი დაარტყა ასათიანმა, – არ დაგიწყებ იმაზე ლაპარაკს, რომ შენი ამ საქციელით მარტო მე არ მომაყენე შეურაცხყოფა... იდიოტი რომ იყავი, ვიცოდი, მაგრამ უტიფარიც და თავხედიც ყოფილხარ, თანაც – გარყვნილი.
– აბა, აბა, დაატორმუზე! გარყვნილი რატომ ვარ, რა ჩავიდინე ასეთი? კაი, ჰო... ვკოცნიდი, სულ ეს არის... რა მოხდა ამისთანა?
– ბიჭო, შენ გიჟი ხარ თუ მე მაბოლებ? რომ არ შემომესწრო, იმ უარესსაც ჩაიდენდი, დეგენერატო, აქ, ჩემს ოფისში... აშკარად არა ხარ ნორმალური! ხომ გაგაფრთხილე, ხომ გეუბნებოდი... ვერ წარმომიდგენია, მთელი ჭკუა გენიტალიებში როგორ უნდა გქონდეს კონცენტრირებული!
– აი, ახლა ქალივით ლაპარაკობ, რა! არ გიცნობდე მაინც. მომენტი ჩავარდა და ეგ იყო, წინასწარ არაფერი დამიგეგმავს, გეფიცები...
– ვის მეფიცები? შვილებს თუ ცისიას? – ასათიანმა ხელი მომუშტა, – რა სიამოვნებით დაგიმტვრევდი ყბებს, მაგრამ, ხელის გასვრად არ ღირხარ.
– თუ, ჩხუბი შენს პრინციპებს ეწინააღმდეგება?!
– კიდევაც იცინი? ენა ჩაიგდე მაინც, ჩემს მოთმინებას ნუ სცდი, თორემ, თუ გავგიჟდი...
– ერთხელ მაინც გნახავ გაგიჟებულს... – ტონი არ შეცვალა ვახომ.
ასათიანი აენთო.
– იცი, შენ რისი ღირსი ხარ? ახლავე უნდა გიშვებდე ფირმიდან და შენს მეგობრობაზეც უარს ვამბობდე!
– ასეთი სისულელის გამო მომიძულებ? არ მჯერა, თანაც, მე შენ გჭირდები.
– გეუბნები, იდიოტი ხარ-მეთქი. რა უნდა გელაპარაკო... წაეთრიე და თვალით არ დამენახო!
– მოიცა, რა, ნუ გიჟდები. კონიაკი დავლიოთ, დავმშვიდდეთ და ისე დავილაპარაკოთ. იმედი მაქვს, ჯოხს ქალზე არ გადატეხავ და მარიკოს სამსახურიდან არ გააგდებ. შენი მხრიდან ეს სულმდაბლობა იქნება.
– ხმა ჩაიგდე... სულმდაბლობას განახვებ მე შენ... როგორ გაბედე! შეეშვი-მეთქი მაგ ქალს, ხომ გითხარი! ვერ ვიტან ჩემს სამსახურში ასეთ რამეებს. რატომ არ დაფიქრდი, ამას რა მოჰყვებოდა?
– არაფერიც არ მოჰყვება, იმიტომ, რომ არაფერი მომხდარა...
ასათიანი გაშრა. ვახომ უცერემონიოდ შეავსო ჭიქები კონიაკით და ასათიანს შემრიგებლურად გაუღიმა.
– კარგი, რა... ცოტა გავეფლირტავე... რელაქსაციისთვის... მოდი, ცოტა ხნით ჩავალ, დავამშვიდებ...
ასათიანმა ვერ მოითმინა, კონიაკიან ჭიქას ხელი სტაცა და მეგობარს სახეში შეასხა. ვახო ამას არ ელოდა. ჯერ დასველებულ პერანგზე დაიხედა, მერე ასათიანს შეხედა გაოცებულმა:
– რა გააკეთე, ტო?! ეს შენ ხარ? რა დღეში გაქვს ნერვები? ეს ყველაფერი იმ გოგოს გამო ხდება? დიმა, არ გინდა, ამაზე ვილაპარაკოთ?
ასათიანმა ფერი დაკარგა:
– შენს თავხედობას საზღვარი არა აქვს... წადი, თორემ, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.
– მე კი წავალ, მაგრამ იცოდე, რომ ნებისმიერ საქმეში შენთან ვარ და არც ჩემზე ერთგული გეყოლება ვინმე.
– ჰო, როგორ არა. შენნაირი ერთგული მეგობარი, მინიმუმ, სამი მაინც უნდა ჰყავდეს კაცს. დებილი რომ ხარ, ამ სიტყვებიდანაც გეტყობა. იქნებ, გგონია, ეს ამბავი ასე დამთავრდება? ხვალ ყველა ამაზე ილაპარაკებს, ცისიას ყურამდეც მივა და აქ, ჩემს ოფისში, სკანდალს მოაწყობს. მინდა მე სკანდალი? ის მადარდებს, ჩემს რეპუტაციას რა მოუვა, თორემ შენი რეპუტაცია ფეხებზე მკიდია.
ვახოს აშკარად წაუხდა ხალისი.
– ცისიამ არ უნდა გაიგოს.
– მართლა? – დასცინა ასათიანმა, – გაიგებს, ამის გარანტიას მე გაძლევ.
– არ მითხრა, რომ შენ ეტყვი. ამას არ გამიკეთებ...
– მე კი არ ვეტყვი, კრეტინო, თვითონ გაიგებს.
– რანაირად? ჩვენ სამის გარდა არავინ იცის. მარიკო კი საკუთარი თავის მტერი არ არის.
– მე ჭორიკანა არ ვარ. მაგრამ, ეს არ გიშველის...
– აუ, ისეთიც არაფერი მიქნია, ოჯახი რომ დამენგრას. მაპატიე, რა... შენ არ მოგსვლია შეცდომა?
ასათიანმა თავი გადააქნია:
– შეცდომაც არის და შეცდომაც. ვახო, ხომ გაგაფრთხილე...
– კარგი, დებილი ვარ და, მით უმეტეს, უნდა მაპატიო.
– ჩემი პატიება რას გიშველის?
– მაშინ, დამსაჯე, ოღონდ ცისიას ყურამდე არ მიიტანო, რა.. არც მარიკო გააგდო სამსახურიდან, გემუდარები...
ასათიანმა ამოიოხრა:
– შენზეა ნათქვამი „სტაბილურად მძიმე“... სტაბილურად იდიოტი ხდები, როცა საქმე ქალებს ეხება. უნდა მცოდნოდა, რომ არ გაჩერდებოდი და უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი.
მაგიდაზე უყურადღებოდ მიტოვებულმა ტელეფონმა იქაურობა აიკლო რეკვით. ვახომ საცოდავი კაცის გამომეტყველებით შეხედა მეგობარს:
– აუ, ეს ცისიაა... გეხვეწები, უპასუხე, რა... ძალიან გთხოვ... მართლა სულელი ვარ.
– რა უნდა ვუპასუხო, ხომ არ გაგიჟდი? აიღე და უპასუხე!
– გეხვეწები... შენ რომ ეტყვი, ჩემთან არის და იმიტომ დააგვიანაო, ეჭვი აღარ გაუჩნდება.
– მართლა? ამაზე ადრე არ იფიქრე? მანამდე არ გადარდებდა ცისიას ეჭვების ამბავი, სანამ მე არ წამოგადექი თავზე? საინტერესოა, ასე რომ არ მომხდარიყო, რა უნდა გეთქვა ცისიასთვის, რა ტყუილი გქონდა მოფიქრებული.
– არაფერი არ მქონდა მოფიქრებული, როგორ დაგარწმუნო?! აუ, ისევ რეკავს... უპასუხე, რა!
– არა! – ჯიუტად გააქნია თავი ასათიანმა, – შენ ხარ წუმპეში, თანაც ყურებამდე და შენვე გამოძვერი ამ სიტუაციიდან.
ვახომ ტელეფონი აიღო და დიმას სიკვდილმისჯილის თვალებით შეხედა.
– ჰო, საყვარელო, მე ვარ... სად უნდა ვიყო, დიმასთან ვარ, ოფისში... როგორ არ მესმოდა, მაგრამ, ვერ გიპასუხე, იმიტომ რომ რაღაცას ვაკეთებდი... ცის, კარგი რა, ძალიან გთხოვ... რატომ იცი ასეთი ლაპარაკი... არ გატყუებ... გინდა, დიმა დაგალაპარაკო? აი, შენ თვითონ დარწმუნდი... – ვახომ მობილური დიმიტრის გაუწოდა და ყელი ორი თითით გამოსწია, აქაოდა, უარი არ მითხრა, თორემ, დავიღუპებიო.
ასათიანმა წარბშეკვრით შეხედა, მაგრამ ტელეფონი მაინც გამოართვა:
– ცისია, დიმა ვარ. ჰო, ჩემთან არის შენი ჩერჩეტი ქმარი. ნუ გეშინია, ვრჩებით უკვე და ახლავე გამოვაგდებ პირდაპირ სახლში... რა თქმა უნდა... კარგი, როგორმე მოვიცლი და გამოვალ, ბავშვები მართლა მომენატრა... ნუ ნერვიულობ ხოლმე, ვახო ამად არ ღირს.
– რა იყო, ახლა, ეგ რომ არ გეთქვა, არ შეიძლებოდა?! – გაბრაზდა ვახო, ტელეფონი რომ გათიშა.
– ეს რომ კიდევ ხმას იღებს, უყურე ამას?! – ჩაეცინა დიმას, – მოსაკლავი ხარ, შე უმადურო. იცოდე, აღარ ვაპირებ, შენს უზნეობაზე თვალი დავხუჭო და ხელი დაგაფარო. ახლა კი, წაეთრიე...
– მაგდებ?
– ღირსი ხარ, მაგრამ, შანსს მოგცემ...
– მოკლედ, ეჭვიანი ცოლივით ხარ, რა... – ვახომ გაღიმება სცადა.
– ნუ იღრიჯები იდიოტივით. სახლში წაეთრიე და უკანასკნელად გაფრთხილებ, თუ იმ გოგოსთან გავლილი დაგინახე, შენ არაფერს გეტყვი, მაგრამ, რადიკალურ ზომებს მივიღებ.
– მემუქრები? – ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა ვახომ.
– არა. ხომ გითხარი, გაფრთხილებ-მეთქი. საკუთარ თავს თვითონ უქმნი პრობლემებს. ეტყობა, ცისიას კარგად არ იცნობ. ისიც დაგავიწყდა, თუ რამე გაგაჩნია, ყველაფერი ოფიციალურად ცისიაზე რომ არის გაფორმებული?
– „გაპრავებული“, თორემ, ყველაფერი რომ ჩემი შრომით არის შექმნილი, შენ ხომ მაინც იცი?
– მე რა ვიცი და რა სად და ვისზეა „გაპრავებული“, სასამართლოს ნაკლებად აინტერესებს. ნულზე დაგსვამს შენი ცოლჭი და მე გვერდზე დაგრჩები.
– მარიკო არ გააგდო, რა, სამსახურიდან?
– ეგ შენ არ გეკითხება. კადრები, მით უმეტეს, ჩემი თანამშრომლები, მარტო მე მეხება.
ვახომ ამოიოხრა:
– ბედი არ მაქვს, რა... ბამბაც კი მიჩხრიალებს...
– იდიოტი ხარ და იმიტომ... წადი, ცისია გელოდება.
ვახომ გაწუწულ და დალაქავებულ პერანგზე დაიხედა.
– ასე როგორ წავიდე, ცისიას რა ვუთხრა?
– ღმერთო, ამას ვის გადავეყარე... კარადაში, თაროზე, ახალი პერანგი უნდა იყოს, ჩაიცვი და წაეთრიე. მარიკოს კი აუცილებლად დაველაპარაკები, ისევ თქვენ ორის სასარგებლოდ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში