როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
დეკანოზიშვილი
გვარი ნაწარმოებია ეკლესიის მსახურთა წოდებიდან – დეკანოზი, რაც ქართულ ქრისტიანულ ეკლესიაში უფროს მღვდელს ნიშნავს.
ფარნაოზ, ონისიმე და ფილაროზ დეკანოზიშვილები მოიხსენებიან 1558 წლის სახლის ნასყიდობის წიგნში, რომელიც დეკანოზიშვილებს თავიანთი განაყოფი ლომისასთვის მიუციათ.
„საციციანოს ხეობის აზნაური დეკანოზიშვილების წინაპარნი საბერძნეთიდან მოსულან ბაგრატ მეფის დროს, 1028 წელს, მოყოლილი მზითვში ბერძენთ მეფისა ელენესი მღვდლად და ჰყვა მას შვილნიცა და იწოდებოდა მღვდელი დეკანოზად. ამის გამო გაუგვარდათ გვარი ასე. ესენი არიან ზოგნი ქართლსა მოსახლენი, ზოგნი კახეთსა, ზოგნი იმერეთსა და იყვნენ ამათნი წინაპრები დროსა მეფისა ბაგრატისასა, წელსა 1028-სა და არიან ტრაქტატსა შინა მოხსენიებულნი“.
ამავე ძირით წარმოქმნილი გვარებია: დეკანოიძე და დეკანოსიძე.
საქართველოში 391 დეკანოზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 226, თელავში – 29, ახმეტაში – 25. არიან სხვაგანაც.
მაღრაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მაღრა.
ამავე ძირითაა ნაწარმოები გვარი მაღრაშვილი.
მაღრაძეები წარმოშობით მესხეთ-ჯავახეთიდან არიან. ისინი აზნაურიშვილები ყოფილან.
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მაღრაძეთა რამდენიმე კომლი ქვემო ქართლში გადავიდა.
1886 წლის აღწერაში, ქვემო ქართლში მოიხსენიება ივანე მაღრაძე.
საქართველოში 3 588 მაღრაძე ცხოვრობს: თბილისში – 1 413, ხარაგაულში – 607, ბორჯომში – 246. არიან სხვაგანაც.
სამსონიძე-სამსონია–სამსონაური
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სამსონი, რომელიც ძველი ებრაული წარმოშობისაა და მზიანს ნიშნავს.
ამავე ფუძით ნაწარმოები გვარებია: სამსონია, სამსონაძე, სამსონაური.
1609 წელს სოფელ სკრაში შანშე ჯავახიშვილს თავისი სამკვიდრო მამულიდან გიორგი ცალქამანიშვილისთვის მიუყიდია ვინმე სამსონაური, თავისი საბოგანო სახლ-კარით.
1527 წელს სოფელ სკრაში მოიხსენიება იმედა სამსონაშვილი.
საქართველოში 997 სამსონიძე ცხოვრობს: ბორჯომში – 394, ახალციხეში – 355, თბილისში – 107. არიან სხვაგანაც.
507 სამსონია: ოზურგეთში – 165, თბილისში – 147, ლანჩხუთში – 79. არიან სხვაგანაც.
ყოჩიშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ყოჩი.
1918 წელს დიდ თონეთში იქორწინა კიკოლა ყოჩიშვილმა. თავდები იყო ნინია ყოჩიშვილი.
საქართველოში 360 ყოჩიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 75, გორში – 62, ახალგორში – 35. არიან სხვაგანაც.
დადუნაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დადუ.
1510 წელს ისტორიულ დოკუმენტში მოიხსენიება ვინმე დადუნაშვილი, როგორც ბაგრატ მეფის მიერ იობ ფანჩულიძისთვის ბოძებული სავენახეს მესაზღვრე.
1548 წელს, მელქისედეკ ეპისკოპოსის მიერ ოქროპირის მამისთვის მიცემულ მამულის წყალობის წიგნში მოიხსენიება ვინმე დადუნაშვილი
1668 წელს ზაქუტა დადუნაშვილი მოიხსენიება კაკალა გოგრიშვილის მიერ ბერუა მოდრეკილაძისთვის მიცემულ ნასყიდობის წიგნში, როგორც მოწმე.
1566 წელს სულმანა დადუნაშვილი მოიხსენიება მოწმედ იმისა, რომ გიორგი ცხოვრებაძეს ივანე ცირღელაძისთვის მამული მიუყიდია.
საქართველოში 702 დადუნაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 175, თბილისში – 114, ვანში – 105. არიან სხვაგანაც.
კუსიანი
გადმოცემის მიხედვით, რაფის სოფელ კუსურეთში მცხოვრებ არეშიძეს, ანუ კუსიანების წინაპარს, ლამაზი ქალი შეურთავს ცოლად. ქალის მშობლებს სიძე არ მოსწონებიათ. ცოლ-ქმარს რაჭა დაუტოვებია და სვანეთში გადასულან საცხოვრებლად. დამხვდურებს ვინაობა და მოსვლის მიზეზი უკითხავთ, დევნილები შეუფარებიათ, სოფლის სახელის მიხედვით, კუსიანები შეურქმევიათ და ასევე ჩაუწერიათ საბუთებშიც. გარკვეული წლების შემდეგ, რაჭველი კაცი იქაურობას მაინც ვერ შეჰგუებია, წამოსულა სვანეთიდან და რაჭის მახლობლად, საჩხერეში დაფუძნებულა. ერთი შვილი სოფელ უსახელოში, მეორე მერჯევში, მესამე კი დარყაში დაუსახლებია. მიწის სიმცირისა და უკმარისობის გამო, კუსიანები ამ სოფლებიდან სოფელ ქარძმანში და პერევში გადასულან.
საქართველოში 533 კუსიანი ცხოვრობს: საჩხერეში – 134, ჭიათურაში – 132, ლაგოდეხში – 78. არიან სხვაგანაც.
გაგნიძე
გვარის ფუძეა მეტსახელი გაგანა.
1721 წლის ისტორიული აღწერის თანახმად, საბუთებში მოიხსენებიან გიორგი, პაატა და ხარება გაგნიძეები.
გაგნიძეები სოფელ ქლუხორიდან ასურეთში 1957 წელს გადასახლებულან.
საქართველოში 3 741 გაგნიძე ცხოვრობს: თბილისში – 1 559, ხაშურში – 309, თელავში – 298. არიან სხვაგანაც.
ბაბაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბაბა. აჭარული დიალექტით, ბაბა მამას ნიშნავს. შუმერულ მითოლოგიაში, ბაბა ლაგაშელთა ნაყოფიერების ქალღმერთის – ნინგურსუს ცოლია.
1818 წელს იოანე აბუაშვილის შვილის მიმრქმელი იყო ბაბა პეტრიაშვილი.
ბაბაშვილები მოგვიანებით ბაბასოვებად ჩაწერეს.
საქართველოში 122 ბაბაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 39, მცხეთაში – 36, ყვარელში – 23. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით